გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ტარიელ მანაგაძე მარიამ რიგვავას წინააღმდეგ
25.08.2022

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
განმცხადებელი : ტარიელ მანაგაძე;
მოპასუხე : მარიამ რიგვავა;

5 აგვისტო,  2022 წელი

საქმე N – 576

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, გულო კოხოძე, ხატია ღოღობერიძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართა ტარიელ მანაგაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 2 ივლისს ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში გასულ  საინფორმაციო პროგრამის ანონსში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა მარიამ რიგვავა.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდნენ განმცხადებელი და მოპასუხე ჟურნალისტი.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი მედიასაშუალების ეთერში გასული ანონსია. ანონსის თანახმად, ქუთაისის მერიის თანამშრომელი 2022 წლის 3 ივლისის აქციის მოწინააღმდეგეთათვის თანხას არიგებდა.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გავრცელებულ ვიზუალურ მასალას მაყურებელი შეცდომაში შეჰყავდა. მისი თქმით, ვიდეოში აჩვენეს, თითქოს ის არიგებდა თანხას, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ბანკომატიდან გამოტანილ თანხას საფულეში ინახავდა, ჟურნალისტმა კი მასალა მანიპულაციურად დაამონტაჟა. განმცხადებელმა ასევე თქვა, რომ ის არ არის ქუთაისის მერიის თანამშრომელი და ამ ინფორმაციასაც მაყურებელი შეცდომაში შეჰყავდა.

ტარიელ მანაგაძემ წარმოადგინა ამონაწერი ანგარიშიდან, რომელიც, მისი თქმით, ადასტურებდა იმას, რომ მან თანხა ბანკომატიდან გაიტანა სხვა პირისთვის და უნდა გადაეცა მისთვის სხვა მიზნით.

თავის მხრივ, მოპასუხე ჟურნალისტმა მიუთითა, რომ სცადა ტარიელ მანაგაძის ვინაობისა და მისი საკონტაქტო ინფორმაციის დადგენა, თუმცა ეს ვერ მოახერხა. მარიამ რიგვავამ წარმოადგინა ადგილზე გადაღებული შავი მასალა, უწყვეტი კადრი და საბჭოს განუცხადა, რომ მასალაში არ ჩანს უშუალოდ ხელიდან ხელში ფულის გადაცემის მომენტი, თუმცა ხელის მოძრაობა ადასტურებს ანონსში გასული ინფორმაციის ნამდვილობას. შესაბამისად, ჟურნალისტი მიუთითებდა, რომ მას არ დაურღვევია ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო გადაცემებში ქარტიის პირველი პრინციპი დაირღვა, რადგან ჟურნალისტმა სათანადოდ არ სცა პატივი მაყურებლის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

საბჭო მიუთითებს, რომ ანონსში არ არის წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ჟურნალისტს დადასტურებულ ფაქტად გადაეცა სადავო ინფორმაცია. საბჭო არ გამორიცხავს, რომ მსგავსი ფაქტები (ფულის დარიგება) ნამდვილად მოხდა, თუმცა ის ინფორმაცია, რაც მაყურებელს მიეწოდა და რა კადრებიც მაყურებელმა ნახა, არ არის საკმარისი ამის სამტკიცებლად.

საბჭო აღნიშნავს, რომ ვიდეომასალა, ფოტოები, მონაცემები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია ამბის თხრობისთვის, თუმცა, ის შეიძლება ინტერპრეტაციისა და მანიპულაციის საგანი გახდეს. ამიტომაც მნიშვნელოვანია ვიზუალური მასალა სრულად გადმოსცემდეს ამბავს და მაყურებელი არ შეჰყავდეს შეცდომაში. როდესაც თემის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, საჭიროა, ჟურნალისტი მეტად ფრთხილი და ყურადღებიანი იყოს ყველა კადრის მიმართ.

ჟურნალისტმა დადასტურებულად არ იცოდა, ნამდვილად მერიის თანამშრომელი იყო თუ არა ტარიელ მანაგაძე, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ წარმოაჩინა ეს ინფორმაცია დაზუსტებულ ფაქტად.

ანონსიდან მაყურებელი იგებს, რომ მერიის თანამშრომელი ტარიელ მანაგაძე თანხას არიგებდა. მსგავსი ბრალდების გამოთქმისას, აუცილებელია ჟურნალისტმა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და ყველა ღონე იხმაროს ინფორმაციის გადასამოწმებლად. ჟურნალისტს შეეძლო ტარიელ მანაგაძისთვის ადგილზევე ეკითხა, გადასცა თუ არა მან ფული ვინმეს. თუ ეს ვერ მოახერხა და შემდეგ ცდილობდა რესპონდენტის მოძიებას, ესეც უნდა ეცნობებინა მაყურებლისთვის.

აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის  ან/და ნამდვილობის შეფასება. ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ინფორმაციის გადასამოწმებლად.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,

მარიამ რიგვავამ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

განცხადება

სადავო მასალა