გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე PHR-ი მარიამ გაფინდაშვილის წინააღმდეგ
22.04.2018

განმცხადებელი : პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
მოპასუხე : მარიამ გაფრინდაშვილი;
დარღვეული პრინციპები : 8 პრინციპი;
გადაწყვეტილება

14 აპრილი, 2018 წელი

საქმეზე N 209 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის მარიამ გაფრინდაშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ლიკა ზაკაშვილი, ნინო ჯაფიაშვილი, გიორგი სულაძე, მაია მამულაშვილი, გელა მთივლიშვილი, თეა ზიბზიბაძე

განმცხადებელი: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის

მოპასუხე: მარიამ გაფრინდაშვილი

აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში 2018 წლის 31 მარტს გასულ სიუჟეტში - „მოძალადე მასწავლებელი“, დაირღვა ქარტიის მე-8 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა მარიამ გაფრინდაშვილი. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ეხებოდა საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში არასრულწლოვანზე სავარაუდოდ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის შევიწროების ფაქტს.

სხდომას დაესწრნენ განმცხადებლის წარმომადგენლები, ხოლო მოპასუხემ ქარტიის საბჭოს კითხვებზე სატელეფონო ზარის საშუალებით უპასუხა.

სამოტივაციო ნაწილი:

ქარტიის მერვე პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება“. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ „ჟურნალისტმა ვერ უზრუნველყო ბავშვის კონფიდენციალურობის სრული დაცვა, რის შემდეგაც მოხერხდა მისი ამოცნობა და არასრულწლოვანი თანატოლებისგან ჩაგვრის მსხვერპლი გახდა“.

საბჭო გაეცნო სადავო ჟურნალისტურ მასალას და მიაჩნია, რომ ნამდვილად შესაძლებელი იყო არასრულწლოვანის იდენტიფიცირება, დასახელებული იყო მისი წარმოშობა [ცხოვრობდა იმერეთის ერთ-ერთ ქალაქში], ბოლო საცხოვრებელი ადგილი [სამეგრელო], რა სპორტით იყო დაკავებული [ქალთა ფეხბურთი], რომ ჰყავს დედა, რომლის ძირითადი სასაუბრო ენა რუსულია [რაც ასევე მკვეთრად განმასხვავებელი ნიშანია]. საქართველოს და მისი რეგიონების მასშტაბის გათვალისწინებით, ყველა აღნიშნული ნიშანის ერთობლიობით შესაძლებელი იყო არასრულწლოვნის ამოცნობა. ასევე მთავარი მაიდენტიფიცირებელი გარემოება იყო ხმა. კერძოდ სადავო სიუჟეტი შეიცავდა თავად მსხვერპლის მიერ გადაღებულ ფარულ ვიდეო/აუდიო ჩანაწერს, რომელშიც მსხვერპლის ხმაც ისმის.

მოპასუხე ჟურნალისტმა დაადასტურა, რომ ხმა არ შეუცვლია. იდენტიფიცირების ფაქტი დადასტურდა თავად „რუსთავი 2-ის“ მიერ მეორე დღეს მომზადებული სიუჟეტით, რომლის თანახმად მოხდა რა არასრულწლოვანის იდენტიფიცირება, იგი გახდა ბულინგის ობიექტი, ანუ არა თუ მოსალოდნელია, არამედ დადგა ის ნეგატიური შედეგი, რაც შეიძლება მოჰყოლოდა არასრულწლოვნის იდენტიფიცირებას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის მე-8 პრინციპი, სადავო სიუჟეტის მომზადებისას არ იქნა უზრუნველყოფილი სავარაუდო არასრულწლოვანი მსხვერპლის კონფიდენციალურობის სრული დაცვა, რამაც გამოიწვია მისთვის ზიანის მიყენება.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

1. მარიამ გაფრინდაშვილმა დაარღვია ქარტიის მერვე პრინციპი.

საქმის მასალები

განცხადება