ექვსმა მედიასაშუალებამ სიზუსტისა და შესწორების პრინციპები დაარღვია
21.02.2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები დაარღვიეს შემდეგმა მედიასაშუალებებმა:  versia.ge, marshalpress.ge, digest.pia.ge, exclusivenews.ge, resonancedaily.com, ITV.ge. მათ წინააღმდეგ ქარტიას  საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიმართა. 

"ეკა ბესელიას იჭერენ?! რატომ არ იყიდა ივანიშვილმა ბესელიას კომპრომატები" - ამ სათაურით მასალა თავდაპირველად "ვერსიამ" გამოაქვეყნა. დანარჩენმა ზემოთ აღნიშნულმა ვებსაიტებმა კი იდენტური ინფორმაცია "ვერსიაზე" დაყრდნობით გაავრცელეს.  სადავო სტატიებში პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან ერთად "ნახსენები იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მზია თოდუას შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იყო დაუზუსტებელი. ამასთან გამოცემებისთვის მიმართვის შემდეგ მასალა სათანადო წესით არ გასწორდა.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ პირველ და მეხუთე პრინციპთან ერთად დარღვეული იყო მესამე პრინციპიც  რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია, თუმცა საბჭომ ამ პრინციპის დარღვევა არ დაადგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.