გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - გიორგი ვაშაძე ლევან ჯავახიშვილის და ნატალია ქაჯაიას წინაღმდეგ
19.09.2018

განმცხადებელი : გიორგი ვაშაძე;
მოპასუხე : ნატა ქაჯაია;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
გადაწყვეტილება

12 სექტემბერი 2018 წელი

საქმეზე N 231 

გიორგი ვაშაძე ლევან ჯავახიშვილის და ნატალია ქაჯაიას წინაღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ლიკა ზაკაშვილი, გიორგი სულაძე, თამარ უჩიძე, გელა მთივლიშვილი, ნინო ჯაფიაშვილი.

განმცხადებელი: გიორგი ვაშაძე

მოპასუხე: ლევან ჯავახიშვილი და ნატა ქაჯაია

აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი ვაშაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “ქრონიკის” 29 და 30 აგვისტოს გამოშვებებში გასულ სიუჟეტებში დაირღვა ქარტიის პირველი, მე-5 და მე-7 პრინციპი. სიუჟეტის ავტორი ნატა ქაჯაია, მისი წარდგენა კი წამყვანმა, ლევან ჯავახიშვილმა გააკეთა. სადავო მასალა ეხებოდა გრიგოლ ვაშაძის მიერ 2008 წელს მიცემულ ინტერვიუს.

სხდომას დაესწრო განმცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც შეპასუხება წარმოუდგენიათ.

სამოტივაციო ნაწილი 

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

როგორც 29 აგვისტოს, ისე 30 აგვისტოს სიუჟეტები ეხებოდა გრიგოლ ვაშაძის 2008 წელს მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის ამბობს: “ის პროვოცირებაც, რაც კოკოითის რეჟიმმა სცადა ცხინვალის რეგიონში, ეს იყო აბსოლუტური თვითშემოქმედება და რუსეთის ფედერაციაც კი არ იყო ამისათვის მზად. გასაგებია, რომ ასეთმა თვითშემოქმედებამ ძალიან საშიში შედეგებამდე მიგვიყვანოს, ამიტომ რუსული მხარე სასწრაფოდ დამიკავშირდა და მთხოვა მოსკოვში ჩასვლა”.

29 აგვისტოს სიუჟეტი

იხსნება წამყვან ლევან ჯავახიშვილის ტექსტით - “ძალა ერთობაშიას” კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე წარსულში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სკანდალში ეხვევა. სოციალურ ქსელში მისი 2008 წლის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატი ამბობს, რომ საომარი მოქმედებები ცხინვალის რეჟიმის თვითშემოქმედება იყო და მოსკოვი საქმის კურსში არ იყო. ეს განცხადება განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფონზე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ პრორუსულად ნათლავს ყველა ოპონენტს. სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს დღეს თავის მართლება მოუწია”. წამყვანის შესავალ ტექსტს მოსდევს გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუ, სიუჟეტის ავტორი ჟურნალისტი იმეორებს, რომ ინტერვიუ ჩაწერილია 2008 წელს და არ უთითებს კონკრეტულ თარიღს თუ როდის მისცა ეს ინტერვიუ გრიგოლ ვაშაძემ.

სიუჟეტი ასევე შეიცავს გრიგოლ ვაშაძის კომენტარს ინტერვიუსთან დაკავშირებით, სადაც ის აღნიშნავს, რომ “ძალიან სასიხარულო იქნებოდა ერთ-ერთი ტელევიზიის ინტერესი ჩემ მიმართ და იმ ინტერვიუს მიმართ, რომელიც 2008 წლის მარტის დასაწყისშია გადაღებული, თუ ეს გამოსვლა იყო ზუსტად აღარ მახსოვს, სადაც რამდენიმე ვარიანტი, ვერსია განიხილება რატომ და ვისი მოწყობილი იყო ცხინვალის რეგიონში 2004 წელს ის პროვოკაცია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იყო ორგანიზებული. აქ ერთი რაღაც შემიძლია ვთქვა, მე სად ვიყავი ომამდე, ომის დროს და ომის შემდეგ ყველა არხის მაყურებელმა იცის”

სიუჟეტის ავტორი ჟურნალისტი გრიგოლ ვაშაძის კომენტარს აფასებს შემდეგი ტექსტით: “გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ვიდეოჩანაწერი მისი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის და მისი პოლიტიკური გუნდის, „ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაციას ემსახურება. ის ირწმუნება, რომ ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში კონტექსტი დამახინჯებულია. ინტერვიუ კი 2008 წლის მარტშია ჩაწერილი და არა 3 აგვისტოს,) როგორც ამას მისი შტაბის უფროსი ამბობს.”

საბჭოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  • რამდენიმე წყარო [რადიო თავისუფლება, რუსთავი 2] მიუთითებს, რომ ინტერვიუ ჩაიწერა და გავრცელდა 03 - 04 აგვისტოს.
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვყენებული ინფორმაციის თანახმად 01 აგვისტიდან 03 აგვისტოს ჩათვლით ფიქსირდებოდა ცალკეული მტრული მოქმედებები საქართველოს მიმართ: დისტანციური მართვის ასაფეთქებელი ჭურვის სროლა, ქართული სოფლების ქართული სოფლების დაბომბვა, ამ ქმედებების ავტორებად მითითებულია ოსეთის სეპარატისტული მთავრობა.
  • 2008 წლის 04 და 05 აგვისტოს ინციდენტი არ დაფიქსირებულა.
  • სამხედრო ქმედებები უკვე რუსული ავიაციის ჩართვით ფიქსირდება 2008 წლის 07 აგვისტოდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე როგორც წამყვანის, ისე სიუჟეტის ავტორის ტექსტებით მაყურებელს ექმნება შთაბეჭდილება, რომ მაშინ როდესაც რუსეთი, როგორც მხარე ცალსახად ჩართული იყო საომარ მოქმედებებში, გრიგოლ ვაშაძე, რომელიც იმ დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, მაინც გამორიცხავდა რუსეთის მონაწილეობას ამ კონფლიქტში.

როგორც ჟურნალისტი აცხადებს, გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუ გავრცელდა FACEBOOK-ის საშუალებით და საილუტრაციოდ ჩანს კადრი, სადაც ამავე FACEBOOK გვერდზე ინტერვიუს თარიღად 3 აგვისტოა მითითებული. სიუჟეტში მართალია მოყვანილია გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუც, მაგრამ ცალსახაა, რომ მან ზუსტად არ იცოდა რომელ ინტრევიუზე იყო საუბარი “თუ ეს გამოსვლა იყო ზუსტად აღარ მახსოვს”, - ამბობს ის. მიუხედავად აღნიშნულისა, ჟურნალისტმა არ სცადა, გადაემოწმებინა ფაქტები და ისინი ზუსტად, კონტექსტისა და ფაქტობრივი გარემოებების მითითებით მიეწოდებინა მაყურებლისათვის. კერძოდ, ჟურნალისტმა არ სცადა დაეზუსტებინა თუ როდის იყო ინტერვიუ ჩაწერილი, მით უმეტეს ინტერვიუს ამსახველ ვიდეოზე აღბეჭდილია ორი მედიასაშუალების [რადიო თავისუფლებისა და რუსთავი 2-ის] მაინდენტიფიცირებადი ნიშანი. ამასთან, რადიო თავისუფლებას ჰქონდა აღნიშნული ინტერვიუ გამოქვეყნებული ერთ - ერთ პროექტში, რაც აადვილებდა ჩანაწერის თარიღის მოძიებას.

ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე მართავს საჯარო შეხვედრებს, ჟურნალისტს უნდა ეცადა, უშუალოდ ვაშაძისთვის ეჩვენებინა მისი წლების წინანდელი კომენტარი და ეთხოვა შეფასება. 29 აგვისტოს სიუჟეტში არ ჩანს, რომ იმედის ჟურნალისტებს ასეთი მცდელობა ჰქონდათ.

სიუჟეტში გამოყენებული გრიგოლ ვაშაძის შეფასება თავად მისივე პრესსამსახურის მიერ არის მომზადებული და ამასთან ცალსახაა, რომ გრიგოლ ვაშაძემ ზუსტად არ იცის რომელ ინტერვიუზე აკეთებს კომენტარს. ანუ, გრიგოლ ვაშაძე ზუსტად ვერ ასახელებს რომელი ინტერვიუდანაა ეს ფრაგმენტი. არ დგინდება, რომ მას სრულად აქვს გათვიცნობიერებული რომელი ინტერვიუს შეფასებას სთხოვს ჟურნალისტი. აქედან გამომდინარე ეთიკურ ჟურნალისტს უნდა გასჩენოდა სურვილი ამ ფაქტის დასაზუსტებლად, მეტი ღონე ეხმარა.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა არ მიმართა ყველა საშუალებას, რომ მაყურებელს მიეღო ამომწურავი და გადამოწმებული ინფორმაცია 2008 წლის 03 აგვისტოს ინტერვიუს შესახებ [როდის იყო ზუსტად ჩაწერილი, რა ხდებოდა იმ დროს, რას გულისხმობდა გრიგოლ ვაშაძე თავის კომენტარში]. ამით კი როგორც ნატალია ქაჯაიას, ისე ლევან ჯავახიშვილის მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

საბჭოს მიაჩნია, რომ იმედის ჟურნალისტებმა არ სცეს პატივი აუდიტორიას, არ მიაწოდეს ზუსტი ინფორმაცია რაც გამოიხატა იმაში, რომ სიუჟეტში, წამყვანის ტექსტში არ თქვეს ცალსახად რომელ რიცხვში იყო ინტერვიუ გაკეთებული. თუ ჟურნალისტი გადაამოწმებდა, დააზუსტებდა გრიგოლ ვაშაძის ინტრევიუს თარიღს და სიუჟეტში ამას ცალსახად, პატიოსნად იტყოდა აუდიტორია მიიღებდა ზუსტ ინფორმაციას და თავად შეაფასებდა ვაშაძის განცხადების ადეკვატურობას. ნაცვლად ამისა, ჟურნალისტმა არ დაასახელა თარიღი და დაუზუსტებელი ამბავი მიაწოდა მაყურებელს შემდეგნაირად: გრიგოლ ვაშაძე რუსეთის მიმართ აგვისტოს ომზე ამბობდა იმას, რისთვისაც “ნაციონალური მოძრაობა” სხვებს აკრიტიკებდა.

30 აგვისტოს სიუჟეტი

აღნიშნულ სიუჟეტი ასევე იხსნება წამყვან ლევან ჯავახიშვილის ტექსტით, რომელიც გრიგოლ ვაშაძის 2008 წლის ინტერვიუს კვლავ აფასებს - “ნაციონალური მოძრაობის და სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატი ამბობს, რომ საომარი მოქმედებები ცხინვალის რეჟიმის თვითშემოქმედება იყო და მოსკოვი საქმის კურსში არ იყო”. [გრიგოლ ვაშაძე თავის ინტერვიუში არ ახსენებს “საომარ მოქმედებებს”]. ესეც ჟურნალისტის ინტერპრეტაციაა, რომელიც მაყურებლისთვის არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, ჟურნალისტი ვალდებულია ნებისმიერი ფაქტი იყოს მაქსიმალურად დაზუსტებული და თავი შეიკავოს ფაქტების ინტერპრეტირებისგან. მიუღებელია ჟურნალისტმა გააკეთოს ასეთი ინტერპრეტირება მაშინ, როცა არ აქვს ნანახი სიუჟეტი, საიდანაც ეს განცხადებაა ამოჭრილი, (“იმედმა” 30 აგვისტოს სიუჟეტში აღნიშნა, რომ ვაშაძის განცხადების სრული ვერსია ორი დღეა ვერ მოიძია)

სიუჟეტის ავტორი 30 აგვისტოსაც უბრუნდება გრიგოლ ვაშაძის შეფასებას ინტერვიუსთან დაკავშირებით, სადაც გრიგოლ ვაშაძე აღნიშნავს, რომ სადავო ინტერვიუ 2008 წლის მარტშია ჩაწერილი და ამასთან აღნიშნავს, რომ ზუსტად არ იცის რომელი ინტერვიუზეა საუბარი, მიუხედავად ამისა ჟურნალისტი სვამს კითხვას “ჩნდება კითხვა ომამდე 5 თვით ადრე რა საფრთხეებზე საუბრობდა და დღესაც იგივე პოზიციაზეა თუ არა ცხინვალში საომარი ოპერაციების დაწყებასთან დაკავშირებით”.

საკითხის მსგავსი შეფასება ასევე მანიპულაციურია, ჟურნალისტმა უკვე იცოდა, რომ 1. გრიგოლ ვაშაძეს ზუსტად არ აქვს ინფორმაცია რომელ ინტერევიუს აფასებს 2. ინტერვიუს სავარაუდო თარიღი შეიძლებოდა ყოფილიყო 2008 წლის 03 აგვისტო [“სოციალურ ქსელში გავრცელდა ეს ვიდეო და თარიღდება 3.08.08. ინტერვიუზე ორი ლოგოა გამოსახული”] კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ იმედის პირველ სიუჟეტში არის კადრი, სადაც ასახულია ე.წ. “სქრინი” რომელშიც კომენტარის სავარაუდო თარიღი 3 აგვისტო ჩანს. მიუხედავად ამისა, მეორე დღესაც "იმედი" იყენებს ვაშაძის იმავე კომენტარს იმავე კონტექსტით, სადაც ის ამბობს, რომ ეს სავარაუდოდ მარტში თქვა. მნიშვნელოვანია, რომ საბჭო დაუკავშირდა იმ მედიასაშუალებებს, რომელთა მაიდენტიფიცირებელი ნიშანი ჩანს ვიდეოში, როგორც რადიო თავისუფლების, ასევე რუსთავი 2-ის ხელმძღვანელმა პირებმა განაცხადეს, რომ დეტალების დასაზუსტებლად “იმედი” მათ არ დაკავშირებია.

30 აგვისტოს სიუჟეტშიც გხვდება  მანიპულაციური შეფასებები, როცა ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ “ვაშაძის შტაბისთვის ფეიკ ნიუისი ის ინტერევიუა, რომელშიც პრეზიდენტობის კანდიდატი თავის მოსაზრებას აფიქსირებს ცხინვალში საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ” (ზემოთ უკვე აღინიშნა სადავო ინტერვიუში ვაშაძე არსად საუბრობს “საომარი მოქმედებების” დაწყების შესახებ). ქარტიის საბჭოს ეს ფრაგმენტიც მანიპულაციურად მიაჩნია, საბჭოს არ უმსჯელია როდის დაიწყო საომარი მოქმედებები, საბჭომ იმსჯელა პირველ სიუჟეტში რატომ არ დააზუსტა ჟურნალისტმა განცხადების გაკეთების თარიღი მაშინ, როცა გრიგოლ ვაშაძე ამბობდა სავარაუდოდ მარტს, გიორგი ვაშაძე კი “იმედის” ინფორმაციით, ასახელებდა 3 აგვისტოს (თუმცა, გიორგი ვაშაძემ თარიღის დასახელება უარყო ქარტიაში. “იმედს” კი არ გაუსაჯაროებია კომენტარი, სადაც გიორგი ვაშაძე 3 აგვისტოს ასახელებს) იმედმა დამატებითი დაზუსტების მცდელობების გარეშე ასეთი ბუნდოვანებით მოცული ამბავი შესთავაზა მაყურებელს, რაც სიზუსტის უპატივცემულობაა.

ჟურნალისტი ასევე აღნიშნავს, რომ გრიგოლ ვაშაძის შტაბმა ინტერვიუ შეაფასა როგორც ე.წ. “ფეიქ ნიუსი”. საბჭოს წარედგინა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს რომ გიორგი ვაშაძე “ფეიქ ნიუსს” არ უწოდებს თავად ინტერვიუს, არამედ მისი აზრით, როცა ჟურნალისტი აცხადებს რომ ვაშაძემ ეს ინტერვიუ “ომის დროს” მისცა, მაყურებელს არასწორი ინფორმაცია მიეწოდება. ანუ ჟურნალისტმა მაყურებელს არასწორად მიაწოდა გრიგოლ ვაშაძის პოზიცია, მეტიც სიუჟეტის დიდი ნაწილი მიუძღვნა იმის განმარტებას თუ რა არის “ფეიქ ნიუსი” და რომ ინტერვიუ “ფეიქ ნიუსად” არ უნდა ჩათვლილიყო, ეს იმ ფონზე რომ გიორგი ვაშაძე “ფეიქ ნიუსად” არ თვლიდა ინტერვიუს.

ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად “მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.” დადგინდა რომ 29 აგვისტოს სიუჟეტში, ჟურნალისტმა არ მიაწოდა ინფორმაცია მაყურებელს თუ როდის იყო ჩაწერილი სადავო ინტერვიუ, შესაბამისად მაყურებელს რჩებოდა შთაბეჭდილება,რომ ინტერვიუ ომის მიმდინარეობისას ან შემდეგ იყო ჩაწერილი. 30 აგვისტოს სიუჟეტიდან ჩანს, რომ ჟურნალისტმა უკვე იცის ინტერვიუს სავარაუდო თარიღი - 2008 წლის 03 აგვისტო. ასევე განმცხადებელმა საბჭოს მიაწოდა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს რომ გიორგი ვაშაძე დეტალურად უხსნის ჟურნალისტს გრიგოლ ვაშაძის აღნიშნული ინტერვიუს დანიშნულებას [რომ ამ ინტერვიუს მიზანი იყო თავიდან აეცილებინა საქართველოს პროცესების შემდგომი ექსკალაცია, ვინაიდან აქტიური საომარი მოქმედებები ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული, რომ ინტერვიუშუ გაჟღერებული პოზიცია შეთანხმებული იყო უცხოელ პარტნიორებთა], მისი ჩაწერის დროს.

მიუხედავად ამისა არ მომხდარა 29 აგვისტოს სიუჟეტის შესწორება, კერძოდ შესწორების სტანდარტის თანახმად აუდიტორიამ უნდა იცოდეს რა გასწორდა, შესაბამისად ცხადად და მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული რა იყო არასწორი და როგორ გასწორდა. თუ არასწორი ინფორმაციის შემცველი სიუჟეტი განთავსებულია მედიასაშუალების რომელიმე პლატფორმაზე, იგი უნდა შეიცვალოს ჩასწორებული სახით ან თან დაერთოს განმარტება.

სადავო სიუჟეტები ისევ პირველადი სახით იძებნება, ყოველგვარი შესწორების, დამატებითი განმარტების გარეშე, არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება განგრძობითია, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ არ მომხდარა შესწორება და დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპი.

ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით” განმცხადებელი აპელირებდა, რომ დისკრიმინაცია მოხდა პოლიტიკური ნიშნით კერძოდ, ჟურნალისტმა პოლიტიკური ნიშნით შეარჩია პრეზიდენტობის კანდიდატი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით შეეცედა მის დისკრედიტაციას. საბჭო აღნიშნავს, რომ დისკრედიტაცია თავის თავში არ გულისხმობს დისკრიმინაციას. რაც შეეხება ზოგადად სიუჟეტის მომზადებას, 2008 წლის ინტერვიუს მიმართ შეიძლებოდა არსებულიყო ობიექტური საზოგადოებრივი ინტერესი, მით უმეტეს, რომ ინტერვიუს ავტორი პრეზიდენტობის კანდიდატია, შესაბამისად კონკრეტულად ამ ინტერვიუზე სიუჟეტის მომზადება არ არის შერჩევითი/დიკრიმინაციული, რაც შეეხება იმას, თუ როგორ მომზადდა სიუჟეტი ამის შესახებ საბჭომ სხვა პრინციპების ჭრილში უკვე იმსჯელა, შესაბამისად საბჭო ქარტიის მეშვიდე პრინციპის დარღვეულად არ მიიჩნევს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
  1. ლევან ჯავახიშვილმა და ნატალია ქაჯაიამ დაარღვიეს ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპი.
  2. ლევან ჯავახიშვილს და ნატალია ქაჯაიას არ დაურღვევიათ ქარტიის მეშვიდე პრინციპი.
საქმის მასალები: