27 ივლისი, 2024 წელი
საქმე N-752
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ნინო კაპანაძე, ნინო რამიშვილი, გელა მთივლიშვილი, თინათინ ზაზაძე.
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს შორენა ლობჟანიძემ, ნანა ხომასურიძემ და ორგანიზაციის ააიპ ,,ადამიანები ცხოველებისთვის“ თავმჯდომარემ, მარინა ბერსენაძე-კაციტაძემ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ 2024 წლის 26 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში “აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლი.... გაგიკვირდებათ, ძაღლი რა შუაშიაო, მაგრამ..." - რას ამბობს დემოგრაფი მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაზე?” დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-3, მე-5 და მე-7 პრინციპები.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა ნაწილობრივ დისტანციურად გამოვლენის შედეგად.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
მოპასუხე ჟურნალისტებს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა, საინფორმაციო სააგენტომ Bpn.ge თავისი შეპასუხება წერილობით წარმოადგინა.
სხდომას ესწრებოდნენ განმცხადებლის წარმომადგენლები: შორენა ლობჟანიძე და ნანა ხომასურიძე.
სამოტივაციო ნაწილი:
2024 წლის 26 აპრილს bpn.ge-ს გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით: “აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლი.... გაგიკვირდებათ, ძაღლი რა შუაშიაო, მაგრამ..." - რას ამბობს დემოგრაფი მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაზე?”. იგივე სტატია გაავრცელეს საინფორმაციო სააგენტოებმა: ambebi.ge; “კვირის პალიტრა”; ჟურნალი “გზა” და M2B.
სადავო მასალა:
“აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლი.... გაგიკვირდებათ, ძაღლი რა შუაშიაო, მაგრამ..." - რას ამბობს დემოგრაფი მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაზე?”
ჟურნალისტების სადავო ფრაზები:
“აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლი”;
“რაც შეეხება შობადობის კლების მიზეზს, დემოგრაფი ერთ-ერთ ფაქტორად ცხოველების ყოლას ასახელებს. მისი აზრით, როდესაც ოჯახს ჰყავს ძაღლი, დამატებით ბავშვების ყოლაზე აღარ ფიქრობენ.”
განმცხადებლების მხრიდან სადავოდაა გამხდარი არა მხოლოდ სტატიის კონკრეტული ფრაზები, არამედ მისი შინაარსი და გზავნილები მთლიანად. მათი პოზიციით, სტატიაში ყოველგვარ ოფიციალურ კვლევაზე დაყრდნობის გარეშე და სანდო წყაროების მიუთითებლად გამოქვეყნდა დემოგრაფ ანზორ თოთაძის მოსაზრებები, რაც ემსახურება საქართველოში შინაური ბინადარი ცხოველების მიმართ ისედაც ცუდი დამოკიდებულების გაუარესებას.
საინფორმაციო სააგენტო bpn.ge თავის შეპასუხებაში მიუთითებს, რომ სტატიის სათაურსა და ტექსტში მოყვანილი ფრაზები ეკუთვნის დემოგრაფ ანზორ თოთაძეს და მათი მხრიდან სიტყვების ინტერპრეტაცია არცერთ ეტაპზე არ მომხდარა. მათი ინფორმაციით, ამ კომენტარის გაკეთებისას, თოთაძე ეყრდნობოდა კვლევას, რომელიც მის მიერ არის ჩატარებული და გამოცემულია წიგნის სახით.
პირველი პრინციპი.
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სტატიაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
საბჭომ არაზუსტად, ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისად, სათანადოდ
გადაუმოწმებლად მიიჩნია სტატიაში გამოყენებული შემდეგი ფრაზები: “რაც
შეეხება შობადობის კლების მიზეზს, დემოგრაფი ერთ-ერთ ფაქტორად
ცხოველების ყოლას ასახელებს.”
“მისი აზრით, როდესაც ოჯახს ჰყავს ძაღლი, დამატებით ბავშვების ყოლაზე
აღარ ფიქრობენ.”
“უკვე მივედით იქამდე, რომ აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლი.
ძირითადად, ერთი ბავშვი ჰყავთ. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახლავთ
შობადობის შემცირების...”
ჟურნალისტი აღნიშნული ფრაზებით აუდიტორიას მტკიცებით ფორმაში ამცნობს, რომ თითქოს საქართველოში შობადობის კლება კორელაციაშია შინაური ცხოველის ყოლასთან და ამის ბრალია.
ამ გზავნილის გამოქვეყნებისას ჟურნალისტი ეყრდნობა მხოლოდ ერთი
მკვლევრის, დემოგრაფ ანზორ თოთაძის სიტყვებს, რაც სტატიაში არ არის
გამყარებული სხვა რამე მტკიცებულებით.
შობადობის შემცირება ისეა დაკავშირებული საქართველოში ძაღლების მომრავლებასთან, რომ ჟურნალისტს გარდა ერთი რესპოდენტის მონათხრობისა, ამის დამატკიცებელი რამე სხვა წყარო, არ აქვს სტატიაში მოტანილი.
სტატიაში არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, აღნიშნული ინფორმაცია
გადაამოწმოს, მოიძიოს რელევანტური წყაროები, ვინც მკვლევრის ამ
მონათხრობს დაადასტურებს ან გააბათილებს.
ქარტიის საბჭოს დადგენილი სტანდარტით, ინფორმაციის გადასამოწმებლად
ჟურნალისტი ვალდებულია, მასალაში სულ მცირე ორი დამოუკიდებელი წყარო
გამოიყენოს.
განსახილველ შემთხვევაში ჟურნალისტი მხოლოდ ერთ წყაროს, დემოგრაფ
ანზორ თოთაძეს ეყრდნობა.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს სტატიის სათაური: “აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლი”. საბჭო განმარტავს, რომ ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე პირობების და ფორმების გათვალისწინებით, მით უფრო, როცა საუბარია ონლაინფორმისთვის მომზადებულ და სოციალურ ქსელებში გაზიარების (share) საშუალების მქონე სტატიებზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სტატიის სათაურს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული სტატიის ძირითადი დატვირთვა მოდის მის სათაურზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად სათაური იძლევა ინფორმაციას მტკიცებითი სახით.
საბჭოს პრაქტიკით, ძირითად შემთხვევებში სტატიის სათაური უნდა იქნეს განხილული როგორც ცალკე ჟურნალისტური პროდუქტი. მკითხველს აქვს მოლოდინი და ნდობა, რომ სტატიის სათაური არის თავად სტატიაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად მიღებული და დადასტურებული დასკვნა და შეიძლება არც ჩათვალოს საჭიროდ სტატიის სრულად გაცნობა იმ დაშვებით, რომ სტატიის ძირითადი მიგნება მან უკვე წაიკითხა სათაურში. სათაური მკითხველს პირველ შთაბეჭდილებას უქმნის .
აღნიშნულ შემთხვევაში სათაურში ისეთი ინფორმაციის გამოტანა, რომელიც სტატიაში არ იყო სათანადო სტანდარტით გადამოწმებული, არის მანიპულაციური და აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
საბჭო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ჟურნალისტმა არ სცა პატივი აუდიტორიას და არ გამოიყენა ყველა ღონე საზოგადოებისთვის მეტად დაზუსტებული ინფორმაციის მისაწოდებლად.
გამომდინარე აქედან, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი, სიზუსტე.
მესამე პრინციპი.
ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.
ქარტიის საბჭოს პოზიციით, სადავო სტატიაში წინამდებარე პრინციპი არ დარღვეულა.
საბჭოს განმარტებით, აღნიშნული პრინციპი დარღვეულია მაშინ, როდესაც ბუნებაში არ არსებობს წყარო, რომელზე დაყრდნობითაც ხდება ინფორმაციის გავრცელება. წყარო დადასტურებულია იმას ნიშნავს, რომ ჟურნალისტმა იცის, ვინ არის ამა თუ იმ ფაქტის წყარო, თუმცა, შეუძლია, მისი ვინაობა არ გაამხილოს. ამ მუხლის ქვემდებარე არ არის წყაროს სანდოობის საკითხი.
ვინაიდან სადავო სტატიას ჰყავს წყარო, თანაც იდენტიფიცირებული, კერძოდ, ის ეყრდნობა დემოგრაფ ანზორ თოთაძის ნაამბობს, აღნიშნულ პრინციპს საბჭო დარღვეულად ვერ მიიჩნევს. ამდენად, საბჭოს პოზიციით, ქარტიის მე-3 პრინციპი არ დარღვეულა.
მეხუთე პრინციპი.
“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”
ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს დაუდგინდეს მე-5 პრინციპის დარღვევა, აუცილებელია:
ქარტიის სამდივნომ, შორენა ლობჟანიძის, ნანა ხომასურიძისა და მარინა ბერსენაძე-კაციტაძის განცხადება სათანადო წესით გადაუგზავნა მოპასუხეებს. ერთ-ერთმა მათგანმა, საინფორმაციო სააგენტო bpn.ge-მ, წარმოადგინა წერილობითი პოზიციაც. აღნიშნული ქმნის პრეზუმფციას, რომ მოპასუხეებისათვის ცნობილი გახდა არსებული პრეტენზიის შესახებ, რაც წარმოშობდა მათ ვალდებულებას, შეესწორებინათ არაზუსტი ინფორმაცია.
ამდენად, საბჭო აღნიშნულ პრინციპს დარღვეულად მიიჩნევს არა იმიტომ, რომ დაადგინა პირველი პრინციპის დარღვევა, არამედ ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ის განმარტავს, რომ ჟურნალისტს ჰქონდა საკმარისი საფუძველი, სტატიაში დაშვებული უზუსტობები შეესწორებინა, რაც არ მომხდარა.
სადავო მასალა დღემდე ონლაინ არის ხელმისაწვდომი და მას არ აქვს არანაირი მინიშნება, რომ სტატიაში გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.
გამომდინარე აქედან, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის მე-5 პრინციპი.
მეშვიდე პრინციპი.
“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”
განმცხადებლები, რომლებიც ცხოველთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, მიიჩნევენ, რომ, როგორც სადავო პროდუქტი, ისე მისი სათაური: “აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლი”, ემსახურება იმ ადამიანების დისკრიმინაციას, რომლებსაც ჰყავთ ცხოველები და არ ჰყავთ შვილები ან ჰყავთ მხოლოდ ერთი შვილი.
საქართველოს კანონმდებლობით, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო სტატიაში გამოყენებული ფრაზები: ("აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლები”; “რაც შეეხება შობადობის კლების მიზეზს, დემოგრაფი ერთ-ერთ ფაქტორად ცხოველების ყოლას ასახელებს”; “მისი აზრით, როდესაც ოჯახს ჰყავს ძაღლი, დამატებით ბავშვების ყოლაზე აღარ ფიქრობენ”, “უკვე მივედით იქამდე, რომ აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლი. ძირითადად, ერთი ბავშვი ჰყავთ. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახლავთ შობადობის შემცირების...”) სწორედ დისკრიმინაციის სხვა ნიშანში გადის და არღვევს ქარტიის მე-7 პრინციპს. საკითხის მსგავსი სახით გაშუქებამ გამოიწვია იმ ადამიანების გამორჩევა და სავარუდოდ მათ მიმართ ნეგატიური განწყობების გაღვივება, რომლებსაც ჰყავთ შინაური ცხოველები და არ ჰყავთ შვილები ან ჰყავთ მხოლოდ ერთი.
სტატიაში გაჟღერებული ინფორმაციით, ცხოველების ყოლა არის ცუდი დემოგრაფიისათვის, ეს ყოველივე კი ადამიანებს, რომლებსაც ჰყავთ ისინი, ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს, უარყოფითად გამოარჩევს სხვებისგან, რაც დისკრიმინაციის ნიშანია.
სადავო მასალა საზოგადოებას უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს საზოგადოების გარკვეული ჯგუფი შვილების ყოლას ცხოველების ყოლას ამჯობინებს, რაც ამ ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციის წახალისებაა.
ამასთან, ჟურნალისტმა არ გაითვალისწინა ის სენსიტიური ფონი, რაც დღეს საქართველოში არსებობს, და ცხოველებზე ძალადობის მოხშირებული სტატისტიკის მიუხედავად გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც შობადობის კლების მიზეზად შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობის გარეშე ასახელებს ცხოველებს.
სტატიის ავტორმა არ მიიღო მხედველობაში ისიც, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შვილის ყოლის შესაძლებლობა სხვადასხვა მიზეზის გამო, რა დროსაც მათ შესაძლოა ჰყავდეთ შინაური ცხოველები. ავტორმა არ გაითვალისწინა მათი გრძნობები და განცდები და არ გამოიჩინა სათანადო გულისხმიერება ამ ადამიანების მიმართ. ამასთან, ხელი შეუწყო ცხოველების ყოლის მიმართ ისედაც არსებული სტიგმისა და სტერეოტიპების გაძლიერებას.
ჟურნალისტი ვალდებულია, ერკვეოდეს, რას ნიშნავს დისკრიმინაცია და დისკრიმინაციის, სტიგმის წახალისება. მედიას არადისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპების შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია.
საბჭო დადგენილ პრაქტიკაში აღნიშნავს, რომ მედია, შესაძლოა, მარტივად გახდეს სტერეოტიპების გაღრმავების ხელისშემწყობი, თუკი თითოეულ შემთხვევას სიფრთხილით არ მოეკიდება და გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე არ იფიქრებს.
საბჭო აღნიშნავს, რომ ჟურნალისტი ვალდებულია, გაემიჯნოს დისკრიმინაციულ, სტერეოტიპულ გამონათქვამებს და არ შეუწყოს ხელი მათ გაღრმავებას, რაც მოცემულ სტატიაში დარღვეულია და ჟურნალისტის გამონათქვამები თავად არის დისკრიმინაციის შემცველი.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
ნინი ქეთელაურმა და არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი, მე-5 და მე-7 პრინციპები. ხოლო, მე-3 პრინციპის დარღვევა არ დადგინდა.
27 ივლისი, 2024 წელი
საქმე N-744
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ნინო კაპანაძე, ნინო რამიშვილი, გელა მთივლიშვილი, თინათინ ზაზაძე.
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ორგანიზაციამ „საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის ქსელი”, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2024 წლის 5 აპრილს “ტვ იმედის” ეთერში გასულ სიუჟეტში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-5 და მე-7 პრინციპები.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა ნაწილობრივ დისტანციურად გამოვლენის შედეგად.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
მოპასუხე ჟურნალისტს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და არც წერილობითი შეპასუხება წარმოუდგენია.
სხდომას დისტანციურად ესწრებოდნენ განმცხადებლის წარმომადგენლებიც: ესმა გუმბერიძე, თომა კაკაბაძე, დეა ერემაშვილი, რამინ მაჭარაშვილი, გიორგი ძნელაძე.
სამოტივაციო ნაწილი:
სადავო მასალა:
5 აპრილი, 2024 წელი, 20:00 სთ-იანი “ქრონიკა”, “მოტყუებული შშმ პირთა ნაწილი” 20:11 სთ
თამარ შარიქაძის სადავო ფრაზები:
“ის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის არასამთავრობო ასოციაციას ფინანსების გამჭვირვალობასთან პრობლემა არ აქვს, ამაში გასაკვირი არაფერია. თუმცა, ამ ინტერვიუს უხერხული ნაწილი მაშინ იწყება, როცა ენჯეო სექტორი “ქრონიკისგან” იგებს, რომ ისეთი განცხადების ხელმომწერები არიან, რომლითაც შშმ პირთა სახელით გამჭვირვალობის შესახებ კანონის შეჩერებას და გაწვევას ითხოვენ.”
“ხელმომწერთა შორის არის “გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი”, თუმცა ირკვევა, რომ მისი წარმომადგენლები განცხადების შინაარსს არ იცნობენ, მეტიც, მათ ფინანსების გამჭვირვალობასთან პრობლემა საერთოდ არ აქვთ.”
“მიუხედავად იმისა, რომ მესამე სექტორი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებს იცავს, ვერ ასახელებს კონკრეტულად რა ჩანაწერი აქცევს კანონპროექტს გამჭვირვალობის შესახებ რუსულად, მისი წარმომადგენლები მაინც დარწმუნებულები არიან, რომ ამ დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ მათ უცხოური დაფინანსების მოპოვება გაუჭირდებათ’’.
“სახელისუფლებო გუნდისთვის შშმ პირთა ნაწილის განცხადება კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ დონორებს მათი დაფინანსებული ენჯეო სექტორი შეცდომაში შეჰყავთ და ამ გზით მათი ფინანსების დამალვას ცდილობენ. აგორებული კამპანია კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახელის გამოყენებას და მათ მოტყუებას ემსახურება.”
“განცხადება გუშინ გავრცელდა, თუმცა ირკვევა, რომ ადამიანებმა, რომლებიც კონკრეტულ კანონს აპროტესტებენ, მის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ, არცერთი დოკუმენტის შინაარსი არ იციან და მათ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.”
განმცხადებლის პოზიციით, სიუჟეტში “შშმ პირები წარმოდგენილნი არიან ადვილად მართვად, მოსატყუებელ, უცოდინარ და დახმარების მიმღებ პირებად, რომელთა ნაწილიც მხოლოდ გრანტებზე და ფულადი რესურსების მიღებაზეა ორიენტირებული და რეალურად კანონის შინაარსი საერთოდ არ იციან/არ ადარდებთ.”
განმცხადებელი სიუჟეტში გაშვებულ ინტერვიუსთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ “აშკარაა რესპონდენტი [თომა კაკაბაძე] კიდევ აგრძელებდა ინტერვიუს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც რესპონდენტის განცხადებითვე ეხება სწორედ იმას, თუ რატომ არის სადავო კანონი რუსული და რატომ არ უნდა მიიღონ, მაგრამ ტელეკომპანია “იმედმა” ეს განზრახ ამოჭრა და არ აჩვენა რეპორტაჟში, რათა მათ მიერვე შეთხზული შშმ პირთა მოტყუების და ე.წ. უცოდინარობის შესახებ ინფორმაცია “გაემართლებინათ”.
პირველი პრინციპი.
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
საბჭომ იმსჯელა და შეაფასა სადავო სიუჟეტში აღწერილი გარემოებები, მისი შინაარსი და განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დაადგინა, რომ სიუჟეტი საზოგადოებისთვის ისეთი გზავნილების მიწოდებას ემსახურება, რომლებიც არ არის სათანადოდ გადამოწმებული და დადასტურებული.
სადავო მედიაპროდუქტი ეხებოდა 4 აპრილს, შშმ პირთა სახელით გავრცელებულ განცხადებას ე.წ. “აგენტების კანონთან” დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს კანონი დააზარალებს ყველას, მათ შორის, შშმ პირთა თემს. განცხადების ბოლოს ვხვდებით მასზე ხელმომწერთა სიას, რაც ცალსახად გვაფიქრებინებს, რომ ისინი იცნობენ განცხადების შინაარს და ხელმოწერით ადასტურებენ მათ ნებას “აგენტების კანონის” მიღების წინააღმდეგ.
ჟურნალისტის სადავო ფრაზები: “წარმომადგენლები განცხადების შინაარსს არ იცნობენ, მეტიც, მათ ფინანსების გამჭვირვალობასთან პრობლემა საერთოდ არ აქვთ”;
“მიუხედავად იმისა, რომ მესამე სექტორი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებს იცავს, ვერ ასახელებს კონკრეტულად რა ჩანაწერი აქცევს კანონპროექტს გამჭვირვალობის შესახებ რუსულად”;
“დონორებს მათი დაფინანსებული ენჯეო სექტორი შეცდომაში შეჰყავთ და ამ გზით მათი ფინანსების დამალვას ცდილობენ. აგორებული კამპანია კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახელის გამოყენებას და მათ მოტყუებას ემსახურება”;
“ადამიანებმა, რომლებიც კონკრეტულ კანონს აპროტესტებენ, მის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ, არც ერთი დოკუმენტის შინაარსი არ იციან და მათ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ”.
სიუჟეტის შესავალში წამყვანი, ლევან ჯავახიშვილი, ამბობს: “ქრონიკამ” აღმოაჩინა, რომ რესპონდენტთაგან ყველამ არ იცოდა, რას მოაწერა ხელი. უფრო მეტიც, ნაწილი გამჭვირვალობის მომხრეა და არა მოწინააღმდეგე.”
წამყვანის წარდგენის ტექსტით, სიუჟეტის შინაარსი ისეა წარმოჩენილი, რომ თითქოს შშმ პირების ნაწილმა ისე მოაწერა ხელი კანონპროექტის საწინააღმდეგო განცხადებას, რომ მისი შინაარსი არ იცოდა და შეცდომაში არიან შეყვანილი.
ამის დასასაბუთებლად სიუჟეტში არის ერთი რესპონდენტის აუდიო ჩანაწერი, რომელიც ამყარებს “ტვ იმედის” სიუჟეტის პათოსს, მაგრამ არ არის საკმარისი განსაზოგადებლად.
კანონპროექტის წინააღმდეგ გავრცელებულ შშმ პირთა განცხადებას, რომელსაც “ტვ იმედმა” ეს სიუჟეტი მიუძღვნა, ხელს დაახლოებით 70 სუბიექტი, მათ შორის, 15 ორგანიზაცია აწერს, ის ორგანიზაციები, რომლებიც წლებია, შშმ პირების საკითხებზე მუშაობენ, იცნობენ სფეროში არსებულ პრობლემებს, დაფინანსების წყაროებს, დონორების წვლილს მათ საქმიანობაში და ა.შ.
ამის საპირწონედ, “ტვ იმედი” მხოლოდ ერთი რესპონდენტის, განმცხადებლის თქმით მანიპულაციურად მოპოვებულ აუდიო ჩანაწერზე დაყრდნობით ანზოგადებს საკითხს, და ამბობს, რომ შშმ პირების ნაწილმა არ იცოდა, რას მოაწერა ხელი, ისინი კანონპროექტს არ იცნობენ.
სიუჟეტში მანიპულაციურად, დაუსაბუთებლად არის წარმოდგენილი, რომ თითქოს შშმ პირებმა არ იცოდნენ განცხადების შინაარსი და ისე მოაწერეს მას ხელი, რაც განმცხადებლის მიერ სხდომაზე გაკეთებული განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ამას ადასტურებს ისიც, რომ შშმ-პირების ნაწილი ცალსახად გამოხატავენ თავიანთ ინდივიდუალურ პოზიციას განცხადებაზე ხელმოწერით და გავრცელდა საჯარო ფეისბუქ პოსტი, რომელშიც ისინი სიუჟეტში გამოთქმულ პოზიციას ეწინააღმდეგებიან.
“ტვ იმედის” ჟურნალისტის მიერ ერთი რესპოდენტისგან მიღებული ინფორმაციის განზოგადება არის მანიპულაციური, მიკერძოებული მმართველი სახელისუფლებო ძალის სასარგებლოდ და ცალსახად არღვევს სიზუსტის, პატიოსანი ჟურნალისტის მოქმედების პრინციპებს.
“ტვ იმედის” ჟურნალისტმა სხვა სადავო ფაქტებიც სათანადო მტკიცებულებების გარეშე გაახმაურა. მაგალითად, სიუჟეტში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, თუ რაზე დაყრდნობით ამბობს კორესპონდენტი, რომ დონორებს დაფინანსებულები შეცდომაში შეჰყავთ, მათ ატყუებენ და მათ სახელს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. სიუჟეტის მიხედვით ეს არის ჟურნალისტის მოსაზრება, რომელიც არ ეყრდნობა ეთიკის პრინციპების შესაბამისად გადამოწმებულ ინფორმაციას.
საბჭო მიიჩნევს, რომ სიუჟეტი არ არის დაბალანსებული, მასში ჭარბობს მმართველი ძალის წარმომადგენელთა განცხადებები, რომლის საპირწონედაც სიუჟეტში წარმოდგენილია ერთი ხელმომწერი ქალბატონის დამაბნეველი პოზიცია და მეორე რესპონდენტის თომა კაკაბაძის ინტერვიუს ფრაგმენტი, რომელიც არ არის გაჟღერებული ბრალდებების შესატყვისი და მის პოზიციას სრულად არ გამოხატავს, როგორც ეს მან საბჭოს სხდომაზეც თავად აღნიშნა.
სიუჟეტში დარღვეულია გონივრული ბალანსი წარმოდგენილ მხარეებს შორის, რაც საზოგადოებას უსპობს შესაძლებლობას, სრულად აღიქვან მოცემული ვითარება და ისე შეიქმნან წარმოდგენები თემასთან დაკავშირებით.
“ტვ იმედის” ჟურნალისტებმა მმართველი პოლიტიკური ძალის წევრებს მისცეს საშუალება, გამოეთქვათ დაუსაბუთებელი, გადაუმოწმებელი ბრალდებები განმცხადებლის მიმართ.
კერძოდ:
შალვა პაპუაშვილი: “რაც შეეხება შშმ პირებს, კიდე ერთხელ, ეს არის ტყუილი, მივმართავ ყველას, ყველას გატყუებენ დღეს ეს ორგანიზაციები, გატყუებენ, თითქოს რაღაცა გავლენა ამას შეიძლება ჰქონდეს შესაძლო დაფინანსებაზე. ეს არი ტყუილი.”
რატი იონათამიშვილი: “არ შეიძლება შეზღუდული შესაძლებლობის პოლიტიკური ინტერესებით გამოყენება და ამ მიმართულებით დეზინფორმაციის, არასწორი ინფორმაციის გავრცელება ჩვენი საზოგადოებისთვის. სამწუხაროდ, გვაქვს ჩვენ დეზინფორმაციული განაცხადები ცალკეული პირების მხრიდან და ეს, ცხადია, არ გამოხატავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოზიციასა და შეხედულებებს.”
გიორგი ვოლსკი: “თუკი ვინმე აშინებს იმითი, რომ შშმ პირებს შეუწყდებათ დახმარება, ამის გამო, თუკი არ გააკეთებენ განცხადებას, ეს უზნეობაა, და ვინც ეხმარება და თან თანადგომას უცხადებს და ფინანსურად თუ ნებისმიერი სხვა პროგრამით ეხმარება შშმ პირებს, იმას ორდენი ეკუთვნის, მაგრამ როდესაც ცდილობ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ გამჟღავნდეს, გამოდის, რომ სხვა გეგმა გაქ. ან შშმ პირებს იყენებ იმ პოლიტიკური უზნეო მიზნებისათვის, რომელიც გაგაჩნია.”
სადავო სიუჟეტი ცალსახად მიკერძოებულია და შეესაბამება “ტვ იმედის” მიერ, ხელისუფლებისადმი არაერთგზის გამოხატულ მხარდამჭერ სარედაქციო პოლიტიკას. ამ სიუჟეტის მიზანია იმ ჯგუფის დისკრედიტაცია, რომელმაც გაბედა და ღიად, კოლექტიურად შეეწინააღმდეგა ე.წ. “აგენტების კანონის” მიღებას.
“ტვ იმედის” ეს სიუჟეტი ქართული ოცნების პოლიტიკის საინფორმაციო მხარდაჭერის ნათელი მაგალითია, ეს ეწინააღმდეგება ეთიკური ჟურნალისტიკის ფუძემდებლურ პრინციპებს და ცალსახად პროპაგანდის ნაწილია.
ეთიკური მედიის ვალია, არ გაავრცელოს ინფორმაცია არცერთი პოლიტიკური ძალის ინტერესების გათვალისწინებით, და მხოლოდ მიუკერძოებლობის პრინციპით იხელმძღვანელოს, რაც მოცემულ შემთხვევაში სრულიად უგულებელყოფილია.
საბჭო მიიჩნევს, რომ მიკერძოებული და მანიპულაციური ტექსტების, გადაუმოწმებელი ფაქტების ერთობლიობით, ჟურნალისტმა პატივი არ სცა აუდიტორიას, გამოიჩინა არაკეთილსინდისიერება და დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
მეხუთე პრინციპი.
“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”
ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს დაუდგინდეს მე-5 პრინციპის დარღვევა, აუცილებელია:
ქარტიის სამდივნომ, საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის ქსელის განცხადება სათანადო წესით გადაუგზავნა “ტვ იმედს”. აღნიშნული ქმნის პრეზუმფციას, რომ მოპასუხისათვის ცნობილი გახდა არსებული პრეტენზიის შესახებ.
ამასთან, სოციალურ ქსელში საჯაროდ გავრცელდა განმცხადებლისა და რესპონდენტის, თომა კაკაბაძის პოზიცია სიუჟეტში გახმაურებულ ფრაზებსა და ბრალდებებზე.
დამატებით, საბჭოს სხდომაზე სიუჟეტის ერთ-ერთმა რესპონდენტმა თომა კაკაბაძემ საბჭოს განუცხადა, რომ სადავო მასალის ეთერში გასვლის შემდეგ ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა “ტვ იმედის” ჟურნალისტთან და მასაც აუხსნა, რომ სიუჟეტის ეთიკურობასთან დაკავშირებით პრეტენზიები ჰქონდა.
ამ ყველაფრის ერთობლიობით, საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტს ჰქონდა საკმარისი საფუძველი, სიუჟეტში დაშვებული უზუსტობები შეესწორებინა, რაც არ მომხდარა.
სადავო სიუჟეტი დღემდე ონლაინ არის ხელმისაწვდომი და მას არ აქვს არანაირი მინიშნება, რომ გადაცემაში გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია. ამასთან, ქარტიის საბჭოს დასკვნით, დადგენილია პირველი პრინციპის (სიზუსტის) დარღვევა.
გამომდინარე აქედან, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა თამარ შარიქაძემ დაარღვია ქარტიის მე-5 პრინციპი.
მეშვიდე პრინციპი.
“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ, როგორც სადავო სიუჟეტი, ისე მისი სათაური: “მოტყუებული შშმ პირთა ნაწილი”, შშმ პირთა შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელია. “ტვ იმედმა”, განზრახ, ერთი რესპონდენტის ,,გაურკვეველი’’ პასუხი განაზოგადა განცხადების ხელმომწერ 70-მდე სუბიექტის უმრავლესობაზე, რომ მათაც არ იცოდნენ, რაზე აწერდნენ ხელს. შედეგად სიუჟეტში შშმ პირები და განცხადებაზე ხელმომწერი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე უფლებადამცველი ორგანიზაციები წარმოაჩინეს ადვილად მართვად, მოსატყუებელ, უცოდინარ, არაკომპეტენტურ, დახმარების მიმღებ და მხოლოდ დაფინანსებაზე ორიენტირებულ პირებად/ორგანიზაციებად. განმცხადებლის პოზიციით, ამ ყველაფრით მათ წაახალისეს საზოგადოებაში შშმ პირებისა და მათი ორგანიზაციებისადმი სტერეოტიპების და სტიგმის გამყარება, წყალში ჩაყარეს წლების განმავლობაში შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და უფლებების დაცვისკენ მიმართული ცნობიერების ამაღლების ათასობით კამპანიის შედეგები.
ევროპის საბჭოს სტრატეგიის შესაბამისად, “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უფლება აქვთ ხელი მიუწვდებოდეთ და სრულყოფილად და თანასწორობის საფუძველზე სარგებლობდნენ ადამიანის უფლებებით, რაც დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, ევროპის სოციალური ქარტიისა და გაეროს კონვენციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ (UNCRPD1), ადამიანის უფლებათა ყველა სხვა საერთაშორისო დოკუმენტებით.” სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ უფლებების ხელმისაწვდომობა, როგორც ეს განსაზღვრულია UNCRPD-ში (მუხლი 9), არის წინაპირობა შშმ პირთათვის, რომ შეძლონ ისარგებლონ ადამიანის უფლებებით აქტიურად, მონაწილეობა მიიღონ და წვლილი შეიტანონ სრულად და თანაბრად საზოგადოებაში, იყვნენ დამოუკიდებლები და გააკეთონ არჩევანი ცხოვრების ყველა ასპექტთან დაკავშირებით.
დისკრიმინაცია შეიძლება დადგინდეს, როდესაც ადამიანს ეზღუდება გარკვეული უფლებები და შეზღუდული შესაძლებლობების საფუძვლით მას განსხვავებულად [უკეთესად ან უარესად] ეპყრობიან.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო სიუჟეტში გამოყენებული ფრაზებით: "ადამიანებმა, რომლებიც კონკრეტულ კანონს აპროტესტებენ, მის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ, არცერთი დოკუმენტის შინაარსი არ იციან და მათ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ”; “დონორებს მათი დაფინანსებული ენჯეო სექტორი შეცდომაში შეჰყავთ და ამ გზით მათი ფინანსების დამალვას ცდილობენ. აგორებული კამპანია კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახელის გამოყენებას და მათ მოტყუებას ემსახურება”, დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. საკითხის მსგავსი სახით გაშუქებამ გამოიწვია შშმ პირთა დისკრიმინაცია და ხელი შეუწყო მათ მიმართ სტიგმის, სტერეოტიპის გაძლიერებას, რომ შეზღუდული შესაძლებლობების გამო ისინი მარტივად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ. სიუჟეტის მიხედვით ისეა წარმოჩენილი, თითქოს შშმ პირებმა არ იციან იმ კანონის შინაარსი, რომელსაც აპროტესტებენ, შეცდომაში არიან შეყვანილი ვიღაცის მიერ, მათ იყენებენ, აშინებენ, რომ დაფინანსება შეუწყდებათ და ა.შ.
სიუჟეტში გამოყენებული ფრაზები ქმნის ისეთ წარმოდგენას, რომ თითქოს განცხადებაზე ხელმომწერებმა არ იციან, თუ რას მოაწერეს ხელი, რომ თითქოს ეს მათ ბრმად გააკეთეს. ეს ყოველივე კი მათ ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს და საზოგადოებას უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს შშმ პირები მათი შეზღუდული შესაძლებლობების გამო, მარტივად ექცევიან გავლენის ქვეშ და მარტივად სამართავები არიან.
ამ ყველაფრით სიუჟეტის ავტორმა ამ ჯგუფის მიმართ სტიგმის გაძლიერებას შეუწყო ხელი, რაც ცალსახად ქარტიის მე-7 პრინციპის დარღვევაა.
ასევე, სიუჟეტში ჩანს მმართველი გუნდის წარმომადგენლების დისკრიმინაციული განცხადებები: შალვა პაპუაშვილის მიმართვა შშმ პირების მიმართ, რომ “ყველას გატყუებენ”; “არ შეიძლება შეზღუდული შესაძლებლობის პოლიტიკური ინტერესებით გამოყენება”; “ ვინც … ეხმარება შშმ პირებს, იმას ორდენი ეკუთვნის, მაგრამ როდესაც ცდილობ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ გამჟღავნდეს, გამოდის, რომ სხვა გეგმა გაქ. ან შშმ პირებს იყენებ იმ პოლიტიკური უზნეო მიზნებისათვის, რომელიც გაგაჩნია”, რაც განსაკუთრებით საშიშია, ვინაიდან მათ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელთა ცნობიერებაშიც კვლავ არსებობს სტერეოტიპული დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობების მიმართ.
ჟურნალისტი ვალდებულია, ერკვეოდეს, რას ნიშნავს დისკრიმინაცია და დისკრიმინაციის, სტიგმის წახალისება. მედიას არადისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპების შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია.
საბჭო დადგენილ პრაქტიკაში აღნიშნავს, რომ მედია, შესაძლოა, მარტივად გახდეს სტერეოტიპების გაღრმავების ხელისშემწყობი, თუკი თითოეულ შემთხვევას სიფრთხილით არ მოეკიდება და გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე არ იფიქრებს.
მედიასაშუალებები უნდა ცდილობდნენ, არ წაახალისონ არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბება. მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საინფორმაციო ქმედებებით ხელი შეუწყოს საზოგადოებაში არსებული ირაციონალური შიშებისა და ზიზღის წინააღმდეგ ბრძოლას.
საბჭო აღნიშნავს, რომ ჟურნალისტი ვალდებულია, გაემიჯნოს დისკრიმინაციულ, სტერეოტიპულ გამონათქვამებს და არ შეუწყოს ხელი მათ გაღრმავებას, რაც მოცემულ სიუჟეტში დარღვეულია და ჟურნალისტის გამონათქვამები თავად არის დისკრიმინაციის შემცველი. ამასთან, თავად სიუჟეტიც გაჯერებულია მმართველი ძალის დისკრიმინაციული კომენტარებით.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
თამარ შარიქაძემ დაარღვია ქარტიის 1-ელი,, მე-5 და მე-7 პრინციპები.
16 ივლისი, 2024 წელი
საქმე N 731
საბჭოს თავმჯდომარე: ნინო რამიშვილი
საბჭოს წევრები: გელა მთივლიშვილი, ნინო კაპანაძე, ხატია ღოღობერიძე, მანანა ქველიაშვილი, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ორგანიზაციამ “ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) - საქართველო”. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2024 წლის 28 თებერვალს, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში გასულ გადაცემაში “ღამის კურიერი” დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი.
მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა აღნიშნული გადაცემის წამყვანი, ნინო შუბლაძე.
საქმის განხილვის თავისებურებები:
საბჭოს სხდომა წარიმართა ქარტიის ოფისში, დისტანციურად.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას დისტანციურად ესწრებოდა და განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებლის წარმომადგენელი, მელანო ცხვარაძე.
მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც თავისი შეპასუხება წარმოუდგენია.
ქარტიის საბჭოს თავმჯდომარის სხდომაში ვერ მონაწილეობის გამო, ერთჯერადად, სხდომის მიზნებისთვის, საქმის განხილვის საწარმოებლად თავმჯდომარედ განისაზღვრა ნინო რამიშვილი. (ქარტიის საქმის წარმოების წესის შესაბამისად: “საბჭოს სხდომას ხსნის და ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს ამ სხდომისათვის საბჭოს წევრების მიერ თავმჯდომარედ არჩეული პირი.”)
სამოტივაციო ნაწილი:
განმცხადებელი სადავოდ ხდიდა მოპასუხე ჟურნალისტის ქვემოთ მოყვანილ ფრაზებს:
ნინო შუბლაძის სადავო ფრაზები:
“ელგებეტე პროპაგანდა.”
“სად გადის ზღვარი უმცირესობების უფლებების დაცვასა და პროპაგანდას შორის?”
განცხადებისა და მისი ავტორის პოზიციის შესაბამისად, კონკრეტულ ფრაზებთან ერთად, პრობლემურია მთლიანად გადაცემის კონტექსტი, რამდენადაც გადაცემა “შეიცავს ქვიარ თემის მადისკრედიტებელ, მათი ჩაგვრისა და დისკრიმინაციის გაღრმავების შემცველ მასალებს. ერთსაათიანი გადაცემის განმავლობაში ჟურნალისტი მრავალჯერ ახსენებს “ელგებეტე პროპაგანდას” და ამ ფორმულირებას იყენებს კითხვის დასმის დროსაც”.
განმცხადებელი მიუთითებს, რომ გადაცემაში მოწვეული პოლიტიკოსის, გურამ მაჭარაშვილის მიერ რამდენჯერმე გაჟღერებული ტერმინი “ელგებეტე პროპაგანდა”, სიძულვილის ენაა და ჟურნალისტი ვალდებულია, რომ განმარტება გააკეთოს და აუდიტორიას აუხსნას, როგორ უნდა მოვიხსენიოთ ქვიარ თემი სწორად. ორგანიზაციის პოზიციით, “ტერმინის შეგნებულად არასწორი გამოყენება ქვიარ თემის მიზანმიმართულ მარგინალიზაციას და მათ არასერიოზულ აღქმას უწყობს ხელს, რაც საზოგადოებაში მათ მიმღებლობას ამცირებს და კიდევ უფრო რიყავს”. ამასთან, რესპონდენტი ამბობს, რომ თავშივე უნდა “ჩავკლათ ის ნებისმიერი ანტისხეული, რომელიც ამას [ქვიარ თემს] პროპაგანდირებას უწევს.”
მეშვიდე პრინციპი.
“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”
განმცხადებელი მიუთითებს, რომ გადაცემა იყო დისკრიმინაციული და დამაზიანებელი. მისი პოზიციით, სიუჟეტში მრავალჯერ გამოყენებული ტერმინი: ლგბტ თემის “პროპაგანდა”, როგორც ასეთი, არ არსებობს და ვერ იარსებებს, გამომდინარე იქიდან, რომ სექსუალური ორიენტაცია არა არჩევანი, არამედ მოცემულობაა. განმცხადებლის თქმით, აღნიშნული სიტყვათშეთანხმება პუტინის რუსეთში 2013 წელს მიღებული ჰომოფობიური კანონის მემკვიდრეობაა და მისი გამოყენების მიზანი ქვიარ თემის, როგორც ერთ-ერთი მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფის, კიდევ უფრო მარგინალიზება და ჩაგვრის გაღრმავებაა, რაც წაახალისებს დისკრიმინაციასა და ძალადობას.
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტებს შეუძლიათ, ქვიარ ადამიანები მოიხსენიონ, როგორც ქვიარ თემი, რომელიც ქოლგა ტერმინია და მარტივად გამოსათქმელია, ან აბრევიატურით ლგბტქ+ ადამიანები.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. მსგავსი სახით საკითხის გაშუქება იწვევს ქვიარ თემის დისკრიმინაციას და ხელს უწყობს სიძულვილის გაძლიერებას.
ლგბტქ+ ადამიანები ხშირად არიან დისკრიმინაციის სამიზნეები. მათ უწევთ გამკლავება ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან წამოსულ აგრესიასთან, პოლიტიკურ ჰომოფობიასთან და უთანასწორობასთან, შესაბამისად, მედიას არადისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპების შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. ჟურნალისტი ვალდებულია, ერკვეოდეს, რას ნიშნავს დისკრიმინაცია და დისკრიმინაციის წახალისება, სიძულვილის ენა და არატოლერანტული გამონათქვამები. ჟურნალისტი ვალდებულია იყენებდეს ისეთ ტერმინებს, რაც არ იქნება შეურაცხმყოფელი, დამაკნინებელი არცერთი ჯგუფის მიმართ.
ქარტიის პრინციპები ჟურნალისტს ავალდებულებს, პირდაპირი ეთერის შემთხვევაში გაემიჯნოს, მიუთითოს რესპონდენტებს, თუ ისინი საზოგადოების ნებისმიერი ჯგუფის მიმართ იყენებენ დისკრიმინაციულ გამონათქვამებს, რაც ნინო შუბლაძემ არ გააკეთა. უფრო მეტიც, მის მიერ არაერთგზის გამოყენებული ტერმინი “ელგებეტე პროპაგანდა” არაზუსტი და მადისკრედიტებელია.
საბჭო აღნიშნავს, რომ გადაცემაში აქცენტირებული ე.წ. „ლგბტ პროპაგანდა" არ არსებობს. მითითება, რომ „პროპაგანდას” შეუძლია იდენტობაზე გავლენა მოახდინოს და შეცვალოს, გარდა იმისა, რომ არასწორია, არის რუსული დეზინფორმაციული ნარატივის და პროპაგანდის ნაწილიც — არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება და სანდო წყარო, რომელიც დაადასტურებდა „ლგბტ პროპაგანდის" რაიმე ფორმით არსებობას და იმას, რომ ის გავლენას ახდენს ადამიანებზე.გარდა ამისა, დისკრიმინაციულია ამ ტერმინით აპელირება, რადგან ის თავისთავად შეიცავს ქვიარ ადამიანების მტრად წარმოჩენის ნარატივს — თითქოს ქვიარ თემი არის მტერი, რომლის “თავს მოხვევასაც” ცდილობენ და ის საქართველოს მოსახლეობის, ეროვნული იდენტობის წინააღმდეგაა მიმართული.
საქართველოში ამ ტერმინოლოგიას მეტწილად ანტიდასავლური და პრორუსული ჯგუფები იყენებენ. ამასთან, ამას ემატება მმართველი გუნდის წევრების ნაწილის ჰომოფობიური განცხადებები, რაც ცხადყოფს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები თავად აწარმოებენ დისკრიმინაციულ პროპაგანდას მედიის მეშვეობით, რაც განსაკუთრებული საფრთხის შემცველია, ვინაიდან მათ შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინონ საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელშიც ჰომოფობიური განწყობები ისედაც ძლიერია.
ქვიარ თემის დისკრიმინაციის ხელშეწყობის ნაცვლად, მედიამ უნდა იმუშაოს ცნობიერების და განათლების დონის ამაღლებაზე ლგბტქ+ საკითხების მიმართ, ასევე, იმ შევიწროების და დისკრიმინაციის შესახებ, რომელსაც ქვიარ თემი განიცდის. მედიამ უნდა გამოიყენოს ისეთი ლექსიკა და ტერმინოლოგია, რომელიც ხელს არ შეუწყობს სტერეოტიპული ფორმულირებების გავრცელებას, არამედ, წაახალისებს ტოლერანტული კულტურის დამკვიდრებას.
გადაცემაში ჟურნალისტი და რესპონდენტი აქტიურად იყენებენ არასწორ ტერმინებს [„ელგებეტე”]. საბჭო აღნიშნავს, რომ ჟურნალისტურ მასალაში აუცილებელია გამოყენებული იყოს სწორი ტერმინები და ჟურნალისტმა სათანადო ძალისხმევა უნდა გასწიოს სწორი ტერმინების მოძიებისთვის.
ქარტიის სახელმძღვანელო წესებში „სახელმძღვანელო მითითებები და თვითრეგულირების სტანდარტები გენდერის, გენდერული ნიშნით ძალადობისა და ლგბტქი საკითხებზე სენსიტიური და ეთიკური გაშუქების შესახებ", მოცემულია ინფორმაცია სწორი ტერმინოლოგიის შესახებ, რომელიც ამ თემით დაინტერესებულ ჟურნალისტს დისკრიმინაციული ფორმულირებების გავრცელებისგან დაიცავს.
როგორც საბჭომ თავის პრაქტიკაში აღნიშნა, მედია, შესაძლოა, მარტივად გახდეს სტერეოტიპების გაღრმავების ხელისშემწყობი, თუკი თითოეულ შემთხვევას სიფრთხილით არ მოეკიდება და გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე არ იფიქრებს. მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საინფორმაციო ქმედებებით ხელი შეუწყოს საზოგადოებაში არსებული ირაციონალური შიშებისა და ზიზღის წინააღმდეგ ბრძოლას.
მოცემულ შემთხვევაში, ჟურნალისტი ვალდებული იყო, მინიმუმ გამიჯვნოდა ჰომოფობიურ გამონათქვამებს, რის სუსტ მცდელობებს ვაწყდებით კიდეც გადაცემაში, თუმცა ეს ვერ გადაწონის კეთილსინდისიერი მედიის ვალდებულებას, რომ ჟურნალისტი უნდა უპირისპირდებოდეს მსგავს მიდგომას და, არათუ ახალისებდეს რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციას, არამედ უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციის ნებისმიერ გამოვლინებას, რაც სადავო მასალაში არ იკვეთება.
ქარტიის საბჭომ გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია, რომ ყველა ზემოთ აღწერილი ფრაზა და გადაცემის კონტექსტი მთლიანად დისკრიმინაციულია ქვიარ თემის მიმართ.
ამასთან, ქარტიის საბჭო ყურადღებას ამახვილებს
იმაზე, რომ როდესაც ავტორმა გადაცემაში ამ თემაზე სასაუბროდ მოიწვია
საქართველოს პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი, იმ
განცხადების ფონზე, რაც მან ქვიარ თემთან
დაკავშირებით წინა დღეს (და მანამდეც არაერთგზის) გააკეთა, გადაცემის
წამყვანს უნდა ჰქონოდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის დისკრიმინაციულ
განცხადებებს გააკეთებდა ქვიარ თემის მიმართ, და უნდა დახვედროდა
შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი, უნდა გამოეყენებინა სწორი ტერმინები და
გამიჯვნოდა, შებრძოლებოდა პარლამენტის აშკარად ჰომოფობი წევრის
ჰომოფობიურ გზავნილებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა პირდაპირ დისკრიმინაციად მიიჩნევს ისეთ მოპყრობას ან პირობების შექმნას, რომლებიც პირს, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით.
ქარტიის საბჭო მე-7 პრინციპს დარღვეულად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებულია ისეთი ტერმინები, რომლებიც თანხვედრაშია ჰომოფობიური ჩაგვრის (როგორც ვერბალური, ისე ფიზიკური) პრაქტიკაში დამკვიდრებულ ტერმინებთან, ატარებს დამაკნინებელ და შეურაცხმყოფელ ხასიათს ლგბტქ+ ადამიანების მიმართ.
ჟურნალისტი სადავო მასალაში რესპონდენტთან ერთად ნებსით თუ უნებლიედ ახდენს ლგბტქ+ ადამიანების დისკრედიტაციას და მათი არსებობის, მათი საჯაროდ პოზიციონირების საზოგადოების პრობლემად წარმოჩენას, ამაზე მიუთითებს ჟურნალისტის შეკითხვა: “სად გადის ზღვარი უმცირესობების უფლებების დაცვასა და პროპაგანდას შორის?” და რესპონდენტის გამონათქვამი, რომ ყველა ანტისხეული უნდა ჩავკლათ.
სადავო გადაცემაში წარმოჩენილია, რომ თითქოს ქვიარ თემი არ უნდა სარგებლობდეს იმავე უფლებებით, რითაც სხვა ადამიანები და თითქოს ისინი არ ექცევიან უფლებების დაცვის საერთო ჩარჩოში, რაც ცალსახად პირდაპირი დისკრიმინაციის მაგალითია. ეს ყოველივე კი, ისედაც ნეგატიურად განწყობილ საზოგადოებაში, ხელს უწყობს სტიგმისა და სიძულვილის გაძლიერებას.
საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა წაახალისა ლგბტქ+ ადამიანების დისკრიმინაცია და სტიგმატიზაცია, რითაც ხელი შეუწყო ჰომოფობიური განწყობების გაღვივებასა და გავრცელებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო გადაცემაში დარღვეულია ქარტიის მე-7 პრინციპი.
სარეზოლუციო ნაწილი
სადავო გადაცემაში “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტმა ნინო შუბლაძემ დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.
27 ივლისს ქარტიის საბჭომ განიხილა საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის ქსელის განცხადება “ტვ იმედის” ჟურნალისტის თამარ შარიქაძის წინააღმდეგ.
Სადავო მასალა ეთერში 2024 წლის 5 აპრილს გავიდა, რომელშიც წარმოჩენილი იყო, რომ თითქმოს შშმ პირების ნაწილი განზრახ შეცდომაში იყო შეყვანილი ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით. განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია მანიპულაციურად და არასწორად გააშუქა.
მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც თავისი შეპასუხება წარმოუდგენია წერილობით.
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5 და მე-7 პრინციპები.
9 ივნისი, 2024 წელი
საქმე N 742
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: გელა მთივლიშვილი, ნინო კაპანაძე, საბა წიწიკაშვილი, მანანა ქველიაშვილი, ხატია ღოღობერიძე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2024 წლის 2 მარტს, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასულ გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი” დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-5, მე-7 და მე-8 პრინციპები.
მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ აღნიშნული გადაცემის წამყვანი, ნოდარ მელაძე და სიუჟეტის ავტორი, მაკა ჩიხლაძე.
საქმის განხილვის თავისებურებები:
Საბჭოს სხდომა წარიმართა ქარტიის ოფისში, ჰიბრიდულ ფორმატში, კერძოდ, საბჭოს წევრების ნაწილი სხდომაში მონაწილეობდა დისტანციურად.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას დისტანციურად ესწრებოდა და განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებლის წარმომადგენელი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურისტი, გიორგი სანტურიანი.
მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც თავიანთი შეპასუხება წარმოუდგენიათ, თუმცა, ელექტრონულად წარმოადგინეს ნოდარ მელაძის შაბათის გუნდის ახსნა-განმარტება, რომელიც ტელეკომპანია “პირველის” თვითრეგულირების კომისიას წარედგინა ამავე მასალასთან დაკავშირებული საჩივრის განხილვისას.
აღნიშნულ ახსნა-განმარტებაში ჩანს ჟურნალისტების პოზიცია და საბჭო საქმის განხილვის დროს ამ დოკუმენტსაც დაეყრდნო.
სამოტივაციო ნაწილი:
განმცხადებელი სადავოდ ხდიდა მოპასუხე ჟურნალისტების ქვემოთ მოყვანილ ფრაზებს. მან თითოეულ სადავო ფრაზაზე საბჭოს წინაშე განმარტება წარმოადგინა:
მაკა ჩიხლაძის სადავო ფრაზები:
“შევარდნაძის მმართველობისას გიორგი კალანდარიშვილის მამა მართლაც მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, თუმცა ბატონი სამსონი თანამდებობიდან ხელისუფლების შეცვლისთანავე, 2003 წელს გათავისუფლდა და ახლა ის უკვე გარდაცვლილია. ამასთან, ჩნდება ლოგიკური კითხვა, თუ ეს ოჯახის დაგროვილი დოვლათი იყო, რატომ თარიღდება მსხვილი შენაძენები მამის პოსტზე მუშაობიდან თითქმის 20 წლის შემდეგ”.
განცმხადებლის პოზიციით, “მამას არანაირი შემხებლობა სახელმწიფო თანამდებობებთან არ ჰქონია, მითუმეტეს გადაცემაში დასახელებულ პერიოდში. 2003 წელს თანამდებობიდან ვერ გაათავისუფლებდნენ, რადგან 2001 წლის 7 ოქტომბერს გარდაიცვალა”.
“ეს აპარტამენტი კალანდარიშვილის სიდედრის საკუთრებაა და ისიც ვაკეში, ჟვანიას პირველ ნომერში მდებარეობს. ლალი ზანდუკელის ბინაც რუსებზეა გაქირავებული”.
განმცხადებელი განმარტავს, რომ ხსენებულ მისამართზე მისი სიდედრი ცხოვრობს და სიუჟეტში ნაჩვენები იყო იმავე მისამართზე, თუმცა სხვა სართულზე განთავსებული სხვა პირის საცხოვრებელი.
“გამოდის, რომ მხოლოდ შატბერაშვილის 19-21-ში გიორგი კალანდარიშვილის ოჯახი 5 ბინას ფლობს. სამს დედის, ერთს ცოლის და ერთსაც სიმამრის - გურამ ჩიკვილაძის სახელზე”.
განმცხადებელი ამბობს: “პირადად ჩემი ოჯახის (მეუღლე და შვილები) საკუთრებაში ხსენებულ კორპუსში არის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ბინა (რომელიც ირიცხება მეუღლის სახელზე), ხოლო დედის საკუთრებაში არის 2 საცხოვრებელი ბინა, რაც ჯამურად 5-ს ნამდვილად არ შეადგენს.”
“ოთარ ლორთქიფანიძის 30-ში კი ქონება ცესკოს თავმჯდომარის ძმის, მიხეილ კალანდარიშვილის სახელზე ფიქსირდება. ბინის ოფიციალური მფლობელი საქართველოში არ ცხოვრობს, ამიტომ დაზუსტებით ძნელი სათქმელია, ის არის ბინის რეალური მეპატრონე თუ მისი თანამდებობის პირი ძმა”.
“იმის მიუხედავად, რომ ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და არ წარმოუდგენია სიუჟეტის ავტორს, ის მიუთითებს, რომ ჩემი ძმის ბინაც შესაძლოა ჩემს საკუთრებას წარმოადგენდეს. სინამდვილეში კი, აღნიშნული ბინა ჩემს ძმას 2007 წელს აქვს შეძენილი და დღემდე წარმოადგენს მის პირად საკუთრებას”, - დააფიქსირა განმცხადებელმა ამ ეპიზოდთან დაკავშირებით.
“დედაქალაქში უძრავი ქონების დაგროვებაზე აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ ცესკოს პირველი პირი და მისი მეუღლე იყვნენ ორიენტირებული - ჩახლართული ყიდვა-გაყიდვის სქემაში ყველაზე მსხვილი მოთამაშე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დედაა. ქეთევან აბდალაძე ქუთაისში ცხოვრობს და მის სახელზე 2021 და 2022 წლებში ისევ ვაკეში და ისევ იმ კორპუსში სამი ბინა ფორმდება”.
დედის ეპიზოდთან დაკავშირებით ცესკოს ხელმძღვანელმა ქარტიის საბჭოს
შემდეგი პოზიცია წარმოუდგინა: “პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ
დედას მემკვიდრეობით დარჩა გარკვეული უძრავი ქონება. მათ შორის, ფართი
ქუთაისში - სტამბის შენობაში, საცხოვრებელი სახლი და ა.შ. მას ასევე,
ჰქონდა საცხოვრებელი ფართი თბილისში. სწორედ აღნიშნული ქონების
სხვადასხვა დროს რეალიზების შედეგად და შვილების თანამონაწილეობით,
მან შეძლო საცხოვრებელი ფართების შეძენა ქ. თბილისში. სიუჟეტში
საუბარია, რომ დედას აქვს 3 ბინა ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ
კორპუსში, თუმცა, გადაცემის გასვლის მომენტში, აქედან ერთი ბინა ჩემი
ძმის - მიხეილ კალანდარიშვილის სახელზე იყო გაფორმებული.
მივყვეთ ქრონოლოგიურად: 2021 წლის 27 დეკემბერს, იპოთეკური
ხელშეკრულების საფუძველზე შევიძინეთ 61.30 კვადრატული მეტრის
საცხოვრებელი ფართი, რომელიც დედაზე იქნა გაფორმებული. 2022 წლის 16
დეკემბერს, პარალელური იპოთეკური სესხით, ჩემი ძმის და დედის
თანამონაწილეობით, შევიძინეთ 146.60 კვ.მ ფართი სიუჟეტში ხსენებულ
კორპუსში, რომელიც 2023 წლის 21 აპრილს გაიმიჯნა 2 ნაწილად. 2024 წლის
28 თებერვალს კი, გამიჯნული ფართიდან 86.60 კვ.მ ჩუქებით გადაფორმდა
ჩემს ძმაზე - მიხეილ კალანდარიშვილზე, ვინაიდან, აღნიშნული ბინის
მესაკუთრე თავიდანვე ის გახლდათ, თუმცა, ქვეყანაში არყოფნის გამო,
მანამდე ვერ მოხერხდა მის სახელზე საკუთრების
გადაფორმება.”
“იმ კორპუსების ნებართვების მონიტორინგმა, სადაც ცესკოს თავმჯდომარის ოჯახს ბევრი ბინა აქვს, აჩვენა, რომ ორივე შემთხვევაში დეველოპერებს მერიასთან პრობლემები ჰქონდათ. მშენებლები, დარღვევების მიუხედავად, კოეფიციენტების მატებას ითხოვდნენ და საბოლოოდ იღებდნენ კიდეც. ეს საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ცესკოს თავმჯდომარეს 5 ბინა დავუთვალეთ, თავდაპირველი პროექტი 40-ბინიანი და 5-სართულიანი უნდა ყოფილიყო. 2018 წელს კალაძემ ბინადარს კოეფიციენტის მატებაზე უარი უთხრა, თუმცა 2019 წელს პოზიცია შეცვალა და სართულიანობა 5-დან თორმეტამდე, სიმაღლე კი 56 მეტრამდე გაზარდა”.
“ეს დამთხვევაა თუ სამშენებლო კომპანიას დაავალეს შეცვლილი ნებართვის სანაცვლოდ ცესკოს მაშინდელი იურიდიული სამსახურის უფროსი მოემადლიერებინა.”
ცესკოს ხელმძღვანელის განმარტება: “სიუჟეტის ავტორი ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი დასაბუთების გარეშე ავითარებს მოსაზრებას ჩემსა და კომპანიას შორის შესაძლო კავშირის შესახებ. აქვე მინდა განვმარტო, რომ ჩემი ოჯახის წევრებმა საცხოვრებელი ფართები შეისყიდეს არა გადაცემაში ხსენებული კომპანიისგან, არამედ კონკრეტული ბინების მფლობელი სხვადასხვა მესაკუთრისგან. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომია დაინტერესებული მხარეებისთვის და მათ შორის არცერთი ამონაწერით არ დგინდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრის მხრიდან განხორციელდა გადაცემაში ხსენებული სამშენებლო კომპანიისგან ბინის შესყიდვა. შესაბამისად, არათუ სამართლებრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, არამედ არანაირ ლოგიკაშიც კი არ ხვდება ჩვენი კავშირი სამშენებლო კომპანიასთან, გარდა იმისა, რომ მათ მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში ვფლობთ საკუთრებას. ასევე, საერთოდ უცნობია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, კომპანიასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამშენებლო საკითხი, გარდა იმისა, რომ ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით ჩემი მეუღლის და ჩემი დედის საკუთრებაში არსებული და სიუჟეტში მოხსენიებული ვაკის რაიონში მდებარე საცხოვრებელი ფართები, ექსპლუატაციაში არ არის მიღებული და ჩაბარებული სათანადო წესით საჯარო რეესტრში, რაც ასევე დასტურდება შესაბამისი ამონაწერებით”.
ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის სადავო ფრაზები არასრულწლოვნების ნაწილში:
ნოდარ მელაძე: “მათ შორის იყო შემთხვევა, როდესაც 5 თვის ჩვილზე გააფორმეს ახლად აშენებულ კორპუსში და შემდეგ ბაგა ბაღის მოსწავლემ კალანდარიშვილის მეუღლეს აჩუქა”.
“ჩვენ ვერ მივაკვლიეთ ყოველ შემთხვევაში ასეთს, თუმცა მე ვერ ამოვხსენი არასრულწლოვანი შვილების სახელზე ქონების გადაფორმების შემდეგ მშობლებზე ჩუქების აი მთელს ამ მაქინაციებს”.
მაკა ჩიხლაძე: “კალანდარიშვილის ბინების დათვლა კენჭისყრის შედეგების დათვლაზე რთული აღმოჩნდა იმიტომ, რომ ცესკოს პირველ პირს ხშირ შემთხვევაში შეძენილი უძრავი ქონება არა საკუთარ, არამედ დედის, ცოლის 1 და 3 წლის შვილების სახელზე აქვს გაფორმებული. უძრავი ქონების სიმრავლე, როგორც ჩანს, თავად მფლობელსაც გარკვეულ სირთულეებს უქმნის და ამიტომ გაჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემა წერილობით ურჩევნია”.
“მეტი სიზუსტისთვის, საჯარო მოხელის და არჩევნებზე პასუხისმგებელი პირის ქონების თვლას მის მიერვე შევსებული დეკლარაციით ვიწყებთ”.
“ბინა შატბერაშვილის 44 ნომერში კი, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ცხოვრობს, მისი არასრულწლოვანი შვილის სახელზეა გაფორმებული. ბინის შეძენის მომენტში გ.კ. 5 თვის იყო.”
შენიშვნა: სიუჟეტში არასრულწლოვნის სახელ გვარი სრულად იყო, თუმცა საბჭო მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით არასრულწლოვნების ვინაობის დამატებითი ტირაჟირება არ უნდა მოხდეს.
“შაბათის ეთერის მიერ მოპოვებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ კალანდარიშვილის ჩვილმა ბავშვმა ვაკეში კვადრატული მეტრი 535 დოლარად იყიდა, რაც იმდროინდელი საბაზრო ფასითაც არაადეკვატურად დაბალი ფასია. ამ ბინის ნასყიდობის ფაქტს ეჭვქვეშ კიდევ ერთი გარემოება აყენებს - დოკუმენტების კვლევისას ვხედავთ, რომ ცესკოს თავმჯდომარის შვილზე გადმოფორმებამდე ბინას ვინმე მიხეილ ლორთქიფანიძე ფლობდა. ლორთქიფანიძე გვიყვება, რომ ბინა არ გაუყიდია და გადაფორმება ვალის სანაცვლოდ მოხდა”.
“შატბერაშვილის 44 არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში არჩევნებზე პასუხისმგებელი პირი ოჯახის ქონებას არასრულწლოვანი შვილების სახელზე აფორმებს. კიდევ ერთი მისამართზე ვაკეში, შატბერაშვილის 19-21 ნომერში გიორგი კალანდარიშვილის კიდევ ერთი შვილი, დ.კ. ფიგურირებს. 2020 წლის 13 იანვარს დოკუმენტების მიხედვით, 3 წლის დ. ყიდულობს 67 კვადრატ ბინას, ჯამში მხოლოდ 40 000 დოლარად. Ზუსტად 4 თვეში 3 წლის შვილი კი ნაყიდ ბინას დედას, ანუ გიორგი კალანდარიშვილის ცოლს ჩუქნის”.
გიორგი კალანდარიშვილის პოზიცია: “არასრულწლოვან შვილებზე ხაზგასმა, მათ შორის, მათი ქონებრივი თუ სხვა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, არ შეესაბამება ერთი მხრივ ჟურნალისტური ეთიკის და მეორე მხრივ ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ რაც შეეხება გ. შატბერაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში არსებულ საცხოვრებელ ფართს, მე და ჩემმა მეუღლემ ის იპოთეკური სესხითა და დანაზოგით 2017 წელს კეთილსინდისიერად შევიძინეთ და იმთავითვე ბინა ჩვენი შვილის სახელზე გავაფორმეთ. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ სიუჟეტში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ჩემს შვილებზე ბინების გაფორმებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ჩვენი შიდა ოჯახური გადაწყვეტილებები არ წარმოადგენს საჯარო განხილვის საგანს. ამ თემით მანიპულირება კი, მხოლოდ უსაფუძვლო ეჭვების შექმნას და გამძაფრებას ემსახურება. ამას გარდა, არასრულწლოვანი შვილების სიუჟეტში მოხსენიება, მათ შორის მათი ქონებრივი თუ სხვა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, არ შეესაბამება ერთი მხრივ ჟურნალისტური ეთიკის და მეორე მხრივ ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დეკლარაციაში უძრავი ქონება ასახულია სრულყოფილად, მიუხედავად იმისა, დროის სხვადასხვა მონაკვეთში ვის სახელზე იყო აღრიცხული, რაც, ბუნებრივია, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ წარმოადგენს და გადაცემაში გამოყენებული იყო მანიპულაციურად. ამასთან გაცნობებთ, რომ ბინის შვილიდან დედაზე გადაფორმება, განპირობებული იყო შიდა ოჯახური საჭიროებით”.
ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის სადავო ფრაზები დამქირავებლების მოქალაქეობის ნაწილში:
ნოდარ მელაძე: “ანუ რუსეთის მოქალაქეებზე ბინების გაქირავება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის უხერხულობას არ ქმნის ხომ?”
მაკა ჩიხლაძე: “არა, პირიქით. მასაც და მის მეუღლესაც როდესაც ეს შეკითხვა დავუსვით, ის უფრო გაუგებარი იყო, რატომ ვუსვამდით ამ შეკითხვას იმიტომ, რომ “რა პრობლემას ხედავთ” - ეს იყო პასუხი”.
“ეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ცოლის ბინაა, რომელიც, მისივე მდგმურების მონათხრობზე დაყრდნობით, უკვე დიდი ხანია ბელორუსიიდან ჩამოსულ ქალზეა გაქირავებული”.
“ეს კი რუსეთის მოქალაქეა და ცესკოს თავმჯდომარის ბინას ქირაობს. დოკუმენტების მიხედვით, გაქირავებული ბინა დედისაა, თუმცა გიორგი კალანდარიშვილის ინტერვიუდანვე დგინდება, რომ სინამდვილეში უძრავი ქონება მას ეკუთვნის”.
“არავის არ ვუვარდებით, რუსი და ბელორუსი მდგმურები რომ გყავთ იცით ამის თაობაზე?”
განმცხადებელი მიუთითებს “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონზე, რომელიც განმარტავს, რომ დაუშვებელია, პოტენციურ დამქირავებელს უარი ეთქვას საჯაროდ ხელმისაწვდომ საქონელსა და მომსახურებაზე, მათ შორის საცხოვრებელთან დაკავშირებით გარიგების დადებაზე, მოქალაქეობის, ეროვნული ან ეთნიკური ნიშნის გამო.
მაკა ჩიხლაძის სადავო ფრაზები:
“თუმცა ეს მორალის ამბავია მაინც, მაგრამ მდგმურებთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი კანონდარღვევა, აი კანონის ენით რომ ველაპარაკოთ ცესკოს თავმჯდომარეს, მოვალეობის შემსრულებელს ამ ეტაპზე არის ის, რომ მას არსად უწერია დეკლარაციაში, რომ იჯარით შემოსული თანხა არის მისი ოჯახის ერთ-ერთი შემოსავალი ანუ ეს გრაფები დეკლარაციაში რომელსაც ის ავსებს, არის აბსოლუტურად ცარიელი.”
“ხარჯების თვლისას კიდევ ერთ მნიშვნელოვან და სავარაუდო კანონდარღვევას ვაწყდებით. ჩვენმა ჟურნალისტურმა მოკვლევამ დადასტურებულად აჩვენა, რომ გიორგი კალანდარიშვილი, მაგალითად, დედის სახელზე გაფორმებულ უძრავ ქონებას დეკლარაციას უმალავს. მალავს ბინების გაქირავებიდან მიღებულ თანხებსაც, რადგან არსად წერია, რომ ცესკოს თავმჯდომარეს იჯარიდან შემოსავალი აქვს მიღებული. ადამიანთან, რომელმაც ქვეყანაში ამ წლის ბოლოს უმნიშვნელოვანესი არჩევნები უნდა ჩაატაროს, კითხვები არა მხოლოდ გადამალულ ქონებასთან და ამ ქონების შესაძენად დახარჯული ფულის წარმომავლობასთან დაკავშირებით ჩნდება.”
კალანდარიშვილის განმარტება: „ნოდარ მელაძის შაბათის” გუნდი სრულიად უსაფუძვლოდ მდებს ბრალს დეკლარაციის არასრულყოფილად შევსებაში. კერძოდ, საუბრობს, რომ დეკლარაციაში შესაბამის ველში არ არის მითითებული იჯარით მიღებული შემოსავალი, სინამდვილეში კი, ბოლო დეკლარაციის შევსების მომენტში, ფართი გაქირავებული არ იყო და, შესაბამისად, ვერც მისი იჯარის შესახებ ინფორმაცია იქნებოდა მითითებული. ამას გარდა, გაცნობებთ, რომ წინა წელს მიღებული შემოსავლები, კანონმდებლობის თანახმად, უნდა აისახოს მომდევნო წლის დეკლარაციაში, რაც, ჩემ შემთხვევაში, 2024 წლის შესაბამის პერიოდში (ოქტომბერში) განხორციელდება”.
საქმის დამატებითი გარემოებები
ქარტიისთვის მხარეების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 2024 წლის 12 მარტს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, გიორგი კალანდარიშვილმა, მიმართა ტელეკომპანია “პირველის” თვითრეგულირების ორგანოს.
საჩივრის ფარგლებში სადავოდ იყო გამხდარი ჟურნალისტების ზემოაღნიშნული ფრაზები.
თვითრეგულირების კომისიის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გიორგი კალანდარიშვილის საჩივარი, კერძოდ, თვითრეგულირების ორგანომ არაზუსტად მიიჩნია სიუჟეტის შემდეგი ფრაგმენტი:
„შევარდნაძის მმართველობისას გიორგი კალანდარიშვილის მამა მართლაც
მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, თუმცა ბატონი სამსონი თანამდებობიდან
ხელისუფლების შეცვლისთანავე, 2003 წელს გათავისუფლდა და ახლა ის უკვე
გარდაცვლილია. ამასთან ჩნდება ლოგიკური კითხვა თუ ის ოჯახის დაგროვილი
დოვლათი იყო, რატომ თარიღდება მსხვილი შენაძენები მამის პოსტზე
მუშაობიდან თითქმის 20 წლის შემდეგ“.
თვითრეგულირების ორგანოს მასალების მიხედვით, განხილვის ეტაპზე ეს ფრაგმენტი ფაქტობრივ შეცდომად აღიარეს ჟურნალისტებმაც.
ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტებს აღნიშნული ფრაზის შესწორება დაევალათ. თვითრეგულირების კომისიამ ცესკოს ხელმძღვანელის საჩივარი დანარჩენ მოთხოვნებში არ დააკმაყოფილა.
გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ტელეკომპანია “პირველის” თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში.
ქარტიის საბჭოს მიერ ამ საქმის განხილვის ეტაპზე ტელეკომპანიის სააპელაციო ორგანოს გადაწყვეტილება მიღებული არ იყო.
პირველი პრინციპი.
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
მოცემულ შემთხვევაში ჟურნალისტური გამოძიების სიღრმეებში ჩასვლა და მასში მოყვანილი ფაქტების სიღრმისეულად გადამოწმება სცდება საბჭოს სამოქმედო არეალს. საბჭო ჟურნალისტურ პროდუქტს აფასებს აუდიტორიის, მაყურებლის პოზიციიდან, რომელიც მოკლებულია შესაძლებლობას, დამოუკიდებელი გზებით აწარმოოს მოკვლევა და სიუჟეტში მოწოდებული ინფორმაცია გადაამოწმოს.
შესაბამისად, საბჭომ იმსჯელა სიუჟეტში აღწერილ გარემოებებზე, გასაჯაროებულ ფაქტებზე და ის მიიჩნევს, რომ სიუჟეტი ერთობლიობაში არის მანიპულაციური და საზოგადოებისთვის ისეთი გზავნილების მიწოდებას ემსახურება, რომელთა ნაწილიც არ არის სათანადოდ გადამოწმებული და დადასტურებული.
სადავო ჟურნალისტური გამოძიება სამი ნაწილისგან შედგება: ანონსი, სიუჟეტის სტუდიური წარდგენა (წამყვანის და ავტორის მონაწილეობით) და სიუჟეტი. სამივეს ერთობლიობა ქმნის საბოლოო ჟურნალისტურ ნამუშევარს, რომელმაც აუდიტორიას კონკრეტულ თემაზე ყოველმხრივ გადამოწმებული, ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.
განსახილველ შემთხვევაში, როცა საქმე გვაქვს ჟურნალისტურ
გამოძიებასთან, ჟანრის სპეციფიკის გათვალისწინებით, ამ სამივე ნაწილის
ერთობლიობით ობიექტურ მაყურებელს უნდა შექმნოდა დასაბუთებული ვარაუდი
კონკრეტული კორუფციული გარიგებების და შესაძლო დანაშაულების შესახებ.
ამის მოლოდინს ქმნიდა გადაცემის ანონსიც.
ანონსი შემდეგ საკითხებზე ამახვილებდა ყურადღებას:
“აღმოჩენილია ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეფის ბევრი ბინა ვაკეში“,
კალანდარიშვილის ოჯახმა ხუთი ბინა ვაკეში იმ პრობლემურ კორპუსში მიიღო, რომელსაც სართულების დამატების უფლება მერიამ საეჭვო ვითარებაში მისცა.”
“ქმარი ცესკოს თავმჯდომარე, ცოლი “ქართუ ბანკის მაღალჩინოსანი”
“რუსებზე გაქირავებული ბინები და ამ ბინებიდან მიღებული ფული, რომელიც დეკლარაციებში არ ჩანს.”
“ცესკოს თავმჯდომარის ბაგა-ბაღის აღსაზრდელ შვილზე გაფორმებული ქონება და შემდეგ სამი წლის ბავშვის მიერ დედისთვის ნაჩუქარი ბინა.”
ანონსი მაყურებელს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ “ნოდარ მელაძის შაბათის” ჯგუფის ჟურნალისტებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის, კორუმპირებულობის, მის მიერ დიდძალი დაუსაბუთებელი უძრავი ქონების ფლობის დამადასტურებელი ფაქტები მოიპოვეს.
სიუჟეტის ანონსში საუბარია, რომ “აღმოჩენილია” გიორგი კალანდარიშვილის უძრავი ქონება, თუმცა სიუჟეტიდანვე ვიგებთ, რომ ამ ქონების ნაწილი ცესკოს თავმჯდომარეს ქონებრივ დეკლარაციაში აქვს დეტალურად მითითებული, ნაწილი კი მისი დედის და ძმის საკუთრებაა, საჯარო რეესტრშია ასახული და მათი ნახვაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
სიუჟეტში ცესკოს ხელმძღვანელი ეუბნება ჟურნალისტს, რომ ყველა ეს
უძრავი ქონება მან და მისმა ოჯახმა მრავალი წლის განმავლობაში
დაგროვებული კაპიტალით შეიძინეს და გარკვეულ დასაბუთებას სთავაზობს
(აღებულ სესხებს, გაყიდულ სხვა უძრავ ქონებას).
სიუჟეტში ჟურნალისტები სათანადოდ არ ამოწმებენ კალანდარიშვილის განმარტებებს, სარწმუნოდ ვერ ასაბუთებენ, რომ ეს უძრავი ქონება ცესკოს ხელმძღვანელს დაუსაბუთებელი წარმოშობის თანხებით აქვს შეძენილი და მათ ფლობას მალავდა.
ამ ფაქტის ანონსში წარდგენა, როგორც დამალული ქონების “აღმოჩენა”, მანიპულაციურია, შეცდომაში შეჰყავს აუდიტორია და სიზუსტის პატივისცემის სტანდარტს არღვევს.
ანონსში ასევე საუბარია, რომ კალანდარიშვილის ცოლი “ქართუ ბანკის” მაღალჩინოსანია. სინამდვილეში, როგორც სიუჟეტშივე ნაჩვენები ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, კალანდარიშვილის მეუღლე ”ქართუ ბანკის” ისნის რაიონის სერვის ცენტრის საკრედიტო განყოფილების უფროსია, რასაც საბანკო სფეროში მაღალ თანამდებობად ნამდვილად არ მიიჩნევენ. ანონსში მისი ასე წარმოჩენა მანიპულაციურია და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი.
ანონსში საუბარია, რომ ცესკოს თავმჯდომარის ოჯახმა ბინები პრობლემურ კორპუსში “მიიღო”, რომელსაც “სართულების დამატების უფლება მერიამ საეჭვო ვითარებაში მისცა”. სიუჟეტიდან ირკვევა, რომ ბინები არ “მიუღიათ”, ისინი სხვადასხვა კერძო პირისგან იყიდეს. ანონსი, ჟურნალისტის ტექსტები, ოპოზიციონერი რესპოდენტის ინტერვიუ არის ერთგვარი მინიშნებები, რომ ცესკოს ხელმძღანელი “ქართულ ოცნებას” გაურიგდა, რომ ცესკოში მის დავალებებს შეასრულებდა და სანაცვლოდ ბინები მიიღო. თუმცა ამ ირიბი ბრალდების გასამყარებლად, კომპანიასთან კალანდარიშვილის კავშირის არანაირი მტკიცებულება სადავო მასალაში წარმოდგენილი არ არის.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს, რომ ჟურნალისტური გამოძიება მაღალი ხარისხის, მაღალ სტანდარტზე დაფუძნებული პროდუქტი უნდა იყოს და ნებისმიერი რესპონდენტის ინტერვიუს ფრაგმენტი გამოქვეყნებამდე მრავალჯერ უნდა გადამოწმდეს. ანონსში გაცხადებული მინიშნება გიორგი კალანდარიშვილის სამშენებლო კომპანიასთან შესაძლო კავშირზე გადამოწმებულ ფაქტებს არ ეფუძნება და მანიპულაციურია.
ანონსში (სიუჟეტშიც) წამყვანი და ჟურნალისტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ცესკოს თავმჯდომარის ოჯახს გარკვეული უძრავი ქონება არასრულწლოვან შვილებზე აქვს გაფორმებული. ამას წამყვანი ამოუხსნელ მაქინაციად მოიხსენიებს, ჟურნალისტი კი საეჭვო გარიგებებზე მიანიშნებს.
ცესკოს თავმჯდომარეს ქონებრივ დეკლარაციებში საჯაროდ აქვს ასახული, რომ ოჯახის ქონების ნაწილი მის არასრულწლოვან შვილებზეა გაფორმებული, რასაც სიუჟეტში ცესკოს თავმჯდომარე ოჯახის თითოეულ წევრზე ქონების განაწილებით ხსნის, და ამბობს, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებშია.
არასრულწლოვან შვილებზე ქონების დარეგისტრირება, მათი სახელით გარიგებების გაფორმება სამართლებრივად სწორია. კანონი იძლევა საშუალებას, რომ მშობლებმა არასრულწლოვანი შვილების სახელით გარიგებები აწარმოონ, იყიდონ ანდა გაყიდონ უძრავი ქონება. კალანდარიშვილების შემთხვევაშიც ეს პროცედურები საჯაროდ და კანონიერადაა საჯარო რეესტრში ასახული.
თუმცა, ჟურნალისტები ამ ოპერაციებს წარმოაჩენენ როგორც განსაკუთრებულ,
გასაკვირ შემთხვევას და ერთგვარ მაქინაციას, რისი შესაბამისი
დასაბუთებაც სიუჟეტში არ ყოფილა.
სიუჟეტში არ არის გამოკვლეული რაიმე ფინანსურ სარგებელს,
გადასახადების დამალვას ან რაიმე სხვა არაკეთილსინდისიერ მიზანს ხომ
არ ემსახურებოდა გიორგი კალანდარიშვილის მიერ არასრულწლოვან შვილებზე
უძრავი ქონების გაფორმება. რადგანაც ჟურნალისტებმა ასეთი
მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს, არასრულწლოვნებზე ქონების გაფორმების
სიუჟეტში მოცემულ კონტექსტში წარმოჩენა მანუპულიციურია და ემსახურება
აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას, რომ თითქოს ეს აპრიორი რაიმე
მაქინაციაა და არა კანონით დაშვებული ჩვეულებრივი
ოპერაცია.
სიუჟეტში ჟურნალისტმა თქვა, რომ კალანდარიშვილის მამა შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო და თანამდებობიდან ვარდების რევოლუციის შემდეგ გაუშვეს.
სიუჟეტში არ იყო მოცემული ამ ფაქტის რაიმე მტკიცებულება, არ იყო მითითებული, რას ეყრდნობოდა ჟურნალიტი ამ ინფორმაციის გახმოვანებისას.
ცესკოს ხელმძღვანელი განცხადებაში წერს, რომ 2003 წელს მამამისს ვერ გაათავისუფლებდნენ, ვინაიდან ის 2001 წლის 7 ოქტომბერს გარდაიცვალა, სახელმწიფო თანამდებობაზე კი არასდროს უმუშავია.
ჟურნალისტებს სიუჟეტის ეთერში გასვლამდე ჰქონდათ გიორგი კალანდარიშვილთან ინტერვიუ და ამ ფაქტის გადამოწმებაც შეეძლოთ, თუმცა, როგორც ჩანს, სათანადოდ არ გადაამოწმეს.
მოგვიანებით, მელაძის გუნდმა ტვ “პირველის” შიდა თვითრეგულირების
ორგანოში დაადასტურა, რომ ამ ეპიზოდში ფაქტობრივი შეცდომა
დაუშვეს.
მიუხედავად ამისა, განცხადების საბჭოს მიერ განხილვის მომენტისთვის
აღნიშნული ეპიზოდი შესწორებული არ არის და საბჭო მიიჩნევს, რომ
სიზუსტის პრინციპი ამ შემთხვევაშიც დარღვეულია.
კიდევ ერთი სადავო ეპიზოდი გიორგი კალანდარიშვილის ძმის ქონებას ეხება. ჟურნალისტი ამბობს: “ოთარ ლორთქიფანიძის 30-ში კი ქონება ცესკოს თავმჯდომარის ძმის მიხეილ კალანდარიშვილის სახელზე ფიქსირდება. ბინის ოფიციალური მფლობელი საქართველოში არ ცხოვრობს, ამიტომ დაზუსტებით ძნელი სათქმელია, ის არის ბინის რეალური მეპატრონე თუ მისი თანამდებობის პირი ძმა.”
ამ ეპიზოდში კადრში ჩანს დოკუმენტი, რომლის საჯარო რეესტრში
გადამოწმების შედეგად
ირკვევა, რომ ეს ბინა კალანდარიშვილის ძმას 18 წლის წინ, 2007 წელს,
აქვს შეძენილი.
რა კავშირი აქვს ამ ბინას გიორგი კალანდარიშვილის ცესკოში მუშაობის
პერიოდში ქონების დაგროვებასთან, სიუჟეტში ახსნილი არ არის. არ ჩანს
არც დამატებითი მტკიცებულებების მოძიების მცდელობა, რაც ჟურნალისტის
გამოთქმულ ვარაუდს გაამყარებდა.
საგამოძიებო პროდუქტში მსგავსი საეჭვო და გადაუმოწმებელი ფაქტის ერთგვარ ბრალდებაზე მინიშნების ფორმით ჩვენება მაღალ ჟურნალისტურ სტანდარტს არ შეესაბამება და ისევ მანიპულაციას და საზოგადოების უპატივცემულობას წარმოადგენს.
სიუჟეტის საერთო კონტექსტი მაყურებელს შთაბეჭდილებას უქმნის, რომ ცესკოს თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებს კანონიერი გზით ამხელა ქონების დაგროვება არ შეეძლოთ. ჟურნალისტი ამბობს, რომ მათი შემოსავალი არცერთ შემთხვევაში საკმარისი არ არის ბინების შესაძენად და გასარემონტებლად.
სიუჟეტიდანაც ჩანს, რომ გიორგი კალანდარიშვილს და მის მეუღლეს
სოლიდური შემოსავალი აქვთ. ბოლო სამი წლის დეკლარაცით ჯამში მათი
ხელფასი დაახლოებით 400 ათასი ლარი იყო.
ცოლ-ქმარს დაახლოებით 160 ათასი დოლარის და 180 ათასი ლარის საბანკო სესხი აქვთ აღებული და ამ სესხების ნაწილს დღემდე იხდიან, ეს სესხები მიმდინარეა.
ცესკოს ხელმძღვანელი განცხადებაში ამბობს, რომ თბილისში უძრავი ქონების შესაძენად მისმა ოჯახმა ქუთაისში მდებარე კომერციული ფართი გაასხვისა. ფართის გასხვისება საჯარო რეესტრითაც დასტურდება, თუმცა ჟურნალისტს ეს დეტალიც არ ჰქონდა მოკვლეული და სიუჟეტში ასახული.
საბჭო მიიჩნევს, რომ
ჟურნალიტებს ზემოთ აღწერილი ყველა გარემოება უნდა გამოეკვლიათ,
სიუჟეტში სრულად და პატიოსნად ეჩვენებინათ გადამოწმების რა ხერხებს
მიმართეს, ვიდრე მტკიცებით ფორმაში იტყოდნენ, რომ ცესკოს
ხელმძღვანელის შემოსავალი მისი ქონების შესაძენად საკმარისი არ
იყო.
სიუჟეტში ცესკოს ხელმძღვანელი დადანაშაულებული იყო იმაშიც, რომ მან ქონებრივ დეკლარაციაში ბინების გაქირავებით მიღებული შემოსავალი არ ასახა. კალანდარიშვილი ქარტიაში წარმოდგენილ განცხადებაში წერს, რომ, როცა ბოლო დეკლარაცია შეავსო, აღნიშნული ქონება გაქირავებული არ ჰქონდა, და ამიტომ ქირიდან შემოსული შემოსავალი მის მომდევნო დეკლარაციაში აისახება.
საბჭო ვერ დაეყრდნობა და გაიზიარებს ცესკოს ხელმძღვანელის ამ ინფორმაციას, ვინაიდან ამ ფაქტის შემოწმება საბჭოს მანდატს ცდება, თუმცა ჟურნალისტის ვალდებულება იყო, ეს დეტალი საფუძვლიანად გამოეკვლია, ვიდრე გაახმოვანებდა. სიუჟეტში არ ჩანს, კალანდარიშვილს ქონება ჰქონდა თუ არა გაქირავებული იმ პერიოდშიც, რომელსაც მის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია მოიცავს.
ზემოთ აღწერილი გარემოებების ერთობლიობით საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო სიუჟეტის ავტორებმა პატივი არ სცეს სიზუსტეს და აუდიტორიის უფლებას, მიიღოს მაქსიმალურად ზუსტი, გადამოწმებული ინფორმაცია.
როცა აუდიტორიის წინაშე პოზიციონირებ როგორც საგამოძიებო ჯგუფი, გამომძიებელი ჟურნალისტი, მოლოდინია, რომ მაყურებელს ყოველმხრივ გადამოწმებულ და დაზუსტებულ ინფორმაციას მიაწვდი.
საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტებს უნდა გამოეყენებინათ ყველა გზა ინფორმაციის გადასამოწმებლად.
ნიშანდობლივია, ის, რომ, როგორც სიუჟეტიდან ჩანს, ცესკოს ხელმძღვანელი ჟურნალისტს ყველა კითხვის წერილობით გაგზავნას სთხოვს და პასუხებს ჰპირდება. სიუჟეტის მიხედვით, ტელეკომპანია “პირველმა” ინფორმაციის გადამოწმების ეს გზა არ გამოიყენა. დადგენილი პრაქტიკით, გამომძიებელი ჟურნალისტები, რაკი ისინი მეტ დეტალს იკვლევენ და სიღრმისეულ მასალებს ამზადებენ, ხშირად მიმართავენ წერილობით ინფორმაციის დაზუსტების გზას, რაც ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, საზოგადოებისთვის უფრო დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდებას შეუწყობდა ხელს.
საბჭო მიიჩნევს, რომ მიკერძოებული ტექსტების, სიუჟეტის მანიპულაციური წყობით, სათანადოდ გადაუმოწმებელი ფაქტების ერთობლიობით, მასალის ავტორებმა პატივი არ სცეს აუდიტორიას, სათანადოდ არ გადაამოწმეს ფაქტები და ქარტიის პირველი პრინციპი დააღვიეს.
მეხუთე პრინციპი.
“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”
ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს მე-5 პრინციპის დარღვევა დაუდგინდეს, აუცილებელია:
აღნიშნულ შემთხვევაში ყველა ეს პირობა სახეზეა და საბჭომ დაადგინა პირველი პრინციპის დარღვევა. ცესკოს ხელძღვანელის პრეტენზიების შესახებ ცნობილი იყო მოპასუხე მხარისთვის, ტელეკომპანია “პირველის” თვითრეგულირების ორგანოს ცესკოს საჩივარი უკვე განხილული აქვს, თუმცა მასალები შესწორებული არ არის.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სიუჟეტში კალანდარიშვილის მამის შესახებ
გასულ ეპიზოდზე ტელეკომპანია “პირველის” თვითრეგულირების კომისიამ
ფაქტობრივი შეცდომა დაადგინა, რასაც “მელაძის შაბათის” გუნდიც
დაეთანხმა და მზაობა გამოთქვა, ფაქტი შეესწორებინა. თვითრეგულირების
ორგანომ ამისთვის მათ გარკვეული ვადაც მისცა.
თუმცა ქარტიის სტანდარტით, მედიამ არაზუსტი ინფორმაცია მყისიერად უნდა შეასწოროს. პრაქტიკის მიხედვით, მასალა უნდა შესწორდეს თვალსაჩინოდ, ყველა პლატფორმაზე, სადაც განთავსებულია და უნდა ჩანდეს, რა შესწორდა და როდის.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო მასალები სოციალურ ქსელში კვლავ პირველადი სახითაა განთავსებული, მათ შორის, არ არის მითითებული, რომ მამის შესახებ ეპიზოდი შესწორდა.
გამომდინარე აქედან, საბჭომ მე-5 პრინციპიც დარღვეულად
მიიჩნია.
მეშვიდე პრინციპი.
“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ კალანდარიშვილის ოჯახის ბინების დამქირავებლების მოქალაქეობის ნაწილში სადავო სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის მე-7 პრინციპი.
ჟურნალისტები სადავო მასალაში აპელირებენ ფაქტზე, რომ გიორგი
კალანდარიშვილის და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ბინების
დამქირავებლები ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის მოქალაქეები არიან.
სიუჟეტში ნახსენებია ასევე ბელარუსის მოქალაქეებიც.
რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინების მიქირავება სიუჟეტში წარმოჩენილია,
როგორც ცალსახად უარყოფითი მოვლენა და ეს ფაქტი ჟურნალისტებს საკუთარი
მძაფრი ფრაზებით გამოყენებული აქვთ გიორგი კალანდარიშვილის
დისკრედიტაციისთვის.
სიუჟეტის პათოსით რუსეთის ნებისმიერი მოქალაქისთვის ბინის მიქირავება
არის დაუშვებელი და გამქირავებლის დისკრედიტაციას ხდენს.
ამგვარი გაშუქებით ჟურნალისტები ახალისებენ რუსეთის ყველა მოქალაქის დისკრიმინაციას მათი რასის, ეროვნული, სოციალური წარმოშობის ნიშნით.
ევროსაბჭოს კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ, ფართოდ
განმარტა რასობრივი დისკრიმინაცია, რომელიც მოიცავს, მათ შორის,
რასას, მოქალაქეობას და ეროვნულ კუთვნილებას.
სტრასბურგის სასამართლოს შეხედულებით, ადამიანების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას, რომელიც მთლიანად ან ძირითადად ეფუძნება რასობრივ, ეროვნულ კუთვნილებას, არ აქვს არავითარი პერსპექტივა, რომ ობიექტურად, გამართლებულად შეფასდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც პლურალიზმისა და განსხვავებულ კულტურათა პატივისცემის პრინციპებს ემყარება. მისივე განმარტებით, აღნიშნული საფუძვლით დისკრიმინაცია იმავდროულად წარმოადგენს ღირსების შემლახავ, დამამცირებელ მოპყრობას (წყარო: გვ.14-16 ).
დისკრიმინაციას დაუშვებლად მიიჩნევს ქართული კანონდებლობაც. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის გ.დ) ქვეპუნქტის თანახმად, თანაბარი მოპყრობის პრინციპი ვრცელდება აგრეთვე საჯაროდ ხელმისაწვდომი საქონლისა და მომსახურების მიღებაზე (საცხოვრებლის ჩათვლით).
სამოქალაქო ურთიერთობების დროს, როგორიცაა, მათ შორის, საცხოვრებლის ქირაობა, კანონმდებლობა გამორიცხავს წარმომავლობის თუ მოქალაქეობის საფუძველზე დისკრიმინაციას.
საბჭოს წევრები იზიარებენ ზემოაღნიშნულს და, ასევე, განმცხადებლის მიერ მითითებულ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს და აღნიშნავენ, რომ ეროვნება და მოქალაქეობა ავტომატურად არ ნიშნავს პუტინისტური იდეოლოგიის გაზიარებას და ამ კონტექსტში წარმომავლობაზე ხაზგასმა არის დისკრიმინაციული.
ნებისმიერი ჟურნალისტი ვალდებულია, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებისას, გაემიჯნოს სუბიექტურ დამოკიდებულებებს და არათუ არ მოამზადოს დისკრიმინაციული მასალები, არამედ ყველა ღონე იხმაროს დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად.
ზემოთ აღწერილიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ქარტიის მე-7 პრინციპი.
მერვე პრინციპი.
“ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება.”
საბჭოს სხდომაში მონაწილე წევრების უმრავლესობა შეთანხმდა, რომ განსახილველ სიუჟეტში ცესკოს ხელმძღვანელის არასრულწლოვანი შვილების ინტერესი და ქარტიის მე-8 პრინციპი დაირღვა. საბჭოს ერთ წევრს, გელა მთივლიშვილს ჰქონდა განსხვავებული პოზიცია და მიიჩნევდა, რომ მე-8 პრინციპი არ დარღვეულა. გელა მთივლიშვილის პოზიცია აისახება მის განსხვავებულ აზრში და ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით დაერთვება.
საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებმა სიუჟეტის მომზადებისას, მიუხედავად იმისა, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობდა, მოახდინეს მათი იმგვარი იდენტიფიცირება და იმგვარი ფორმით წარმოჩენა, რომ საფრთხის ქვეშ დააყენეს მათი, როგორც ბავშვების საუკეთესო ინტერესი.
სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს არასრულწლოვნების სახელ-გვარებს სრულად და მათ ასაკს, თუმცა საბჭო ამ გადაწყვეტილებაში არასრულწლოვნებს მხოლოდ ინიციალებით მოიხსენიებს, რათა ხელი არ შეუწყოს ბავშვების შესახებ ინფორმაციის დამატებით ტირაჟირებას.
ცესკოს ხელმძღვანელის არასრულწლოვანი შვილების შესახებ სიუჟეტის ანონსშივე იყო შემდეგი ტექსტი: “ცესკოს თავმჯდომარის ბაგა-ბაღის აღსაზრდელ შვილზე გაფორმებული ქონება და შემდეგ 3 წლის ბავშის მიერ დედისთვის ნაჩუქარი ბინა”.
შემდეგ იყო სიუჟეტის სტუდიაში წარდგენისას წამყვანის ტექსტი: “მათ შორის იყო შემთხვევა, როდესაც 5 თვის ჩვილზე გააფორმეს ახლად აშენებულ კორპუსში და შემდეგ ბაგა-ბაღის მოსწავლემ კალანდარიშვილის მეუღლეს აჩუქა”.
“ჩვენ ვერ მივაკვლიეთ ყოველ შემთხვევაში ასეთს, თუმცა მე ვერ ამოვხსენი არასრულწლოვანი შვილების სახელზე ქონების გადაფორმების შემდეგ მშობლებზე ჩუქების აი მთელს ამ მაქინაციებს”.
ჟურნალისტის ციტატა: “ბინა შატბერაშვილის 44 ნომერში კი, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ცხოვრობს, მისი არასრულწლოვანი შვილის სახელზეა გაფორმებული, ბინის შეძენის მომენტში გ.კ. 5 თვის იყო”.
“შაბათის ეთერის მიერ მოპოვებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ კალანდარიშვილის ჩვილმა ბავშვმა ვაკეში კვადრატული მეტრი 535 დოლარად იყიდა.
შატბერაშვილის 19-21 ნომერში გიორგი კალანდარიშვილის კიდევ ერთი შვილი დ.კ. ფიგურირებს. 2020 წლის 13 იანვარს დოკუმენტების მიხედვით 3 წლის დ. ყიდულობს 67 კვადრატ ბინას, ჯამში მხოლოდ 40 000 დოლარად. ზუსტად 4 თვეში 3 წლის შვილი კი ნაყიდ ბინას დედას ანუ გიორგი კალანდარიშვილის ცოლს ჩუქნის”.
სინამდვილეში ყველა ზემოთ აღწერილი ქმედება კანონიერია. ინფორმაცია კი ყველასთვის ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრში და არ სჭირდება “მოპოვება”, როგორც ამას ჟურნალისტი უწოდებს, სავარაუდოდ, მოვლენების დრამატიზებისთვის.
ყველა ჩამოთვლილი ოპერაციის დროს კანონის შესაბამისად საჯარო რეესტრში ამ არასრულწლოვნების სახელით მოქმედებებს მათი მშობლები ახორციელებდნენ.
სამოქალაქო კანონმდებლობის გათვალისწინებით, არასრულწლოვნების კანონიერი წარმომადგენლები არიან მათი მშობლები და ყველა მოქმედება აქაც მშობლების მიერაა განხორციელებული. ამაზე სიუჟეტი ყურადღებას ცხადად არ ამახვილებს. პირიქით, ეს ქმედებები მაქინაციებადაა მოხსენიებული.
მაგალითად, ფრაზა “3 წლის
დ. ყიდულობს 67 კვადრატ ბინას” არის მანიპულაციური. სინამდვილეში
ბინას ყიდულობს მშობელი და შვილის სახელზე არეგისტრირებს. ანალოგიურად
მანიპულაციურია ფრაზა “ბაგა-ბაღის მოსწავლემ
კალანდარიშვილის მეუღლეს აჩუქა.”
გადაცემის წამყვანი ამ ჩვეულებრივ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებს მოიხსენიებს როგორც ამოუხსნელ მაქინაციას, არასრულწლოვნებს კი წარმოაჩენს “მაქინაციების”, სავარაუდო დანაშაულის, მონაწილეებად.
პასუხისმგებლიანი მედია, იმ შემთხვევებშიც კი მაქსიმალურად ერიდება
არასრულწლოვანის იდენტიფიცირებას, როცა დადგენილია რომ მან დანაშაული
ჩაიდინა, რათა არ მოხდეს არასრულწლოვანის რეტრავმირება და ის არ
გახდეს სამომავლოდ ბულინგის ან რაიმე სხვა სახის შევიწროების
მსხვერპლი.
საბჭო ასევე მიიჩნევს, რომ ჩინოვნიკის მიერ ქონების შესაძლო გადამალვის მაქინაციურ სქემაში ბავშვების ჩართულობაზე მინიშნებებით გაჯერებულ სიუჟეტში მოხდა არასრულწლოვანების ინსტრუმენტალიზება და მათი წარმოჩენა კორუფციული გარიგებების დადების საშუალებად, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება ბავშვების საუკეთესო ინტერესებს, რამდენადაც ხდება მათი ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა.
საბჭო განმარტავს, რომ მიუხედავად ბავშვების ვინაობის საჯაროდ ხელმისაწვდომობისა, (საჯარო რეესტრში, ქონებრივ დეკლარაციებში) სიუჟეტში მათი სახელობითი მოხსენიების ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობდა.
ამ პრინციპის დარღვევის კონტექსტში უნდა შეფასდეს, რა დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს სადავო ჟურნალისტური პროდუქტის მიმართ არასრულწლოვანს ზრდასრულ ასაკში; მეტიც, ხომ არ არსებობს ალბათობა, რომ ეს სიუჟეტი არა შორეულ, არამედ ახლო მომავალშიც შეუქმნის მას პრობლემებსა და დისკომფორტს, ხომ არ გამოიწვევს ის არასრულწლოვანის ბულინგს, დისკრიმინაციას ან სტიგმატიზებას.
არასრულწლოვანობის პერიოდი მოიცავს იმ ასაკს, როდესაც ბავშვები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან, ინფორმაციას სენსიტიურად აღიქვამენ და გავლენის ქვეშ მარტივად ექცევიან.
აღნიშნული სიუჟეტის ნახვის და შინაარსის შეცნობის შესაძლებლობა, ცხადია, მათ რამდენიმე წელიწადში ექნებათ; ამასთან, არა მარტო მათ, არამედ მათ თანატოლებს, კლასელებსა და მეგობრებს, რამაც, შესაძლოა, მათ შეუქმნათ შთაბეჭდილება, რომ მათი მშობლები შვილების მონაწილეობით მაქინაციებში იყვნენ გახვეულები. ამან კი, შესაძლოა, არასრულწლოვნების ტრავმირება და ბულინგის ობიექტად ქცევა გამოიწვიოს, თანაც ხანგრძლივ პერსპექტივაში, რამდენადაც აღნიშნული სიუჟეტი ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია. მისი ნებისმიერ ასაკში ხილვა, სავარაუდოდ, არასრულწლოვანების რეტრავმირებას შეუწყობს ხელს და მათ ფსიქიკაზე ნეგატიურად აისახება.
მედიაში ბავშვის საკითხების გაშუქების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების შესაბამისად, ბავშვების საკითხის გაშუქებისას მედიამ ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს სიზუსტისა და კორექტულობის დასაცავად; ბავშვებთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალის გამოქვეყნებისას მათ საგულდაგულოდ უნდა აწონ-დაწონონ შესაძლო შედეგები და ზიანის ფაქტორი მინიმუმამდე დაიყვანონ.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საბჭო სიუჟეტში არასრულწლოვანების ინტერესების დარღვევის კუთხით ორ მთავარ პრობლემას გამოჰყოფს:
სარეზოლუციო ნაწილი:
ჟურნალისტებმა, ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი, მე-5, მე-7 და მე-8 პრინციპები.
16 ივლისს ქარტიის საბჭომ განიხილა ორგანიზაცია “ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველოს” განცხადება რუსთავი2-ის ჟურნალისტის ნინო შუბლაძის წინააღმდეგ.
სადავო მასალა ეთერში 2024 წლის 28 თებერვალს გავიდა. ის ეხებოდა საკითხს, თუ რას ფიქრობენ უმცირესობის უფლებების დაცვაზე პოლიტიკური პარტიები. განმცხადებლის პოზიციით, გადაცემაში “ღამის კურიერი” ჟურნალისტმა ხელი შეუწყო ქვიარ თემის მიმართ დისკრიმინაციის წახალისებას და მცდარი ტერმინების გამოყენებით დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი (დისკრიმინაცია).
მოპასუხე მხარეს საქმეზე პოზიცია არ წარმოუდგენია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.
განმცხადებლები: ა(ა)იპ “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი “ (WISG) და ა(ა)იპ “ქვიარ ასოციაცია - “თემიდა”; და ანონიმური განმცხადებლები.
მოპასუხეები: ირაკლი ჩიხლაძე; საბა ხვიჩია; ლევან ტაბატაძე; შოთა კვინიკაძე; ნუცა ქავთარაძე; ნინია ზვიადაძე.
დარღვეული პრინციპები: 1-ელი პრინციპი; მე-7 პრინციპი; მე-11 პრინციპი.
25 მაისი, 2024 წელი
საქმე N 737; 738; 739; 740
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, ნინო კაპანაძე, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, გელა მთივლიშვილი, მანანა ქველიაშვილი, ირმა ზოიძე, ხატია ღოღობერიძე.
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ა(ა)იპ “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ (WISG) და ა(ა)იპ “ქვიარ ასოციაცია - “თემიდამ” (პირველი განმცხადებლები), ასევე ანონიმურმა განმცხადებლებმა (მეორე განმცხადებლები), რომლებიც მიიჩნევენ, რომ 2024 წლის 03 მარტს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემაში “იმედის კვირა” გასულ სიუჟეტში, სახელწოდებით “სახიფათო პროპაგანდა” (წამყვანი - ირაკლი ჩიხლაძე, ჟურნალისტი - საბა ხვიჩია), დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ელი, მე-7 და მე-11 პრინციპები.
პირველმა განმცხადებლებმა ასევე სადავო გახადეს კიდევ ორი მასალა:
მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრენ აღნიშნული გადაცემების წამყვანები: ირაკლი ჩიხლაძე, ნუცა ქავთარაძე და რეპორტაჟის ავტორები: საბა ხვიჩია, ლევან ტაბატაძე, შოთა კვინიკაძე და ნინია ზვიადაძე.
საქმის განხილვის თავისებურებები
განმცხადებლებმა ა(ა)იპ “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ (WISG) და ა(ა)იპ “ქვიარ ასოციაცია - “თემიდამ” (პირველი განმცხადებლები) და ანონიმურმა განმცხადებლებმა (მეორე განმცხადებლები) დამოუკიდებლად მომართეს ქარტიას განცხადებით, თუმცა, რამდენადაც თემიდასა და WISG-ის განცხადება მოიცავდა მეორე განმცხადებელთა სადავო სიუჟეტსაც, მხარეთა თანხმობით საქმეები გაერთიანდა და განხილულ იქნა ერთობლივად.
საბჭოს სხდომა წარიმართა ქარტიის ოფისში, ჰიბრიდულ ფორმატში, კერძოდ, საბჭოს წევრების ნაწილი სხდომაში მონაწილეობდა დისტანციურად.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას ესწრებოდნენ და განხილვაში მონაწილეობა მიიღეს განმცხადებლების წარმომადგენლებმა, ა(ა)იპ “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ (WISG) წარმომადგენელმა მარიამ სპასოვმა და ა(ა)იპ “ქვიარ ასოციაცია - “თემიდას” წარმომადგენელმა ფიქრია ეპიტაშვილმა.
მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და საბჭოსთვის თავიანთი შეპასუხება არც წერილობითი სახით წარმოუდგენიათ.
სამოტივაციო ნაწილი
პირველი პრინციპი. ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის კვირა”, რეპორტაჟი “სახიფათო პროპაგანდა”, 2024 წლის 03 მარტი
1-ელი პრინციპის ფარგლებში პირველი განმცხადებლები მიუთითებენ, რომ აღნიშნული სიუჟეტი არის მანიპულაციური და სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა თუ გენდერული გამოხატვის შესახებ ცნობიერების ამაღლება მონათლულია “ლგბტ პროპაგანდად”.
ირაკლი ჩიხლაძის სადავო ფრაზა:
„სწორედ პროპაგანდის შედეგად იზრდება რიცხვი ახალგაზრდებში, ვინც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს ლგბტ თემთან.“
მეორე განმცხადებლის მიერ მითითებული სადავო ეპიზოდები:
ჟურნალისტის სიტყვები: „კანონპროექტის მიზანი, რომლის ინიცირებასაც მმართველი გუნდი გეგმავს, ამ ფართომასშტაბიანი, ფსევდო-ლიბერალური პროპაგანდისაგან საქართველოს დაცვაა.“
განმცხადებლის პოზიციით, კადრში ჩანს, რომ ქვიარ წყვილი აღნიშნავს გამომწერების ზრდას იუთუბზე, თან ისე, რომ არც საუბრობენ, თუმცა ამ კადრებს ფონად გასდევს სიუჟეტის ავტორის, საბა ხვიჩიას მონოლოგი, რომ წყვილი, საკუთარი “არატრადიციული ორიენტაციის” შესახებ მოზარდებს ესაუბრება.
ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის კვირა”, რეპორტაჟი “სკანდალური ფაილები”, 2024 წლის 17 მარტი
პირველი განმცხადებლის მიერ მითითებული სადავო ფრაზები, რომლებიც ირაკლი ჩიხლაძემ გამოიყენა:
„რა საფრთხეებს შეიცავს სქესის შეცვლის ოპერაციები ადრეულ ასაკში“.
„ექსპერიმენტი მიმართულია უსქესო სხეულების შესაქმნელად“.
„ამ ადამიანებს სქესის შეცვლის ოპერაცია ადრეულ ასაკში ჩაუტარეს.“
ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის დღე”, რეპორტაჟი “ექსკლუზიური ინტერვიუ დეტრანს რიჩი ჰერისონთან” ან/და “მეცნიერები ქირურგიული კასტრაციის წინააღმდეგ
პირველი განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტს შემოაქვს ახალი
ტერმინი, „დეტრანსი“ მისი მნიშვნელობის განმარტების გარეშე.
ასევე, სიუჟეტში შექმნილია წარმოდგენა, რომ თითქოს კლინიკის/ქირურგის თვითმიზანია სამედიცინო ჩარევის, ქირურგიული პროცედურის ჩატარება და არა ტრანზიციის მხარდაჭერა.
პირველი განმცხადებელი აღნიშნავს, რომ “მასალაში პოზიციები მხოლოდ ცალმხრივადაა გაშუქებული და შეუძლებელია მაყურებელმა შეიტყოს მეორე მხარის პოზიცია”.
“სადავო გადაცემაში ეს ფრაზები წარმოთქმული იყო მტკიცებით ფორმაში, ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულებების და გაანალიზების გარეშე. ჟურნალისტები არ უთითებენ, რომ ამ პოზიციას შესაძლოა მოწინააღმდეგებიც ჰყავდნენ და სიუჟეტში არ არის დაფიქსირებული მეორე მხარის პოზიცია”.
ყველა სადავო მასალასთან მიმართებაში განმცხადებლები უთითებდნენ, რომ მასალები მომზადებული იყო ცალმხრივად, მხოლოდ მიკერძოებულ წყაროებზე დაყრდნობით, არ იყო წარმოდგენილი განსხვავებული პოზიცია, არ იყო დაცული მხარეთა ბალანსი.
ქარტიის საბჭო ზემოთ აღწერილი მედია პროდუქტების შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების მხრიდან დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
საბჭოს მიერ არაზუსტ ინფორმაციაზე მსჯელობა რამდენიმე კატეგორიად შეიძლება დაიყოს, მათ შორის არის შემთხვევა, როდესაც საბჭოს არ შეუძლია, დაადგინოს, ინფორმაცია იყო თუ არა ზუსტი, მაგრამ ჩანს, რომ ჟურნალისტმა არ სცადა ინფორმაციის გადამოწმება. მოცემულ შემთხვევაში, სიუჟეტებში აღწერილი თემების მოცულობიდან გამომდინარე, საბჭოს ძალებს აღემატება სიუჟეტში გახმაურებული ყველა ინფორმაციის გადამოწმება და თემის სიღრმეებში შესვლა. შესაბამისად, ის მსჯელობს და აფასებს, მასალაში ჟურნალისტის მხრიდან რა ქმედებები ჩანს ინფორმაციის გადამოწმებისა და დაზუსტების მიზნით, ასევე, რამდენად გადამოწმებულ ინფორმაციას იღებს მასალიდან მაყურებელი.
საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, თუ როგორ შეეცადა ჟურნალისტი ინფორმაციის გადამოწმებას. ქარტიის პრაქტიკის თანახმად, მინიმუმ, ორი დამოუკიდებელი წყარო უნდა ადასტურებდეს ინფორმაციას, რომ ის მტკიცებით ფორმაში გადაიცეს.
საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ სადავო მასალებში სიზუსტის პრინციპის დარღვევის პრობლემა არ არის მხოლოდ ცალკეულ ფრაზებსა და სიტყვებში.
მთავარი პრობლემა არც ისაა, რომ სადავოდ გამხდარი ფრაზები არის სუბიექტური, მიკერძოებული, ერთი მიმართულების მხარდამჭერ ექსპერტებზე დაფუძნებული; არც მხოლოდ ის, რომ აღნიშნული ფრაზების სიზუსტე არ არის მასალებში სათანადოდ, ქარტიის სტანდარტის შესაბამისად გადამოწმებული; არც მხოლოდ ის, რომ მასალებში არ ჩანს განსხვავებული პოზიციები, არც ქვიარ თემი ან/და მათ უფლებებზე საქართველოში (ან/და უცხოეთში) მომუშავე ორგანიზაციები; არც ის, რომ მასალებში წამოჭრილი საკითხების ნაწილზე (ქირურგიული ჩარევები, ჩარევებისას პირის ასაკი და ა.შ.) თანამედროვე მსოფლიოში ბევრი სხვადასხვა მოსაზრება და კვლევაა.
საბჭოს შეფასებით ჟურნალისტური სიზუსტის მთავარი უპატივცემულობაა ის, რომ, როგორც სადავო მასალებიდან ჩანს, ტელეკომპანია “იმედმა” ეს თემები მიზანმიმართულად მიკერძოებული, კამპანიური გაშუქებით, აქცია “ქართული ოცნების” ხელისუფლების პროპაგანდის საინფორმაციო მხარდაჭერად. ამის მისაღწევად “იმედი” ორ მიმართულებას ავითარებს:
პირველი - “იმედის” ეთერში გასული სადავო მასალები თანხვედრაშია ხელისუფლების გაცხადებულ მიზანთან, ებრძოლოს “LGBT-პროპაგანდას”. საბჭოს წევრთა შეფასებით, ტელეკომპანია “იმედი” აღნიშნული სიუჟეტებით ცდილობს ქართულ აუდიტორიას თავს მოახვიოს ხელისუფლების მთავარი პროპაგანდისტული გზავნილი, რომ “გარყვნილ” ევროპასა და ამერიკაში ქვიარ ადამიანებისთვის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებამ დამღუპველი, გამოუსწორებელი შედეგები მოიტანა, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში და ამ ფონზე “ქართული ოცნების” ხელისუფლება საკანონმდებლო ინიციატივებით ცდილობს ამ “დიდი უბედურებისგან” ქართველი ხალხის დაცვას.
მეორე - სადავო მასალებში “იმედის” ჟურნალისტები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ხელისუფლებას პირველი მიზნის განხორციელებაში ხელს უშლის “რადიკალური ოპოზიცია”. ამ მასალებში ოპოზიცია მოპასუხეების როლში და “LGBT-პროპაგანდის” მხარდამჭერადაა წარმოჩენილი.
სწორედ ამ ორი მიზნის მისაღწევად, “იმედი” განგრძობითად არღვევს მასალებში სიზუსტის პრინციპს, აშუქებს სენსიტიურ თემას გამოგონილი, ხელოვნურად შექმნილი მხარეების (ხელისუფლება-ოპოზიცია) მონაწილეობით. ამით ქმნის მხარეთა ხელოვნურ ბალანსს და ბუნებრივად არსებული ჯგუფების იგნორირებით, საუბრობს იმ მხარეების, ადამიანების მონაწილეობის გარეშე, რომლებზეც ამ საკითხებს პირდაპირი გავლენა აქვს.
ტელეკომპანია “იმედი” ამ პროპაგანდისტული ქმედებებით განგრძობითად
არღვევს ჟურნალისტურ ბალანსს, რაც სიზუსტის განუყოფელი ნაწილია.
საბჭოს წევრთა
შეფასებებით, სადავო მასალებში “იმედის” ჟურნალისტები ქვიარ თემის
“გაშავების”, დისკრედიტაციის მიზნით ახდენენ სხვადასხვა უცხოურ
წყაროში გამოქვეყნებული ისეთი ინფორმაციის საკუთარი აუდიტორიისთვის
ჩვენებას, რაც ცალსახად უარყოფითად წარმოაჩენს ქვიარ თემს და ხელს
შეუწყობს საზოგადოებაში მათ დემონიზებას. ესეც არის სიზუსტის
დარღვევა, ინფორმაციის ცალმხრივად, ერთი მიმართულების დომინანტურად
გაშუქებით.
პირველი პრინციპის ფარგლებში საბჭო ასევე აღნიშნავს, რომ მედიაპროდუქტი არ უნდა იყოს მანიპულაციური. საბჭომ მიიჩნია, რომ ე.წ. “ლგბტ პროპაგანდაზე” საუბარი არის ამ წესის დარღვევა, რადგან ეს ტერმინი საფუძველშივე მცდარია.
სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა თუ გენდერული გამოხატვის შესახებ ცნობიერების ამაღლება არ შეიძლება შეფასდეს, როგორც “პროპაგანდა” — ეს არ არის არჩევანი. შესაბამისად, მითითება, რომ „პროპაგანდას” შეუძლია იდენტობაზე გავლენა მოახდინოს და შეცვალოს, გარდა იმისა, რომ არასწორია, არის რუსული დეზინფორმაციული ნარატივის და პროპაგანდის ნაწილიც — არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება და სანდო წყარო, რომელიც დაადასტურებდა „ლგბტ პროპაგანდის" რაიმე ფორმით არსებობას და იმას, რომ ის გავლენას ახდენს ადამიანებზე.
ამდენად, ცხადია, რომ საქართველოში მმართველი პოლიტიკური ძალის და მისი ღიად მხარდამჭერი მედიების მიერ დამკვიდრებული, ტირაჟირებული ტერმინი “LGBT პროპაგანდა” გამოყენებულია მასებზე გავლენის მოხდენის მიზნით.
გარდა ამისა, სიუჟეტში არაზუსტია საუბარი იმაზეც, რომ „სწორედ პროპაგანდის შედეგად იზრდება რიცხვი ახალგაზრდებში, ვინც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს ლგბტ თემთან“.
ამ ფრაზას მაყურებელი ასევე მანიპულაციურად შეჰყავს შეცდომაში. ცხადია, რომ ქვიარ თემის წარმომადგენელთა “რაოდენობის ზრდა” არ შეიძლება „პროპაგანდას“ მიეწეროს. გასულ წლებში, მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით, ნაკლებად დემოკრატიულ ქვეყნებში, ადამიანები უმეტესად მალავდნენ თავიანთ სექსუალურ ორიენტაციასა თუ გენდერულ იდენტობას, რაც მათი ჩაგვრის გამო ხდებოდა. წლებთან ერთად ვითარება გაუმჯობესდა და, მიუხედავად იმისა, რომ ჰომო და ტრანსფობია დღესაც საკმაოდ ძლიერია, ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში ქვიარებს მინიმუმ კანონი აძლევს თანაბარ უფლებებს. რაც უფრო უმჯობესდება უფლებრივი მდგომარეობა, მით უფრო მეტი ადამიანი საუბრობს საკუთარ იდენტობაზე და გამოხატავს საკუთარ თავს. ფაქტობრივად მცდარია ტელეკომპანია “იმედის” იმგვარი გაშუქება, თითქოს ეს “პროპაგანდის” შედეგია.
მეშვიდე პრინციპი. ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.
ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის კვირა”, რეპორტაჟი “სახიფათო პროპაგანდა”, 2024 წლის 03 მარტი
პირველი და მეორე განმცხადებლის მიერ მითითებული სადავო ფრაზები, რომლებიც გამოიყენა ირაკლი ჩიხლაძემ:
„ქართული ოცნება” ფსევდო ლიბერალური პროპაგანდის და არა ადამიანის უფლებების წინააღმდეგ. გადაცემა დავიწყოთ კვირის მთავარი თემით, რომლითაც სპეკულირებს ყველა, ვინც რადიკალიზმის ერთგული, ეკლესიის დესტრუქციის მცდელობის თანამონაწილე და ეროვნული იდენტობის წინაააღმდეგია“.
„ყველა, ვინც იცავს ადამიანის უფლებებს და ვისთვისაც ადამიანი მთავარი ღირებულებაა.“
„ლგბტ პროპაგანდა ბოლო წლებია მასშტაბურ ფერად ისტერიად იქცა. ტრადიციების, ფასეულობების და ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ მთავარ იარაღად”.
საბა ხვიჩიას სადავო ფრაზები:
„ლგბტ პროპაგანდა სოციალურ ქსელებში, ეკლესიებში, ვიდეოებში, წიგნებში, ფილმებში, სკოლებსა და ბაღებში ეს მსოფლიო რეალობაა. კანონპროექტის მიზანი, რომლის ინიცირებასაც მმართველი გუნდი გეგმავს, ამ ფართომასშტაბიანი ფსევდო ლიბერალური პროპაგანდისგან საქართველოს დაცვაა“.
ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის კვირა”, რეპორტაჟი “სკანდალური ფაილები”, 2024 წლის 17 მარტი
პირველი განმცხადებლის მიერ მითითებული სადავო ფრაზები, რომლებიც გამოიყენა ირაკლი ჩიხლაძემ:
„ქირურგები ამბობენ, რომ შედეგად ვიღებთ ადამიანის სხეულს, რომელიც ბუნებაში არ არსებობს.“
საბა ხვიჩიას სადავო ფრაზები:
„ოპერაცია მიმართულია უსქესო სხეულების შესაქმნელად.“
ქარტიის საბჭომ მსჯელობის შედეგად გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია, რომ ყველა ზემოთ აღწერილი ფრაზა დისკრიმინაციულია ქვიარ თემის მიმართ. “იმედის” ჟურნალისტები სადავო მასალებში ერთმნიშვნელოვნად ცდილობენ ლგბტქ ადამიანების დაკნინებას და მათი არსებობის, მათი საჯაროდ პოზიციონირების საზოგადოების პრობლემად, საერო თუ საეკლესიო საზოგადოებისთვის სირცხვილად წარმოჩენას.
გარდა ამისა, დისკრიმინაციულია ტერმინით “ლგბტ პროპაგანდა” აპელირება, რადგან ის თავისთავად შეიცავს ქვიარ ადამიანების მტრად წარმოჩენის ნარატივს - თითქოს ქვიარ თემი არის მტერი, რომლის “თავს მოხვევასაც” ცდილობენ და თითქოს აღიარებული ფაქტია, რომ ქვიარობა ცუდია და საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგაა მიმართული.
ქარტიის მიერ წლების განმავლობაში დადგენილი სტანდარტით ჟურნალისტი უნდა უპირისპირდებოდეს მსგავს მიდგომას და არათუ ახალისებდეს რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციას, არამედ უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციის ნებისმიერ გამოვლინებას.
ლების პრაქტიკით, ქარტის მე-7 პრინციპმა დისკრიმინაციასთან ერთად მოიცვა სიძულვილის ენა და სტიგმის გაძლიერება. შესაბამისად, ჟურნალისტმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ თავიდან აიცილოს დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა და სტიგმის გაძლიერება.
გადაწყვეტილებაში ფონდი “ინკლუზივი“ ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ საბჭომ აღნიშნა, რომ „ჟურნალისტი ვალდებულია, ერკვეოდეს, რას ნიშნავს დისკრიმინაცია და დისკრიმინაციის წახალისება, სიძულვილის ენა და არატოლერანტული გამონათქვამები, რათა საჭირო მომენტში გააცნობიეროს და სწორად შეაფასოს პრობლემა“.
ამ საქმეში საბჭომ მიუთითა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1997 წელს მიღებულ რეკომენდაციაზე: სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებულ შუღლის სხვა ფორმებს, მათ შორის, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა მიმართ გამოხატული მტრობის ჩათვლით. საბჭომ აღნიშნულ განმარტებას დაამატა, რომ „სიძულვილის ენა უნდა იყოს კონკრეტული ჯგუფის მიმართ და ატარებდეს შეურაცხმყოფელ ხასიათს, თუმცა ყველა შეურაცხმყოფელი ტექსტი არ შეიძლება იყოს სიძულვილის ენა“.
ქარტიის საბჭო მე-7 პრინციპს დარღვეულად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებულია ისეთი ტერმინები, რომლებიც თანხვედრაშია ჰომოფობიური ჩაგვრის (როგორც ვერბალური, ისე ფიზიკური) პრაქტიკაში დამკვიდრებულ ტერმინებთან, ატარებს დამაკნინებელ და შეურაცხმყოფელ ხასიათს ლგბტქ ადამიანების მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში საბჭომ ეს პრინციპი დარღვეულად მიიჩნია ყველა სადავო სიუჟეტში, რამდენადაც, ქვიარ თემი ყველა მათგანში უარყოფით კონტექსტში, დამაკნინებლადაა წარმოჩენილი.
საქართველოს კანონმდებლობაც პირდაპირ დისკრიმინაციად მიიჩნევს ისეთ მოპყრობას ან პირობების შექმნას, რომლებიც პირს, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით.
“იმედის” სადავო სიუჟეტებში წარმოჩენილია, რომ თითქოსდა ქვიარ თემი განსხვავებული უფლებებით უნდა სარგებლობდეს და თითქოს ქვიარები არ ექცევიან უფლებების დაცვის საერთო ჩარჩოში, რაც ცალსახად პირდაპირი დისკრიმინაციის მაგალითია.
ლგბტქ+ ადამიანები წარმოჩენილნი არიან ეროვნული იდენტობის წარმწყმედ და ეკლესიის შეურაცხმყოფელ თემად, ეს ყოველივე კი, ისედაც ნეგატიურად განწყობილ საზოგადოებაში, ხელს უწყობს სტიგმისა და სიძულვილის გაძლიერებას.
ამას ადასტურებს სადავო მასალების ქვეშ დაწერილი კომენტარების სქრინები, რომლებიც განმცხადებელმა წარმოადგინა.
Სადავო სადავო მასალებში “იმედის” ჟურნალისტებმა წაახალისეს ლგბტქ+ ადამიანების დისკრიმინაცია და სტიგმატიზაცია, თემთან რაიმე ფორმით ასოცირება/დაკავშირება წარმოაჩინეს როგორც მადისკრედიტებელი, საზოგადოებისათვის მიუღებელი ქმედება, რითაც ხელი შეუწყვეს ჰომოფობიური განწყობების გაღვივებასა და გავრცელებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალებში დარღვეულია ქარტიის მე-7 პრინციპი.
მეთერთმეტე პრინციპი. ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება
ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის კვირა”, რეპორტაჟი “სახიფათო პროპაგანდა”, 2024 წლის 03 მარტი
ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის კვირა”, რეპორტაჟი “სკანდალური ფაილები”, 2024 წლის 17 მარტი
ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის დღე”, რეპორტაჟი “ექსკლუზიური ინტერვიუ დეტრანს რიჩი ჰერისონთან” ან/და “მეცნიერების ქირურგიული კასტრაციის წინააღმდეგ.
სამივე სადავო სიუჟეტთან მიმართებით, განმცხადებლები მიუთითებენ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაზე და მათ განზრახულობაზე, რომ მსგავსი თემები გააშუქონ პოლიტიკური ჰომოფობიის კონტექსტში.
ქარტიის პრაქტიკით, საბჭო ფაქტებს განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევს, როცა დგინდება, რომ:
ტელეკომპანია “იმედის” სადავო მასალების განხილვისას განმცხადებელი სწორედ დარღვევის კამპანიურობაზე, განგრძობითობაზე მიუთითებდა. საბჭოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ამ თემებზე პროპაგანდისტული მასალები “იმედის” ეთერში გადიოდა ინტენსიურად. 2024 წლის 26 თებერვალს, გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით „ფსევდო ლიბერალიზმი და ლგბტ პროპაგანდა“, 27 თებერვალს ეთერში გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით „ლგბტ პროპაგანდა - გამოხმაურებები“, პირველ მარტს ეთერში გავიდა ოთხი სიუჟეტი დღის სხვადასხვა მონაკვეთში, რომლის სათაურია „ლგბტ პროპაგანდა - საკანონმდებლო ინიციატივა“. ამასთან, “იმედის კვირის“ ეთერში რეგულარულად ხდება მსგავსი სიუჟეტების გაშუქება.
ჩამოთვლილ მასალებში “იმედის” ჟურნალისტები აღწერენ იდენტურ მოვლენებს, რომლებიც ქარტიის საბჭომ ამ განცხადებების განხილვისას არაზუსტად მიიჩნია და პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს მე-11 პრინციპის დარღვევას - არაზუსტი ფაქტების მიზანმიმართულ განგრძობით გავრცელებას.
მე-11 პრინციპის დარღვევა პირველი პრინციპის დამამძიმებელი გარემოებაა და საბჭო მის დადგენამდე ყოველთვის ეძებს მოტივს.
განმცხადებელმა განხილვისას მოტივად დაასახელა ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო პოლიტიკის მიკერძოება მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ.
საბჭო იზიარებს განმცხდებლის პოზიციას, რადგანაც სახეზეა “იმედის” ჟურნალისტების გზავნილების თანხვედრა “ქართული ოცნების” პოლიტიკურ გზავნილებთან. სადავო მასალების ეთერში გასვლა წინ უსწრებდა “ქართულმა ოცნების” მიერ საზოგადოებისთვის ახალი საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენას.
ეს საკონსტიტუციო ცვლილებები “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა, როგორც “LGBT-პროპაგანდის” წინააღმდეგ მიმართული აუცილებელი ცვლილება და ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ ტელეკომპანიის მიერ ამ თემების აქტიური გაშუქება სწორედ ამ ცვლილებებისთვის საზოგადოებრივი აზრის მომზადებას უკავშირდება. ამ ცვლილებების წარდგენით, აქტიური კამპანიით, ქვიარ თემის დისკრედიტაციით, “ქართული ოცნება” ცდილობს ოპოზიციის “გაშავებას”, რაშიც აქტიური როლი აქვს “იმედის” ზემოაღნიშნულ მასალებს.
დღეს მიმდინარე სატელევიზიო პროპაგანდის მიზანია მმართველი პარტიის მხარდაჭერა. თემის ირგვლივ განსხვავებული პოზიციის მქონე ექსპერტებისა თუ უფლებადამცველების პოზიციების გაუშუქებლობით, მწირი გაშუქებით, არაზუსტი და დაუბალანსებელი ინფორმაციის კამპანიურად გაშუქებით, საბჭო რწმუნდება, რომ ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტები შეგნებულად, განზრახ ამახინჯებენ ფაქტებს.
მათ იციან, რომ არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც, რომლის გადამოწმებას და სიუჟეტში ასახვას არც კი ცდილობენ. ამის მოტივად საბჭო მიიჩნევს “იმედის” მიერ ცხადად სახელისუფლებო პროპაგანდისტის როლის მორგებას.
აქედან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მე-11 პრინციპი, რამდენადაც ტელეკომპანია „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკის გათვალისწინებით, მსგავს მასალებს ის პერიოდულად, კამპანიურად ავრცელებს. საბჭოს პოზიციით, ამის მიზანი არის როგორც თავად ქვიარ თემის, ასევე მასთან დაკავშირებული შტოების დისკრედიტაცია.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე: