11.07.2018
გადაწყვეტილება27 მაისი, 2018 წელი
საქმეზე N 196
ირაკლი მამალაძე ნაზი
ქობულაძის და თამილა ზოიძის წინააღმდეგ
საბჭოს წევრები: ლიკა ზაკაშვილი, გიორგი სულაძე, თამუნა უჩიძე, მაია მამულაშვილი, ნინო ჯაფიაშვილი.
განმცხადებელი: ირაკლი მამალაძე
მოპასუხე: ნაზი ქობულაძე და თამილა ზოიძე
აღწერილობითი ნაწილი
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ირაკლი მამალაძემ. განცხადება ეხებოდა ტელეკომპანია “TV25” ის ეთერში, 2018 წლის 20 თებერვალს გასულ გადაცემას „საზოგადობრივი პოზიცია“, სადაც სტუმრების სახით მოწვეულნი იყვნენ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე. გადაცემის პროდიუსერი და წამყვანი - თამილა ზოიძე და ნაზი ქობულაძე. ტოქშოუ ძირითად შეეხებოდა გიორგი ფანცულაიას და მია ზოიძის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში იმ ნორმის გასაჩივრებას, რომელიც ძიების დროს საქმეზე გაუთქმელობის დაწესებას უშვებს ადვოკატებისათვის.
გადაცემაში ასევე ისაუბრეს განმცხადებელ ირაკლი მამალაძესთან დაკავშირებულ რამდენიმე ფაქტზე, ის მნიშვნელოვანი მოწმეა დეკანოზ გიორგი მამალაძის წინააღმდეგ მიმართულ სისხლის სამართლის საქმეში. სწორედ გადაცემის ამ ნაწილთან მიმართებით მიიჩნევდა განმცხადებელი, რომ დაირღვა ქარტიის 1-ლი პრინციპი.
საქმის განხილვას დაესწრო როგორც განმცხადებელი, ისე მოპასუხეთა წარმომადგენელი.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის 1-ლი პრინციპის მიხედვით: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
გადაცემის მსვლელობისას წამყვანი დაინტერესდა, თუ ვის ეკუთვნოდა იარაღი, რომელიც ამოიღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად. კითხვაზე პასუხის გაცემამდე, როგორც მია ზოიძემ, ისე გიორგი ფანცულაიამ ზოგადად ისაუბრეს ირაკლი მამალაძის შესახებ და ის მოიხსენიეს, როგორც „აგენტი პროვოკატორი“ ზედმეტი სახელით „პრესა“, რომელიც თანამშრომლობს ძალოვან სტრუქტურებთან, მოქმედებს მათი დავალებით თანხების მიღების სანაცვლოდ. რაც შეეხება იარაღის საკითხს, როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, იარაღი შესანახად სწორედ ირაკლი მამალაძემ მიუტანა დეკანოზ გიორგის და ეს იყო „მოწყობილი“. რესპონდენტების პოზიცია შეაჯამა წამყვანმა შემდეგი ტექსტით „ირაკლი მამალაძემ სამართალდამცავ ორგანოებს ჩააბარა დეკანოზი“.
ირაკლი მამალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მან პრეტენზიით მიმართა ტელეკომპანიის თვითრეგულირების მექანიზმს, რომელსაც საბჭოს სხდომის თარიღისათვის არ ჰქონდა განხილული და გადაწყვეტილება მიღებული. აღნიშნული გარემოება დაადასტურა მოპასუხე მხარემაც.
მოპასუხე ძირითად აპელირებდა, რომ გადაცემა ეხებოდა ადვოკატების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს და არ არსებობდა ობიექტური და გონივრული აუცილებლობა, რომ გადაცემაში მოეწვიათ განმცხადებლი ირაკლი მამალაძე.
ქარტიის საბჭო ეთანხმება მოპასუხის ამ პოზიციას და თვლის, რომ გადაცემის მომზადებისას, თავად ამ გადაცემის მიზნის გათვალისწინებით არ იყო აუცილებელი ირაკლი მამალაძის მოწვევა. საპირისპიროდ, ქარტიის საბჭო ვერ ჩათვლის ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპების დაცვად გადაცემის მსვლელობის და მის შემდეგ ჟურნალისტების ქცევას. როცა გადაცემა მიმდინარეობს პირდაპირ ეთერში, ყოველთვის არსებობს რისკი და ალბათობა, რომ რომელიმე რესპონდენტმა გააჟღეროს ისეთი ინფორმაცია, რომლის გადამოწმება/მეორე მხარის პოზიციის მოპოვება დროის რეალურ რეჟიმში ვერ მოხერხდება, სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე წინამდებარე საქმეში. ამ დროს განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს ჟურნალისტის ეთიკური ვალდებულება, რომ გაემიჯნოს ერთი მხარის პოზიციას და მაყურებლისათვის აღქმადი გახადოს, რომ ეს არის გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომ შეუძლებელია იმ მომენტში მეორე მხარის კომენტარის მოპოვება და ეს არ უნდა იქნას აღქმული როგორც ფაქტი. საბჭოს შეფასებით, გადაცემის მიმდინარეობისას ჟურნალისტის მიერ ეს ეთიკური ვალდებულება არ იქნა დაცული. გადაცემის დასრულების შემდეგაც ჟურნალისტებს ყველა ღონე უნდა ეხმარათ, რომ მიეღოთ ირაკლი მამალაძის ინტერვიუ/პოზიცია მათ ეთერში გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით და გაევრცელებინათ იგი. როგორც მოპასუხე მხარემ აღნიშნა, მათ ჰქონდათ მცდელობა, რომ მიეღოთ საპასუხო პოზიცია, მაგრამ ირაკლი მამალაძემ უარი განაცხადა კომუნიკაციაზე, აღნიშნული გარემოება უარყო ირაკლი მამალაძემ. საბჭო აღნიშნავს, რომ თუ ირაკლი მამალაძე უარს აცხადებდა ინტერვიუზე, მიზანშეწონილი იყო, რომ გავრცელებულიყო ჟურნალისტების კომენტარი, რომ გადაცემაში გამოთქმული ბრალდებების გადამოწმება სცადეს ირაკლი მამალაძესთან, რომელმაც უარი თქვა მათთან კომუნიკაციაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
1. ნაზი ქობულაძემ და თამილა ზოიძემ დაარღვიეს ქარტიის 1-ლი პრინციპი.
საქმის მასალები