კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მოსაზრება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივაზე
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) საზოგადოებას საკანონმდებლო ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით შესთავაზა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეშფოთებას იწვევს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მე-14 და 591-ე მუხლებში გათვალიწინებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადადის ამავე კანონის 56-ე მუხლის შემდეგი ნაწილები:
1. იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა.
2. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის.
3. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას.
5. იკრძალება ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ განვითარებაზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების იმ დროს განთავსება, როცა მათ მიერ ამ პროგრამების ნახვის ან მოსმენის დიდი ალბათობა არსებობს.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, თუკი მოქალაქე მიიჩნევს, რომ რომელიმე პროგრამაში ეს მუხლები დაირღვა, შეუძლია მიმართოს მხოლოდ თვითრეგულირების ორგანოს, რაც ნიშნავს იმას, რომ თავად მაუწყებელი იმსჯელებს დარღვევის შესახებ. ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში კი მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ამ მუხლების დარღვევაზე სამსჯელოდ მიმართონ კომისიას ან სასამართლოს, კომისიასაც შეეძლება საკუთარი ინიციატივით დაიწყოს საქმის წარმოება, დარღვევის დადგენის შემთხვევაში კი მაუწყებელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება.
ქარტია მიიჩნევს, რომ 56-ე მუხლით განსაზღვრული პროგრამული ვალდებულებები უნდა დარჩეს თვითრეგულირების სფეროში, რადგან პროგრამის შინაარსის გამო მაუწყებლის სანქცირება მარეგულირებელ კომისიას აძლევს ბერკეტს ზეგავლენა მოახდინოს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე ანდა გამოიყენოს მის წინააღმდეგ, ვინაიდან კომისიას შეეძლება თავად შეაფასოს და გადაწყვიტოს თუ რომელი გადაცემა, რესპონდენტის გამონათქვამი ახდენს ადამიანის დისკრიმინაციას რომელიმე ნიშნით ანდა ხაზს უსვამს რომელიმე ნიშანს, ეთერში გაჟღერებული გამონათქვამი აუცილებელი იყო პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე თუ არა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობა, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი და პოლიტიკური გავლენისგან ამ ორგანოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებითაც არაერთი კითხვა არსებობს. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ისიც, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს კომისიის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის საფუძვლად სწორედ ზემოთ ხსენებულ 56-ე მუხლში არსებული ჩანაწერი მიეთითა და აღინიშნა, რომ ამ არხის ეთერში გადაცემული ბადრი პატარკაციშვილის მიმართვა ქმნიდა კონსტიტუციური წესრიგის შეცვლის საფრთხეს.
ამგვარი პრაქტიკა აჩვენებს, რომ კომისიის ხელში მაუწყებლის შინაარსის რეგულირების გადასვლა მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს. გარდა ამისა, ისეთი ტიპის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, თვითრეგულირებიდან რეგულირებაში საკითხის გადატანა აღიქმება მედიაგარემოს გაუარესებად.
კომისია საკუთარ დასაბუთებაში ცვლილების საჭიროებას ევროპული დირექტივით ხსნის. კერძოდ, აღნიშნულია, რომ „აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევროპული დირექტივის მე-6 მუხლის თანახმად, წევრი სახელმწიფოები შესაბამისი საშუალებებით უზრუნველყოფენ, რომ მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფი მედია მომსახურების მიმწოდებლების მიერ მიწოდებული აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურება არ შეიცავდეს რასობრივი, სქესობრივი, რელიგიური ან ეროვნული ნიშნით სიძულვილის გაღვივებას.“
ევროპულ დირექტივაში საუბარი არ არის იმაზე, რომ აღნიშნული ვალდებულება აუცილებლად რეგულირების გზით უნდა შესრულდეს. ქარტია მიესალმება კომისიის მცდელობას შეასრულოს ევროპული დირექტივები და შემცირდეს სიძულვილის ენის, შუღლის გაღვივების თუ არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროდუქციის სამაუწყებლო ეთერში გაშვება, თუმცა მიგვაჩნია, რომ პრობლემის მოგვარების არასწორი გზა არის შერჩეული. ამ საკითხის რეგულირების ნაცვლად უმჯობესია გაძლიერდეს თავად მაუწყებლებში არსებული თვითრეგულირების მექანიზმი.
განსხვავებით დამოუკიდებელი თვითრეგულირების ორგანოსგან, როგორიც არის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, მაუწყებლების თვითრეგულირების მექანიზმი არ არის ეფექტური. ამ მექანიზმის შექმნის დღიდან, 2009 წლიდან 2015 წლამდე ქვეყანაში არსებულ ყველა მაუწყებელში ჯამში 90 განცხადება არის შესული, ამასთან საყურადღებოა ისიც, რომ საჩივრების რაოდენობა კლებადია, თუ 2011 წელს 23 განცხადება შევიდა, 2015 წელს მხოლოდ 5 საჩივარი იყო განხილული. ამის პარალელურად ქარტიამ თუკი 2011 წელს მხოლოდ 3 საქმე განიხილა, 2015 წელს ამ რიცხვმა 35-ს მიაღწია. წელს კი უკვე 60-მდე განცხადება მიიღო. ეს ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეები თანდათან აცნობიერებენ თვითრეგულირების მნიშვნელობას და თუკი მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოებიც გააქტიურდებიან, სულ უფრო მეტი მოქალაქე მიმართავს მას.
დღეს მხოლოდ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს, ეს ნიშნავს იმას, რომ განიხილება მხოლოდ იმ პირის საჩივარი, რომელზეც უშუალო გავლენა მოახდინა პროგრამამ. ეს კი ეწინააღმდეგება თვითრეგულირების პრინციპს. თუკი მედიის მიზანია ხარისხის გაუმჯობესება, ეთიკური პრინციპების დაცვა, მაშინ მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს თუ ვინ მიმართავს და მიუთითებს მაუწყებლობის შესახებ კანონის 56-ე მუხლის თუ მაუწყებელთა კოდექსის დარღვევაზე. მით უმეტეს, რომ შუღლის გაღვივების მოწოდების, დისკრიმინაციის თუ სხვა შემთხვევაში შესაძლებელია ძნელად მოიძებნოს პირი ან პირთა ჯგუფი, რომელზეც პირდაპირი და უშუალო გავლენა მყისიერად მოახდინა გადაცემამ. ჩვენი შეფასებით, მაუწყებლებში საჩივრების შემცირებაც სწორედ იმით არის გამოწვეული, რომ აქტიურ მოქალაქეებს, რომლებიც მიმართავდნენ მაუწყებლებს, უარი უთხრეს საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ ისინი არ იყვნენ დაინტერესებული პირები.
ამიტომაც უმჯობესია, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ იმუშაოს სწორედ თვითრეგულირების გაძლიერების კუთხით. რაც შეიძლება გამოიხატოს იმაში, რომ გაფართოვდეს დაინტერესებული პირის ცნება და ყველა მოქალაქეს შეეძლოს მაუწყებლისთვის მიმართვა. ამასთან, განისაზღვროს საჩივრის განხილვის ვადები, ყველა მაუწყებელმა საკუთარ ვებსაიტზე გამოაქვეყნოს საჩივრის შეტანის და განხილვის პროცედურების შესახებ ინფორმაცია, აქვე განათავსოს როგორც პირველი ინსტანციის, ასევე თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოს წევრთა ვინაობა. მაუწყებლის მიერ საჩივრის განხილვის პროცედურების დარღვევის შემთხვევაში კი კომისიამ დროულად და ეფექტიანად წარმართოს საქმის წარმოება და მხოლოდ ამის საფუძველზე დაასანქციროს მაუწყებელი.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის 56-ე მუხლში არსებული ჩანაწერი, რომელიც ეხება ომის პროპაგანდას თუ შუღლის გაღვივებას, გარკვეულწილად ასახულია საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებში და იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პირი, მათ შორის მაუწყებელი დაარღვევს ამ ნორმებს, დაეკისრება პასუხისმგებლობა.
მაგალითად სისხლის სამართლის კოდექსის 2391 მუხლის თანახმად დასჯადია „რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.“
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად ასევე ისჯება
„საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, ანდა ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება“
შესაბამისად, თუკი ნამდვილად იარსებებს რეალური საფრთხე შუღლის გაღვივების, ომის პროპაგანდის თუ ხელისუფლების დამხობის, დღესაც არსებობს სამართლებრივი მექანიზმები მათ შორის მაუწყებლების წინააღმდეგ. ამგვარი ფაქტების გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე სხვა სტრუქტურების კომპეტენციაა და არა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ 2009 წლის 10 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლებთან დაკავშირებით (52, 54. 56), რომელიც თვითრეგულირებას მიეკუთვნება და აღნიშნა, რომ
„ადამიანებს უფლება აქვთ, მიიღონ და გაავრცელონ იდეები და თავად გადაწყვიტონ, რა არის მათთვის მისაღები ან მიუღებელი. აღნიშნული რაციონალის საფუძველზე დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის აუცილებელი გარკვეული აკრძალვების გარდა, პირები, მათ შორის მაუწყებლებიც, უფლებამოსილი არიან, გადასცენ ნებისმიერი ინფორმაცია და ითვლება, რომ ადამიანებს ამ იდეებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ.“
ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ნორმები უნდა იყოს გათვალისწინებული ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით.“ მოცემულ შემთხვევაში კი 56-ე მუხლში არსებული ჩანაწერი ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და მისი რეგულირებაში გადატანის შემთხვევაში კომისიას ენიჭება უფლებამოსილება თავად განსაზღვროს ეთერში გასული რომელი გამონათქვამი ეწინააღმდეგებოდა კანონს.
თითოეულ საკანონმდებლო ცვლილებას სჭირდება დასაბუთება. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ წარმოადგინოს რაიმე კვლევა, მაგალითები, როდესაც 56-ე მუხლის თვითრეგულირების დაქვემდებარების გამო რაიმე მყისიერი საფრთხე შეიქმნა შუღლის გაღვივების, ომის პროპაგანდის და არსებულმა მათ შორის საკანონმდებლო მექანიზმებმა ვერ იმუშავა, ამიტომაც საჭიროა, რომ მაინცადამაინც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ჰქონდეს 56-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხების რეგულირების ფუნქცია და სწორედ ეს ორგანო მოაგვარებს პრობლემას.
ზემოთქმულიდან გამომდინარე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის მიუღებელია მაუწყებლობის შესახებ კანონის 56-ე მუხლის თვითრეგულირების სფეროდან ამოღება, კომუნიკაციის ეროვნული კომისიისთვის პროგრამაში ჩარევის შესაძლებლობა და ამის საფუძველზე მაუწყებლების სანქცირება, ვინაიდან შესაძლოა ის გამოყენებული იყოს სწორედ პასუხისმგებლიანი და კეთილსინდისიერი მაუწყებლების წინააღმდეგ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური გავლენების ეჭვები არსებობს. ევროპის დირექტივა ქვეყანას ავალდებულებს შექმნას ეფექტიანი მექანიზმი სიძულვილის ენის თუ არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ, თუმცა ეს მექანიზმი რა იქნება, თავად ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით. საქართველოს მსგავს ქვეყანაში, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები არ არის მყარი, თვითრეგულირებიდან რეგულირებაში საკითხის გადატანა, ვერ ჩაითვლება პროგრესულ ნაბიჯად. ნაცვლად ამისა, უმჯობესია მარეგულირებელმა კომისიამ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად არსებული თვითრეგულრიების მექანიზმების გააქტიურებაზე იმუშაოს. ამასთან, თუკი დადგება რეალური საფრთხე ან შუღლის გაღვივების ანდა სახელმწიფოებრივი წყობილების შეცვლისკენ მოწოდების, არსებული საკანონმდებლო აქტები იძლევა რეაგირების უფრო მეტად ეფექტიან საშუალებას, ვიდრე ეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის ამ უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში იქნებოდა.