09.07.2018
გადაწყვეტილება14 ივნისი, 2018 წელი
საქმეზე N 216
დიმიტრი ქუმსიშვილი ელისო
კილაძის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე
საბჭოს წევრები: ლიკა ზაკაშვილი, ნინო ჯაფიაშვილი, გელა მთივლიშვილი, მაია მამულაშვილი, თეა ზიბზიბაძე.
განმცხადებელი: დიმიტრი ქუმსიშვილი
მოპასუხე: ელისო კილაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ყოველკვირეულ გაზეთ "ქრონიკა +-ში“ [05-12 ივნისის ნომერი] გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით "კორუფცია VS მართლმსაჯულება“, დაირღვა ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სტატიის ავტორი ელისო კილაძე.
სხდომას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი, ხოლო მოპასუხემ საბჭოს კითხვებს ტელეფონით უპასუხა. განმცხადებლის წარმომადგენელმა სხდომის მიმდინარეობისას მოხსნა მისი მოთხოვნა ქარტიის მე-11 პრინციპთან დაკავშირებით.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის 1-ლი პრინციპი - “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.
განმცხადებელი სადავოდ ხდიდა სტატიაში მითითებულ გარემოებებს დიმიტრი ქუმსიშვილთან დაკავშირებით. ავტორი სტატიაში დიმიტრი ქუმსიშვილს ბრალს სდებს კორუფციაში და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ ზურაბ ალავიძესთან ერთად მოიხსენიებს თანამედროვე ქართული კორუფციის „ორთავიან ურჩხულად“, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფო ბიუჯეტს. სტატიის თანახმად, კორუფციაში დიმიტრი ქუმსიშვილის ჩართულობა საქართველოს პროკურატურას უკვე გამოძიებული აქვს. მასალაში ასევე მითითებულია, რომ დიმიტრი ქუმსიშვილის მეგობარი და ნათესავია ლევან სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი თვაური. სწორედ მას „დაუკვეთა“ დიმიტრი ქუმსიშვილმა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნაში პროკურატურის დისკრედიტაცია. ამასთან დაკავშირებით სტატიაში აღნიშნულია: ,,მოულოდნელად, დიმიტრი ქუმსიშვილის დაკვეთით, ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმეში ჩნდება „მისი უახლოესი მეგობრის“ ფინანსური პოლიციის უფროსად დაწუნებული გიორგი თვაურის უწყების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც პროკურატურის საბოლოო დისკრედიტაციის განზრახვა ისე ოსტატურადაა შენიღბული პროფესიული, ექსპერტული ტერმინოლოგიით, ისეა აღწერილი არასრულწლოვანი დავით სარალიძის სხეულზე არსებული დაზიანებათა პარამეტრები და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მის სიკვდილთან, რომ დაზარალებულსა და დაზარალებულის კვალდაკვალ მთელს საზოგადოებას უჩენს განცდას, რომ მკვლელობა ფაქტობრივად გაუხსნელია და ორი დაკავებულის გარდა, კიდევ არსებობს დაუსჯელი მკვლელები“.
ელისო კილაძემ აღნიშნა, რომ მან სტატია მოამზადა კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით. საბჭოს კითხვაზე, სცადა თუ არა სტატიაში აღნიშნულ ბრალდებებზე მიეღო დიმიტრი ქუმსიშვილის ან/და გიორგი თვაურის განმარტება, საპასუხო პოზიცია, ელისო კილაძემ მიუთითა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები და თანამდებობის პირები უარს აცხადებენ გაზეთ „ქრონიკა +- სათვის“ განმარტებების გაკეთებაზე.
საბჭო აღნიშნავს, რომ ეთიკური ჟურნალისტიკის ერთ - ერთი მთავარი პრინციპია პატივისცემა აუდიტორიის უფლებისათვის, რომ მიიღოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია. როდესაც ჟურნალისტი მუშაობს სავარაუდო კორუფციის გამოვლენაზე, მას შეიძლება არ ჰქონდეს ოფიციალური ინფორმაცია და დაეყრდნოს კონფიდენციალურ წყაროს, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს ვალდებულებისაგან, რომ ყველა ღონე იხმაროს ინფორმაციის ღია წყაროებთან გადასამოწმებლად. ხოლო თუ ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება, ამის შესახებ ცალსახად უნდა აცნობოს აუდიტორიას. ეს ეთიკური ვალდებულებები მით უფრო აქტუალური ხდება, როცა ჟურნალისტურ პროდუქტში პირს ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულში, კონკრეტულ შემთხვევაში - კორუფციაში, ექსპერტიზის დასკვნის გაყალბებაში.
სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში არ ჩანს, რომ ჟურნალისტმა დაიცვა ზემოაღნიშნული ეთიკური ვალდებულება. როდესაც ჟურნალისტი საუბრობს, რომ კორუფციაში დიმიტრი ქუმსიშვილის ჩართულობა საქართველოს პროკურატურას უკვე გამოძიებული აქვს, მას შეეძლო ოფიციალური წესით მიემართა პროკურატურისათვის, არსებობდა თუ არა სისხლის სამართლის საქმე დიმიტრი ქუმსიშვილის წინააღმდეგ, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა გათვალისწინებულია კანონით და პროკურატურა ვალდებული იქნებოდა შესაბამისი პასუხი მიწოდებოდა ჟურნალისტისათვის. თუ დავუშვებთ, რომ ამ გზითაც ვერ მოხერხდებოდა ინფორმაციის მიღება, ჟურნალისტი ვალდებული იყო მკაფიოდ დაეფიქსირებინა, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გადაუმოწმებელია და ერთი კონფიდენციალური წყაროს გარდა სტატიაში მითითებულ ინფორმაციას მას არ უდასტურებდა სხვა პირი/წყაროები. თუ სტატიაში აღნიშნული~ი სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე [მაგალითად დიმიტრი ქუმსიშვილის და გიორგი თვაურის მეგობრობა და ნათესაობა] კომენტარისაგან თავი შეიკავა როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა, ისე გიორგი თვაურმა, ჟურნალისტს უნდა აღენიშნა, რომ ამ ინფორმაციის გადამოწმებაც ვერ ხერხდებოდა.
საბჭომ მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ იქნა პატივცემული საზოგადოების უფლება, რომ მიეღო გადამოწმებული ინფორმაცია, ამით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
1. ელისო კილაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
საქმის მასალები