გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ლილუ მიროტაძის წინააღმდეგ
26.03.2018

განმცხადებელი : პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
მოპასუხე : ლილუ მიროტაძე;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი; 8 პრინციპი;
გადაწყვეტილება

03 მარტი 2018 წელი

საქმეზე N 181

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ლილუ მიროტაძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ჯაფიაშვილი

საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, ლია ზაკაშვილი, გიორგი სულაძე, მაია მამულაშვილი, თამარ უჩიძე.

განმცხადებელი: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

მოპასუხე: ლილუ მიროტაძე

აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ა[ა]იპ პარტნიორობამ ადამიანის უფლებებისთვის, რომელიც მიიჩნევდა, რომ ონლაინ პორტალის primetime.ge-ის ჟურნალისტმა ლილუ მიროტაძემ დაარღვია ქარტიის მე-7 და მე-8 პრინციპი. განმცხადებლის პოზიციით პრინციპის დარღვევა გამოიწვია 2017 წლის 8 დეკემბერს ონლაინ გამოცემა - primetime.ge-ის მიერ გამოქვეყნებულმა პუბლიკაციამ, რომელიც ეხებოდა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ დაპირისპირებისა და მკვლელობის ფაქტს. ჟურნალისტმა გამოქვეყნებულ მასალაში გამოიყენა ერთი-ერთი გარდაცვლილი მოსწავლის ახლობლის მიერ პირად ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსი, რომელიც, განმცხადებლის პოზიციით, ცალსახად შეიცავდა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნებს და არასრულწლოვნისთვის საზიანო ინფორმაციას.

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი. მოპასუხე ჟურნალისტმა მიუთითა, რომ სადავო მასალა არ იყო ჟურნალისტური პროდუქტი, არამედ მოხდა ფეისბუქ პოსტის კოპირება და გავრცელება. მოპასუხის ამ პოზიაციაზე საბჭო აღნიშნავს, რომ როგორც საერთაშორისო, ისე ქარტიის პრაქტიკა, ჟურნალისტურ პროდუქტად აკვალიფიცირებს მედია საშუალების მიერ გავრცელებულ, გარკვეული ფაქტების ან მოსაზრებების შემცველ ნებისმიერ ინფორმაციას. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ყველას აქვს უფლება და საშუალება, საჯაროდ გაავრცელოს ფაქტი ან მოსაზრება, მედიის ფუნქცია კი მხოლოდ ინფორმაციის კოპირება და გავრცელება არ არის, რაც ნებისმიერ პირს შეუძლია, არამედ მედია სწორედ იმით გამოირჩევა ყველა სხვა ნებისმიერი პირისაგან, რომ იგი ხაზს უსვამს საკუთარ თავს როგორც ინფორმაციის გამავრცელებელ საშუალებას, ასეთად აღიქმება საზოგადოების მიერ და არსებობს

მოლოდინი, რომ იგი პატივს სცემს საზოგადოების უფლებას მიიღოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, ასრულებს სხვა ეთიკურ ვალდებულებებს [არასრულწლოვნის ინტერესების დაცვა, დისკრიმინაციის თავიდან არიდება ა.შ]. სწორედ მედია საშუალებას ევალება დაიცვას საერთაშორისოდ აღიარებული ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მედია საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ითვლება ჟურნალისტურ პროდუქტად.

სამოტივაციო ნაწილი 

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი შეიცავდა გარდაცვლილი არასრულწლოვნების ფოტოებს და შემდეგ ტექსტს:

“რას იზიარებთ ხალხნო რას! იმას, რომ მკვლელის დედა მუშაობის გამო ვერ უვლიდა შვილს? უსუსური თავის მართლება! ლევანის დედა სამსახურიდან შესვენებაზე გამორბოდა შვილების მოსაკითხად (პატარა ჩემი სადამრიგებლოს მოსწავლეა) დათოს დედა ქვეყანაში არ იყო ისევ მძიმე პირობების გამო, რამდენს შრომობდნენ მამები. ლევანის მამა არ იყო ქალაქში ისიც ოჯახის გამო შვილების რჩენა აღზრდისთვის, ტელეფონით ყოველ წუთს აკონტროლებდა ბიჭებს. დიახ მკვლელის დედაა მკვლელის! მარტო ეგ “ქალბატონი” კი არა ყველა ის დედა, რომლის შვილსაც ხელებ გაკავებული ეჭირათ ეს ბიჭები და უყურებდნენ როგორ დ ა კ ლ ე ს! თანატოლები. ცოტა ემუშავათ და მშიერი ყოლოდათ, ვიდრე მაძღარი მკვლელი აღეზარდა ასეთ დედებს და მამებს არ სჭირდება თანაგრძნობა.

იცით? გუშინ საღამოს დათოს მამა მოვიდა ლევანის მამასთან, ხმამაღლა დაიტირა და მადლობა უთხრა ლევანს, რომ მის შვილს 23 საათი აჩუქა. აქ ეს უნდა გენახათ და მერე მუშაობისა და რჩენის მიზეზად მოუცლელ დედას კი არ დაინახავდი, ხორცი დაგეწვებოდათ სისხლი გაგეყინებოდათ, ლევანის და დათოს დედის მნახველებს. დათოს დედა მკვდარსაც ვერ უყურებს სამი წლის უნახავი შვილი მკვდარი როგორ ვნახოო!

ლევანის დედას ჯერ არ უნახავს შვილი გათიშული ნემსებით მოჩვენებასავით დაფარფატებს. მარტო ლევანი უნდა ლევანიკო შვილო რა ვქნას ხავის. აკაკის გამზრდელი წაიკითხოს ყველა მკვლელის დედამ!”


ქარტიის მეშვიდე პრინციპის თანახმად: “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო ჟურნალისტური პროდუქტი დისკიმინაციული ხასიათისაა გენდერული ნიშნით, კერძოდ იგი ამძაფრებს და ხელს უწყობს სტიგმას, რომ შვილების აღზრდა მხოლოდ ქალის [დედის] მოვალეობაა, სრული პასუხისმგებლობა დაკისრებული აქვს დედას, რომელიც მოხსენიებულია როგორც „მკვლელის დედა“. ნეგატიური განწყობები, რომელიც არსებობს სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, მიემართება კონკრეტული მშობლისაკენ - დედისკენ და თუ ვინმე დაშვებას აკეთებს, რომ მომხდარ ტრაგედიაში შეიძლება წვლილი მშობლებსაც მიუძღოდეს, ასეთ პირად მხოლოდ დედა არის წარმოჩენილი, თითქოს შვილის ქცევაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ დედებს ეკისრებათ. გენდერული თანასწორობის ერთ - ერთი წინაპირობა გენდერულად თანასწორი ოჯახია, შესაბამისად სტიგმის გაძლიერება რომ ოჯახში „როლები“ გადანაწილებულია, რომ შვილის აღზრდა მხოლოდ დედის მოვალეობაა, სტერეოტიპულია და მხოლოდ გენდერული ჩაგვრის წახალისებას ემსახურება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი მიდგომების შემცველი მოსაზრები არ გაევრცელებინა მედია საშუალებას და ამით ხელი არ შეეწყო დისკრიმინაციის წახალისებისთვის. გენდერული სტერეოტიპების დაუშვებლობაზე ფართოდ საუბრობს ქარტიის საბჭო „გენდერული გაშუქების სახელმძღვანელოში“, სადაც აღნიშნულია, რომ ამბავი არ უნდა გაშუქდეს ის, რომ გენდერული როლების შესახებ საზოგადოებაში არსებული არასწორი წარმოდგენები გაძლიერდეს

ქარტიის მე-8 პრინციპის თანახმად “ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება”.

ჟურნალისტის მიერ გავრცელებული მოსაზრება ასევე არღვევს არასრუწლოვანთა საკითხების გაშუქებასთან დაკავშრებულ ეთიკურ პრინციპებს. დანაშაულში ბრალდებული პირი მოხსენიებულია „მკვლელად“ მიუხედავად იმისა, რომ მისი ბრალი შესაბამისი სასამართლო წესით ჯერ არ არის დადასტურებული. ტერმინ „მაძღარი მკვლელის“ გამოყენებით ასევე თითქოს და ხაზს უსვამს ბრალდებული პირის სოციალურ სტატუსს და ამით აძლიერებს მათ მიმართ ნეგატიურ განწყობებს.

სარეზოლუციო ნაწილი 

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

1. ლილუ მიროტაძემ დაარღვია ქარტიის მე-7 და მე-8 პრინციპი.

სადავო მასალა