12.08.2018
გადაწყვეტილება 19 ივნისი 2018 წელისაქმეზე N 212
განათლების საერთაშორისო
ცენტრი აკაკი გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე
საბჭოს წევრები: ნინო ჯაფიაშვილი, ლიკა ზაკაშვილი, გელა მთივლიშვილი, მაია მამულაშვილი, თამუნა უჩიძე.
განმცხადებელი: განათლების საერთაშორისო ცენტრი
მოპასუხე: აკაკი გოგიჩაიშვილი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა განათლების საერთაშორისო ცენტრმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია „იბერიის“ 2018 წლის 30 აპრილის გადაცემა „ბიზნეს კოდში“ გასულ სიუჟეტში "პრობლემები განათლების სექტორში", დაირღვა ქარტიის პირველი და მესამე პრინციპი. გადაცემის წამყვანი და მოპასუხე ჟურნალისტი - აკაკი გოგიჩაიშვილი. გადაცემა ეხებოდა განათლების საერთაშორისო ცენტრის საქმიანობას - საქართველოს მოქალაქეების მიერ განათლების საზღვარგარეთ მიღების დაფინანსებას.
საქმის განხილვას დაესწრნენ როგორც განმცხადებლის, ისე მოპასუხის წარმომადგენელები. ამასთან, განმცხადებელმა მოხსნა მისი მოთხოვნა ქარტიის მე-3 პრინციპის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით.
სამოტივაციო ნაწილი:
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. როგორც აღინიშნა, სადავო სიუჟეტი ეხებოდა განათლების საერთაშორისო ცენტრის საქმიანობას და პრეტენზიებს, რომლებიც დაკავშირებული იყო ცენტრის საქმიანობასთან. გადაცემაში სტუმრად მოწვეულნი იყვნენ თამარ კიკაჩეიშვილი - მისი თქმით, ცენტრმა დაფინანსებაზე უარი დაუსაბუთებლად და არაკანონიერად უთხრა და არჩილ კაიკაციშვილი, ახალგაზრდა ადვიოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი.
განმცხადებლის პრეტენზიები ეხებოდა შემდეგ გარემოებებს:
- გადაცემაში მოწვეული არ იყო განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი, რათა მას ცენტრის პოზიციის დაფიქსირების საშუალება ჰქონოდა.
- არასწორი ფაქტი იყო ჟურნალისტის მიერ მტკიცებით ფორმაში გავრცელებული განცხადება, რომ „ბოლო ორ წელიწადში ცენტრმა 15 სასამართლო დავა წააგო მსგავს სიტუაციებში და სხვები ჯერ ისევ წარმოებაშია“.
- განმცხადებელი მიუთითებდა, რომ დაუსაბუთებელი იყო წამყვანის ტექსტი - „განათლების საერთაშორისო ცენტრი კორუფციულ სკანდალში ეხვევა, ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაცია იქ კორუფციას, ნეპოტიზმს, ხალხის ფულის პირადი მიზნით ფლანგვას დოკუმენტურად ამხელს“.
პირველ სადავო გარემოებასთან დაკავშირებით მოპასუხე ჟურნალისტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გადაცემის მომზადების პროცესში ისინი დაუკავშირდნენ განათლების სამინისტროს [რომლის საჯარო სამართლის იურიდიული პირიც არის ცენტრი] და სთხოვეს მათ გადაცემაში მონაწილეობა. საქმის მასალებში წარმოდგენილია წერილი [გაცემული 2018 წლის 20 მარტს, სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ, N MES 5 18 00364626], რომლის თანახმად, მოპასუხე მხარისათვის ცნობილი იყო რომ ცენტრს ჰყავდა თავისი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ გადაცემაში მონაწილეობის მიზნით მიზანშეწონილი იყო, ჟურნალისტი დაკავშირებოდა ცენტრს და არა სამინისტროს. ჟურნალისტის მიერ მხოლოდ სამინისტროსთან დაკავშირება არ შეიძლება ჩაითვალოს ბალანსის დასაცავად და ცენტრისთვის გადაცემაში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემის საკმარის მცდელობად. ვინაიდან ჟურნალისტმა იცოდა რელევანტური რესპონდენტის [ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური] არსებობის შესახებ, მისი ეთიკური ვალდებულება იყო, რომ ცენტრთან ჰქონოდა კომუნიკაცია.
ცენტრის მეორე პრეტენზიასთან დაკავშირებით საბჭოს წარედგინა ინფორმაცია ცენტრის მიმდინარე და დასრულებული სასამართლო საქმეების შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, არსებობის ისტორიაში ცენტრის წინააღმდეგ აღძრული იყო 12 საქმე. აქედან 5 საქმე დასრულებული იყო. ამ ხუთი საქმიდან 3 ცენტრმა მოიგო, ხოლო 2 წააგო. დარჩენილი 7 საქმიდან 1 საქმე ცენტრს მოგებული ჰქონდა პირველ ინსტანციაში, 1 საქმე განიხილებოდა პირველ ინსტანციაში, ხოლო 5 წაგებული იყო პირველი ინსტანციაში და გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოში.
ზემოაღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, საბჭომ მიმართა კითხვით მოპასუხეს თუ რა ლოგიკით იქნა დათვლილი „15 სასამართლო დავა წააგო“, მოპასუხემ როგორც ზეპირად, ისე წერილობით განმარტა - „ცენტრი მიუთითებს, რომ მას აქვს 7 მიმდინარე საქმე. შესაბამისად, პოზიციები, გონივრული განსჯის საფუძველზე, სწორად უნდა იქნეს აღქმული და გაგებული. დავის „წაგება“, თავისი მნიშვნელობით და არსით, გულისხმობს სასამართლო ინსტანციაში რომელიმე საქმის მიმართ ცენტრის საწინააღმდეგო შედეგის დადგომას და არა - საქმის სრულ დასრულებას. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში სამი ინსტანციის სასამართლოა. შესაბამისად, თითოეულ მათგანში უარყოფითი შედეგი გულისხმობს ერთ ინსტანციაში დავის წაგება“ ანუ მოპასუხის განმარტებით, თითოეულ ინსტანციაში საქმის წაგება არის „ერთი დავის“ წაგება, და თუ მაგალითად, პირმა სამივე ინსტანციაში [საქალაქო, სააპელაციო, საკასაციო] ერთი და იმავე მოსარჩელის წინააღმდეგ წააგო ერთი და იგივე საქმე, ესე იგი მან 3 „დავა“ წააგო. საბჭო ვერ გაიზიარებს მოპასუხის აღნიშნულ განმარტებას/არითმეტიკას, ვინაიდან:
- არ არსებობს არავითარი სამართლებრივი/ნორმატიული საფუძველი, რომლის მიხედვით ერთსა და იმავე მხარეებს შორის, ერთი და იმავე დავის საგანზე სხვადასხვა ინსტანციაში წარმოებული საქმე შეიძლება იყოს ცალ-ცალკე „დავა“. თეორიულად რომ დავუშვათ, რომ „დავა“თითოეულ ინსტანციას ნიშნავს [რასაც ცალსახად არ იზიარებს საბჭო], 15 „დავა“ მაინც არ არის წაგებული, წამყვანის ტექსტის თანახმად „ბოლო ორ წელიწადში ცენტრმა 15 სასამართლო დავა წააგო მსგავს სიტუაციებში და სხვები ჯერ ისევ წარმოებაშია“, ანუ 15 წაგებულ დავაში მიმდინარე საქმეები არ იგულისხმებოდა, ამ დაშვებითაც წაგებული „დავა“ იყო 11 [ორი დასრულებული, სამივე ინსტანციაში წაგებული დავა (3*2) + 5 წაგებული დავა პირველ ინსტანციაში] და არა 15.
- საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სასამართლოში საქმე წაგებულად ჩაითვლება, თუ მიღებულია ისეთი გადაწყვეტილება რომელიც აღარ საჩივრდება ან მხარეები არ ასაჩივრებენ, შესაბამისად მაშინ როცა 6 საქმე განხილვის პროცესშია, [1 პირველ ინსტანციაში, 5 სააპელაციოში], სიმართლეს არ შეესაბამება ცენტრმა „15 დავა“ წააგო.
რაც შეეხება წამყვანის ტექსტს „განათლების საერთაშორისო ცენტრი კორუფციულ სკანდალში ეხვევა, ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაცია იქ კორუფციას, ნეპოტიზმს, ხალხის ფულის პირადი მიზნით ფლანგვას დოკუმენტურად ამხელს“ საბჭო ასევე მიიჩნევს ეთიკურ პრინციპთან შეუსაბამოდ, ვინაიდან მძიმე ბრალდებები ცენტრის მიმართ მტკიცებითი ფორმით ითქვა მაშინ, როცა ერთადერთი წყარო, რომელიც მიუთითებდა სავარაუდო დარღვევაზე იყო ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაცია, ხოლო საფუძველი ამავე ორგანიზაციის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი დასკვნა.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
1. აკაკი გოგიჩაიშვილმა დაარღვია ქარტიის 1-ლი პრინციპი.
საქმის მასალები: