სიახლეები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ვაკანსიას მედიასამართლის, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლისა და სისხლის სამართლის იურისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • მედიორგანიზაციებისა და ჟურნალისტებისთვის კონსულტაციების გაწევა;
  • მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში;
  • ანგარიშის მომზადება განხორციელებული საქმიანობის თაობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • შესაბამისი მიმართულებით იურისტად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • მედიაგარემოს ცოდნა.

მედიასამართლისა და სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის იურისტებზე ვაკანსია გამოცხადებულია სრულ განაკვეთზე, ხოლო სისხლის სამართლის იურისტზე - ნახევარ განაკვეთზე. 

დაინტერესებულმა პირებმა 2023 წლის 28 იანვრის 18:00 საათამდე გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე ethicscharter@gmail.com. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (მედიასამართლის იურისტი, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის იურისტი, სისხლის სამართლის იურისტი)

17.01.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2023 წლის 16 იანვარს მიღებულ განაჩენს, რომლის საფუძველზეც მედიის წარმომადგენლებზე, 2021 წლის 5 ივლისის თავდასხმისას, ძალადობაში მსჯავრდებულები ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩადენაში გამართლდნენ და მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი შეუმცირდათ.

აღნიშნული განაჩენი ჟურნალისტების, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გადადგმულ მორიგი ნაბიჯია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი “ტელეკომპანია პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას, ჟურნალისტის მირანდა ბაღათურიას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის ილიკო თვალიაშვილის წინააღმდეგ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებულ ძალადობას, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებს ეხება. მართალია, 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებულები დამნაშავედ ცნო, თუმცა ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩადენაში ყველა მათგანი უდანაშაულოდ მიიჩნია.

საგანგაშოა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებების მიუხედავად, ამ დრომდე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია.

საქართველოს სახალხო დამცველმა, მედიის ადვოკატირების კოალიციამ და მისმა წევრმა ორგანიზაციებმა არაერთხელ მიმართეს გენერალურ პროკურატურას 5 ივლისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით. სამწუხაროდ, მოთხოვნის მიუხედავად, სახელმწიფო უწყებები არ დგამენ სათანადო ნაბიჯებს მედიაზე მასშტაბური თავდასხმის ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირების უზრუნველსაყოფად, მაშინ როდესაც ორგანიზებული ძალადობის შედეგად 56 პირი, მათ შორის, 47 ჟურნალისტი დაზარალდა. თავდასხმის შემდეგ 31 პირი დააკავეს, მათგან 27 ჟურნალისტებზე ძალადობისთვის.

მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მათ წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე ყურადღება არის გამახვილებული, მათ შორის, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

ამის თაობაზე არაერთხელ აღნიშნა მედიის ადვოკატირების კოალიციამ თავის განცხადებებში.

მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს ჟურნალისტების უფლებების ეფექტიანი დაცვა, მათ შორის, 2021 წლის 5 ივლისს მედიაზე ჯგუფური თავდასხმის ორგანიზატორებისა და მონაწილეების პასუხისგებაში მიცემა.

17.01.2023

2023 წლის 9 იანვარს სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელა მოსკოვში ქართველი მზარეულის მკვლელობის დაუფარავი კადრები. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს საზოგადოების მაღალი ინტერესი და ცნობისმოყვარეობა. აღნიშნული კადრების გავრცელება საზოგადოებისთვის დამატებითი ინფორმაციის მატარებელი არ არის და მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას შეიძლება ემსახურებოდეს.

მედიამ უნდა იფიქროს, რა გავლენის მომტანია დაზარალებულის ოჯახისა და ახლობლებისთვის მსგავსი შემზარავი გამოსახულების გავრცელება და მინიმუმამდე უნდა შეამციროს გარდაცვლილის ახლობლების რეტრავმირება.

ქარტია მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ აღნიშნული კადრების გავრცელებისგან, უკვე გავრცელებული ჩანაწერები კი წაშალონ ყველა პლატფორმიდან. 

09.01.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 11 იანვარს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათზე - ააიპ „ფრანკლინის კლუბი“ ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტების ირაკლი ჩიხლაძის, სანდრო გამსახურდიას და მანანა გაბელიას წინააღმდეგ

სადავო მასალები 2022 წლის 4 და 5 დეკემბერს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა ინფორმაცია არასწორად გააშუქეს, რაც კლუბის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპის დარღვევაზე. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმეების  განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

09.01.2023

2022 წლის 5 იანვარს სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია ბელგიაში მცხოვრები ლიზა ქისტაურის მკვლელობის შესახებ.

ამ დრომდე [23:50, 05.01.2023] ლიზა ქისტაურის გარდაცვალება არ დაუდასტურებიათ არც მისი ოჯახის წევრებს და არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. არ არსებობს არცერთი ოფიციალური წყარო, რომელიც ქალის გარდაცვალებას ადასტურებს.

ქარტიის საბჭო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. 

ამასთან, მნიშვნელოვანია გაშუქების დროს მოხდეს ბალანსის დაცვა საზოგადოებრივ ინტერესსა და ეთიკურ გაშუქებას შორის. მედია თანამგრძნობი უნდა იყოს ამგვარი მოვლენების მონაწილე პირების მიმართ და თავი უნდა აარიდოს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას. 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ აუცილებელია, მედიამ გაითვალისწინოს ოჯახის წევრები და ახლობელი ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში, მათ ამის შესახებ მედიიდან არ შეიტყონ.

 

06.01.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „იმედის” ჟურნალისტების ირაკლი ჩიხლაძის, სანდრო გამსახურდიას და მანანა გაბელიას წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია ააიპ „ფრანკლინის კლუბი“. 

სადავო მასალები 2022 წლის 4 და 5 დეკემბერს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა ინფორმაცია არასწორად გააშუქეს, რაც კლუბის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.

28.12.2022

ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ხატია ღოღობერიძე გახდა, მან ამ პოზიციაზე თამარ რუხაძე შეცვალა. ხატია ღოღობერიძე ქარტიის საბჭოს ერთი წლის ვადით უხელმძღვანელებს.

ხატია ღოღობერიძე მედიაში 2009 წლიდან მუშაობს. სხვადასხვა დროს იყო გამოცემა ბათუმელების, News.ge-ისა და ტაბულას ჟურნალისტი. ასევე, ტაბულას სატელევიზიო კორესპონდენტი. 2020 წლიდან, 2 წლის განმავლობაში იყო News.On.ge-ის მთავარი რედაქტორი. 2022 წლიდან არის ონლაინ გამოცემა Queer.ge-ს მთავარი რედაქტორი, ასევე, dev.ge-ის რედაქტორი.

ხატია ღოღობერიძე რამდენიმე მედიაკონკურსის გამარჯვებულია. მათ შორის, 2018 წელს დაჯილდოვდა GIPA/Friedman-ის პრიზით საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისათვის სექსუალური შევიწროების თემაზე. 2019 წელს კი ქალთა ფონდმა კატო მიქელაძის პრემია გადასცა ქალების წინაშე არსებული გამოწვევების, სექსუალური შევიწროების, ძალადობისა და დისკრიმინაციული ფაქტების სისტემატიურად და ეთიკურად გაშუქებისათვის. 2022 წელს კი მიიღო ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში ბლოგისთვის "პანდემია და დედობა".

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2021 წლის 18 დეკემბერს, ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე.

24.12.2022

24 დეკემბერს ქარტიის ყოველწლიური, რიგით მეთოთხმეტე საერთო კრება გაიმართა. საერთო კრებაზე წევრების წინაშე ანგარიშებით წარდგნენ ქარტიის საბჭოს წევრი მანანა ქველიაშვილი, სარევიზიო კომისიის​ წევრი მარიკა დუდუნია და ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი.

საერთო კრებაზე გამოვლინდნენ ქარტიის პრიზის 2022 წლის გამარჯვებულებიც.

საერთო კრებაზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრებმა ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრი აირჩიეს.

საბჭოს წევრები გახდნენ:

თბილისის კვოტით - თათია ხალიანი (პუბლიკა)

რეგიონების კვოტით - ვლადიმერ ჩხიტუნიძე (რადიო მარნეული), საბა წიწიკაშვილი (შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი)

ქარტიის საბჭოში სულ 9 წევრია, 6 წევრი რეგიონულ მედიას წარმოადგენს, 3 კი - თბილისს. საბჭო საკუთარი განცხადებით დატოვა თამარ რუხაძემ, რომელიც ირმა ზოიძემ შეცვალა. ზვიად ქორიძეს, ნათია ზოიძეს და ნინა ხელაძეს საბჭოს წევრად ყოფნის ვადა ამოეწურათ.

საბჭოს ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

  • ხატია ღოღობერიძე
  • მაია წიკლაური
  • მანანა ქველიაშვილი
  • ირმა ზოიძე 
  • გულო კოხოძე
  • სოფო ჟღენტი
  • თათია ხალიანი
  • საბა წიწიკაშვილი
  • ვლადიმერ ჩხიტუნიძე 

alt

ქარტიის წევრებმა დღეს სარევიზიო კომისიის სამი ახალი წევრიც აირჩიეს:

  • კამილა მამედოვა
  • მალხაზ რეხვიაშვილი
  • ნინო შუბითიძე

alt

დღის ბოლოს წევრებს შორის დისკუსია გაიმართა, სადაც ქარტიის წევრებმა მედიაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევაზე ისაუბრეს.

24.12.2022
 
 
ქარტიის პრიზს ახალი კა­ტე­გო­რია -"ხალ­ხის რჩე­უ­ლი" დაემა­ტა. წელს ამ კატეგორიის თემა რუსეთ-უკრაინის ომია. დამოუკიდებელმა ჟიურიმ უკვე შეარჩია 4 სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შე­ვარი, თუმცა, გამარჯვებულს ირჩევთ თქვენ, გამოკითხვის საშუალებით.
 
ამ კატეგორიის ფინალისტები არიან:
 
  • ბათუმელები -  „რა არის შენი სუპერძალა? – მე უკრაინელი ვარ“ | რეპორტაჟი უკრაინიდან. 
 
  • დავით ქაშიაშვილი - ომის მეათე დღე
 
  • ეკა ქადაგიშვილი/ანანო ბაკურაძე - ნინო ქათამაძე & ნიკოლოზ რაჭველი
 
  • ნინო თარხნიშვილი - უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები - 2022 

ხმის მიცემა დასრულდება 23 დეკემბერს, 23:59 საათზე.
 
 
22.12.2022

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი დაჩქარებულად, სფეროში ჩართული ადამიანების მოსაზრებების გაზიარების და რისკების შეფასების გარეშე წარიმართა, რაც ქვეყანაში ისედაც მძიმე მედიაგარემოს გაუარესების საფრთხეს ქმნის.

კანონპროექტი და განხილვის პროცესი - კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში 2022 წლის 7 სექტემბერს ,,ქართული ოცნების” დეპუტატებმა დაარეგისტრირეს, საჯაროდ ხელმისაწვდომი 13 სექტემბერს გახდა. კანონპროექტი პარლამენტის სესიაზე 19 სექტემბერს პირველი მოსმენით, განხილვებისა და დისკუსიის გარეშე, გავიდა. დაჩქარების მიზეზად, კანონპროექტის ავტორებმა ევროკავშირთან აღებული ვალდებულების დროულად შესრულება მოიყვანეს და აღნიშნეს, რომ მეორე მოსმენამდე სამაუწყებლო მედიასა და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრები ჩაინიშნებოდა. მას შემდეგ პარლამენტში მხოლოდ ერთი შეხვედრა შედგა, სადაც დამატებითი შეხვედრის საჭიროება გამოიკვეთა, კანონპროექტის ტექსტის დეტალურად განსახილველად, თუმცა მოულოდნელად, 28 ნოემბერს, ჩაინიშნა მეორე მოსმენა, დამატებითი შეხვედრების გარეშე. ამჯერადაც არგუმენტი ევროკავშირთან აღებული ვალდებულების დროულად შესრულება იყო.

აღსანიშნავია ევროკავშირის მოთხოვნა ინკლუზიურობაზე, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირისთვის გადამწყვეტია, საკანონმდებლო ცვლილებები მოხდეს მხარეებთან შეთანხმებით და კონსენსუსით, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში არ მომხდარა.

ალტერნატიული წინადადება - საქართველოში არსებული მედია გარემოს საფრთხეების გათვალისწინებით, ტელემაუწყებლობის უმრავლესობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტის ალტერნატიულ ვარიანტზე იმუშავეს. აღნიშნული კანონპროექტი მეორე მოსმენამდე პარლამენტს თამარ კორძაიამ წარადგინა, თუმცა შეთავაზება მხედველობაში არ მიუღიათ.

ევროპის საბჭოს ექსპერტების დასკვნა სადავო სამი საკითხის შესახებ - მნიშვნელოვანია, რომ დირექტივის იმპლემენტაციისას, ევროკავშირი არ უთითებს ქვეყნებს თუ კონკრეტულად როგორ უნდა შეცვალონ კანონპროექტი - მისთვის მთავარია, ქვეყნებმა მიზანს მიაღწიონ. ეს ქვეყნებს აძლევს საშუალებას, დირექტივის შესრულებისას არსებული გარემოებები გაითვალისწინონ და ისეთი გზა აირჩიონ, რომელიც სფეროს არ დააზიანებს.

სწორედ ეს მიიღეს მხედველობაში ევროპის საბჭოს ექსპერტებმა და სადავო საკითხის შეფასებისას არასამთავრობო სექტორისა და მედიასაშუალებების მსგავსი პოზიცია ჩამოაყალიბეს.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მესამე მოსმენამდე ევროკავშირმა ვალდებულების შესასრულებლად და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე სამუშაოდ პროცესი 2023 წლის 31 მაისამდე გადაავადა.

მიუხედავად ამისა, წამყვანმა კომიტეტმა ცვლილებებს მხარი მესამე მოსმენითაც დაუჭირა.

მედიის ადვოკატირების კოალიციას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით და იცოდეს, რომ არ სრულდება ის მინიმალური სტანდარტიც კი, რომელიც დაინტერესებული პირების პროცესებში ჩართულობას გულისხმობს.

21.12.2022
2022 წლის 14 დეკემბერს, პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს, „მთავარი არხის” ჟურნალისტს, ნატაშკა ჯახუტაშვილს, ტელეკომპანია “იმედის” ოპერატორმა ხელი ჰკრა. ჩართვის დასრულების შემდეგ კი, “მთავარის” ჟურნალისტის შენიშვნას “იმედის” ოპერატორმა სიტყვიერი შეურაცხყოფითა და გინებით უპასუხა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქალ ჟურნალისტს შეურაცხყოფა კაცმა ოპერატორმა მიაყენა, შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, ხომ არ ჰქონდა ამ ქმედებას გენდერული საფუძველიც.

აღსანიშნავია, რომ არხის ხელმძღვანელობამ აღნიშნული ფაქტი დაგმო.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო აცხადებს, რომ ძალადობა მიუღებელია და ოპერატორის ქმედებას აუცილებლად უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება ტელეკომპანია “იმედის” მხრიდან. 

იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტური საქმიანობის დროს ხდება წინაღობის შექმნა სხვა მედიის წარმომადგენლის მხრიდან, მნიშვნელოვანია მითითება მოხდეს ეთიკური ნორმების დაცვით. ძალადობა დაუშვებელია.
14.12.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 16 დეკემბერს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათზე - სოციალურ მუშაკთა გაერთიანება „TV პირველის" ჟურნალისტის მარიამ მაკასარაშვილის წინააღმდეგ

სადავო მასალა 2022 წლის 3 ნოემბერს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლების პოზიციით, მედიაპროდუქტში არ იყო გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესი. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მერვე (ბავშვთა უფლებები) პრინციპის დარღვევაზე. 

19:00 საათზე - სოფიო კვინიკაძე ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტის ეკო ფანგანის წინააღმდეგ

სადავო მასალა 2022 წლის 2 ნოემბერს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ჭარბწონიანი ადამიანების მიმართ საზოგადოების ნაწილში უკვე არსებული დისკრიმინაციული დამოკიდებულება წაახალისა და მისი ფოტოები თანხმობის გარეშე გამოიყენა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპის დარღვევაზე. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმეების  განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. 

13.12.2022

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.