10.07.2018
განმცხადებელი : პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
მოპასუხე : იმედი;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი; 10 პრინციპი;
14 ივნისი, 2018 წელი
საქმეზე N 205
ააიპ „პარტნიორობა
ადამიანის უფლებებისათვის“ ტელეკომპანია „იმედის“ არაიდენტიფიცირებული
ჟურნალისტის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე
საბჭოს წევრები: ლიკა ზაკაშვილი, ნინო ჯაფიაშვილი, გელა მთივლიშვილი, მაია მამულაშვილი, თეა ზიბზიბაძე.
განმცხადებელი: ააიპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“
მოპასუხე: ტელეკომპანია „იმედის“ არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ორგანიზაციამ „პარტნიორობამ ადამიანის უფლებებისათვის“, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2018 წლის 23 თებერვალს, 15:29 წუთზე ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გადაცემაში გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის მე-7 და მე-10 პრინციპი. სადავო სიუჟეტი შეეხებოდა 22 თებერვალს მომხდარ მკვლელობას, რომლის მსხვერპლიც ახალგაზრდა გოგო იყო.
სიუჟეტში არ იყო მითითებული მისი ავტორის ვინაობა. ქარტიის საბჭოს სამდივნოს მიმართვის მიუხედავად ტელეკომპანია „იმედს“ არ მოუწოდებია ინფორმაცია თუ ვინ იყო პასუხისმგებელი აღნიშნულ სიუჟეტზე. ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის 3.5 პუნქტის თანახმად „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი“.
საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღო განმცხადებლის წარმომადგენელმა. ტელეკომპანია „იმედმა“ გარდა იმისა, რომ საბჭოს არ აცნობა კონკრეტული პასუხისმგებელი პირის ვინაობა, არც საპასუხო პოზიცია არ წარმოადგინა.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის მე-7 პრინციპის მიხედვით: “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”. როგორც აღინიშნა, სადავო სიუჟეტი ეხებოდა ახალგაზრდა გოგოს მკვლელობას. მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. სიუჟეტში მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის ადვოკატი მკვლელობის მიზეზად ბრალდებულის მხრიდან ეჭვიანობას ასახელებს და აზუსტებს - „საქმეში ფიგურირებს შავი BMW-ეს მძღოლი, გარდაცვლილსა და შავი BMW-ეს მძღოლს შორის როგორც ირკვევა საქმიდან, იყო ინტიმური ურთიერთობა. ხალათით ვისთან იყო [მსხვერპლი], ეს არის გამოძიების დასადგენი და გასარკვევი“.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ იყო საზოგადოების ობიექტური ინტერესის საგანი, პირიქით, ადვოკატი ხელს უწყობდა სტიგმის გაძლიერებას, რომ სხვა პირთან ინტიმური კავშირი შეიძლება იყოს მკვლელობის „გამამართლებელი“ არგუმენტი. ქარტიას შემუშავებული აქვს სახელმძღვანელო წესები გენდერული საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, ჟურნალისტმა ხელი არ უნდა შეუწყოს მსხვერპლის ისე წარმოჩენას, თითქოს ის აძლევდა საფუძველს და უბიძგებდა მოძალადეს დანაშაულის ჩადენისკენ. დანაშაულის მიზეზად “ეჭვიანობის ნიადაგის” დასახელებით ჟურნალისტი „უნებურად მიანიშნებს იმაზე, რომ მსხვერპლი ქალი “არასწორად” იქცეოდა, პროვოცირება გაუკეთა მოძალადეს და მისცა საფუძველი დანაშაულის ჩადენისა. გარდა იმისა, რომ არ არსებობს რაიმე ტიპის ქცევა, რაც გაამართლებს მოძალადის ქმედებას, საკანონდებლო ბაზა დანაშაულის მოტივად არ სცნობს “ეჭვიანობის ნიადაგს”. არსებობს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, დისკრიმინაცია, შურისძიება და აშ, რაც შესაძლებელია დანაშაულის საფუძველი იყოს, მაგრამ არა “ეჭვიანობს ნიადაგი“. ფემიციდი ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმაა. ეს არის ქალების მკვლელობა მათი სქესის გამო. მოძალადეთა უმეტესობა ყოფილი ან ახლანდელი პარტნიორია".
ფემიციდის გაშუქებისას ისე, როგორც ძალადობის სხვა ფორმებზე ყურადღების გამახვილებისას, არ უნდა მოხდეს იმის კვლევა, რა დააშავა ქალმა და რატომ მოკლეს ის. მნიშვნელოვანია არა მიზეზი, არამედ ფაქტი. ვერც ერთი მიზეზი ვერ გაამართლებს მკვლელობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტს მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა, როდესაც შეაფასა ადვოკატის ინტერვიუს გავრცელების მიზანშეწონილობა. იმის გათვალისწინებით, რომ ადვოკატის მინიშნებები მსხვერპლის ინტიმური ცხოვრების დეტალებზე არ წარმოადგენდა საზოგადოების ინტერესს და ფემიციდის წამახალისებელი ერთი - ერთი მთავარი სტიგმის გაძლიერებას იწვევდა, ინტერვიუს გამოყენება/გავრცელებით ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.
ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“. ქარტიის საბჭოს მიერ, მე-7 პრინციპზე მსჯელობისას შეფასდა ბრალდებულის ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა გარდაცვლილი პირად ცხოვრებას. სიუჟეტი ასევე შეიცავს მსხვერპლის მეზობლებთან ინტერვიუებს, რომლებიც საუბრობენ გარდაცვლილის პირადი ცხოვრების დეტალებზე, რომ დილის 5 საათზე გავიდა შეყვარებულის სანახავად, რასაც ასევე მოსდევს რესპონდენტის მიერ მსხვერპლის ოჯახის გაკიცხვა, რატომ დართეს 5 საათზე გარეთ გასვლის უფლება. ქარტიის საბჭომ თავის არა ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება პირის პირადი ცხოვრების დეტალების შესახებ გასაჯაროება, თუ ამ ინფორმაციის მიმართ არსებობს საზოგადოების ობიექტური ინტერესი, რაც ცნობისმოყვარეობას არ გულისხმობს. როგორც ადვოკატის, ისე მეზობლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა მსხვერპლის პირად ცხოვრებას, არ იძლეოდა დანაშაულის შესახებ მნიშვნელოვან დეტალებს, ატარებდა მხოლოდ სპეკულაციურ ხასიათს და აძლიერებდა სტიგმას. ყოველივე მითითებულიდან გამომდინარე ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის მე-10 პრინციპი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
1. ტელეკომპანია „იმედის“ არა იდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-7 და მე-10 პრინციპი.
საქმის მასალები