გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - სუიციდის პრევენციის ასოციაცია მარიკა გოცირიძის წინააღმდეგ
04.12.2018

განმცხადებელი : სუიციდის პრევენციის ასოციაცია;
მოპასუხე : მარიკა გოცირიძე;
დარღვეული პრინციპები : 8 პრინციპი;

გადაწყვეტილება

17 ნოემბერი 2018 წელი

საქმეზე N 229

სუიციდის პრევენციის ასოციაცია მარიკა გოცირიძის წინააღმდეგ


საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ნინო ჯაფიაშვილი, ლიკა ზაკაშვილი, თამარ უჩიძე, გელა მთივლიშვილი, გიორგი სულაძე, თეა ზიბზიბაძე, მაია მერკვილაძე.

განმცხადებელი: სუიციდის პრევენციის ასოციაცია

მოპასუხე: მარიკა გოცირიძე

აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა სუიციდის პრევენციის ასოციაციამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2018 წლის 14 აგვისტოს, ტელეკომპანია რუსთავი2-ის ეთერში, გადაცემა კურიერში გასულ სიუჟეტში, რომელიც ეხებოდა ახალ ინტერნეტ თამაშს, დაირღვა ქარტიის პირველი და მე-8 პრინციპი. სიუჟეტის ავტორი და მოპასუხე ჟურნალისტი - მარიკა გოცირიძე.

საბჭომ გადაწყვიტა არ გამოიყენოს სიუჟეტის და ინტერნეტ თამაშის დასახელება რათა ხელი არ შეუწყოს მის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

განმცხადებელმა საბჭოს კითხვებს ტელეფონით უპასუხა, რა დროსაც მოხსნა მისი მოთხოვნა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით. მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი 


ქარტიის მე-8 პრინციპის თანახმად “ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება”.

სიუჟეტი ეხება ახალ ინტერნეტ თამაშს, სახელად "----". სიუჟეტის ავტორი პარალელს სხვა ინტერნეტ თამაშთან ავლებს და მიიჩნევს, რომ თამაში სახიფათოა: „ნებისმიერ შემთხვევაში, ინტერნეტ მონსტრი სახიფათოა, “ლურჯი ვეშაპის” მსგავსად ვირტუალური ქალის ბოლო დავალება თვითმკვლელობაა“, - ჟურნალისტის მტკიცებისთანავე ამ თამაშით მოსარგებლეებს შორის „არის რამდენიმე შემთხვევა სუიციდის“.

როგორც აღინიშნა, ჟურნალისტი თავად აცხადებს და ადასტურებს თუ როგორი სახიფათოა ახალი ინტერნეტ თამაში, მიუხედავად ამისა სიუჟეტი შეიცავს თითქმის სრულ ინფორმაციას მის შესახებ. მითითებულია თამაშის პრინციპები, ახსნილია, როგორ არის შესაძლებელი კავშირის დამყარება და ნათქვამია, რომ მის შესახებ ინფორმაცია ქართულ ენაზეც არის, სიუჟეტში ჩანს ის ნომერიც, რომელზე დარეკვითაც შესაძლებელია ინტერნეტ თამაშში ჩართვა.

ქარტიის მე-8 პრინციპი ჟურნალისტური საქმიანობოს დროს არასრულწლოვნების ინტერესების დაცვას ემსახურება. არასრულწლოვნები მათი ასაკიდან გამომდინარე საზოგადოების მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან და მათ შესახებ ან მათთვის მისაწოდებელი ინფორმაცია განსაკუთრებული სიფრთხილით შერჩევას მოითხოვს, რათა ჟურნალისტურმა პროდუქტმა არ გამოიწვიოს არასრულწლოვანთა ინტერესების შელახვა ან მათი მომავლისათვის საფრთხის შექმნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ჟურნალისტის მიერ სრულად მოხდა საშიში ინტერნეტ თამაშის იდენტიფირება, დაირღვა ქარტიიის მე-8 პრინციპი. კერძოდ, სიუჟეტით არასრულწლოვანებისათვის ხელმისაწვდომი გახდა ის ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია ინტერნეტ თამაშში ჩართვა და ეს კი თავის მხრივ საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის. რა თქმა უნდა, ჟურნალისტის მოვალეობაა გააშუქოს ისეთი ამბები, რომლის მიმართაც არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი, მოამზადოს სიუჟეტები არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ პოტენციურ საფრთხეებზე, მათი ინდენტიფიცირების და პრევენციის მიზნით, მაგრამ ამ პროცესში თავად ჟურნალისტური პროდუქტი არ უნდა იქცეს იმ ინსტრუმენტად, რომლის მეშვეობითაც არასრულწლოვანი შეიძლება გახდეს უფრო მოწყვლადი ან/და ამ კონკრეტულ შემთხვევაში - ჩაებას საშიშ თამაშში.

სარეზოლუციო ნაწილი:


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

მარიკა გოცირიძემ დაარღვია ქარტიის მე-8 პრინციპი.