გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - მაგდალინა თოდუა დიანა ჯოჯუას, ემა გოგოხიას და ანა წერეთელის წინააღმდეგ
24.09.2018

განმცხადებელი : მაგდალინა თოდუა;
მოპასუხე : ემა გოგოხია;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება

21 ივლისი 2018 წელი

საქმეზე N 215 

მაგდალინა თოდუა დიანა ჯოჯუას, ემა გოგოხიას და ანა წერეთელის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ნინო ჯაფიაშვილი, ლიკა ზაკაშვილი, გელა მთივლიშვილი, მაია მამულაშვილი, თამუნა უჩიძე.

განმცხადებელი: მაგდალინა თოდუა

მოპასუხე: დიანა ჯოჯუა, ემა გოგოხია და ანა წერეთელი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მაგდალინა თოდუამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 18 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კურიერის“ 21:00 საათიან გამოშვებაში გასულ სიუჟეტში, რომელიც ზუგდიდში უფასო სასადილოს თემას ეხებოდა დაირღვა ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ წამყვანი დიანა ჯოჯუა და სიუჟეტი ავტორები - ემა გოგოხია და ანა წერეთელი. განმცხადებელი მოპასუხედ ასევე მიუთითებდა გადაცემა „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს ნოდარ მელაძეს. ქარტიის საბჭოს პრაქტიკის თანახმად, თუ დგინდება კონკრეტული სადავო სიუჟეტის ავტორი ჟურნალისტები, მოპასუხედ აღარ განისაზღვრება პროდიუსერი/რედაქტორი. შესაბამისად ნოდარ მელაძე ამ შემთხვევაში არ არის მოპასუხე.

საქმის განხილვის დროს განმცხადებელმა საბჭოს წევრების კითხვებს სატელეფონო კავშირის საშუალებით უპასუხა, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც საპასუხო პოზიცია არ წარმოუდგენიათ.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სიუჟეტის წარდგენა წამყვან დიანა ჯოჯუას მიერ მოხდა შემდეგი ტექსტით: „97 თეთრი ერთ დღეში ზუგდიდის მერიამ უფასო სასადილოების დაფინანსება შეამცირა და რეკორდულ მინიმუმამდე დაიყვანა, ფული, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაზოგა ბიძინა ივანიშვილის ხის გადასატანად ხიდის აშენებას მოხმარდება“ „97 თეთრიანი უფასო სასადილოში ხორცი მხოლოდ დღესასწაულებზეა და დანარჩენი საკვები კი ხშირ შემთხვევებში ფერადი წყალია“

სიუჟეტში საბჭომ ყურადღება ასევე მიაქცია ჟურნალისტის შემდეგ ტექსტებს: „სოციალურად დაუცველი ერთი პირის გამოსაკვებად ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დღეში 97 თეთს ხარჯავს, ანუ დადგენილზე ბევრად ნაკლებს“ „მონატრებული ხორცი და რძის პროდუქტი უფასო სასადილოს ბენეფიციარებისათვის დიდი ხანია მხოლოდ დღესასწაულთან ასოცირდება“ „უმწეო მოხუცების მენიუს ხარჯზე დაზოგილი ფული, დაახლოებით 40 000, ოპოზიციის მტკიცებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ ანაკლიის გზაზე ხიდის მშენებლობას და იმ გზის გაფართოებას მოახმარა სადაც პოლიტიკაში დაბრუნებული ყოფილი პრემიერის მიერ მოწონებულ ხეს უნდა გაევლო “

საბჭოს შეფასებები

როგორც წამყვანი, ისე ჟურნალისტი მაყურებელს ფაქტის სახით აწვდის ინფორმაციას, რომ უფასო სასადილოს ბენეფიციართა მენიუში ხორცის შემცველობით საკვები მხოლოდ სადღესასწაულო დღეებშია. ამ ინფორმაციას, ისიც არაპირდაპირ, რამდენიმე ბენეფიციარის ინტერვიუ [ერთი წყარო] ადასტურებს. საბჭოს მიერ მოძიებული იქნა სატენდერო დოკუმენტაცია [ტენდერის ნომერი NAT170014210], სადაც ცალსახად [როგორც გამოცხადებული სატენდერო დოკუმენტში, ისე გაფორმებულ ხელშეკრულებაში] მითითებულია, რომ რაციონში ხორციანი სადილი გათვალისწინებული უნდა იყოს მინიმუმ სამჯერ. როგორც ჩანს, ჟურნალისტს არ გამოუკვლევია აღნიშნული სატენდერო დოკუმენტაცია, ასევე ხორციანი სადილის პერმანენტულად არსებობის შესახებ ფაქტი [რომელიც აქცენტირებულია სადავო სიუჟეტში], არ გადაუმოწმებია არც ერთ სხვა წყაროსთან და მაყურებელს მიაწოდა არასწორი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია.

სიუჟეტში ჟურნალისტი ასევე აღნიშნავს, რომ „სოციალურად დაუცველი ერთი პირის გამოსაკვებად ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დღეში 97 თეთს ხარჯავს, ანუ დადგენილზე ბევრად ნაკლებს“. ამასთან არ ჩანს, თუ რას გულისხმობს „დადგენილში“, ვის მიერ არის დადგენილი და რამდენია „დადგენილი“. ჟურნალისტის მიერ ხშირად ხდება მითითება, რომ სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისათვის გამოყოფილი თანხები შემცირდა, ეს ინფორმაციაც სათანადოდ არ არის გამოკვლეული, რომელ წლებთან მიმართებით შემცირდა, რა ფაქტორებით იყო შემცირება გამოწვეული და ამის მიზეზი ბენეფიციართა რაოდენობის ცვლილება ხომ არ იყო. როგორც ჟურნალისტი, ისე წამყვანი ერთ,ოპოზიციურ პარტიაზე დაყრდნობით, მტკიცებით ფორმაში აცხადებს, რომ დაზოგილი თანხა მოხმარდა არასაჭირო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომ ამ პროექტის მიზანი ბიძინა ივანიშვილის მიერ მოწონებული ხის ტრანსპორტირების ხელშეწყობა იყო. ეს ინფორმაცია ასევე არ იყო გადამოწმებული და გამოკვლეული. მაგალითად, არ იყო შემოთავაზებული ადგილობრივი ბიუჯეტის ან/და ბიუჯეტში ცვლილებების ანალიზი, რომელშიც შესაძლებელია გამოჩენილიყო, მართლა გამოიყენეს თუ არა დაზოგილი თანხა ინფრასტრუქტურული პროექტისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ წამყვანის/ჟურნალისტის მიერ მტკიცებით ფორმაში გავრცელებული ინფორმაცია არ იყო გადამოწმებული, სათანადოდ გამოკვლეული და მხოლოდ ერთ წყაროს ეყრდნობოდა. შესაბამისად ჟურნალისტმა არ სცა პატივის საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია და დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად: “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება”, ქარტიის საბჭოს მიერ ვერ იქნა მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ჟურნალისტმა ფაქტები განზრახ დაამახინჯა. როგორც პირველ პრინციპთან დაკავშირებით მსჯელობისას აღინიშნა პირველი პრინციპის დარღვევა ძირითად გამოწვეული იყო ფაქტების გადაუმოწმებლობით, რაც კიდევ უფრო ართულებს მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენას. განზრახვის დასადგენად აუცილებელია საბჭო დარწმუნებული იყოს რომ იცოდა ჟურნალისტმა სიმართლე და მაინც არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

1. დიანა ჯოჯუამ, ემა გოგოხიამ და ანა წერეთელმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.

2. დიანა ჯოჯუას, ემა გოგოხიას და ანა წერეთელს არ დაურღვევიათ ქარტიის მე-11 პრინციპი.

სადავო მასალა