გადაწყვეტილება
21 დეკემბერი 2018 წელი
საქმე N 210
გიგა ბოკერია თეა ადეიშვილის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე
საბჭოს წევრები: ლიკა ზაკაშვილი, გიორგი სულაძე, მაია მერკვილაძე, მაია მამულაშვილი, გელა მთივლიშვილი
განმცხადებელი: გიგა ბოკერია
მოპასუხე: თეა ადეიშვილი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიგა ბოკერიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2 ის ეთერში, 2018 წლის 25 მარტს გასულ სიუჟეტში „არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა და მთავრობის შემდგომი ნაბიჯები - ოპოზიცია ხელისუფლებას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს“, დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3 და მე-5 პრინციპი. სიუჟეტის ავტორი და შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტი - თეა ადეიშვილი. საქმის განხილვის დროს საბჭოს კითხვებს სატელეფონო კავშირის მეშვეობით უპასუხეს განმცხადებლის წარმომადგენელმა და მოპასუხე ჟურნალისტმა.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი
უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი
ინფორმაცია”.
სადავო სიუჟეტი ეხებოდა ხელისუფლების რეაგირებას არჩილ ტატუნაშვილის
მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, სხვადასხვა საკითხთან ერთად
განხილული იქნა საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია „რუსეთის
ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში
ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის
სიის“ შესახებ“. აღნიშნულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა „ქართულმა
ოცნებამ“ და „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალურ მოძრაობას“
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. სიუჟეტი შეიცავდა პოლიტიკოსების
შეფასებებს რეზოლუციასთან დაკავშირებით.
განმცხადებლის პრეტენზია სიუჟეტის მიმართ მდგომარეობდა შემდეგში -
ჟურნალისტმა საშუალება არ მისცა „ევროპული საქართველოს“
წარმომადგენლებს პასუხი გაეცათ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ
რეზოლუციის შეფასებაზე. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ რეზოლუციის
ტექსტზე მუშაობისას ითხოვდა, რომ არ ჩაეწერათ სიტყვები „ბრალდებული“
და „მსჯავრდებული“ და თვლიდნენ, რომ მხოლოდ „მეისრეები“ არ უნდა
დაისაჯონ და ეს ტერმინები ძალიან ზღუდავენ იმ პირთა წრეს, რომლებიც
შესაძლებელია, ამ სიაში იქნან შეყვანილნი. ჟურნალისტი ასევე
აღნიშნავდა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეზოლუციის კენჭისყრაში
მონაწილეობა იმ საფუძვლითაც არ მიიღო, რომ მათთვის სანქციების
ფორმულირება გაურკვეველი იყო.
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტს ამ შეფასებებზე კომენტარი
უნდა მოპოვებინა პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელისაგან,
რათა „ევროპულ საქართველოს“ გაექარწყლებინა არგუმენტაცია ტერმინ
„ბრალდებულთან“/“მსჯავრდებულთან“ დაკავშირებით და ასევე სანქციების
„გაუგებარი ფორმულირების“ შესახებ, რომ დანაშაულის დაფარვაში
ბრალდებული და მსჯავრდებული ადამიანების ტექსტში მოხსენიება არსებითად
ცვლიდა რეალობას და ხელისუფლებას აძლევდა საშუალებას თითქმის მთელი
საოკუპაციო მმართველობის ვერტიკალი შეეყვანა სიაში.
ქარტიის საბჭომ შეაფასა თუ რამდენად საკვანძო იყო აღნიშნული საკითხი.
სიუჟეტის სრულად გაცნობის შემდეგ საბჭო მიიჩნევს, რომ სიუჟეტის მიზანი
იყო ყველა პოლიტიკური ძალის პოზიციის მიწოდება მაყურებლისათვის და არა
იმის დადგენა თუ რამდენად სწორი ან/და დასაბუთებული იყო ეს პოზიცია.
ასევე აღსანიშნავია რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკის ობიექტი იყო
„ქართული ოცნება“ და არა „ევროპული საქართველო“. მაგალითად ნიკა
რურუა, რომლის კომენტარი პირდაპირ მოსდევს სიუჟეტის იმ ნაწილს, სადაც
საუბარია ნაციონალური მოძრობის მიერ ტერმინების
„ბრალდებულის“/„მსჯავრდებულის“ მიუღებლობაზე, აღნიშნავს, რომ
სანქციები არ იქნა გათვალისწინებული „ქართული ოცნების“ მიერ.
სიუჟეტი ასევე შეიცავს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების,
გიორგი კანდელაკის და გიგა ბოკერიას კომენტარებს, მაგალითად გიგა
ბოკერია აღნიშნავს, რომ „აბსოლუტურად გაუგებარი არის. „პატრიოტთა
ალიანსის“ პოზიცია გასაგებია, ისინი მეორე მხარეს არიან, რუსეთის
მხარეს არიან და ყველა სხვა ჯგუფის და პროდასავლური ოპოზიციის მხრიდან
ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიაზე და სანქციებზე მხარის არ დაჭერა,
რაღაც საკუთარი პოლიტიკური სიძულვილის გამო სხვა ოპოზიციური პარტიის
ან თუნდაც მთავრობის მიმართ, არის უპასუხისმგებლობა და პოლიტიკური
სიბრიყვე“. ცალსახაა, რომ გიგა ბოკერიას კრიტიკა ძირითად მიმართულია
„ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე
საბჭო მიიჩნევს, რომ სიუჟეტში ყველა მხარეს მიეცა საკუთარი პოზიციის
გამოხატვის საშუალება და არსებითს არ წარმოადგენდა უშუალოდ
რეზოლუციაში გამოყენებულ ტერმინოლოგიაზე მსჯელობა. შესაბამისად,
ქარტიის პირველი პრინციპი დარღვეულად არ იქნა მიჩნეული.
ქარტიის მე-3 პრინციპის მიხედვით „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს
ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო
დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი
ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“.
განმცხადებელი მიიჩნევდა რომ რეზოლუცია გასაგებად აცხადებს, რომ
„არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში პასუხისმგებლობა
რუსეთს ეკისრება, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრული კონტროლის
განმახორციელებელ ძალას“, მაგრამ სიუჟეტის ავტორს ეს ჩანაწერი არ
გაუშუქებია. როგორც პირველ პრინციპზე მსჯელობისას აღინიშნა, საბჭოს
შეფასებით რეზოლუციის ტერმინოლოგიაზე მსჯელობა არ წარმოადგენდა
არსებით საკითხს და შესაბამისად მე-3 პრინციპი არ დარღვეულა.
ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად „მედია ვალდებულია, შეასწოროს
გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში
შეჰყავს საზოგადოება“ ვინაიდან არ დადგინდა ქარტიის პირველი პრინციპის
დარღვევა, შესაბამისად არც მე-5 პრინციპი იქნა მიჩნეული
დარღვეულად.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. თეა ადეიშვილს არ დაურღვევია ქარტიის პირველი, მე-3 და მე-5 პრინციპი.