2017 წლის არჩევნების გაშუქების მონიტორინგი - ტოქშოუები
19.10.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ,,საქართველოს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგი“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით აკვირდება ტელემედიის მიერ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებას.

მონიტორები აკვირდებიან 14 სატელევიზიო არხის საუკეთესო საეთერო დროს - (პრაიმ ტაიმში) გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუებს და საინფორმაციო გამოშვების იმ ნაწილს, სადაც რესპონდენტებთან ათ წუთზე მეტი ქრონომეტრაჟის ინტერვიუს სთავაზობენ მაყურებელს. მონიტორინგი ხორციელდება შემდეგ სატელევიზიო არხებზე: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი, პირველი, ობიექტივი, აჭარის ტელევიზია, ტელეარხი 25, რიონი, გურჯაანი, გურია, ქვემო ქართლი, თრიალეთი, ოდიში, მეცხრე არხი.  სამონიტორინგო ტელევიზიებიდან ხუთი მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს, ცხრა კი - რეგიონებში.

მონიტორინგი მიმდინარე წლის 19 აგვისტოს დაიწყო. ტოქშოუების ნაწილი ეთერში სექტემბრის დასაწყისში, ნაწილი კი უფრო მოგვიანებით გავიდა.

იხილეთ ანგარიში სრულად

ძირითადი ტენდენციები


  • 2016 წლისგან განსხვავებით ეროვნულმა მაუწყებლებმა მკაცრად სტრუქტურირებული ტოქშოუ შესთავაზეს მაყურებელს, სადაც იწვევდნენ ყველა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს. შესაბამისად, ნათელი იყო გადაცემაში მონაწილე სუბიექტების მოწვევის პრინციპი. წამყვანები ამცნობდნენ აუდიტორიას, თუ რომელიმე კანდიდატი, მოწვევის მიუხედავად, გადაცემაში არ მივიდოდა სტუმრებს შორის ბალანსი თითქმის ყველა შემთხვევაში იყო დაცული.
  • ტოქშოუებში, სადაც კანდიდატებს მოსაზრებების წარმოსაჩენად მკაცრად განსაზღვრული დრო ჰქონდათ, მეტი აქცენტი კეთდებოდა გადაცემის ფორმაზე, ვიდრე შინაარსზე. შემოთავაზებული ფორმატი კანდიდატების პრეზენტაციას უფრო ითვალისწინებდა, ვიდრე იმას, რასაც კლასიკური ტოქშოუს ფორმატი გვთავაზობს ხოლმე. თუმცა, აღნიშნული ფორმატი გარკვეულწილად ხელს უწყობდა დროის თანაბარ გადანაწილებას რესპონდენტებს შორის.
  • იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველას თანაბრად ეძლეოდა საშუალება საკუთარი საარჩევნო დაპირებები საზოგადოებისთვის გაეცნო, თუმცა ნაკლებად იმართებოდა კრიტიკული მსჯელობა საარჩევნო პროგრამებთან დაკავშირებით. წამყვანთა კითხვები ძირითად შემთხვევაში ზოგადი იყო და არ გამომდინარეობდა კონკრეტული საარჩევნო პროგრამიდან. ისინი არ სვამდნენ კრიტიკულ, კონტრ კითხვებს, შესაბამისად ამომრჩევლისთვის ბუნდოვანი რჩებოდა თუ რამდენად რეალური იყო კანდიდატთა დაპირებები.
  • როგორც 2016 წლის არჩევნებზე, ამჯერადაც ისმოდა ზოგადი კითხვები: ,,რას პირდებით ამომრჩევლებს? პირველ რიგში რომელ პრობლემას მოაგვარებთ? რამდენი მანდატის მიღებას გეგმავთ არჩევნებზე? და ა.შ. ეს შესაძლებლობას აძლევდა რესპონდენტს მხოლოდ სასურველი მიმართულებით წარემართა საუბარი.
  • წამყვანთა კვალიფიკაციის პრობლემა განსაკუთრებით ჩანდა რეგიონულ არხებზე, სადაც პრაქტიკულად არ დასმულა კრიტიკული კითხვები.
  • ზოგადად, რეგიონულ მაუწყებლებს მნიშვნელოვანი ტექნიკური პრობლემები აქვთ, რაც უკავშირდება ხმას, ვიზუალურ მხარეს, გადაცემის შეფუთვას. ყველა ეს პრობლემა, საერთო ჯამში, გადაცემას აუდიტორიისთვის ნაკლებად მიმზიდველს ხდის.
  • სიძულვილის ენის გამოყენების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ამგვარ ლექსიკას ძირითადად რესპონდენტები იყენებდნენ. წამყვანს, ხშირ შემთხვევაში, ჰქონდა კრიტიკული, ადეკვატური რეაქცია. დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, სადაც წამყვანმა საკუთარი შეკითხვით ხელი შეუწყო გენდერული სტიგმის გაძლიერებას.
  • ცალკე უნდა აღინიშნოს ტელეკომპანია „ობიექტივი“, რომლის გადაცემა „ღამის სტუდია“ ფაქტობრივად ერთი კონკრეტული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის პლატფორმაა და გადაცემას ძირითადად პარტიის წევრები წარმართავენ. სამონიტორინგო პერიოდში „ღამის სტუდია“-ს პატრიოტთა ალიანსის 47 წარმომადგენელი სტუმრობდა. სხვა კვალიფიციური სუბიექტებიდან მხოლოდ ერთი სუბიექტი იყო მიწვეული. გადაცემაში ჭარბობს ანტიდასავლური რიტორიკა, თურქოფობია, ისმის სიძულვილის ენა, შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგია, ოპონენტების მიმართ უპასუხოდ დარჩენილი ბრალდებები.