გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი ანა მარშანიას წინააღმდეგ
28.03.2018

განმცხადებელი : სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი;
მოპასუხე : ანა მარშანია;
დარღვეული პრინციპები : 3 პრინციპი;
გადაწყვეტილება

15 მარტი 2018 წელი

საქმეზე N 179 

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი ანა მარშანიას წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ნინო ჯაფიაშვილი, ლია ზაკაშვილი, მაია მამულაშვილი, თამარ უჩიძე, მაია მერკვილაძე, გელა მთივლიშვილი

განმცხადებელი: სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი მოპასუხე: ანა მარშანია

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთმა“, რომელიც მიიჩნევდა, რომ ვებგვერდზე interpressnews.ge გამოქვეყნებული სტატიით კვლევის თანახმად, თბილისში ყველაზე ხშირად რადიო „პალიტრის“ საინფორმაციო გამოშვებას უსმენენ დაირღვა ქარტიის პირველი და მე-3 პრინციპი. სადავო ჟურნალისტური მასალის თანახმად IPR & Analytical Center-მა 2017 წლის ოქტომბერ-ნოემბერში რადიოს აუდიტორიის კვლევა ჩაატარა იმის დასადგენად, თუ რომელი რადიოს საინფორმაციო გამოშვებას უსმენდნენ ყველაზე ხშირად. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 21.2% -მა [ყველაზე მეტმა], რადიო „პალიტრის” საინფორმაციო გამოშვება დაასახელა. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ანა მარშანია. განმცხადებელი სადავოდ ხდიდა საერთოდ კვლევის რეალურობას და მიიჩნევდა, რომ ასეთი კვლევა არ ჩატარებულა.

მოპასუხე ანა მარშანიამ მისი პოზიცია და მტკიცებულებები ელექტრონული ფორმით წარმოუდგინა საბჭოს. საქმის განხილვის თავისებურება გადაწყვეტილება მიღებული იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენების საშუალებით (სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები“.

სამოტივაციო ნაწილი 

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. როგორც აღწერილობით ნაწილში აღინიშნა განმცხადებელი სადავოდ ხდიდა საერთოდ კვლევის ჩატარების რეალურობას. მოპასუხე ანა მარშანიამ წარმოადგინა კვლევის ჩატარების მტკიცებულებები და მიუთითა, რომ კვლევა ჩაატარა შპს "კვირის პალიტრის“ ბალანსზე არსებულმა ცენტრმა, რომელიც დაკავებულია როგორც კვლევითი საქმიანობით, ისე ითავსებს ქოლ-ცენტრის ფუნქციებს. რა თქმა უნდა საბჭო აფასებს იმას, ჩატარდა თუ არა კვლევა და არა იმას, თუ რამდენად სანდო ან სწორია კვლევის მეთოდოლოგია, შედეგები და ა.შ. საბჭოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებები ფორმალურად ადასტურებს ჟურნალისტურ მასალაში მითითებული კვლევის ჩატარებას. შესაბამისად ქარტიის პირველი პრინციპი არ დარღვეულა.

ქარტიის მესამე პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია”. განსახილველ შემთხვევაში ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ქარტიის მე-3 პრინციპი დაირღვა. კერძოდ მიიჩქმალა მნიშვნელოვანი ფაქტი - სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში არ იყო მითითებული იმის შესახებ, რომ კვლევა, რომლის მიხედვითაც თბილისში ყველაზე ხშირად „პალიტრის“ საინფორმაციო გამოშვებას უსმენენ, ჩატარებული იყო თავად ჰოლდინგ "კვირის პალიტრის“ ბალანსზე არსებული ქოლ ცენტრის მიერ.

საბჭო განმარტავს, რომ საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისათვის მნიშვნელოვანია მედია საშუალების რეიტინგი და თავის მხრივ ამ რეიტინგის სანდოობა. ასეთ დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია გამჟღავნებული იყოს თუ ვინ ჩაატარა კვლევა, რათა დაინტერებული პირს საშუალება მიეცეს შეაფასოს კვლევის სანდოობა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებული „კვლევის გაშუქების სახელმძღვანელო წესების“ თანახმად კვლევის გაშუქებისას, მნიშვნელოვანია აუდიტორიას მიეწოდოს ინფორმაცია, ვინ ჩაატარა კვლევა, „თუ გამოკითხვის შედეგების მომწოდებელი პირი არ ან ვერ გეუბნებათ, ვინ ჩაატარა კვლევა, მაშინ შედეგები არ უნდა გამოქვეყნდეს, ვინაიდან მათი სანდოობა ვერ მოწმდება“. შესაბამისად, სტატიაში აუცილებლად უნდა აღნიშნულიყო, რომ შპს "კვირის პალიტრის“ ბალანსზე არსებულმა ცენტრმა ჩაატარა ის კვლევა, რომლის თანახმად ყველაზე ყველაზე ხშირად რადიო „პალიტრის“ საინფორმაციო გამოშვებას უსმენენ. სტატიაში კვლევის განმახორციელებლად მითითებული იყო IPR & Analytical Center-ი, რომელიც მოპასუხის განმარტებით, ცენტრის საფირმო სახელწოდებაა. ინფორმაციის ამგვარად გავრცელებით, რჩებოდა შთაბეჭდილება, თითქოს კვლევა არა თავად „პალიტრის“ ჰოლდინგმა, არამედ სხვა, მიუკერძოებელმა კომპანიამ ჩაატარა. ამ მნიშნელოვანი ფაქტის მიჩქმალვით, გავრცელებული ინფორმაცია რაც არასწორ აღქმას იწვევდა მკითხველში.

სარეზოლუციო ნაწილი 

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

1. ანა მარშანიამ დაარღვია ქარტიის მე-3 პრინციპი.

2. ანა მარშანიას არ დაურღვევია ქარტიის 1-ლი პრინციპი.