გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - თანასწორობის მოძრაობა "ჯიხას" წინააღმდეგ
13.08.2018

განმცხადებელი : თანასწორობის მოძრაობა;
მოპასუხე : ჯიხა;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;
გადაწყვეტილება

21 ივლისი, 2018 წელი

საქმეზე N 213

თანასწორობის მოძრაობა საინფორმაციო ცენტრი „ჯიხას“ არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ლიკა ზაკაშვილი, მაია მერკვილაძე, თამუნა უჩიძე, მაია მამულაშვილი, ნინო ჯაფიაშვილი.

განმცხადებელი: თანასწორობის მოძრაობა

მოპასუხე: საინფორმაციო ცენტრი „ჯიხას“ არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა „თანასწორობის მოძრაობამ“, რომელიც მიიჩნევდა, რომ საინფორმაციო ცენტრი „ჯიხას“ მიერ 2018 წლის 20 მაისს საკუთარ Facebook გვერდზე მედიასაშუალება „ტაბულას“ ვიდეოს გაზიარებით დაირღვა ქარტიის პირველი, მე-7 და მე-11 პრინციპები. სადავო ვიდეო გადაღებული იყო 2018 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს, საქართველოს მთავრობის კანცელარიის წინ და ასახავდა ლევან სუთიძის გამოსვლას, სადაც ის მხარს უჭერდა ლგბტ თემს და აკრიტიკებდა ჰომოფობიას, ეკლესიის დამოკიდებულებას ლგბტ თემის მიმართ. საინფორმაციო სააგენტომ ვიდეო გააზიარა შემდეგი აღწერით „ფრთხილად! საქართველოში ნიღაბახდილი ანტიქრისტეს მიმდევრები მომრავლდნენ“ . აღსანიშნავია, რომ ვიდეო გაზიარებული იყო სრულად დამონტაჟების ან/და რედაქტირების გარეშე.

ქარტიის საბჭოს სამდივნოს მიმართვის მიუხედავად საინფორმაციო ცენტრ „ჯიხას“ არ მოუწოდებია ინფორმაცია თუ კონკრეტულად ვინ იყო პასუხისმგებელი აღნიშნული სახით მასალის გავრცელებაზე. ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის 3.5 პუნქტის თანახმად „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი“.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“ განმცხადებელი უთითებდა, რომ მოპასუხის მიერ ვიდეოს აღწერა „ფრთხილად! საქართველოში ნიღაბახდილი ანტიქრისტეს მიმდევრები მომრავლდნენ“ არაზუსტი ინფორმაცია იყო. ქარტიის საბჭო ვერ დაეთანხმება განმცხადებლის პოზიციას, რომ „ანტიქრისტეს მიმდევრები მომრავლდნენ“ არის - ფაქტი. ანტიქრისტე ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით არის ბოროტების სინონიმი, ცრუ მესია, რომელიც ზოგადად მოიაზრება, როგორც ბოროტების ფიგურა. აღნიშნულიდან გამომდინარე „ანტიქრისტეს მიმდევრობა“ არ არის და არც შეიძლება იყოს ფაქტი, ვინაიდან თავად „ანტიქრისტე“ ჰიპოთეტური ცნებაა, შესაბამისად, აღნიშნული ფრაზა - შეფასება/აზრია.

ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“. როგორც პირველი პრინციპის მსჯელობისას აღინიშნა, ლევან სუთიძე, რომელიც გამოხატავდა მხარდაჭერას ლგბტ თემის მიმართ, შეფასებული იქნა როგორც ანტიქრისტეს [ბოროტების] მიმდევარი [მხარდამჭერი], ანუ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულება უარყოფითად იქნა წარმოჩენილი, რასაც მოჰყვა დისკრიმინაციის წახალისება. ეს კი ნათლად ჩანს პოსტის გამოხმაურებებში, რომლებიც მრავლად შეიცავს დისკრიმინაციულ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს. შესაბამისად საბჭოს პოზიციით, ვიდეოს გაზიარებისას მინაწერმა გამოიწვია დისკრიმინაციის წახალისება და მე-7 პრინციპის დარღვევა.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“, ვინაიდან არ დადგინდა ქარტიის პირველი პრინციპის [ზოგადად არასწორი ფაქტის გავრცელება] დარღვევა, შესაბამისად ვერ დადგინდება მე-11 პრინციპის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

1. საინფორმაციო ცენტრი „ჯიხას“ არა იდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.

2. საინფორმაციო ცენტრი „ჯიხას“ არა იდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი.