გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - მარიამ გელაშვილი სოფო ზედელაშვილის წინააღმდეგ
22.04.2018

განმცხადებელი : მარიამ გელაშვილი;
მოპასუხე : სოფო ზედელაშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება

14 აპრილი, 2018 წელი

საქმეზე N 185

მარიამ გელაშვილი სოფო ზედელაშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ლიკა ზაკაშვილი, ნინო ჯაფიაშვილი, გიორგი სულაძე, მაია მამულაშვილი, თეა ზიბზიბაძე

განმცხადებელი: მარიამ გელაშვილი

მოპასუხე: სოფო ზედელაშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მარიამ გელაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხზე 2018 წლის 06 იანვარს გასული სიუჟეტით „უსტატუსო მუზეუმი - ძველ თბილისში მდებარე ნიკო ნიკოლაძის კუთვნილი სახლი, შესაძლოა, დაზიანდეს“ დაირღვა ქარტიის პირველი და მე-3 პრინციპი. სიუჟეტის ავტორი - სოფო ზედელაშვილი. სხდომას დაესწრო განმცხადებელი, რომელმაც მოხსნა საკუთარი მოთხოვნა ქარტიის მე-3 პრინციპითან დაკავშირებით, ხოლო მოპასუხემ საკუთარი პოზიცია წერილობით წარმოუდგინა საბჭოს.

 სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი თანახმად: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. სადავო სიუჟეტი შეეხებოდა თბილისის ძველ უბანში არსებულ სახლს, რომელშიც ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა ქართველმა პუბლიცისტმა, პოლიტიკურმა და საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ და სადაც დღეს მისი მემკვიდრე ზინაიდა პოლიოევკტოვა-ნიკოლაძე ცხოვრობს. სიუჟეტის წარდგენისას წამყვანმა აღნიშნა, რომ შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა შესაძლოა, ისტორიული მნიშვნელობის კულტური მემკვიდრეობის ძეგლი დააზიანოს. თავად სიუჟეტში ჟურნალისტი უთითებს, რომ ისტორიულ სახლში, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს, პირველ სართულზე ჰოსტელის გახსნას აპირებენ და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ზინაიდა პოლიოევკტოვა-ნიკოლაძეზე დაყრდნობით ჟურნალისტი ასევე ამატებს, რომ სამუშაოები შენობას მნიშვნელოვნად აზიანებს, საბოლოოდ კი ჟურნალისტი კითხვას სვამს „მოახერხებს თუ არა ნიკოლაძეების მემკვიდრეობის მარტოხელა მცველი ისტორიული შენობის დაზიანებისაგან გადარჩენას, ჯერ გაურკვეველია“. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მაყურებელს რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ისტორიულ შენობაში სხვა მობინადრეების მიერ განხორციელებული სამუშაოები საფრთხეს უქმნიდა თავად შენობას და ამ საფრთხეზე სახელმწიფო ორგანოები სათანადო რეაგირებას არ ახდენენ.

განმცხადებელმა მიუთითა, რომ იგი ახორციელებს სარემონტო სამუშაოებს, რომელიც არავითარ საფრთხეს არ უქმნის შენობას, მინიმუმ იმიტომ, რომ სამუშაოები ეხება არა შენობის ძირითად კონსტრუქციულ ნაწილს, არამედ ითვალისწინებს შიდა სარემონტო სამუშაოებს. განმცხადებელმა მიუთითა განცხადების ნომერი [AR1551517], რომლის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოთხოვნილია „მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ბინაში. ვაკეთებთ კოსმეტიკურ რემონტს. გარე ფასადები რჩება უცვლელი. არ ვეხებით კარ-ფანჯარას. ასევე ბუხარიც რჩება უცვლელი. იგება ლამინატის იატაკი. ასევე იღებება ჭერი. ზოგ კედელზე კეთდება შპალიერი, ზოგან კი იღებება თეთრ ფერში. ანტრესოლში შემორჩენილი აგურის ფაქტურები რჩება ხელუხლებლად“. ასევე დადასტურდა, რომ აღნიშნულ სამუშაოებზე გაცემულია შესაბამისი ნებართვაც.

მოპასუხე ჟურნალისტმა თავის წერილობით პოზიციაში აღნიშნა, რომ „ვეთანხმები მას [განმცხადებელს] იმ ნაწილში, რომ რეპორტაჟში, ფორმალური თვალსაზრისით, მართლაც დარღვეული იყო ბალანსი“. აქვე ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მას ჰქონდა ინფორმაციის დამატებით მოკვლევის მცდელობა, თუმცა მერიისაგან პასუხი სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ მიიღო.

პირველ რიგში საბჭო მიესალმება მოპასუხე ჟურნალისტის მიერ საკუთარი ეთიკური პასუხისმგებლობის გაზიარებას. ამასთან საბჭო ვერ დაეყრდნობა იმ განმარტებას, რომ მერიისაგან პასუხი მხარემ სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ მიიღო. თავად გაშუქებული საკითხი არ იყო სასწრაფოდ გასავრცელებელი, როცა მისი დროული გაშუქება საზოგადოებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად ჟურნალისტი ვალდებული იყო დალოდებოდა მერიის პოზიციას, ან უფრო მეტი ძალისხმევა გამოეჩინა მეორე მხარის მოძიება - მოკვლევისათვის და საზოგადოებისათვის დაბალანსებული/გადამოწმებული, ორივე მხარის პოზიციის შემცველი ინფორმაცია მიეწოდებინა.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

1. სოფო ზედელაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

საქმის მასალები: