განმცხადებელი : უზენაესი სასამართლო;
მოპასუხე : itv.ge;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
გადაწყვეტილება
21 თებერვალი 2019 წელი
საქმე N 247
საქართველოს უზენაესი სასამართლო ITV.ge-ს არაიდენიტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ
საბჭოს
თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: გიორგი
მგელაძე, გელა მთივლიშვილი, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, ირმა
ზოიძე, გიორგი სულაძე, მაია მერკვილაძე, თამუნა უჩიძე.
განმცხადებელი: საქართველოს
უზენაესი სასამართლო
მოპასუხე: ITV.ge
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ონლაინგამოცემა ITV.ge წინააღმდეგ. კერძოდ განმცხადებელი მიიჩნევდა რომ აღნიშნული მედიასაშუალების ვებსაიტზე 2019 წლის 22 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში „სამ მილიონიანი ქრთამის სკანდალი - რა ელის ეკა ბესელიას და ივანიშვილის მოსამართლე თოდუას?“ დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3 და მე-5 პრინციპი.
სადავო სტატიაზე მითითებული არ იყო ავტორი ჟურნალისტი. საბჭოს სამდივნომ მიმართა მედიასაშუალებას რომ ეცნობებინა პასუხისმგებელი პირი, მაგრამ საბჭოსათვის არ იქნა აღნიშნული ინფორმაცია მოწოდებული და ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება. ასეთ შემთხვევაში, ქარტიის საქმის წარმოების წესის თანახმად, შესაძლებელია გადაწყვეტილებაში მიეთითოს „არაიდენტიფიცირებადი ავტორი“.
საქმის განხილვის თავისებურება: გადაწყვეტილება მიღებული იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. სადავო სტატიაში მითითებული იყო სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, მაგალითად:
- „კერძოდ, მედიაში უკვე გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ რომ ომეგა ჯგუფის დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა საქმის სასამართლოში მოგვარების მიზნით, ქრთამის სახით სადავო თანხის 10 პროცენტი გადაიხადა, რომელიც 30 მილიონიდან სამი მილიონია“.
- „უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ კი, რომელიც ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი და ქართუს ყოფილი იურისტია, ბესელიას წინაშე ვალდებულება აიღო, რომ სასამართლო ზაზა ოქუაშვილის სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანდა და 30 მილიონიანი დავაც საქართველოს ბანკთან, ამით დასრულდებოდა“.
- „ხოლო იმის გამო, რომ ბესელიამ და ივანიშვილის მოსამართლე თოდუამ ოქუაშვილს პრობლემა ბოლომდე ვერ გადაუჭრეს, მან ქრთამის უკან დაბრუნება მოითხოვა.“
- „უფრო ზუსტად რომ ვთქვათ: ომეგა ჯგუფის მფლობელი თავის გარემოცვასთან ამბობს, რომ აქვს მტკიცებულება თუ როგორ იღებს ქრთამს ქართული ოცნების ერთ-ერთი დამფუძნებელი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი“.
გარემოებები შეიცავენ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რაშიც ადანაშაულებენ პარლამენტის წევრს და უზენაესის სასამართლოს მოსამართლეს. ინფორმაცია არ არის გადამოწმებული, მხოლოდ სტატიის ბოლოს მითითებულია - „ქალბატონი ბესელია აცხადებს, რომ არანაირი ქრთამი და კომპრომატები არ არსებობს. "არ მინდა ვიფიქრო, რომ გია აბაშიძეს ამის დაწერა დაავალეს", - ამბობს იგი. მედიას ემალება მზია თოდუა, ხოლო ზაზა ოქუაშვილი დუმს - ლონდონში და ჯერჯერობით“. საბჭოს არ მიაჩნია ეს ფრაზა ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის გადამოწმების მცდელობად. საბჭო არ მიიჩნევს სარწმუნოდ, რომ „მედიას ემალება მზია თოდუა“.
სტატიის გამოქვეყნებისთანავე განცხადება გაავრცელა უზენაესმა სასამართლომ და უარყო მედიის მიერ გამოქვეყნებული დეტალები, რითაც დასტურდება უზენაესი სასამართლოს მზადყოფნა, რომ კომენტარი გაეკეთებინა მედიასაშუალების მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე. ა
სევე აღსანიშნავია ინფორმაციის ხასიათი და მისი მნიშვნელობა. სტატიით კორუფციაში ბრალი ედებოდა პარლამენტის წევრს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, შესაბამისად, ჟურნალისტს ყველა ღონე უნდა ეხმარა ინფორმაციის გადასამოწმებლად, როდესაც არ ჰყავდა ღია, დადასტურებული წყაროები, არ აკონკრეტებდა, რომელ მედიასაშუალებას ეყრდნობოდა, როდესაც აღნიშნა, რომ ეს იყო „მედიაში გაჟონილი ინფორმაცია“. მათ შორის შეეძლო ინფორმაციის გამოთხოვა უზენაესი სასამართლოსგან, დაკავშირებოდა ექსპერტ გია აბაშიძეს, რომლის FACEBOOK სტატუსს ასევე წყაროდ იყენებდა. შესაბამისად ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი, ვინაიდან ჟურნალისტმა არ მიმართა ყველა ძალისხმევას და გზას ინფორმაციის გადასამოწმებლად.
ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.“ განმცხადებელ მესამე პრინციპს დარღვეულად თვლიდა იმ არგუმენტაციით, რომლის საფუძველზეც დადგინდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა, შესაბამისად ქარტიის მე-3 პრინციპი დარღვეულად არ იქნა მიჩნეული.
ქარტიის მე-5 პრინციპის მიხედვით „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. სადავო მასალების გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს უზენასმა სასამართლომ მედიასაშუალებას გაუგზავნა განცხადება, სადაც უარყოფდა გავრცელებულ ინფორმაციას. itv.ge-მ არ გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს განცხადება. არა თუ არ ჩაასწორა ინფორმაცია, არამედ უზენაესი სასამართლოს პოზიციაც არ გამოუქვეყნებია და სადავო სტატია [რომელშიც პირველი პრინციპის დარღვევა დადასტურებულია] ისევ თავდაპირველი რედაქციით იძებნება. შესაბამისად დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- ITV.ge არაიდენიტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი.
- ITV.ge არაიდენიტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მე-5 პრინციპი.