გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ირაკლი პეტრიაშვილი ნინი კანდელაკის წინააღმდეგ
10.07.2018

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
განმცხადებელი : ირაკლი პეტრიაშვილი;
მოპასუხე : ნინი კანდელაკი;
გადაწყვეტილება

01 აპრილი 2018 წელი

საქმეზე N 158 [2] 

ირაკლი პეტრიაშვილი ნინი კანდელაკის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ლიკა ზაკაშვილი, ნინო ჯაფიაშვილი, გიორგი სულაძე, მაია მერკვილაძე, თამუნა უჩიძე

განმცხადებელი: ირაკლი პეტრიაშვილი

მოპასუხე: ნინი კანდელაკი

აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ირაკლი პეტრიაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ჟურნალ თბილისელებში გამოქვეყნებულ სტატიაში „ირაკლი პეტრიაშვილის პოლიტიკური ვნებანი“, დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-7, მე-10 და მე-11 პრინციპი. სტატიის ავტორი და შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტი - ნინი კანდელაკი.

სხდომას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი თამარ გაბისონია, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია. სხდომის მიმდინარეობისას განმცხადებლის წარმომადგენელმა მოხსნა მისი მოთხოვნა მე-4 პრინციპის დარღვევის შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი: 

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სტატიაში მითითებული იყო რამდენიმე ფაქტობრივი გარემოება ირაკლი პეტრიაშვილთან დაკავშირებით, მაგალითად „ამბობენ, რომ ტუღუშის [იგულისხმება პროფკავშირების ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ტუღუში] დასაჭერად მისი მოადგილე, ირაკლი პეტრიაშვილი აქტიურობდა, ფარულად თანამშრომლობდა სააკაშვილის სპეცსამსახურებთან და ტუღუშისთვის პროვოკაციის მოწყობას ცდილობდა. გავრცელებული ინფორმაციით სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მტრად შერაცხილი ირაკლი ტუღუშის შემცვლელად, პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა ირაკლი პეტრიაშვილი შეარჩია და ეს ერთობლივად სააკაშვილმა, ვანო მერაბიშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტეს“, სტატიაში ასევე საუბარია, რომ ირაკლი პეტრიაშვილმა ძალის გამოყენებით, ხელისუფლების მხარდაჭერით და პროვოკაციებით შეძლო პროფკავშირის თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვება. სტატია ასევე შეიცავს ამონარიდებს საქართველოს განათლების მუშაკთა პროფკავშირის „ერთობის“ ერთ - ერთ ლიდერთან დავით წიქარიშვილთან, სადაც ისიც ბრალს სდებს ირაკლი პეტრიაშვილს ხელისუფლებასთან ალიანსში. სტატიაში ჟურნალისტი ირაკლი პეტრიაშვილზე საუბრობს რომ მას „გარდამავალ დროშას“ ეძახდნენ, ვინაიდან ის იმ პირის მსახური იყო ხელისუფლებაში, ვინც მეტს უხდიდა. ჟურნალისტი პეტრიაშვილს ბრალს სდებს სისხლის სამართლის დანაშაულშიც, უთითებს რა, რომ ის ითვისებდა პროფკავშირის წევრთა საწევრო გადასახადებს.

მთლიანობაში საბჭო სტატიას ვერ შეაფასებს როგორც ჟურნალისტის მცდელობას, რომ მკითხველს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია. სტატიაში მითითებული არც ერთი ინფორმაცია არ არის გადამოწმებული, ფაქტებით გამყარებული და არც გადამოწმების მცდელობა ჩანს, სტატია აქცენტირებულია ირაკლი პეტრიაშვილის დისკრედიტაციაზე. სტატიაში არც ირაკლი პეტრიაშვილისგან საპასუხო პოზიციის ანდა განმარტების მიღების მცდელობა ჩანს. ყოველივე მითითებულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის 1-ლი პრინციპი.

ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად “[3] ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია”. განმცხადებელმა აღნიშნული პრინციპის დარღვევის დასასაბუთებლად მიუთითა იმავე არგუმენტებზე, რომლის საფუძველზეც დადგინდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა,

ქარტიის საბჭოს განმცხადებელმა ვერ წარმოუდგინა დამატებითი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედებოდა მე-3 პრინციპის დარღვევას. შესაბამისად ქარტიის საბჭო მე-3 პრინციპს დარღვეულად არ თვლის.

ქარტიის მე-7 პრინციპის მიხედვით „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“. განმცხადებლის მოსაზრებით, სადავო სტატიაში აქცენტი კეთდებოდა ირაკლი პეტრიაშვილის პოლიტიკურ ინტერესებზე, რითიც მოხდა ირაკლი პეტრიაშვილის დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით. ქარტიის საბჭო არ მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში სახეზე იყო დისკრიმინაცია. აღსანიშნავია, რომ ირაკლი პეტრიაშვილი საჯარო პირია, ხოლო „პოლიტიკური მიზნის“ ქონა ავტომატურად არ იწვევს დისკრიმინაციას, ამით არ მოხდა ირაკლი პეტრიაშვილის უფლებრივი შეზღუდვა ან არათანაბარი მოპყრობა. ასევე საბჭო შეიძლება თვლიდეს, რომ სტატია შეიცავდა ირაკლი პეტრიაშვილის დიკრედიტაციის მცდელობას, მაგრამ ქარტიის მე-7 პრინციპი გულისხმობს და ფარავს დისკრიმინაციას/სტიგმატიზირებას/სიძულვილის ენას და არა დისკრედიტაციას.

ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“. განმცხადებლის წარმომადგენელი მიიჩნევდა, რომ მე-10 პრინციპის დარღვევა გამოიწვია: [1] ირაკლი პეტრიაშვილის ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მითითებამ [2] მითითებამ ირაკლი პეტრიაშვილის პოლიტიკურ მიზნებსა და აფილაციებზე.

საბჭო ვერ დაეთანხმება აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან:
  1. თავად განმცხადებლის წარმომადგენელი ადასტურებდა, რომ სტატიაში მითითებული ინფორმაცია არა ფაქტები, არამედ უსაფუძვლო ბრალდებები იყო. ბრალდებებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კი დადგინდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა.
  2. სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია ნამდვილი რომ ყოფილიყო, მის მიმართ არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი და შესაბამისად მათი გავრცელებით არ ირღვევა ქარტიის მე-10 პრინციპი.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად: “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება”. მე-11 პრინციპზე მსჯელობას, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება ფაქტების სავარაუდოდ განზრახ დამახიბჯებას, ქარტიის საბჭო განსაკუთრებული ყურადღებით და სიფრთხილით უდგება. თავად პრინციპშიც მითითებულია, რომ მე-11 პრინციპის დარღვევა „უმძიმესი პროფესიული დანაშაულია“. მხოლოდ ის ფაქტი, რომ სტატიაში ჩანს ირაკლი პეტრიაშვილის დისკრედიტაციის მცდელობა, არ არის საკმარისი, რომ დადგინდეს „განზრახვა“, არსებობს დაშვება, რომ წყარომ ან წყაროებმა მიაწოდეს ჟურნალისტს ინფორმაცია, რომელიც გადამოწმების გარეშე გაავრცელა და ამით დაარღვია 1-ლი პრინციპი. საბჭომ ვერ მოიძია/გამოკვეთა გარემოება, რომ ჟურნალისტმა დადასტურებულად იცოდა რა იყო სწორი ინფორმაცია, მაგრამ მაინც არასწორი გაავრცელა.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

1. ნინი კანდელაკმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
2. ნინი კანდელაკს არ დაურღვევია ქარტიის მე-3, მე-7, მე-10 და მე-11 პრინციპი.