გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ნინო ვეზდენი თამარ ბოჭორიშვილის წინააღმდეგ
04.02.2018

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
განმცხადებელი : ნინო ვეზდენი;
მოპასუხე : თამარ ბოჭორიშვილი;
გადაწყვეტილება

25 იანვარი, 2018 წელი

საქმეზე N 180 
ნინო ვეზდენი თამარ ბოჭორიშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ლიკა ზაკაშვილი, თამუნა უჩიძე, გელა მთივლიშვილი, მაია მამულაშვილი, ნინო ჯაფიაშვილი, გიორგი სულაძე, მაია მერკვილაძე, თეა ზიბზიბაძე.

განმცხადებელი: ნინო ვეზდენი

მოპასუხე: თამარ ბოჭორიშვილი

აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ნინო ვეზდენმა, იგი მიიჩნევდა, რომ ჟურნალ “რეიტინგის” ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული მასალით დაირღვა ქარტიის პირველი, მე-5 და მე-10 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ონლაინ პლატფორმა “რეიტინგის” რედაქტორი თამარ ბოჭორიშვილი.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
  1. ფეისბუქ არხმა POSTV - მ ჩაწერა გამოკითხვა "რამდენჯერ გქონია სექსი ერთ ღამეში?“
  2. აღნიშნულ გამოკითხვაში ასევე მონაწილეობს განმცხადებელიც. 0:45 წუთიდან ის დასმულ კითხვას პასუხობს: „არასოდეს, არც ერთხელ“. განმცხადებლის განმარტებით მისთვის ძალიან მოულოდნელი იყო მსგავსი კითხვა და პასუხიც მოულოდნელობიდან წარმოშობილი დაბნეულობით გასცა.
  3. გამოკითხვაში, 0:16 წუთზე სხვა რესპონდენტი პასუხობს, რომ 13 ჯერ ჰქონდა ერთ ღამეში სექსი.
  4. ჟურნალ „რეიტინგის“ ფეისბუქ გვერდზე განთავსდა გამოკითხვის შესახებ ინფორმაცია, სადაც ჩანს განმცხადებელ ნინო ვეზდენის ფოტო და წარწერა: „ყველაზე მეტჯერ 13-ჯერ მქონია ღამეში სექსი, რეკორდი მოვხსენი“.
  5. მასალის გავრცელებიდან რამდენიმე საათში განმცხადებელი დაუკავშირდა რეიტინგს, რომელმაც მასალა ჯერ ჩაასწორა და შემდეგ საერთოდ ჩახსნა.
საქმის განხილვის თავისებურება: გადაწყვეტილება მიღებული იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენების საშუალებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 სამოტივაციო ნაწილი 

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. აღწერილობით ნაწილში მითითებული გარემოებების შეფასების შედეგად მკითხველს რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ნინო ვეზდენს ჰქონდა 13-ჯერ ღამეში სექსი, რაც არასწორ ინფორმაცია იყო. საბჭოს აღნიშულ პოზიციას ადასტურებს რამდენიმე ათეული კომენტარიც, რომელიც მოჰყვა სადავო მასლას, და რომელთა უმეტესობაშიც სწორედ ნინო ვეზდენი იქნა აღქმული იმ პირად, ვისაც 13-ჯერ ჰქონდა სექსი ერთი ღამის განმავლობაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ ნინო ვეზდენის შესახებ მოპასუხე ჟურნალისტის მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რაც იწვევს ქარტიის პირველი პრინციპის დარღევას.

ქარტიის მე-5 პრინციპის „თანახმად მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. აღწერილობით ნაწილში მითითებული მე-5 გარემოებიდან გამომდინარე საბჭო განსაკუთრებულ ყურდაღებას მიაქცევს აღნიშნულ პრინციპზე მსჯელობას. საბჭომ თავის არა ერთ გადაწყვეტილებაში არა თუ მე-5, არამედ პირველი პრინციპის დარღვევაც არ დაადგინა, დაეყრდნო რა იმ ფაქტს, რომ მოპასუხე მედია საშუალების მიერ მოხდა მასალის ჩასწორება ან ჩახსნა. საბჭო აღნიშნავს, რომ მასალის ჩასწორება/ჩახსნა ავტომატურად არ გამორიცხვას ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპების დაცვას და მხედველობაში უნდა იქნას მიღებული კონკრეტულ შემთხვევაში არსებული გარემოებები, შეფასდეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებით გამოწვეული ზიანი და მედია საშუალების საპასუხო ქმედებების ადეკვატურობა. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია რომ არასწორი ინფორმაციაა, თითქოს ნინო ვეზდენს ერთი ღამის განმავლობაში 13 ჯერ ჰქონდა სექსი, რამდენიმე საათის განმავლობაში გავრცელებული იყო ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელ ფეისბუქში. ინფორმაციას თან მოჰყვა ათეულობით კომენტარი და გაზიარება, უმეტესობა მკითხველმა დაიჯერა, რომ სათაურში გატანილი ციტატა ეკუთვნოდა ნინო ვეზდენს. კომენტართა უმეტესობა იყო დამცინავი და შეურაცხმყოფელი, რამაც თავად ნინო ვეზდენის თქმით, მას მძიმე მორალური სტრესი მიაყენა.

სხვა პირის ფოტოს და ციტატის მითითება, რასაც პირის დისკრედიტაცია მოჰყვება, უხეში გაუფრთხილებლობაა, ამიტომაც მხოლოდ მასალის ჯერ ჩასწორება და შემდეგ წაშლა, კონკრეტულ შემთხვევაში ვერ შეფასდება როგორც ადეკვატური რეაგირება. როგორც მინიმუმ ჟურნალისტს იმავე ფეისბუქ გვერდზე ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა გაეცხადებინა, რომ მან დაუშვა შეცდომა, აღეწერა ეს შეცდომა და ნათელი გაეხადა მისი მკითხველისათვის, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანა. აქვე აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელის ბუნება, არასწორი ინფორმაციის ერთხელ გავრცელება ართულებს იმ აუდიტორიისათვის შეცდომის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რომელმაც ერთხელ უკვე ნახა და დაიჯერა არაზუსტი ფაქტი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ქარტიის საბჭო თვლის, რომ დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპიც.

ქარტიის მე-10 პრინციპის მიხედვით: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი”. საბჭო მიიჩნევს, რომ ზოგადად გამოკითხვაში თავად მიიღო მონაწილეობა განმცხადებელმა, არ გამოუხატავს პროტესტი აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამისად არ დარღვეულა ქარტიის მე-10 პრინციპი.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე: 
  1. თამარ ბოჭორიშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი.
  2. თამარ ბოჭორიშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-10 პრინციპი.