გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - PHR-ი მარიამ გაფრინდაშვილის წინააღმდეგ
30.12.2018

განმცხადებელი : პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
მოპასუხე : მარიამ გაფრინდაშვილი;
დარღვეული პრინციპები : 8 პრინციპი; 10 პრინციპი;

გადაწყვეტილება

17 ნოემბერი 2018 წელი

საქმე N 233 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მარიამ გაფრინდაშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ნინო ჯაფიაშვილი, ლიკა ზაკაშვილი, თამარ უჩიძე, თეა ზიბზიბაძე, მაია მერკვილაძე, გელა მთივლიშვილი, გიორგი სულაძე.

განმცხადებელი: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

მოპასუხე: მარიამ გაფრინდაშვილი

აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2018 წლის 06 სექტემბერს, ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” გადაცემა “კურიერში” გასულ სიუჟეტში “სასტიკი მკვლელობის საქმე” დაირღვა ქარტიის მე-8 და მე-10 პრინციპი. სადავო სიუჟეტის ავტორი და შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილია. სიუჟეტი ეხებოდა ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის საქმეს.

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი. მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.


სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის მე-8 პრინციპის თანახმად “ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება”. როგორც აღინიშნა, სიუჟეტი ეხებოდა ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის საქმეს. სიუჟეტის თანახმად, ბრალდებული პირის წინააღმდეგ ჩვენებები მისცეს არასრულწლოვნებმა, გარდაცვლილი პირის შვილებმა, რომლებმაც დეტალურად აღწერეს მკვლელობის ჩადენის პროცესი, ასევე ის იძულება და ძალადობა, რომელსაც მკვლელობის დროს ბრალდებული მათ მიმართ ახორციელებდა.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ზოგადად ფაქტის [მკვლელობის] მიმართ არსებობდა ობიექტური საზოგადოებრივი ინტერესი. ასეთი ინტერესი შეიძლება ყოფილიყო იმ გარემოების მიმართაც თუ ვინ მისცა ჩვენება, მაგრამ მეორეს მხრივ არიან არასრულწლოვნები [რომლებმაც მოწმის სახით მისცეს ჩვენება] და მათი ინტერესი. შესაბამისად საბჭომ შეაფასა, რა უფრო მნიშვნელოვანი იყო, საზოგადოებას სცოდნოდა ვინ იყო მოწმე თუ დაცული ყოფილიყო არასრულწლოვნების ინტერესები და არ გასაჯაროებულიყო მათი [როგორც მოწმეთა] ვინაობა.

ფაქტი, რომ ბავშვებმა საკუთარი თვალით ნახეს დედის მკვლელობა, ისედაც მძიმე ემოციურ და ფსიქიკურ ტანჯვას გამოიწვევდა მათში, ამ ფაქტის გახსენება კიდევ ერთხელ მიაყენებდა ტრავმას დაკითხვის დროს. მით უმეტეს არ წარმოადგენს მათ საუკეთესო ინტერესს, რომ საჯარო იყოს და შემდგომ იძებნებოდეს მათ მიერ ჩვენების მიცემის ფაქტი. ქარტიის მიერ შემუშავებული “ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელოს” თანახმად “ეცადეთ თავიდან აიცილოთ ბავშვის რეტრავმირება და არ გაახსენოთ ის ამბავი, რაც მასზე ნეგატიურად იმოქმედებს, თუ ეს რედაქციულად დასაბუთებული არ არის და არ გადაწონის საჯარო ინტერესი, მაგალითად გამოააშკარავებს სხვა დანაშაულს”.

განსახილველ შემთხვევაში, საბჭო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანთა დაცვა უფრო დიდი სიკეთე იყო, ვიდრე საზოგადოების ინტერესი, სცოდნოდა მოწმის ვინაობა, იმის გათვალისწინებით, რომ ჟურნალისტს შეეძლო საზოგადოებისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია მკვლელობის დეტალების შესახებ თუმცა, არ მიეთითებინა, რომ ეყრდნობოდა არასრუწლოვნების, როგორც მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე და არასრულწლოვნების არაპირდაპირი იდენტიფიცირებით დაირღვა ქარტიის მე-8 პრინციპი.

ქარტიის მე-10 პრინციპის მიხედვით “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი”. სიუჟეტის თანახმად, სასამართლო პროცესის დროს სასამართლოს დერეფანში ერთმანეთს მოკლულის დედა და ბრალდებულის შვილი დაუპირისპირდნენ. სიუჟეტში ნაჩვენები იყო დაპირისპირების დეტალები, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ერთმანეთის მიმართ, ემოციები [ტირილი და ა.შ.]. ეს ინფორმაცია არ წარმოადგენდა საზოგადოების ობიექტური ინტერესის საგანს და აუდიტორიას არ აწვდიდა არავითარ დამატებით ინფორმაციას დანაშაულის ან მასში მონაწილე პირების შესახებ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ სასამართლოს დერეფანში მომხდარი დაპირისპირების გასაჯაროებით მოხდა ინცინდენტში მონაწილე პირების პირად ცხოვრებაში არაგონივრული შეჭრა და შესაბამისად მე-10 პრინციპის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

მარიამ გაფრინდაშვილმა დაარღვია ქარტიის მე-8 და მე-10 პრინციპი.