ქეთი ბრაჭულმა და ირაკლი ჩიხლაძემ ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპები დაარღვიეს
12.07.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "იმედის" წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ და ჟურნალისტმა ქეთი ბრაჭულმა ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები დაარღვიეს. სადავო გახდა გადაცემა "იმედის კვირაში" გასული სიუჟეტი "მარიხუანა სამედიცინო მიზნებისთვის - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნა".  მათ წინააღმდეგ განცხადება გიორგი ყიფიანმა შემოიტანა. ის მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტებმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს და გარდა პირველი და მეხუთე პრინციპისა, მისი აზრით, დარღვეული იყო მესამე პრინციპიც, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, თუმცა, მოგვიანებით მოხსნა ეს მოთხოვნა.

გიორგი ყიფინამა ქეთი ბრაჭულისა და ირაკლი ჩიხლაძის წინააღმდეგ კიდევ ერთი განცხადება შეიტანა ქარტიაში. სადავო ამჯერადაც მარიხუანის შესახებ მომზადებული სიუჟეტი იყო - "კანაფი და ქართული ტრადიცია - რისთვის იყენებდნენ მცენარეს სვანეთში საუკუნეების განმავლობაში".  ის მიიჩნევდა, რომ ამ სიუჟეტშიც დარღვეული იყო პირველი (სუზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მესამე (მიჩქმალვა) პრინციპები. საქმის განხილვისას მან მოხსნა მოთხოვნა მესამე პრინციპთან დაკავშირებით. საბჭომ მიიჩნია, რომ ქეთი ბრაჭულმა დაარღვია პირველი პრინციპი, მეხუთე პრინცპი კი არ დაურღვევია. ირაკლი ჩიხლაძეს კი ამ პრინციპების დარღვევა არ დაუდგინდა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.