გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - მაია ტატულაშვილი მალხაზ მიქელაძის წინააღმდეგ
22.10.2018

განმცხადებელი : მაია ტატულაშვილი;
მოპასუხე : მალხაზ მიქელაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 3 პრინციპი; 11 პრინციპი;
გადაწყვეტილება

25 სექტემბერი 2018 წელი

საქმეზე N 223 

მაია ტატულაშვილი მალხაზ მიქელაძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე:
გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: გიორგი სულაძე, გელა მთივლიშვილი, მაია მამულაშვილი, თამუნა უჩიძე, თეა ზიბზიბაძე.

განმცხადებელი: მაია ტატულაშვილი

მოპასუხე: მალხაზ მიქელაძე


აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მაია ტატულაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია „თრიალეთში“ 2018 წლის 05 ივლისს გასულ სიუჟეტში „ხელისუფლების საიდუმლო გარიგება და პიარისთვის დახარჯული ხალხის ფული“ დაირღვა ქარტიის პირველი, მესამე და მე-11 პრინციპი. სადავო სიუჟეტების ავტორი და შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტი მალხაზ მელიქიძეა.

საქმე განხილული იქნა საბჭოს გასვლით სხდომაზე ქალაქ გორში. საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტმა კითხვებს ტელეფონით უპასუხა.

სამოტივაციო ნაწილი: 

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სიუჟეტი ეხებოდა გორის მუნიციპალიტეტის ოთხი არასამეწარმეო-არაკომერციულ იურიდიული პირის [შემდგომ „ააიპ“] მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობას. ჟურნალისტის თქმით, ააიპ ბაღების გაერთიანების სააგენტო, მისი ძირითადი დანიშნულების ნაცვლად, პიარით არის დაკავებული და კომპანია „ბიზნეს მედია მენეჯმენტის“ შუამავლობით სარეკლამო საეთერო დრო იყიდა ტელეკომპანია „დიაში“. აღნიშნულ ტელევიზიას და კომპანიას ერთი და იგივე დირექტორი ჰყავთ - მაია ტატულაშვილი. ჟურნალისტი აცხადებს, რომ ტელევიზია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან ასოცირდება, კერძოდ, მფლობელი გურამ გოგოლაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, ხოლო მისი ძმა შალვა გოგოლაძე „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. საბჭოს მიერ გადამოწმდა და დადგინდა, რომ არ დასტურდება ინფორმაცია თითქოს გურამ გოგოლაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება მოპასუხე ჟურნალისტმაც დაადასტურა - შესწორება არ მომხდარა.

სიუჟეტის თანახმად, „ბიზნეს მედია მენეჯმენტს“, რომლის დირექტორიც არის მაია ტატულაშვილი, სახელმწიფო ააიპ-ები თანხებს სხვადასხვა ჩინოვნიკების დავალებით ურიცხავენ - „თრიალეთის ინფორმაციით „საქმეში“ ჩართულები იყვნენ შიდა ქართლის გუბერნატორი და გორის მუნიციპალიტეტის მერი“, ამბობს ჟურნალისტი. სიუჟეტი ეხება ააიპ „სტრატეგიული განვითარების სააგენტოსაც“, რომელმაც ასევე შეიძინა საეთერო დრო, ჟურნალისტი ამ შემთხვევაში აცხადებს, რომ შესყიდვის მიზეზი „დაკვეთაა“, „სავარაუდოდ ზევიდან დაუკვეთეს“. „ზემოდან დაკვეთას“ ჟურნალისტი ასევე ხაზს უსვამს სხვა ააიპ-ებთან მიმართებითაც, რაც არ დასტურდება სხვა არც ერთი წყაროს მიერ, „დაკვეთას“ უარყოფს გორის მუნიციპალიტეტის მერიც. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია არ დაზუსტებულა და გადამოწმებულა, ჟურნალისტი რამდენჯერმე მტკიცებით ფორმაში აღნიშნავს, რომ ააიპების მიერ ტელეკომპანია „დიასთან“ ხელშეკრულების გაფორმება დაკვეთა იყო.

ვინაიდან ბრალდებების ძირითადი ადრესატი მაია ტატულაშვილი იყო, საბჭო დაინტერესდა, დაუკავშირდა თუ არა ჟურნალისტი მაია ტატულაშვილს კომენტარის მისაღებად. მაია ტატულაშვილმა განაცხადა რომ მალხაზ მელიქიძეს მისი კომენტარის მოპოვება არ უცდია. ამის საპირისპიროდ მალხაზ მელიქიძე აპელირებდა, რომ მან სცადა კომენტარების მიღება, მაგრამ მაია ტატულაშვილმა არ უპასუხა. საბჭოსათვის არ იყო წარდგენილი ან ერთი, ან მეორე მხარის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მაგრამ საბჭო აღნიშნავს, სიუჟეტში არ იყო ნახსენები, რომ მცდელობა ჰქონდა ჟურნალისტს დაკავშირებოდა მაია ტატულაშვილს.

ქარტიის მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით,რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“. განმცხადებელი აპელირებდა, რომ მნიშვნელოვანი ფაქტები მიიჩქმალა, კერძოდ, ჟურნალისტმა მაყურებელს არ მიაწოდა ინფორმაცია რომ ააიპ „ბაღების გაერთიანების სააგენტოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ააიპ-ის მიერ საეთერო დროის შესაძენად გადახდილი თანხა შეადგენდა 1320 ლარს. მოპასუხე ჟურნალისტმა დაადასტურა, რომ მან იცოდა ხელშეკრულების ფასი. ვინაიდან სიუჟეტის ერთ - ერთი მთავარი აქცენტი იყო რომ მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადები იხარჯება არამიზნობრივად და ამის ხარჯზე მდიდრდება ტელევიზია, შესაბამისად მნიშვნელოვანი იყო მაყურებელს სცოდნოდა თუ რა ოდენობის თანხაზე იყო საუბარი, რომ თავად შექმნოდა შთაბეჭდილება თუ რა მასშტაბებს გულისხმობდა „გამდიდრება“. შესაბამისად, საბჭომ მიიჩნევს, რომ სახელშეკრულებო ფასის მაყურებლისათვის არ გაცნობა, იწვევს ქარტიის მე-3 პრინციპის დარღვევას.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად: “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება”, ქარტიის საბჭოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ქარტიის მე-11 პრინციპის დარღვევა - განზრახ დამახინჯება დგინდება, როცა:
1] დასტურდება ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა, ამასთან 2] პერმანენტულად მზადდება არაეთიკური, მადისკრედიტირებელი ჟურნალისტური პროდუქტები კონკრეტული პირის მიმართ.

მაია ტატულაშვილმა საბჭოს მოაწოდა სხვადასხვა დროს მალხაზ მელიქიძის მიერ ტელეკომპანია „დიასა“ და მის დირექტორზე, მაია ტატულაშვილზე, მომზადებული სიუჟეტების ბმულები, სადაც საბჭოს შეფასებით, ჩანდა ეთიკური ჟურნალისტიკასთან სიუჟეტების შეუსაბამობა. კერძოდ, სიუჟეტები აქცენტირებული იყო ტელეკომპანია „დიას“ წინააღმდეგ. შესაბამისად ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს ქარტიის მე-11 პრინციპის დარღვევას.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

1. მალხაზ მიქელაძემ დაარღვია ქარტიის პირველი, მე-3 და მე-11 პრინციპი.


საქმის მასალები:

"დიას" შესახებ მომზადებული სხვა სიუჟეტები: