გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - გიორგი გაბედავა news.coa.ge-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ
30.07.2018

განმცხადებელი : გიორგი გაბედავა;
მოპასუხე : news.coa.ge;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;

გადაწყვეტილება

11 ივლისი 2018 წელი

საქმეზე N 221 

გიორგი გაბედავა news.coa.ge-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ნინო ჯაფიაშვილი, ლიკა ზაკაშვილი, გიორგი სულაძე, მაია მამულაშვილი, თეა ზიბზიბაძე

განმცხადებელი: გიორგი გაბედავა

მოპასუხე: news.coa.ge-ს არა იდენტიფიცირებული ჟურნალისტი

აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი გაბედავამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ონლაინ პორტალ news.coa.ge-ზე ჟურნალისტ ელისო კილაძის ფეისბუკ სტატუსის გამოქვეყნებით „გიორგი გაბედავა ბიძინა ივანიშვილს დედას აგინებს ! ეს იცით რატომაა პირადი ფირების ატვირთვის გამო ციხეში რომ არ ზის !“ დაირღვა ქარტიის პირველი და მე-7 პრინციპი.

საიტზე არ იყო მითითებული ჟურნალისტის ვინაობა, თუ ვისი გადაწყვეტილებით მოხდა სტატუსის გავრცელება მედიასაშუალების მიერ. საბჭოს სამდივნოს მცდელობის მიუხედავად მედია საშუალების რედაქტორის ვინაობაც ვერ დადგინდა. ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის 3.5 პუნქტის თანახმად „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი“.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. როგორც აღინიშნა, news.coa.ge-მ გაავრცელა ელისო კილაძის ფეისბუკ სტატუსი, რომელიც ეხებოდა გიორგი გაბედავას: „სოსოს [იგულისხმება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი] აგენტი გიორგი გაბედავა ბიძინა ივანიშვილს დედას აგინებს! ეს იცით რატომაა დიდ გულზე? პირადი ფირების ატვირთვის გამო ციხეში რომ არ ზის! საინტერესოა, გომელაური რას იტყვის ? მახსოვს, მიუნხენის აეროპორტიდან ტელეფონზე იყო დაკიდებული - სასწრაფოდ გაარკვიეთ კილაძემ საიდან გაიგო ფირების და გაბედავას ამბავიო. სქრინი იხ.პირველ კომენტარში !“. ინფორმაცია შეიცავდა კონკრეტულ ფაქტებს/ბრალდებებს გიორგი გაბედავას მიმართ, მაგალითად იგი მოხსენიებულია როგორც „აგენტი“, ბრალი ედება პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების გავრცელებაში. მიუხედავად ამისა, მკითხველისათვის არ არის მიწოდებული გიორგი გაბედავას საპასუხო პოზიცია/განმარტება ბრალდებების შესახებ, არც ჟურნალისტის მცდელობა არ ჩანს დაკავშირებოდა გიორგი გაბედავას კომენტარისათვის. ასევე არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა რომ რომელიმე ბრალდება გადაემოწმებინა, მოეპოვებინა სხვა დამატებითი მტკიცებულებები ან არგუმენტები.

საბჭო აღნიშნავს, რომ როგორც საერთაშორისო, ისე ქარტიის პრაქტიკა ჟურნალისტურ პროდუქტად განიხილავს მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ, გარკვეული ფაქტების ან მოსაზრებების შემცველ ნებისმიერ ინფორმაციას. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ყველას აქვს უფლება და საშუალება, საჯაროდ გაავრცელოს ფაქტი ან მოსაზრება. მედია სწორედ იმით გამოირჩევა ყველა სხვა ნებისმიერი პირისაგან, რომ მას გადამოწმებული და დაზუსტებული ინფორმაციის გავრცელების ვალდებულება აქვს, შესაბამისად მკითხველსაც აქვს მოლოდინი, რომ მედიასაშუალება პატივს სცემს საზოგადოების უფლებას, მიიღოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, იცავს სხვა ეთიკურ სტანდარტებს. რედაქციის პასუხისმგებლობა ვრცელდება მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ყველა ფორმატის თუ ტიპის ინფორმაციაზე, რომელიც მისი ნებისმიერი პლატფორმის მეშვეობით გავრცელდა. ამიტომაც ამ შემთხვევაში გავრცელებული ფეისბუკ პოსტი ითვლება ჟურნალისტურ პროდუქტად. იმის გამო, რომ გამოცემა არ შეეცადა პოსტში მოყვანილი ბრალდებების გადამოწმებას და დადასტურებას, დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“. გიორგი გაბედავა განცხადებაში მიუთითებდა, რომ ფეისბუკ სტატუსის გავრცელებით მოხდა მისი დისკრედიტაცია. ქარტიის საბჭო განმარტავს, რომ მე-7 პრინციპი ფარავს დისკრიმინაციას, სიძულვილის ენას, სტერეოტიპებისა და სტიგმის გაძლიერებას და არა დისკრედიტაციას, შესაბამისად არ დგინდება მე-7 პრინციპის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

1. news.coa.ge-ს არა იდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის 1-ლი პრინციპი.

2. news.coa.ge-ს არა იდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მე-7 პრინციპი.