16.04.2018
გადაწყვეტილება01 აპრილი, 2018 წელი
საქმეზე N 159
მედიის განვითარების ფონდი
ეკა ჭიღლაძის წინააღმდეგ
საბჭოს წევრები: ლიკა ზაკაშვილი, ნინო ჯაფიაშვილი, გიორგი სულაძე, მაია მერკვილაძე, თამუნა უჩიძე
განმცხადებელი: მედიის განვითარების ფონდი
მოპასუხე: ეკა ჭიღლაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მედიის განვითარების ფონდმა, რომელიც უთითებდა, რომ 2017 წლის 18 აგვისტოს საინფორმაციო სააგენტო PIA-მ გამოქვეყნა სტატია სათაურით „საქართველოს ირანიზაცია ემუქრება? - საგანგაშო სტატისტიკა“ - ავტორი ეკა ჭიღლაძე. განმცხადებლის პოზიციით აღნიშნულ სტატიაში დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3 და მე-7 პრინციპი.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი თანახმად: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. სტატია ეხმაურება სეთ ბ.სიგელის წიგნს „დაე იყოს წყალი“. წიგნის ერთ - ერთი მთავარი დასკვნის, „ირანში არსებულ წყლის კრიზისს შეუძლია, საფრთხე შეუქმნას გლობალურ უსაფრთხოებას", საფუძველზე მასალაში საუბარია იმ საფრთხეებზე, რაც შეიძლება ირანში წყლის კრიზისის გამო საქართველოს შეექმნას. სტატიაში მითითებულია სხვადასხვა დაუდასტურებელი ფაქტობრივი გარემოებები. მაგალითად, ჟურნალისტი აპელირებს „საგანგაშო სტატისტიკაზე“, მაგრამ არ არის მითითებული რა სტატისტიკაზეა საუბარი. ერთადერთი რაოდენობრივი მონაცემი, რომელიც სტატიაშია მოყვანილი, საქართველოში 2017 წელს ირანელი ტურისტების რაოდენობაა [44 772], ეს კი არ ასახავს საქართველოში ბინადრობის/მოქალაქეობის მაძიებელი და ბინადრობის/მოქალაქეობის უფლების მქონე ეთნიკური ირანელი პირების რაოდენობას. შესაბამისად ინფორმაცია საგანგაშო სტატისტიკაზე გადაუმოწმებელი და დაუდასტურებელია.
ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“. განმცხადებელმა მე-3 პრინციპთან მიმართებით მიუთითა ის არგუმენტაცია, რომლის საფუძველზეც დადგინდა პირველი პრინციპის დარღვევა, შესაბამისად მე-3 პრინციპის დარღვევა არ დადგინდა.
ქარტიის მე-7 პრინციპის მიხედვით “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”, სტატია მოიცავს სიძულვილის ენას ირანელების მიმართ. ისინი განხილულნი არიან როგორც „საფრთხე“, უარყოფითი დატვირთით გამოყენებულია ტერმინი „ირანიზაცია“, ჟურნალისტი თავისი პოზიციის გასამყარებლად იშველიებს ე.წ. „ქართულ მარშს“ და მათ შეხედულებებს, თავის მხრივ ქართული მარში ცნობილია ქსენოფობიური განცხადებებით.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
1. ეკა ჭიღლაძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-7 პრინციპი.
საქმის მასალები