26.11.2018
გადაწყვეტილება07 ნოემბერი 2018 წელი
საქმეზე N 235
ნიკა გვარამია გიორგი
გვიმრაძის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე
საბჭოს წევრები: ნინო ჯაფიაშვილი, ლიკა ზაკაშვილი, თამარ უჩიძე, გელა მთივლიშვილი, მაია მამულაშვილი.
განმცხადებელი: ნიკა გვარამია
მოპასუხე: გიორგი გვიმრაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ნიკა გვარამიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2018 წლის 24 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის გამართული დებატების წამყვანმა, გიორგი გვიმრაძემ დაარღვია ქარტიის 1-ლი, მე-3 და მე-5 პრინციპი. განმცხადებლის პოზიციით, პრინციპების დარღვევა გამოიწვია წამყვანის მხრიდან გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერად ნიკა გვარამიას მოხსენიებამ.
საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც საპასუხო პოზიცია წარმოუდგენია. ამასთან გიორგი გვიმრაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით უპასუხა საბჭოს კითხვას, რომელი კითხვითაც საბჭო შეეცადა მიეღო მისგან პასუხი, თუ რაზე დაყრდნობით მიიჩნია ნიკა გვარამია გრიგოლ ვაშაძის გაცხადებულ მხარდამჭერად.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. როგორც აღინიშნა, 2018 წლის 24 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაიმართა დებატები საპრეზიდენტო კანდიდატებს - გრიგოლ ვაშაძეს, დავით ბაქრაძეს და სალომე ზურაბიშვილს შორის. დებატების წამყვანი - გიორგი გვიმრაძე.
დებატების დროს წამყვანსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართა შემდეგი სახის დიალოგი:
[გ.გ] - “ბატონო გრიგოლ, თქვენ ახსენეთ თქვენს წინა პასუხში, რომ რევანშისთვის არ მოდიხართ, ეს არ არის თქვენი ამოცანა, თუმცა თქვენი მხარდამჭერების მხრიდან, საჯარო მხარდამჭერების მხრიდან, გაისმა მაინც ასეთი საკითხი რომ
[გ.ვ] - სახელი, გვარი, თუ შეიძლება
[გ.გ]- კი ბატონო, ერთ - ერთი კონკრეტული ტელევიზიის დირექტორს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, ალბათ, ხვდებით, ნიკა გვარამიას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, რომელმაც
[გ.ვ]- რატომ ფიქრობთ, რომ ჩემი მხარდამჭერია
[გ.გ] - მას გაცხადებული აქვს, რომ თქვენი მხარდამჭერია, ჩემი მოგონილი არ არის, ეს მისი პოზიციაა, დააფიქსირა ეს პოზიცია
[გ.ვ] - არ გამიგია რომ მას ასეთი პოზიცია დაეფიქსირებია”.
საბჭომ რამდენჯერმე მიმართა გიორგი გვიმრაძეს, რომ წარმოედგინა მტკიცებულებები [საჯარო განცხადება, ან პოსტი სოციალურ ქსელში ან სხვა მსგავსი], რომლის საფუძველზეც მან თქვა, რომ ნიკა გვარამიას დაფიქსირებული აქვს კონკრეტულად გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა. ასეთი მტკიცებულებები საბჭოსათვის არ იქნა წარმოდგენილი და ვერც თავად საბჭომ მოიძია.
საბჭო მიიჩნევს, რომ ეთიკური ჟურნალისტიკის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია ჟურნალისტმა ცალსახად გამიჯნოს საკუთარი სუბიექტური შეფასება და ფაქტი. სრულად დასაშვებია, რომ ნიკა გვარამიას პოზიციების და აქტივობების, რუსთავი 2 -ს სარედაქციო პოლიტიკის შეფასების შედეგად გიორგი გვიმრაძეს ჰქონდა დასაბუთებული ვარაუდი ან/და პირადი შეფასება, რომ ნიკა გვარამია გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერია, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს “მხარდაჭერა” მან მაყურებელს მიაწოდა როგორც ნიკა გვარამიას მიერ გაცხადებული, დაფიქსირებული ფაქტი და გიორგი გვიმრაძემ, ვერც მაშინ, როცა ეს რესპონდენტმა გრიგოლ ვაშაძემ გააპროტესტა ეთერში და ვერც მოგვიანებით, საბჭოსთან კომუნიკაციისას, ვერ მიუთითა, ვერ დაასაბუთა, თუ რას დაეყრდნო როცა ნიკა გვარამია მოიხსენია როგორც გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი, მაყურებელს არ უთხრა ეს იყო დადასტურებული ფაქტი თუ სხვა და სხვა ინფორმაციის ანალიზით ჩამოყალიბებული მისი პირადი მოსაზრება.
საბჭოს არ უმსჯელია ნიკა გვარამია არის თუ არა ვაშაძის მხარდამჭერი, ეს საბჭოს უფლებამოსილებასა და ინტერესს ცდება. საბჭომ შეაფასა წინასაარჩევნოდ გამართულ ერთადერთ დებატებში სცა თუ არა ჟურნალისტმა აუდიტორიას პატივი, დასვა თუ არა კითხვა ფაქტებზე დაყრდნობით და აუდიტორიას განუმარტა თუ არა რას ეყრდნობოდა ამ კითხვის დასმისას. საბჭომ შეისწავლა მანამდე გამართული დებატები, საიდანაც დარჩა შთაბეჭდილება, რომ წამყვანი ყველა შემთხვევაში დაახლოებით ერთი შინაარსის შეკითხვებს სვამს და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ კითხვები წინასწარ მომზადებულია. აქედან გამომდინარე საბჭომ მიიჩნია, რომ ვაშაძის მიერ კითხვაზე კითხვითვე პასუხის შემდეგ წამყვანს უნდა გამოეჩინა აუდიტორიის მიმართ მეტი პატივისცემა და კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა დაეზუსტებინა შეკითხვა. წამყვანმა ეს ვერ მოახერხა.
საბჭოსთან კომუნიკაციისას გიორგი გვიმრაძემ დააფიქსირა, რომ კითხვის დასმისას არ ჰქონდა არც ერთი კონკრეტული მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც აშკარა იქნებოდა გვარამიას “გაცხადებული მხარდაჭერა” გრიგოლ ვაშაძის მიმართ. კომუნიკაციისას გვიმრაძემ საბჭოს არ განუმარტა რას ეყრდნობოდა კითხვის ასეთი ფორმულირებისას. რაც მიანიშნებს აუდიტორიის მიმართ უპატივცემულობაზე. ქარტიის პირველი პრინციპის არსი კი გამოიხატება სწორედ საზოგადოების პატივისცემასა და ჟურნალისტის ძალისხმევაში - რაც შეიძლება ზუსტი და დასაბუთებული იყოს ინფორმაცია.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით საბჭო მიიჩნევს, რომ გიორგი გვიმრაძემ არ სცა პატივი აუდიტორიას, არ მიმართა ყველა ღონეს ზუსტი ინფორმაციის გასაჟღერებლად და დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“ განმცხადებელი აპელირებდა, რომ გიორგი გვიმრაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ნიკა გვარამია არის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი - ყალბია. საბჭო ვერ დაეთანხმება განმცხადებელს შეფასებაში და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოხდა პირადი შთაბეჭდილებების და მოსაზრებების ფაქტად წარმოჩენა, რამაც გამოიწვია ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა და მე-3 პრინციპი არ დარღვეულა.
ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.“ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მან ერთ-ერთ საჯარო შეხვედრის დროს მოსთხოვა გიორგი გვიმრაძეს იმის უარყოფა, რომ ნიკა გვარამია გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერია. საბჭოსთვის არ იყო წარდგენილი/საბჭომ ვერ მოიპოვა სხვა ობიექტური მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა შესწორების მოთხოვნის ფაქტს და შინაარს, შესაბამისად არ აქვს მტკიცებულებები, რომ მე-5 პრინციპი მიიჩნიოს დარღვეულად.
სარეზოლუციო ნაწილი:ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- გიორგი გვიმრაძემ დაარღვია ქარტიის 1-ლი პრინციპი.
- გიორგი გვიმრაძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 და მე-5 პრინციპი.
საქმის მასალები:
სადავო
მასალა
განცხადება