02.11.2018
გადაწყვეტილება25 ოქტომბერი 2018 წელი
საქმეზე N 218
გიორგი გაბედავა გელა
ბოჩიკაშვილის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე
საბჭოს წევრები: ნინო ჯაფიაშვილი, ლიკა ზაკაშვილი, გელა მთივლიშვილი, მაია მამულაშვილი, თამუნა უჩიძე.
განმცხადებელი: გიორგი გაბედავა
მოპასუხე: გელა ბოჩიკაშვილი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი გაბედავამ, რომელიც მიიჩნევდა რომ ვებპორტალ on.ge-ზე 2018 წლის 17 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში „გიორგი გაბედავა ისევ დააკავეს“ დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-5, მე-7 და მე-11 პრინციპი. სადავო სტატიაში გიორგი გაბედავა მოხსენიებული იყო როგორც „ჰომოფობიური და ნეონაცისტური იდეოლოგიის მატარებელი“. სწორედ ამ შეფასების გამო მიიჩნევდა გიორგი გაბედავა ქარტიის პრინციპებს დარღვეულად.
საქმის განხილვის თავისებურება - განცხადებასთან დაკავშირებით მხარეთა მოსმენა [მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას დაესწრო, ხოლო განმცხადებელმა საბჭოს კითხვებს ტელეფონის მეშვეობით უპასუხა] გაიმართა 2018 წლის 21 ივლისს, თუმცა გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული. საბჭოს წევრებს შორის მსჯელობა გაგრძელდა დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. საბჭოს პოზიცია საბოლოოდ ჩამოყალიბდა 2018 წლის 25 ოქტომბერს.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.
როგორც აღწერილობით ნაწილში აღინიშნა, გიორგი გაბედავა სადავოდ ხდიდა ჟურნალისტის მიერ მის მოხსენიებას „ჰომოფობიური და ნეონაცისტური იდეოლოგიის მატარებლად“. საბჭოსთან სატელეფონო კომუნიკაციის დროს გიორგი გაბედავამ დაადასტურა, რომ მართალია ის თავად არ თვლიდა თავს ჰომოფობიური იდეოლოგიის მატარებლად, მაგრამ ზოგიერთი მისი გამონათქვამი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, შესაძლებელი იყო შეფასებულიყო ჰომოფობიურად, ამასთან კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევდა მის მოხსენიებას „ნეონაცისტური იდეოლოგიის მატარებლად“.
საქმის ზეპირი განხილვის დროს მოპასუხე გელა ბოჩიკაშვილს ეთხოვა, რომ წარმოედგინა მტკიცებულებები/არგუმენტები თუ რატომ მოიხსენია გიორგი გაბედავა ნეონაცისტური იდეოლოგიის მატარებლად. გელა ბოჩიკაშვილმა წარმოადგინა პოზიცია, რომლის თანახმად:
- ოქსფორდის სოციალური მეცნიერებების ლექსიკონის განმარტებით, ნეონაციზმი არის პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც წარმოადგენს ნაციონალიზმის თანამედროვე სახესხვაობას, რასაც პრეფიქსი „ნეო“ აღნიშნავს. მის ღირებულებით სისტემაში მოიაზრება ეროვნულობის უპირატესობად წარმოჩენა, რაც გულისხმობს ქსენოფობიას, რასიზმსა და ჰომოფობიურ განწყობებს. ნეონაცისტების მთავარი მრწამსი ეროვნულ უპირატესობაში მდგომარეობს, ისინი ყველა სხვა ერთან შედარებით საკუთარს დომინანტად წარმოაჩენენ. ნეონაცისტებიტებისთვის მიუღებელია და იდეოლოგიურად უპირისპირდებიან სხვადასხვა უმცირესობებს, მათ შორის სექსუალურ და ეთნიკურ უმცირესობებს.
- Webster-ის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ სოციალური მეცნიერებების ლექსიკონში ნეონაციზმი განმარტებულია, როგორც ქსენოფობიური, ჰომოფობიური, ულტრანაციონალისტური, ანტისემიტისტური განწყობების მქონე ადამიანების ჯგუფი, რომლის ფესვებიც მომდინარეობს ნაციონალ-სოციალური პარტიის იდეოლოგიური დოქტრინიდან.
არგუმენტაციაში ასევე მითითებული იყო რამდენიმე ფაქტის შესახებ, რომელიც მოპასუხის პოზიციით შეესაბამებოდა ნეონაციზმის ზემოთ მითითებულ განმარტებას:
- მედიასაშუალება “საქინფორმზე“ 2 მაისს გამოქვეყნდა სტატია, რომელსაც ერქვა „7 მარტს თურქეთი საქართველოზე გამარჯვების დღეს ოფიციალურად აღნიშნავს, ჩვენ კი საქართველოში „დიდგორობის“ აღნიშვნის პრობლემა გვექმნება – 3 საკამათო საკითხი და ულტიმატუმი ხელისუფლებას“. სტატიაში მოყვანილი იყო გიორგი გაბედავას კომენტარი: „შარშან მე ვიყავი თურქეთის ერთ-ერთ ქალაქში ართვინში, რომელიც საქართველოს ეკუთვნოდა. იქ ცხოვრობენ ქართველები, რომლებიც ჩვენზე უფრო მაგარ ქართველები არიან. რადგან 7 მარტს თურქეთი ოფიციალურად აღნიშნავს საქართველოზე გამარჯვების დღეს, მაგრამ ართვინში ამის აღნიშვნის უფლებას არ აძლევენ. ეს დღე თურქებისთვის დიდი დღესასწაულია. ჩვენ კი საქართველოში ვერ უნდა აღვნიშნოთ დიდი დღე - „დიდგორობა“? სუფრასთან რომ დავსხდებით, რისი სადღეგრძელო უნდა დავლოთ? მე ვერ წარმომიდგენია, რომ თუ ჩვენ არ აღვნიშნავთ 12 აგვისტოს „დიდგორობას“, მაშინ სირცხვილისგან ერთმანეთს თვალებში როგორ უნდა ჩავხედოთ?! რა თქმა უნდა, ოფიციალურად აღნიშვნაზეა საუბარი. თუ ჩვენ ჩვენს სახელმწიფოს არ დავაფასებთ, სხვა ჩვენ არ დაგვაფასებს.“
- დეკემბერში გიორგი გაბედავას მორიგი ქსენოფობიური განცხადება გამოჩნდა, რომელიც მან ფეისბუქზე დაწერა შემდეგ კი არაერთ მედიაშაუალებაში გავრცელდა, მათ შორის, ალიაში, ინფო 9-ში, პია-ზე და ა.შ. ამ განცხადებაში გაბედავა სრულიად უადგილოდ და უკონტექსტოდ ცდილობს ადამიანის ეროვნების იდენტიფიცირებას. ეს განცხადება ჰომოფობიურ ხასიათსაც ატარებს. გიორგი გაბედავას ციტატა: „დავით სომეხი ხარ და რატომ იბრალებ ქართველობას? იქორწინე ბიჭზე, რაც გინდა ის ქენი, მაგრამ ჩოხას რომ იცმევ სომეხი რა თემაა? ჩემი აზრით დაგავალეს რომ ჩაგეცვა. აბა როდის იყო სომეხი ქართველობაზე დებდა თავს. თაგებს ნუ წაშლი, პასუხი გამცე ჯობია . საკალელებო“
პირველი პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით ქარტიის საბჭოს წევრების აზრი გაიყო.
საბჭოს წევრთა ნაწილმა მიიჩნია, რომ პირველი პრინციპი არ დარღვეულა და გიორგი გაბედავას პოზიციები და განცხადებები სრულ შესაბამისობაში იყო ნეონაციზმის განმარტებასთან და ჟურნალისტს ჰქონდა საფუძველი გიორგი გაბედავა მოეხსენებია „ნეონაცისტური იდეოლოგიის მატარებლად“.
საბჭოს წევრთა მეორე ნაწილმა აღნიშნა, რომ ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპების დაცვის მიზნებისათვის ჟურნალისტი უნდა მოერიდოს კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე გარკვეული კატეგორიის, იარლიყის მინიჭებას. პირის ნეონაცისტის იდეოლოგიის მატარებლად განსაზღვრა შეფასებითია და შესაბამისად არ უნდა იქნას წარმოჩენილი/გავრცელებული როგორც ფაქტი. თავად მასალაში უნდა ჩანდეს თუ რას ეყრდნობა ჟურნალისტი, როდესაც ასე აფასებს რომელიმე პირს, ეს შეიძლება იყოს კონკრეტული კომენტარები ან/და თანდართული ბმულები, სადაც წარმოჩნდებოდა თუ რატომ მიიჩნევს, ჟურნალისტი ნეონაცისტური იდეოლოგიის მატარებლად კონკრეტულ პირს. მოცემულ შემთხვევაში კი მინიშნებაც არ ჩანდა, თუ რას ეფუძნებოდა გამოცემა გიორგი გაბედავას „ნეონაცისტური იდელოგიის მატარებელად“ შეფასების დროს. ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის თანახმად, პრინციპის დარღვევას ან არ დარღვევას მხარი უნდა დაუჭიროს მინიმუმ საბჭოს ხუთმა წევრმა. იმის გამო, რომ ამ რაოდენობის წევრმა პირველი პრინციპის დარღვევას ან არ დარღვევას არ დაუჭირა მხარი, გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული პირველ პრინციპთან დაკავშირებით.
ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“ ქარტიის მე-7 პრინციპის მიხედვით: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“ ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება”.
კონკრეტულ განსახილველ საქმეში აღნიშნულ პრინციპებზე მსჯელობისათვის მნიშვნელოვანი იყო პირველი პრინციპის დარღვევა/არ დარღვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. შესწორებისთვის აუცილებელია, რომ სახეზე იყოს არასწორი ინფორმაციის გავრცელება, განზრახ დამახინჯებისათვის [მე-11 პრინციპი] - ასევე ზოგადად დამახინჯების ფაქტის არსებობა. რაც შეეხება მე-7 პრინციპს, აღნიშნულ პრინციპზე მსჯელობისას გადაწყვეტი იქნებოდა იმის შესახებ პოზიცია, ნამდვილად შეიძლებოდა თუ არა გიორგი გაბედავას მოხსენიება ნეონაცისტური იდეოლოგიის მატარებლად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული პირველ პრინციპთან დაკავშირებით, შესაბამისად მე-5, მე-7 და მე-11 პრინციპებთან მიმართ გადაწყვტილების მიღება ასევე ვერ მოხდა.
ქარტიის მე-3 პრინციპის მიხედვით „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“. განმცხადებელი მესამე პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით მიუთითებდა იმავე არგუმენტებს, რომელზეც აპელირებდა პირველი პრინციპის ჭრილში, დამატებით საბჭომ სადავო მასალაში ვერ მოიძია მე-3 პრინციპის დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
- ქარტიის პირველ, მე-5, მე-7 და მე-11 პრინციპების დარღვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული.
- გელა ბოჩიკაშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 პრინციპი.