გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - PHR-ი და სუიციდის პრევენციის ასოციაცია დავით დვალიშვილის წინააღმდეგ
19.02.2019

განმცხადებელი : პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
მოპასუხე : დავით დვალიშვილი;
დარღვეული პრინციპები : 8 პრინციპი; 10 პრინციპი;

გადაწყვეტილება

17 ნოემბერი 2018 წელი

საქმე N 228 - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის დავით დვალიშვილის წინააღმდეგ

საქმე N 230 - სუიციდის პრევენციის ასოციაცია დავით დვალიშვილის წინააღმდეგ

შენიშვნა: ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართეს პარტნიორობამ ადამიანის უფლებებისთვის [საქმე N 228] და სუიციდის პრევენციის ასოციაციამ [საქმე N 230]. ორივე განცხადება ეხებოდა ერთი და იმავე ჟურნალისტურ პროდუქტს და მითითებული იყო იდენტური სადავო პრინციპები, შესაბამისად ორივე საქმეზე მიღებული იქნა ერთი გადაწყვეტილება.

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ნინო ჯაფიაშვილი, ლიკა ზაკაშვილი, თამარ უჩიძე, თეა ზიბზიბაძე, მაია მერკვილაძე, გელა მთივლიშვილი, გიორგი სულაძე.

განმცხადებელი: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის სუიციდის პრევენციის ასოციაცია

მოპასუხე: დავით დვალიშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართეს ორგანიზაციებმა - პარტნიორობამ ადამიანის უფლებებისთვის [PHR] და სუიციდის პრევენციის ასოციაციამ. განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ 2018 წლის 18 აგვისტოს ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” გადაცემა “კურიერში” გასულ სიუჟეტში “16 წლის გოგომ, რომელმაც შანტაჟის გამო თავი ჩამოიხრჩო, სიკვდილამდე წერილი დატოვა” დაირღვა ქარტიის მე-7, მე-8 და მე-10 პრინციპი. სადავო სიუჟეტის ავტორი და შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტი - დავით დვალიშვილი. სიუჟეტი ეხებოდა სოფელ ნატანებში მომხდარ თვითმკვლელობის ფაქტს.

PHR-ის წარმომადგენელი დაესწრო საბჭოს სხდომას, ხოლო სუიციდის პრევენციის ასოციაციის წარმომადგენელმა და მოპასუხე ჟურნლისტმა საბჭოს კითხვებს ტელეფონით უპასუხეს.

სამოტივაციო ნაწილი:

ქარტიის მე-8 პრინციპის თანახმად “ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება”. როგორც აღინიშნა, სიუჟეტი ეხებოდა სოფელ ნატანებში მომხდარ თვითმკვლელობის ფაქტს, როდესაც არასრულწლოვანმა სავარაუდოდ შანტაჟის გამო [ჯერ ეს ინფორმაცია არ არის დადასტურებული სასამართლო წესით] თავი მოიკლა.

ქარტიის საბჭომ განიხილა სადავო სიუჟეტი და მიიჩნევს, რომ ჟურნალისტური პროდუქტი არ შეესაბამებოდა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. მაგალითად:

  • სიუჟეტში გასაჯაროვდა არასრულწლოვნის პირადი ფოტოები.
  • სიუჟეტი შეიცავს ინტერვიუს დანაშაულში ბრალდებული პირის ადვოკატთან, რომელიც ყვება გარდაცვლილი გოგონას ცხოვრების შესახებ ინტიმურ დეტალებს, რომელთა მიმართაც არ არსებობდა საზოგადოების ობიექტური ინტერესი. საბჭო თავს იკავებს ადვოკატის ტექსტის ციტირებისაგან, რათა ხელი არ შეუწყოს ამ ინფორმაციის გავრცელებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინფორმაციას ჟურნალისტს აწვდის რესპონდენტი, ჟურნალისტს ეკისრებოდა პოზიტიური ვალდებულება შეეფასებინა ამ ინფორმაციის ობიექტური საჭიროება და თავი შეეკავებინა გავრცელებისაგან.
  • მნიშვნელოვანი იყო ჟურნალისტს გაეცნობიერებინა კავშირი სუიციდის ფაქტს და სექსუალური ხასიათის შანტაჟს შორის. როგორც იკვეთება, გოგონამ სუიციდი სწორედ იმიტომ ჩაიდინა, რომ საჯარო არ გამხდარიყო მასსა და ბრალდებულს შორის არსებული სექსუალური და ინტიმური ხასიათის კომუნიკაციის დეტალები, ამის საპირისპიროდ სწორედ სიუჟეტით [წერილის გამოქვეყნებით, ადვოკატთან ინტერვიუ] ხდება საჯარო ის, რისი გასაჯაროების შიშის გამოც გოგონამ თავი მოიკლა.

ქარტიის მე-10 პრინციპის მიხედვით “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი”. სიუჟეტში გასაჯაროვდა გარდაცვლილი პირის მიერ ოჯახის წევრებისთავის დატოვებული წერილის შინაარსი. წერილი ეხებოდა გოგონას და მის მშობლებს შორის ურთიერთობასაც და საჯარო გახდა ამ ურთიერთობის დეტალები. ამით დაირღვა გარდაცვლილი არასრულწლოვნის ოჯახის წევრების პირადი ცხოვრება და შესაბამისად მე-10 პრინციპი.

მოპასუხე ჟურნალისტმა საბჭოს განუცხადა, რომ მან ყველა ეს ინფორმაცია, მათ შორის ადვოკატთან ინტერვიუ, გამოაქვეყნა გარდაცვლილის ოჯახის სრულწლოვანი წევრების თანხმობით. ქარტიის საბჭომ თავის არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ სრულწლოვანი პირის ფორმალური თანხმობა არ არის ერთადაერთი საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია მასალები მომზადდეს არასრულწლოვნის შესახებ. პროფესიული ეთიკა ჟურნალისტს ჰკარნახობს, მან თავად შეაფასოს არსებობს თუ არა საზოგადოების ობიექტური ინტერესი [ობიექტური ინტერესი არ გულისხმობს ცნობისმოყვარეობას] იმ ინფორმაციის მიმართ, რომლის გასაჯაროებასაც აპირებს, აუცილებელია თუ არა ამ დეტალების აუდიტორიამდე მიტანა იმისათვის, რომ მან მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, ხომ არ ხდება არასაჭირო ინფორმაციის გავრცელებით უფრო მეტი სიკეთის [მაგალითად არასრულწლოვნის ინტერესების ხელყოფა]. ჟურნალისტმა მხოლოდ ამ საკითხების გაანალიზების შემდეგ უნდა მიიღოს გამოქვეყნების გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეშიც “თანხმობა” ვერ ჩაითვლება ჟურნალისტის ეთიკური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლად.

მე-8 და მე-10 პრინციპების ჭრილში საბჭო კიდევ ერთხელ უბრუნდება რეკომენდაციას, რომელიც მან მიუთია საქმეში გიორგი ყიფიანი მაია ასათიანის წინააღმდეგ, კერძოდ, “საბჭო იზიარებს ეთიკურ ჟურნალისტიკაში დამკვიდრებულ წესებს, რომ სუიციდის ფაქტების შესახებ ჟურნალისტური პროდუქტების მომზადება საჭიროებს ბევრი დეტალის გათვალისწინებას [მაგალითად ჟურნალისტმა თავი უნდა შეიკავოს სუიციდის ჩადენის ხერხის გასაჯაროებისაგან და ა.შ.], რომ არ გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები. საკითხის სენსიტიურობიდანგამომდინარე ქარტიამ მოამზადა სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო წესები და განათავსა ვებგვერდზე”

ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”

განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ მოხდა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის წახალისება და არასრულწლოვანი გოგონას ქცევის სტიგმატიზება. განმცხადებლების აზრით, სიუჟეტში მსხვერპლი წარმოჩენილია გარყვნილ ქმედებაში ნებაყოფლობით ჩართულ არასრულწლოვან გოგონად, რომელმაც თავი არა შანტაჟის, არამედ იმის გამო მოიკლა, რომ მას მეგობართან ერთად ვიდეოს გადაღება მოსთხოვეს. PHR-ი ასევე მიუთითებდა, რომ “სიუჟეტის ქრონომეტრაჟის დიდი ნაწილი შეიცავს გოგონას ქცევის განხილვას და ეს ქცევა წარმოჩენილია როგორც გარყვნილი ქმედება, რაც დამდგარი შედეგის წინაპირობა გახდა.

ქარტიის საბჭო თავისი არაერთი გადაწყვეტილებით ემიჯნება და ეთიკურ ჟურნალისტიკასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს დისკრიმინაციას,მაგრამ განსახილველ შემთხვევაში არ მიიჩნევს მე-7 პრინციპს დარღვეულად. ვინაიდან მიაჩნია, რომ სადავო სიუჟეტში არ მომხდარა გენდერული ნიშნით სტიგმატიზება. საბჭო ხაზს უსვამს, რომ გოგონას ქცევის განხილვა არ შეესაბამებოდა ეთიკურ პრინციპებს თუმცა, ამით დაირღვა ქარტიის მეათე და მერვე პრინციპები და არა მეშვიდე.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. დავით დვალიშვილმა დაარღვია ქარტიის მე-8 და მე-10 პრინციპი.
  2. დავით დვალიშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-7 პრინციპი.