გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - PHR-ი "ობიექტივის" არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ
10.07.2018

განმცხადებელი : პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
მოპასუხე : ობიექტივი;
დარღვეული პრინციპები : 8 პრინციპი;
გადაწყვეტილება

27 მაისი, 2018 წელი

საქმეზე N 201

ააიპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ტელეკომპანია „ობიექტივის“ არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ლიკა ზაკაშვილი, გიორგი სულაძე, თამუნა უჩიძე, მაია მამულაშვილი, ნინო ჯაფიაშვილი.

განმცხადებელი: ააიპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“

მოპასუხე: ტელეკომპანია „ობიექტივის“ არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ორგანიზაციამ ააიპ „პარტნიორობამ ადამიანის უფლებებისათვის“, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2018 წლის 27 თებერვალს, 18:07 წუთზე, ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადაცემა „სოციალური თემატიკაში“ დაირღვა ქარტიის მე-8 პრინციპი. სიუჟეტში არ იყო მითითებული მისი ავტორის ვინაობა. ქარტიის საბჭოს სამდივნოს მიმართვის მიუხედავად ტელეკომპანია „ობიექტივს“ არ მოუწოდებია ინფორმაცია, თუ კონკრეტულად ვინ იყო პასუხისმგებელი აღნიშნულ სიუჟეტზე. ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის 3.5 პუნქტის თანახმად „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი“.

საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღო განმცხადებლის წარმომადგენელმა. ტელეკომპანია „ობიექტივმა“, გარდა იმისა, რომ არ აცნობა საბჭოს კონკრეტული პასუხისმგებელი პირის შესახებ, არც საპასუხო პოზიცია არ წარმოადგინა.

სამოტივაციო ნაწილი 


ქარტიის მე-8 პრინციპის მიხედვით: „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება“.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი შეეხებოდა მაშველ მანუჩარ მელიქიძის ტრაგედიას, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მძიმე ტრამვა მიიღო და საწოლს მიეჯაჭვა. მანუჩარ მელიქიძის ჯამრთელობის მდგომარეობამ მისი ოჯახი მძიმე სოციალურ მდგომარეობაში ჩააყენა. სიუჟეტში ნაჩვენები იყვნენ მანუჩარ მელიქიძის არასრულწლოვანი შვილები, რომლებიც კამერის წინ თავად ყვებოდნენ მათი მძიმე სოციალური მდგომარეობის შესახებ. სიუჟეტში სრულად იდენტიფიცირებული იყო [ვიზუალი, სახელი/გვარი, საცხოვრებელი ადგილი] ორივე არასრულწლოვანი, მათი მძიმე სოციალური ყოფა, ასევე ნაჩვენები იყო მათი განცდები, თუ როგორი მძიმე სოციალური მდგომარეობა/გაჭირვება აქვთ.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის მიზანი იყო გამოეწვია საზოგადოების თანაგრძნობა შეჭირვებული არასრულწლოვანების მიმართ შემდგომი დახმარების იმედით. მიუხედავად ამისა,  ეთიკურად ვერ შეაფასდება ამ სახით ბავშვებზე სიუჟეტის მომზადება, რადგან ბავშვთა საკითხების გაშუქება განსაკუთრებულ სიფრთხილეს და პასუხისმგებლობას გულისხმობს, ჟურნალისტს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება შეაფასოს თუ რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ამ სიუჟეტმა ბავშვებზე მისი გავრცელების შემდეგ. მცირე ასაკის გამო ბავშვი სიუჟეტის მომზადებისას ვერ აანალიზებს რამდენად შეესაბამება მის ინტერესებს, რომ საზოგადოების ფართო ფენამ ნახოს მისი გაჭირვება, ემოციები და ა.შ. ჟურნალისტმა უნდა შეაფასოს სიუჟეტი ხომ არ გამოიწვევს ბავშვის სტიგმატიზებას, ხომ არ გახდება დაცინვის ობიექტი თუნდაც თანატოლებისგან. საბჭო იზიარებს განმცხადებლის პოზიციას, რომ „ადვილი შესაძლებელია, მათი [ბავშვების] მდგომარეობა განხილვის საგანი გახდეს სკოლასა თუ მათთვის ნაცნობ სხვა გარემოში როგორც უფროსების, ისე თანატოლების მხრიდან, რაც აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაციისას ბავშვებისთვის განმეორებითი ტრავმისა და სტრესის მუდმივობის საფუძველს ქმნის“. სიუჟეტში არასრულწლოვნები გამოყენებულნი იყვნენ ემოციების გასამძაფრებელ ობიექტად, ამ კონტექსტში ბავშვის ჩვენება არ ემსახურებოდა მის საუკეთესო ინტერესს.

სიუჟეტში ჩანს, რომ არასრულწლოვანების მეურვეები - დედა და მამა თანახმა იყვნენ, რომ ბავშვებს მონაწილეობა მიეღოთ ამ გადაცემაში. ქარტიის სახელმძღვანელო წესები „ბავშვთა საკითხების გაშუქება“, ცალსახად მიუთითებს, რომ „მშობლის ან მეურვის თანხმობა არ ათავისუფლებს ჟურნალისტს პასუხისმგებლობისგან თავად გადაწყვიტოს რამდენად სწორი იქნება ამა თუ იმ საკითხზე ბავშვის კომენტარის ჩაწერა, ან ფოტოს გამოქვეყნება. მან თავად უნდა შეაფასოს ის ნეგატიური შედეგები, რაც შეიძლება ბავშვის იდენტიფიცირებას მოჰყვეს. ზოგჯერ მშობლები ნაკლები ინფორმაციის, განათლების თუ უბრალოდ მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო, ვერ იაზრებენ, რა საფრთხეების მომტანია“.

სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

1. ტელეკომპანია „ობიექტივის“ არა იდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-8 პრინციპი.

საქმის მასალები: