12.11.2018
გადაწყვეტილება03 ნოემბერი 2018 წელი
საქმეზე N 214
ნიკა გურინი ვებგვერდ
itv.ge -ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ
საბჭოს წევრები: ნინო ჯაფიაშვილი, ლიკა ზაკაშვილი, თეა ზიბზიბაძე, თამარ უჩიძე, გელა მთივლიშვილი, გიორგი სულაძე.
განმცხადებელი: ნიკა გურინი
მოპასუხე: ვებგვერდ itv.ge -ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ნიკა გურინმა, რომელიც მიიჩნევდა რომ 2018 წლის 24 მაისს ვებგვერდ itv.ge -ზე გამოქვეყნებულ სტატიაში „თემურ ხუბულური: ძიუდოისტები ქუჩაში არ უნდა იდგნენ, მათი ადგილი დარბაზში და ტატამზეა“, დაირღვა ქარტიის პირველი, მე-7 და მე-11 პრინციპი.
ქარტიის საბჭოს სამდივნოს მიმართვის მიუხედავად ვებგვერდ itv.ge-ს არ მოუწოდებია ინფორმაცია კონკრეტულად ვინ იყო პასუხისმგებელი აღნიშნული მასალის გავრცელებაზე. ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის 3.5 პუნქტის თანახმად „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი“.
საქმის განხილვას დაესწრნენ განმცხადებლის წარმომადგენლები, თავად განმცხადებელმა ასევე უპასუხა საბჭოს კითხვებს სატელეფონო კავშირის მეშვეობით. რაც შეეხება itv.ge-ს, მისი წარმომადგენელი სხდომას არ დასწრებია, ხოლო ნიკა გურინის პრეტენზიებს ვებგვერდზე გამოქვეყნებული საჯარო განცხადებით უპასუხა. სხდომის მიმდინარეობისას განმცხადებელმა მოხსნა მისი მოთხოვნა ქარტიის მე-7 პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. სტატია იწყებოდა შემდეგი წინადადებით „უკვე რამდენიმე დღეა, ძიუდოისტთა ერთი ნაწილი, შოთა ხაბარელის ორგანიზებით, ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს“. განმცხადებელი სადავოდ სწორედ ამ ნაწილს ხდიდა, მისი პოზიციით, არასწორი იყო მტკიცებით ფორმაში იმაზე მითითება, რომ აქცია შოთა ხაბარელის ორგანიზებულია. პირიქით, მისი განცხადებით, აქციის ინიციატორები და ორგანიზატორები თავად ძიუდოისტები იყვნენ და მათ უკან არავინ არ იდგა, მათ შორის არც შოთა ხაბარელი.
საჯარო პასუხში itv.ge -მ მიუთითა, რომ „გურამ მოდებაძე, ინტერნეტ პორტალ „presa.ge“-სათვის მიცემულ ინტერვიუში საჯაროდ აცხადებს: „უკვე კარგად გამოჩნდა, ვის მიერაა ეს პროცესი მართული. გამოდის ტელევიზიით პარლამენტის წარმომადგენელი შოთა ხაბარელი, დიდის ამბით რომ საუბრობს და აშკარად ჩანს, რომ მის მიერაა მართული ეს ყველაფერი“. ბატონი შოთა არც კი მალავს თავის ინტერესს ძიუდოს ფედერაციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რისი დასტურიც არის დღეს, პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული მისივე განცხადება და გუშინ, კომისიის სხდომაზე წარმოქმნილი დაპირისპირება ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, თამაზ ნავერიანის მიმართ, რომელმაც იგი პროცესების მართვაში დაადანაშაულა. კერძოდ, დეპუტატმა ხაბარელმა, უკვე არა ერთხელ განაცხადა, რომ მხარს უჭერს აქციაში მონაწილე ძიუდოისტებსა და მათ მოთხოვნებს. ინტერნეტ ტელევიზია itv.ge-ს მიერ 24 მაისს გავრცელებული ნიუსის სადავო ფრაზა სწორედ იმ ინფორმაციიდან გამომდინარეობდა“.
ქარტიის საბჭო არ იზიარებს მოპასუხის არგუმენტაციას. სადავო სტატიაში მტკიცებით ფორმაში და დადასტურებული ფაქტის სახით არის მითითებული, რომ აქციის ორგანიზატორი არის შოთა ხაბარელი. ხოლო მოპასუხის მითითებული არგუმენტაციიდან ჩანს, რომ მან სხვადასხვა პირების პირადი მოსაზრებების საფუძველზე ივარაუდა/დაასკვნა, რომ აქცია იყო შოთა ხაბარელის ორგანიზებული. გამოცემის მიერ მითითებული არც ერთი წყარო არ შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც გადამოწმებულია და დაადასტურებდა შოთა ხაბარელის ორგანიზატორობას. მეტიც, ერთ - ერთ მტკიცებულებად მოპასუხე მიუთითებს გურამ მოდებაძის ინტერვიუს ინტერნეტ პორტალ „presa.ge“-სთან, ეს ინტერვიუ გამოქვეყნებულია 2018 წლის 29 მაისს, ხოლო სადავო ჟურნალისტური მასალა მომზადდა 24 მაისს, შესაბამისად შეუძლებელია, რომ გურამ მოდებაძის ინტერვიუ ყოფილიყო 24 მაისის სტატიის წყარო. თავის მხრივ დასაშვებია, რომ შოთა ხაბარელი მხარს უჭერდა აქციას, მაგრამ ეს ავტომატურად არ გულისხმობს, რომ შოთა ხაბარელი თავად იყო აქციის ორგანიზატორი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსაზრებების და შეფასებების ფაქტის სახით გავრცელება იწვევს ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას.
ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად: “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება”, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა გაზრახ დამახინჯებას, არამედ მოხდა სუბიექტური შეფასებების ფაქტად წარმოჩენა.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
- itv.ge-ს არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
- itv.ge -ს არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მე-11 პრინციპი.