2017 წლის არჩევნების გაშუქების მონიტორინგი - ახალი ამბები
19.10.2017
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის,,საქართველოს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგი“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით აკვირდება ტელემედიის მიერ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებას. მონიტორები აკვირდებიან 14 სატელევიზიო არხის საუკეთესო საეთერო დროს - (პრაიმ ტაიმში) გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუებს და საინფორმაციო გამოშვების იმ ნაწილს, სადაც რესპონდენტებთან ათ წუთზე მეტი ქრონომეტრაჟის ინტერვიუს სთავაზობენ მაყურებელს.

მონიტორინგი ხორციელდება შემდეგ სატელევიზიო არხებზე: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი, პირველი, ობიექტივი, აჭარის ტელევიზია, ტელეარხი 25, რიონი, გურჯაანი, გურია, ქვემო ქართლი, თრიალეთი, ოდიში, მეცხრე არხი. სამონიტორინგო ტელევიზიებიდან ხუთი მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს, ცხრა კი - რეგიონებში.

წინამდებარე ანგარიში ასახავს 19 ივნისი - 8 ოქტომბრის პერიოდში გასული გადაცემების ანალიზს.

იხილეთ ანგარიშის სრული ვერსია

ძირითადი ტენდენციები:

  • დათმობილი დროის მიხედვით, ყველა არხის მონაცემებით, ყველაზე მეტად ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობები გაშუქდა.
  • ადგილობრივი ხელისუფლება ყველაზე დადებითად ტვ გურიას ეთერში გაშუქდა, მისთვის დათმობილი დროის 19%-ით. ყველაზე უარყოფითად ადგილობრივი ხელისუფლება რუსთავი 2-ის ეთერში გაშუქდა, დათმობილი დროის 49%-ით.
  • ცენტრალური მთავრობა ყველაზე დადებითად ტელეკომპანია გურჯაანის ეთერში გაშუქდა (29%), ყველაზე უარყოფითად - რუსთავი 2-ის ეთერში (46%)
  • პარტიებს შორის ყველაზე მეტი დრო ჯამში ქართულ ოცნებას დაეთმო. მომდევნო ადგილებზეა ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო.
  • ქართული ოცნება ყველაზე დადებითად ტელეკომპანია გურჯაანის ეთერში გაშუქდა (24%), ყველაზე უარყოფითად კი რუსთავი 2-ის ეთერში (40%)
  • ნაციონალური მოძრაობასაც ყველაზე დადებითი გაშუქება გურჯაანის ეთერში ჰქონდა (30%), ყველაზე უარყოფითი კი - ობიექტივის ეთერში (66%).
  • თუ სხვა არხები ყველაზე მეტად აშუქებდნენ ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს და ორ ძირითად პარტიას (ნაციონალური მოძრაობა, ქართული ოცნება) ტელეკომპანია ობიექტივი ერთადერთი არხია, სადაც დათმობილი დროის მიხედვით მე-2 ადგილზეა პატრიოტთა ალიანსი (ოდნავ ნაკლები დრო დაეთმო, ვიდრე ქართულ ოცნებას). ყველაზე მეტი დადებითი გაშუქებაც ობიექტივის ეთერში პატრიოტთა ალიანსს აქვს. (9%)
  • ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისადმი ყველაზე მეტი კრიტიკული ტონი რუსთავი 2-ს აქვს, კრიტიკული სიუჟეტები ხელისუფლების მიმართ ყველაზე ხშირად ამ არხის ეთერში გადის. თუმცა რუსთავი 2 აშკარა სიმპატიას ამჟღავნებს ნაციონალური მოძრაობის და მისი მერობის კანდიდატის მიმართ.
  • ხელისუფლების მიმართ რბილი, არა მოდარაჯე პოზიციით ხასიათდება საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი და ტელეკომპანია იმედი.
  • ეთიკური პრინციპების დაცვითა და მიუკერძოებულობით გამორჩეულია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი.
  • პატრიოტთა ალიანსის სასარგებლოდ მიკერძოებული გაშუქებით გამოირჩევა ტელეკომპანია ობიექტივი.
  • წინა წელთან შედარებით, სიძულვილის ენის და შეუსაბამო ტერმინოლოგიის საინფორმაციო გამოშვებებში ტირაჟირება კიდევ უფრო ნაკლებია.
  • ობიექტივი ერთადერთი არხია, სადაც ეთერში ქსენოფობიური შინაარსის შემცველი მასალა დაფიქსირდა.
  • წინა წლის მონიტორინგის მსგავსად თითქმის ყველა არხზე პრობლემად რჩება სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების სიმცირე, რომლებიც დაკავშირებული იქნება საარჩევნო თემატიკასთან და ამომრჩეველს მეტად დაეხმარება ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.
  • წინა წელთან შედარებით შემცირებულია გონივრული ბალანსის დარღვევის ფაქტები, თუმცა ე.წ. კადრ სინქრონებში ისევ რჩება ბალანსის დაცვის პრობლემა.
  • რეგიონულ არხებში გამოიკვეთა საინფორმაციო გამოშვებების რეგულარულობის პრობლემა. ზოგიერთ არხზე გამოშვებები დაუდგენელი გრაფიკით გადიოდა ეთერში. იყო რამდენიმე დღიანი წყვეტებიც.
  • რეგიონული არხების ნაწილი ხშირად იყენებს სამთავრობო უწყებების პრეს- სამსახურების მომზადებულ მასალებს, მათ წარმომავლობაზე ნათლად მითითების გარეშე.
  • რამდენიმე რეგიონული არხის საინფორმაციო გამოშვებაში დაფიქსირდა სარეკლამო შინაარსის შემცველი სიუჟეტები, რაც დაუშვებელია.
  • რეგიონულ არხებს აქვთ ტექნიკური პრობლემები - ხმის და კადრების ხარისხი დაბალია, ტიტრების არარსებობა ზოგიერთი ტელევიზიის მოუგვარებელი პრობლემაა

თბილისის მერობის კანდიდატების გაშუქების რაოდენობრივი მონაცემები: