გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ნინო ზაუტაშვილი ნინო ლაბარტყავას წინააღმდეგ
22.04.2018

განმცხადებელი : ნინო ზაუტაშვილი;
მოპასუხე : ნინო ლაბარტყავა;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება

01 აპრილი, 2018 წელი

საქმეზე N 172 

ნინო ზაუტაშვილი ნინო ლაბარტყავას წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ლიკა ზაკაშვილი, ნინო ჯაფიაშვილი, თამარ უჩიძე, მაია მერკვილაძე, გიორგი სულაძე

განმცხადებელი: ნინო ზაუტაშვილი

მოპასუხე:
ნინო ლაბარტყავა

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ნინო ზაუტაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ გაზეთ „ალიაში“, ნინო ლაბარტყავას ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში „ეს ავაზაკი ნინო ზაუტაშვილი დღეს დგას და თავისუფალი ჟურნალისტის სახელით საუბრობს!“ დაირღვა ქარტიის პირველი და მე-7 პრინციპი. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი იყო ინტერვიუ ე.წ. „ქართული მარშის“ წარმომადგენელთან, სანდრო ბრეგაძესთან. სხდომის მიმდინარეობისას განმცხადებელმა საბჭოს კითხვებს ტელეფონით უპასუხა, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია. სხდომის მიმდინარეობისას განმცხადებელმა მოხსნა საკუთარი მოთხოვნა ქარტიის მე-7 პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი თანახმად: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. როგორც აღწერილობით ნაწილში აღინიშნა, სადავო ჟურნალისტური პროდუქტი იყო ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან, სადაც სანდრო ბრეგაძე ბრალს სდებდა ნინო ზაუტაშვილს, რომ „[ნინო ზაუტაშვილი] მათ [იგულისხმება ზვიად გამსახურდიას სხვა მომხრეები] წამებას ესწრებოდა და იყო ამ წამების უშუალო მონაწილე!“, „სწორედ ზაუტაშვილი და მაშინდელი ტელევიზიის რამდენიმე ჟურნალისტი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც “მხედრიონელებისგან” ნაწამები ზვიად გამსახურდიას მომხრეებისგან შემდგომში იწერდნენ მონანიების ე.წ. ინტერვიუებს“, „ზაუტაშვილი გახლავთ ის ჟურნალისტი, რომელმაც 2 თებერვლის ხალხის დახვრეტა “მხედრიონელების” მიერ ცირკთან, მანამდე კი დიდუბის მეტროსთან, რასაც რამდენიმე ათეული ადამიანი შეეწირა, ამას აშუქებდა ისე, თითქოს, მომიტინგეები დაესხნენ თავს “მხედრიონის” და მაშინდელი სამხედრო საბჭოს წარმომადგენელს“.

სანდრო ბრეგაძის ბრალდებები იყო მძიმე. იგი ნინო ზაუტაშვილს ბრალს სდებდა სისხლის სამართლის დანაშაულში, ანხორციელებდა მის დისკრედიტაციას და წარმოაჩენდა მას ადამიანების წამებაში მონაწილე პირად. თუ ჟურნალისტი საჭიროდ თვლიდა, რომ გაევრცელებინა სანდრო ბრეგაძის ბრალდებები, ასეთ შემთხვევაში აუცილებელი იყო მას ასევე მოეპოვებინა და მკითხველისათვის შეეთავაზებინა ნინო ზაუტაშვილის პასუხი/კომენტარი ბრალდებებზე. ნინო ზაუტაშვილის განმარტებით, მოპასუხე ჟურნალისტს მცდელობაც არ ჰქონია რომ დაკავშირებოდა მეორე მხარეს, ასეთი მცდელობა არც სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ჩანს. მსგავსი სახით ინტერვიუს გამოქვეყნებით ჟურნალისტმა პატივი არ სცა საზოგადოების უფლებას, რომ მიეღო გადამოწმებული, დაბალანსებული ინფორმაცია, პირიქით ხელი შეუწყო ცალმხრივი, სუბიექტური, მძიმე ბრალდებების შემცველი ინფორმაციის გავრცელებას, რის შედეგადაც, საბჭოს აზრით, დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.


სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

1. ნინო ლაბარტყავამ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.