განმცხადებელი : ლევან ნატროშვილი;
მოპასუხე : ანუკი გუმბერიძე, ლევან ჯავახიშვილი, თეონა გეგელია;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება
21 დეკემბერი 2018 წელი
საქმე N 241
ლევან ნატროშვილი ანუკი გუმბერიძის, ლევან ჯავახიშვილის და თეონა გეგელიას წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე
საბჭოს წევრები: ლიკა ზაკაშვილი, გიორგი სულაძე, მაია მერკვილაძე, მაია მამულაშვილი, გელა მთივლიშვილი
განმცხადებელი: ლევან ნატროშვილი
მოპასუხე: ანუკი გუმბერიძე, ლევან ჯავახიშვილი და თეონა გეგელია
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ლევან ნატროშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტში - „მესამე სექტორმა ყალბ მოწმობებთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობის არასანდოობა აღიარა“ და ამ სიუჟეტის ვებგვერდზე განთავსებით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ სიუჟეტი წარმდგენი ლევან ჯავახიშვილი, სიუჟეტის ავტორი ანუკი გუმბერიძე და ვებგვერდ imedinews.ge-ის რედაქტორი - თეონა გეგელია.
საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დაესწრებიან და არც საპასუხო პოზიცია არ წარმოუდგენიათ.
საქმის განხილვის დახურულ ნაწილში თვითაცილების საფუძველზე მონაწილეობა არ მიუღია ქარტიის საბჭოს წევრ გიორგი სულაძეს, ვინაიდან იგი წარმოადგენს საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს [რომლის დასაქმებულიც არის განმცხადებელი] საზოგადოებრივი საბჭოს წევრს.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ იგეგმებოდა პირადობის ყალბი მოწმობების დამზადება, რათა ისინი გამოყენებული ყოფილიყო მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილისათვის ხმების მოპოვების პროცესში.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიდან მეორე დღესვე მომზადდა და ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაიცა სადავო სიუჟეტი.
სიუჟეტი წარადგინა წამყვანმა ლევან ჯავახიშვილმა შემდეგი ტექსტით: „არასამთავრობო ორგანიზაციების აღიარება, დღეს მათ პირველად თქვეს, რომ ყალბ პირადობის მოწმობების შესახებ მათ მიერ გავრცელებული ცნობა არასანდო იყო, ამის აღიარება მესამე სექტორის წარმომადგენლებს მას შემდეგ მოუხდათ, რაც არჩევნების დღეს არც ერთ უბანზე ყალბი პირადობის მოწმობის გამოყენების ფაქტი არ გამოვლენილა, შესაბამისად სქემა, რომელზედაც მესამე სექტორი არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე საჯაროდ საუბრობდა და პროკურატურამ გამოძიებაც კი დაიწყო, არ არსებობს“.
თავად სიუჟეტში ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ „დღეს ლევან ნატროშვილი ღიად ამბობს, რომ სანდო წყაროს მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაცია არასანდო აღმოჩნდა“ . ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტექსტი ძირითადად იმეორებდა წამყვანის წარდგენის ტექსტს.
ჟურნალისტები მტკიცებით ფორმაში ავრცელებენ შემდეგ ინფორმაციას:
- არასამთავროები აღიარებენ, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასანდო იყო, ასევე არასანდო იყო წყარო.
- „სქემა“ [ანუ პირადობის ყალბი მოწმობის დამზადება] არ არსებობს.
- პირადობის ყალბი გამოყენების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
საბჭო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტის სახით გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია და იწვევს ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას. კერძოდ, არც ლევან ნატროშვილი და არც სხვა არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი არ ამბობს, რომ ინფორმაცია ან/და წყარო არასანდო იყო, ლევან ნატროშვილი მხოლოდ აღნიშნავს, რომ „ამის [პირადობის ყალბი მოწმობის დამზადება] დამადასტურებელი ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ“, ეს ფრაზა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმის აღიარებას, რომ არასამთვარობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ან წყარო არასანდო იყო. საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ჟურნალისტების მიერ იმის მტკიცებაზე, რომ პირადობის ყალბი მოწმობის დამზადების ფაქტი არ დადასტურდა.
სიუჟეტი მომზადდა 29 ნოემბერს, არჩევნების მეორე დღეს, როცა ჯერ კიდევ განიხილებოდა არჩევნების პროცესთან დაკავშირებული საჩივრები და შეუძლებელი იყო ჟურნალისტს ზუსტად სცოდნოდა გამოყენებული იყო თუ არა პირადობის ყალბი მოწმობა არჩევნების პროცესში. თავად სიუჟეტში ნაჩვენებია ამბავი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პირადობის ყალბი მოწმობების გამოყენების ფაქტი არა თუ არჩევნებიდან მალევე იქნა გამოაშკარავებული, არამედ ეს დანაშაული მხოლოდ მას შემდეგ გაიხსნა, რაც მმართველი პარტია შეიცვალა, ანუ თავად ჟურნალისტისათვის, მის მიერვე მოყვანილი მაგალითიდან ცხადი იყო, რომ არჩევნებიდან მეორე დღეს იმის მტკიცება, რომ პირადობის ყალბი მოწმობის დამზადება/გამოყენება არ დადასტურდა, მოკლებული იყო ობიექტურ რეალობას და შეუძლებელი იყო ეს ფაქტი დადასტურებული სახით სცოდნოდა ჟურნალისტს, მით უფრო რომ ამ საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ დაუსრულებელი იყო.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. ანუკი გუმბერიძემ, ლევან ჯავახიშვილმა და თეონა გეგელიამ დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.