გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ირაკლი პეტრიაშვილი თამთა სანიკიძის, რატი ხვისტანის და ლიკა ალელიშვილის წინააღმდეგ
26.03.2018

განმცხადებელი : ირაკლი პეტრიაშვილი;
მოპასუხე : რატი ხვისტანი ლიკა ალელიშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება

03 მარტი 2018 წელი

საქმეზე N 158 

ირაკლი პეტრიაშვილი თამთა სანიკიძის, რატი ხვისტანის და ლიკა ალელიშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ჯაფიაშვილი

საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, ლია ზაკაშვილი, გიორგი სულაძე, მაია მამულაშვილი, თამარ უჩიძე.

განმცხადებელი: ირაკლი პეტრიაშვილი

მოპასუხე: თამთა სანიკიძე, რატი ხვისტანი, ლიკა ალელიშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ირაკლი პეტრიაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „მოამბის“ 2017 წლის 25 და 29 აგვისტოს გამოშვებებში გასული სიუჟეტებით დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-7, მე-10 და მე-11 პრინციპები. 25 აგვისტოს გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით მოპასუხე პირებად განისაზღვრნენ წამყვანი თამარ სანიკიძე და სიუჟეტის ავტორი რატი ხვისტანი, ხოლო 29 აგვისტოს სიუჟეტთან მიმართებით წამყვანი თამარ სანიკიძე და სიუჟეტის ავტორი ლიკა ალელიშვილი. 25 აგვისტოს სიუჟეტი [შემდგომ „პირველი სიუჟეტი“] ეხებოდა საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციული შენობის წინ გამართულ აქციას, ხოლო 29 აგვისტოს სიუჟეტი [შემდგომ „მეორე სიუჟეტი“] - პროფკავშირების თავმჯდომარის მოახლოვებულ არჩევნებს.

სხდომას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც შეპასუხება წარმოუდგენიათ. სხდომის მიმდინარეობისას განმცხადებლის წარმომადგენელმა პირველ სიუჟეტთან დაკავშირებით მოხსნა მისი მოთხოვნა მე-4 და მე-11 პრინციპებთან მიმართებით.

სამოტივაციო ნაწილი 

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

პირველი სადავო სიუჟეტი

მასალა ეხებოდა საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციული შენობის წინ გამართულ აქციას. სიუჟეტი შეიცავს ინტერვიუს ირაკლი პეტრიაშვილთან, რომელიც მხარს უჭერს საპროტესტო აქციას და ნეგატიურად აფასებს რკინიგზის ადმინისტრაციის ქმედებებს, ამას მოსდევს უკვე ინტერვიუ პარლამენტის წევრებთან ლევან გოგიჩაიშვილთან და ლევან კობერიძესთან. ლევან გოგიჩაიშვილი ბრალს სდებს ირაკლი პეტრიაშვილს, რომ იგი რკინიგზის წინ გამართულ აქციას და პროტესტში მონაწილე პირებს იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის და ინტერესებისთვის, ხოლო ლევან კობერიძის განცხადებით, ირაკლი პეტრიაშვილი ძალოვანი უწყებების მხარდაჭერით გახდა 2005 წელს პროფკავშირების თავმჯდომარე და გაიმეორა ლევან გოგიჩაიშვილის შეფასება, რომ საპროტესტო აქციაში ირაკლი პეტრიაშვილის მონაწილეობის მიზანი არა დასაქმებულთა ინტერესების დაცვა, არამედ მისი პოლიტიკური ინტერესებია. მიუხედავად ასეთი ბრალდებებისა, სიუჟეტის ავტორმა რატი ხვისტანმა ირაკლი პეტრიაშვილს არ მისცა საშუალება, პასუხი გაეცა მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა პატივი არ სცა საზოგადოების უფლებას მიეღო დაბალანსებული, ორივე მხარის მოსაზრების შემცველი ინფორმაცია, რითაც დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

მეორე სადავო სიუჟეტი

მასალაში საუბარია პროფკავშირების თავმჯდომარის მოახლოვებულ არჩევნებზე. სიუჟეტი იწყება თავმჯდომარეობის ერთ - ერთ კანდიდატთან, დავით ოქიტაშვილთან ინტერვიუთი, სადაც ოქიტაშვილი აღნიშნავს, რომ პროფკავშირები ირაკლი პეტრიაშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში გახდა ჩაკეტილი ორგანიზაცია, არ არის საჯარო თუ რა ქონებას ფლობს პროფკავშირი. აქაც ისმის პარალამენტის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის კომენტარი , თუ როგორ ცდილობდა ირაკლი პეტრიაშვილი პოლიტიკური დივიდენდის და სარგებლის მიღებას. გოგიჩაიშვილის თქმით, ის პროფკავშირების ხელმძღვანელად, “მოიყვანა” ვანო მერაბიშვილის კუდმა [იგულისხმება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი]. სიუჟეტში დაჩი ცაგურია, რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ირაკლი პეტრიაშვილის მიმართ გამოთქვამდა პრეტენზიას, რომ ის [მისი აქტივისტები] ხელს უშლიდნენ რკინიგზის ადმინისტრაციას მოლაპარაკებოდნენ რკინიგზის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებს. როგორც პირველი სიუჟეტის შემთხვევაში, ირაკლი პეტრიაშვილს არც ამჯერად არ მისცემია რესპონდენტების მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე პასუხის საშუალება.

საბჭომ აღნიშნა, რომ ეთიკური ჟურნალისტიკის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იქნას ბალანსის დაცვა, როცა ერთი მხარე გამოთქვამს პრეტენზიებს მეორის მიმართ, ამ უკანასკნელს უნდა ჰქონდეს პასუხის გაცემის და აუდიტორიისთვის საკუთარი პოზიციის გაცნობის შესაძლებლობა,. მით უმეტეს „ბრალდებების“ ავტორები იყვნენ არა ობიექტური, არამედ დაინტერესებული წყაროები და ისინი საუბრობდნენ არა დადასტურებული ფაქტების, არამედ თავიანთი მოსაზრებების შესახებ, მეორე მხარის პოზიციის უგულვებელყოფა კი სწორედ მოსაზრების ფაქტად წარმოჩენის ალბათობას შეიცავს, რაც იწვევს ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას.

ქარტიის მე-3 და მე-4 პრინციპების თანახმად “[3] ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია”. [4] „ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“. განმცხადებელმა აღნიშნული პრინციპების დარღვევის დასაბუთების მიზნით მიუთითა იმ არგუმენტებზე, რომლის საფუძველზეც დადგინდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა.

ქარტიის საბჭო განმარტავს, რომ ქარტიის პრინციპების 11 ნაწილად დაყოფა მათ შორის გულისხმობს, რომ ისინი შინაარსობრივად განსხვავდებიან და მათ დარღვევას სხვადასხვა გარემოებები იწვევენ. ერთი და იგივე გარემოება ვერ გამოიწვევს ორი ან რამდენიმე პრინციპის დარღვევას [არ იგულისხმება, როცა ხდება გარემოებების ერთობლიობის შეჯერება, მაგალითად მე-11 პრინციპის დარღვევის წინაპირობაა პირველი პრინციპის დარღვევა და დამატებით „განზრახვა“].

აქვე აღსანიშნავია, რომ მეორე სიუჟეტთან დაკავშირებით, მე-4 პრინციპს განმცხადებელი დარღვეულად თვლიდა შემდეგი გარემოების გამო: სადავო სიუჟეტი ასევე შეიცავს მონაკვეთს, სადაც გახსენებულია 2006 წელს, ნათია მიქიაშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომელიც გავიდა გადაცემა „დროებაში“. ამ მასალის თანახმად თითქოს ირაკლი პეტრიაშვილმა ციხეში ინახულა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებული პირები. ეს ფაქტი არ იყო დადასტურებული და როგორც თავად ჟურნალისტიც აღნიშნავს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულ პირებთან ვიზიტის ამსახველ კადრებში ირაკლი პეტრიაშვილი არ ჩანდა. გადაცემა „დროებაში“ გასული სიუჟეტის გამოყენება განმცხადებლის წარმომადგენელის მოსაზრებით წარმოადგენდა ინფორმაციის არაკეთილსინდისიერ მოპოვებას, რასაც ვერ გაიზიარებს საბჭო, ვინაიდან როგორც აღინიშნა, ნათია მიქიაშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტი იყო საჯარო, გადაიცა ტელევიზიით, შესაბამისად ჟურნალისტს არ მოუპოვებია არაკეთილსინდისიერი გზით.

ქარტიის მე-7 პრინციპის მიხედვით „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“. განმცხადებლის მოსაზრებით, ვინაიდან ორივე სიუჟეტში, რესპონდენტმა ლევან გოგიჩაიშვილმა მიუთითა, რომ ირაკლი პეტრიაშვილს ამოძრავებდა პოლიტიკური ინტერესები, ამით მოხდა ირაკლი პეტრიაშვილის დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით. ქარტიის საბჭო არ მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში სახეზე იყო დისკრიმინაცია. აღსანიშნავია, რომ როგორც ლევან გოგიჩაიშვილი, ისე ირაკლი პეტრიაშვილი საჯარო პირები არიან, გოგიჩაიშვილის მიერ პოლიტიკურ მიზნებზე ხაზგასმით მიუთითებდა, რომ ირაკლი პეტრიაშვილის ქმედებებს შესაძლოა სხვა მიზეზები ედო საფუძვლად. „პოლიტიკური მიზნის“ ქონა ავტომატურად არ იწვევს დისკრიმინაციას, ამით არ მოხდა ირაკლი პეტრიაშვილის უფლებრივი შეზღუდვა ან არათანაბარი მოპყრობა.

ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“. განმცხადებლის წარმომადგენელი მიიჩნევდა, რომ მე-10 პრინციპის დარღვევა გამოიწვია: [1] 2006 წელს გადაცემა „დროების“ ეთერში გასული იმ სიუჟეტის გავრცელებამ, რომლის თანახმად თითქოს ირაკლი პეტრიაშვილმა ციხეში ინახულა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებული პირები და [2] სხვადასხვა რესპონდენტების მიერ გამოთქმულმა ბრალდებებმა, რომ ირაკლი პეტრიაშვილმა პროფკავშირის თავმჯდომარის თანამდებობა ძალოვანი უწყებების მხარდაჭერით მოიპოვა. საბჭო ვერ დაეთანხმება აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან:

  1. თავად განმცხადებლის წარმომადგენელი ადასტურებდა, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები არა ფაქტები, არამედ უსაფუძვლო ბრალდებები იყო. ბრალდებებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კი დადგინდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა.
  2. თუ მითითებული გარემოებები სინამდვილეს შეესაბამებოდა, მათ მიმართ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი და შესაბამისად მათი გავრცელებით არ ირღვევა ქარტიის მე-10 პრინციპი.
ქარტიის მე-11 პრინციპი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“ მე-11 პრინციპის დარღვევის არგუმენტაცია ისევ დაკავშირებული იყო 2006 წელს, ნათია მიქიაშვილის მიერ მომზადებულ სიუჟეტთან, რომლის თანახმად თითქოს ირაკლი პეტრიაშვილმა ციხეში ინახულა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებული პირები და რომელიც გამოყენებული იქნა მეორე სადავო სიუჟეტში. საბჭო არ იზიარებს განმცხადებლის არგუმენტაციას, ვინაიდან სადავო სიუჟეტში აღნიშნული იყო, რომ ვიდეო კადრებით არ დასტურდებოდა ირაკლი პეტრიაშვილის ვიზიტი სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულ პირებთან. 

შენიშვნა: განმცხადებლის არგუმენტაცია პრინციპების დარღვევასთან დაკავშირებით დაკავშირებული იყო სიუჟეტის ავტორებთან რატი ხვისტანთან და ლიკა ალელიშვილთან. განმცხადებელმა ვერ მიუთითა კონკრეტულ გარემოებაზე, თუ რა შემთხვევაში დაარღვია წამყვანმა თამთა სანიკიძემ ქარტიის პრინციპები. მისი თქმით, რატი ხვისტანის და ლიკა ალელიშვილის მიერ პრინციპების შესაძლო დარღვევაზე პასუხისმგებლობა უნდა გაენაწილებინა წამყვან თამთა სანიკიძესაც. როგორც უკვე აღინიშნა თამთა სანიკიძე მხოლოდ სიუჟეტს წარადგენდა და მის ტექსტებში ქარტიის პრინციპების დარღვევაზე განმცხადებელმა ვერ მიუთითა. ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი/მოკვლეული რამე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა რომ თამთა სანიკიძე რაიმე სახით მონაწილეობდა სიუჟეტების მომზადებაში, შესაბამისად ვინაიდან ქარტია არ ცნობს კოლექტიურ პასუხისმგებლობას, თამთა სანიკიძის მიმართ პრინციპების დარღვევა არ დადგინდა.

სარეზოლუციო ნაწილი 

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
  1. რატი ხვისტანმა დაარღვია ქარტიის 1-ლი პრინციპი.
  2. ლიკა ალელიშვილმა დაარღვია ქარტიის 1-ლი პრინციპი.
  3. რატი ხვისტანს არ დაურღვევია ქარტიის მე-3, მე-7 და მე-10 პრინციპი.
  4. ლიკა ალელიშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-3, მე-4, მე-7, მე-10 და მე-11 პრინციპი.
  5. თამთა სანიკიძეს არ დაურღვევია ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-7, მე-10 და მე-11 პრინციპი.