05.09.2018
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
განმცხადებელი : გიორგი ყიფიანი;
მოპასუხე : ქეთი ბრაჭული;
11 ივლისი 2018 წელი
საქმეზე N 202
გიორგი ყიფიანი ქეთი
ბრაჭულის და ირაკლი ჩიხლაძის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე
საბჭოს წევრები: ნინო ჯაფიაშვილი, ლიკა ზაკაშვილი, თეა ზიბზიბაძე, მაია მამულაშვილი, გიორგი სულაძე.
განმცხადებელი: გიორგი ყიფიანი მოპასუხე: ქეთი ბრაჭული და ირაკლი ჩიხლაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი ყიფიანმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2018 წლის 04 თებერვალს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირაში“ გასულ სიუჟეტში - „მარიხუანა სამედიცინო მიზნებისთვის - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნა“ დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3 და მეხუთე პრინციპი. გადაცემის წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე, სიუჟეტის ავტორი - ქეთი ბრაჭული. სადავო სიუჟეტი ეხებოდა მარიხუანის გამოყენებას სამედიცინო მიზნებისათვის. საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც საპასუხო პოზიცია წარმოუდგენიათ. საქმის განხილვის დროს განმცხადებელმა მოხსნა მოთხოვნა მე-3 პრინციპის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. სიუჟეტი იწყება წამყვანის, ირაკლი ჩიხლაძის ტექსტით "კიბოსთან და სხვა დაავადებებთან საბრძოლველად მსოფლიო მედიცინა ერთი შეხედვით უჩვეულო მეთოდებსაც იყენებს, ეს მეთოდი არც მეტი არც ნაკლები - მარიხუანაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ყველა დროის ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მცენარე ჯანმრთელობისათვის საშიში არ არის, მეტიც, სასარგებლოა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ იმ დაავადებათა არასრული ნუსხაც გამოაქვეყნა, რომელსაც შეგვიძლია კანაფით ვუმკურნალოთ“.
ტექსტს ნაწილობრივ იმეორებს სიუჟეტის ავტორიც „მსოფლიოში ყველა დროის და ყველაზე მოთხოვნადი მცენარე ჯანმრთელობისათვის საშიში არ არის, ეს გადარჩენილების შემდეგ უკვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც დაადასტურა“.
სიუჟეტში ასევე მოყვანილია რამდენიმე მაგალითი, რომელთა მიხედვით გარკვეულმა პირებმა კანაფის [cannabis] მოხმარებით კიბოს სძლიეს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებულია კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებული გარემოებების მოკლე მიმოხილვა, სადაც საუბარია კანაფის სამედიცინო თვალსაზრისით გამოყენებაზეც და ნათქვამია, რომ რამდენიმე კვლევამ აჩვენა კანაბინოიდების [cannabinoids] თერაპიული ეფექტი გულისრევასა და ღებინებაზე ისეთი დაავადებების ადრეულ ეტაპზე როგორიცაა კიბო და იმუნოდეფიციტის სინდრომი [AIDS].
მიუხედევად აღნიშნულისა, არასწორია წამყვანის ტექსტი, რომ „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ყველა დროის ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მცენარე ჯანმრთელობისათვის საშიში არ არის“ და სიუჟეტის ავტორის აღნიშვნა რომ „„მსოფლიოში ყველა დროის და ყველაზე მოთხოვნადი მცენარე ჯანმრთელობისათვის საშიში არ არის, ეს გადარჩენილების შემდეგ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც დაადასტურა“.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებგვერდზე, სადაც კანაბინოიდების თერაპიული ეფექტებია აღწერილი, ასევე მითითებულია ჯანმრთელობაზე კანაფის მოხმარების უარყოფით გავლენებზე და ნათქვამია, რომ კანაფის მოხმარებამ შეიძლება დააზიანოს კოგნიტური განვითარება, ისევე როგორც უარყოფითი გავლენა იქონიოს ფსიქომოტორულ ფუნქციაზე. ხანგრძლივმა გამოყენებამ კი შეიძლევა გამოიწვიოს ბრონქების და სასუნთქი გზების დაავადებები, არ არის რეკომენდირებული ორსულობის პერიოდში მოხმარება ა.შ. შესაბამისად, ფაქტად გავრცელება, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პოზიციით კანაბისი ჯანმრთელობისათვის საშიში არ არის, არასწორია და იწვევს ქარტიის პირველი პრინციპის დარღევა.
ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. განმცხადებლის მიერ საბჭოს წარედგინა მტკიცებულება, რომ მან თავისი პრეტენზიით მიმართა ტელეკომპანია „იმედის“ თვითრეგულირების ორგანოს და შემდგომ სააპელაციო ორგანოს, რომლებმაც უარი უთხრეს საჩივრის განხილვის/დაკმაყოფილების შესახებ. შპს „ტელეიმედის“ თვითრეგულირების სააპელაციო კომისიის 2018 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების
სარეზოლუციო ნაწილის მე-3 მუხლის თანახმად დასტურდება, რომ განმცხადებლის მოთხოვნა შესწორების/არასწორი ინფორმაციის გავრცელების შესახებ ცნობილი გახდა მოპასუხე ჟურნალისტებისათვის/გადაცემის რედაქტორისათვის/პროდიუსერისათვის. შესაბამისად, ვინაიდან დადგინდა რომ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და შემდგომ არ შესწორდა, ქარტიის მე-5 პრინციპი ჩაითვალა დარღვეულად.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
1. ქეთი ბრაჭულმა და ირაკლი ჩიხლაძემ დაარღვიეს ქარტიის 1-ლი და მე-5 პრინციპი.