22.04.2018
გადაწყვეტილება14 აპრილი, 2018 წელი
საქმეზე N 192
მარგალიტა ბაშარული ქეთი
კაპანაძის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე
საბჭოს წევრები: ლიკა ზაკაშვილი, ნინო ჯაფიაშვილი, გიორგი სულაძე, მაია მამულაშვილი, თეა ზიბზიბაძე
განმცხადებელი: მარგალიტა ბაშარული
მოპასუხე: ქეთი კაპანაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართა მარგარიტა ბაშარულმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ გაზეთ თბილისელების 2018 წლის N 4 [891], 22-28 იანვრის ნომერში ქეთი კაპანაძის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში „ვინ მოუკლა მამა და გაუუპატიურა და მარეკ დუდაევს და მოკლეს თუ არა ის შურისძიების მიზნით“ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ეხებოდა მარეკ დუდაევის მკვლელობის ფაქტს. სხდომას დაესწრო განმცხადებელი, მისი წარმომადგენელი და ასევე ტარიელ ბაშარული, რომელიც ნახსენები იყო მასალაში. სწორედ ტარიელ ბაშარულთან დაკავშირებულ ინფორმაციას მიიჩნევდა განმცხადებელი არაზუსტად და ქარტიის პირველ პრინციპს დარღვეულად. მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი:
ქარტიის პირველი თანახმად: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში რამდენჯერმა მოხსენიებული იყო ტარიელ ბაშარული, კერძოდ „ამბობენ რომ მისი [იგულისხმება მარეკ დუდაევი] მოკვლა ყველას აწყობდა. თუმცა, ძირითადად, მაინც ორი ვერსია დომინირებს: პირველი, კონფლიქტი ტარიელ ბაშარულთან, რომელსაც ცხინვალის რეგიონში სერიოზული გავლენები აქვს. როგორც წერენ, ბაშარული მსხვილი კონდრაბანდისტია და ლენინგორის რაიონს აკონტროლებს. მათმა კონფლიქტმა იმდენად სერიოზული სახე მიიღო, რომ დუდაევი რამდენჯერმე სცემეს კიდეც. ადგილობრივი მედია წერდა: „დუდაევმა ხარკი დააკისრა იმ აზერბაიჯანელებს, რომლებიც ცხინვალის ბაზარში ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობენ. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ მათ ბევრად უფრო სერიოზული „მფარველი” ჰყავდათ ტარიელ ბაშარულის სახით.“ დუდაევი დააკავეს ტარიელ ბაშარულთან – მსხვილ კონტრაბანდისტთან, უსიამოვნების შემდეგ. ბაშარული ლენინგორის რაიონს განაგებს“.
ტარიელ ბაშარულმა დაადასტურა, რომ მას მართლაც ჰქონდა დაპირისპირება მარეკ დუდაევთან, როცა ეს უკანასკნელი მისგან ფულის გამოძალვას ცდილობდა. მისი განცხადებით არა თუ დააკავეს დუდაევი მასთან კონფლიქტის საფუძველზე, არამედ პოლიციელებმა მასთან ერთად „იქეიფეს“ ინცინდენტის შემდეგ. ტარიელ ბაშარულმა კატეგორიულად უარყო, რომ იგი „სერიოზული გავლენები“ აქვს, რომ „მსხვილი კონტრაბანდისტია“ და „ლენინგორის რაიონს აკონტროლებს“. ტარიელ ბაშარულის განცხადებით ის მცირე მაღაზიას ფლობს ახალგორის რაიონში, ზუსტად ისეთივეს, როგორც ათეულობით სხვა პირი და არავითარი განსაკუთრებული კავშირები ან გავლენა არ აქვს.
სტატიაში არ ჩანს არავითარი წყარო, რომელიც ადასტურებს ჟურნალისტის მიერ მოყვანილ ინფორმაციას ტარიელ ბაშარულთან დაკავშირებით - ვინ მიაწოდა მას ინფორმაცია, ვისთან გადაამოწმა, სხვა რა წყაროები ადასტურებდნენ. ჟურნალისტი არც ტარიელ ბაშარულს დაკავშირებია, რომ მასთან გადაემოწმებინა ინფორმაცია ან მისი კომენტარი მიეღო იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ტარიელ ბაშარული „მსხვილი კონტრაბანდისტია“ და „ლენინგორის რაიონს აკონტროლებს“. მსგავსი სახით ინფორმაციის გამოქვეყნებით, ჟურნალისტმა პატივი არ სცა საზოგადოების უფლებას, რომ მიეღო გადამოწმებული, დაბალანსებული ინფორმაცია, პირიქით ხელი შეუწყო, ცალმხრივი, სუბიექტური, გადაუმოწმებელი და ბრალდებების შემცველი ინფორმაციის გავრცელებას, რის შედეგადაც, საბჭოს აზრით, დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
1. ქეთი კაპანაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.