09.11.2018
გადაწყვეტილება03 ნოემბერი 2018 წელი
საქმეზე N 211
სალომე ბელქანია ნოდარ
მელაძის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე
საბჭოს წევრები: ნინო ჯაფიაშვილი, ლიკა ზაკაშვილი, თეა ზიბზიბაძე, თამარ უჩიძე, გელა მთივლიშვილი, გიორგი სულაძე.
განმცხადებელი: სალომე ბელქანია
მოპასუხე: ნოდარ მელაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა სალომე ბელქანიამ, რომელიც მიიჩნევდა რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში 2018 წლის 05 აპრილს 12 საათზე გასულ „კურიერში“ დაირღვა ქარტიის მე-10 პრინციპი. სადავო მასალა ეხებოდა ტყიბულში, შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევას, რომელსაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კადრები ასახავდა ერთ - ერთი გარდაცვლილის დის მძიმე ემოციურ მდგომარეობას, პირად განცდებს. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.
საქმის განხილვას დაესწრო განცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის მეათე პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი”. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სიუჟეტით გარდაცვლილი პირის ნათესავის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაირღვა ვინაიდან „რუსთავი 2-ის“ მასალა ემსახურებოდა შოუს დადგმას და რეიტინგზე ზრუნვას და არა პრობლემის წარმოჩენას. მისი აზრით, ჭირისუფლის პირადი ემოციების ნაცვლად ყურადღება უნდა გამახვილებულიყო შრომითი უფლებების დაცვასა და სამუშაო პირობების უსაფრთხოებაზე.
საბჭო რა თქმა უნდა იზიარებს განმცხადებლის პოზიციას, რომ სიუჟეტი ასახავდა პირის ტრაგედიას და მის მძიმე ემოციურ განცდებს. თუმცა, შესაფასებელია რამდენად არსებობდა საზოგადოების ობიექტური ინტერესი, რომელსაც შეეძლო გადაეწონა პირად ცხოვრებაში შეჭრა. საბჭომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე:
- მოვლენის მნიშვნელობა - სიუჟეტი ეხებოდა ქვეყანაში არსებულ სერიოზულ პრობლემას, კერძოდ შრომით ადგილებზე დასაქმებულების გარდაცვალების გახშირებულ ფაქტებს. განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს საკითხი ტყიბულში, სადაც თითქმის ყოველ წელს საწარმოო პროცესში იღუპებიან დასაქმებულები. აღნიშნულ პრობლემაზე სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ არაერთი ჟურნალისტური პროდუქტის მომზადების მიუხედავად წლების განმავლობაში პრობლემა მოუგვარებელია, შესაბამისად თითოეული ტრაგედიის მიმართ არსებობს განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესი.
- სიუჟეტის გადაღების ადგილი - პირი მის მძიმე ემოციურ მდგომარეობას გამოხატავდა ქუჩაში, საჯარო ადგილას, ათეულობით სხვადასხვა მოქალაქის, მათ შორის მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით. შესაბამისად ასეთი ადგილი დაცვის უფრო ნაკლები სტანდარტით ხასიათდება, ვიდრე უშუალოდ პირადი სივრცე.
- მონაწილე პირები - სიუჟეტში ასევე ჩანს რომ ადგილზე იმყოფება იმ დროისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. შესაბამისად საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი იყო ცოდნოდა მინისტრის რეაქციები, დამოკიდებულება, ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით.
- მგლოვიარე პირის მოწოდებები - აღსანიშნავია, რომ მგლოვიარე პირის ემოციები და განცხადებები, აღწერდა არამხოლოდ მის პირადულ, არამედ ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დამოკიდებულებას და შეიცავდა პრეტენზიებს და დამოკიდებულებას ხელისუფლების, მათ შორის ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელსაც ბრალს სდებდა უყურადღებობაში. მიიჩნევდა, რომ ტრაგედიაში ხელისუფლებას მიუძღვოდა წვლილი. შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ მედიამ ერთი პირის პროტესტი, მათ შორის პირადი ტრაგედიის ფონზე აჩვენოს აუდიტორიას. მით უფრო, რომ პროტესტის ერთ - ერთი ადრესატი ადგილზე იმყოფებოდა.
- ემოციური მდგომარეობის ჩვენება - რა თქმა უნდა, მედია ვალდებულია აქცენტი გააკეთოს ზოგადად პრობლემაზე [შრომითი უსაფრთხოების პრობლემა], მაგრამ ეს არ გამორიცხავს მედიის უფლებას, ცხადი და ხელშესახები გახადოს სხვა მოქალაქეებისთვისაც პრობლემის ტრაგიკული შედეგები რა ემოციურ ტრავმებს და ტკივილებს იწვევს. ცხადია, ემოციური მდგომარეობის ჩვენება არ უნდა იყოს ჟურნალისტის თვითმიზანი და არაგონივრულად არ უნდა შეიჭრას პირის პირად ცხოვრებაში, მაგრამ თუ სხვა გარემოებების ერთობლიობით პრობლემის მთელი სიცხადე სწორედ პირის პირადი ტრაგედიის ჩვენებით წარმოჩინდება, მედიამ უარი არ უნდა თქვა მის ჩვენებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის მძიმე საყურებელი იქნება აუდიტორიისთვის.
საბჭო მიიჩნევს, რომ ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე განსახილველ შემთხვევაში არსებობდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი. პირის პირადი ემოციების ჩვენებით ცხადად და რეალურად წარმოჩინდა ერთის მხრივ ტრაგიკული შედეგები, რასაც წლების განმავლობაში მოუგვარებელი შრომითი უსაფრთხოების პრობლემა იწვევს და მეორეს მხრივ, ნათელი გახდა, რომ არც ხელისუფლებას არ აქვს რეალური და ქმედითი პასუხი მოქალაქის ბრალდებებზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- ნოდარ მელაძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-10 პრინციპი.