გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) - საქართველო მარიამ გაფრინდაშვილის წინააღმდეგ
16.06.2024

დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;
განმცხადებელი : ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) - საქართველო;
მოპასუხე : მარიამ გაფრინდაშვილი;

30 მარტი,  2024 წელი

საქმე N – 730

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ხატია ღოღობერიძე, ნინო კაპანაძე, ნინო რამიშვილი, გელა მთივლიშვილი, ირმა ზოიძე

 აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ორგანიზაციამ „ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) - საქართველო”, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2024 წლის 2 მარტს „TV პირველის” გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი” გასულ მასალაში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა მარიამ გაფრინდაშვილი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა ნაწილობრივ დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და არც წერილობითი შეპასუხება წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

სადავო სიუჟეტი ფემიციდს ეხება და მისი სათაურია - „რას ამბობს ბრალდებული, რომელმაც ქალი დანის 59 დარტყმით მოკლა".

განმცხადებლის პოზიციით, მასალა ეწინააღმდეგება ჟურნალისტურ სტანდარტების, რაც მედიამ ფემიციდის თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის გაშუქების დროს უნდა გაითვალისწინოს. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ჟურნალისტი სიუჟეტში იყენებს ოჯახის წევრების მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ მკვლელი ფსიქოლოგიური პრობლემების გამო ნარკოტიკულ ნივთიერებებზე იყო დამოკიდებული და ფემიციდს მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას უკავშირებს. განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტი ავითარებს ვერსიას, რომელსაც არც პროკურატურა და საქმეში ამ ეტაპზე არსებული არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს.

განმცხადებლის მითითებით, ჟურნალისტი დაკავებულის მდგომარეობის აღსაწერად ხშირად აჟღერებს ფრაზებს, როგორებიცაა „ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი”, „ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც მკვლელობაში ბრალდებულს ჰქონდა მიღებული, სავარაუდოდ, ამფეტამინის ჯგუფს განეკუთვნებოდა”.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ არასწორია, როცა ჟურნალისტი მასალაში ნარკოტიკულ ნივთიერებაზე დამოკიდებულებას ხაზს უსვამს, მაშინ, როცა ექსპერტიზა დასრულებული არ არის. მასალაში მარიამ გაფრინდაშვილი ამბობს - „სოფელ წინუბანში ქეთის გლოვობენ - 22 წლის გოგოს, რომელიც ამფეტამინის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ნათესავმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა". განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ასეთი გაშუქება და სპეკულაცია საშიშია, რადგან, ერთი მხრივ, ექსპერტიზა დასრულებული არ არის და პროკურატურა ოთარ ცინდელიანს გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას ედავება, ხოლო, მეორე მხრივ, ჟურნალისტის მიერ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ხაზგასმა ხელს უწყობს ზოგადად თემის სტიგმატიზებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების პოტენციურ დამნაშავეებად წარმოჩენას.

ამასთან, განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტი დაკავებულის მიერ მოკლული ქალის კონტროლს, მის დამცირებას, მასზე გამოყენებულ ფსიქოლოგიურ და ვერბალურ ძალადობას ბულინგს უწოდებს და არ ხნის, რას ნიშნავს გენდერული ნიშნით ძალადობა და რა სპეციფიკა აქვს მას: “ჟურნალისტის ფემიციდზე მომზადებულ სიუჟეტში ამ საკითხზე საერთოდ არ საუბრობს და არ აწვდის აუდიტორიას შესაბამის ინფორმაციას, თუმცა ფემიციდის მოტივს ხნის დაკავებულის შესაძლო ნარკოტიკებზე დამოკიდებულებით ხნის, რაც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით სტერეოტიპების გაჩენას ან განმტკიცებას”.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ფემიციდის გაშუქების დროს მედიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს, რადგან იმან, თუ როგორ აშუქებს მედია ფემიციდს, პირდაპირი გავლენა შეიძლება იქონიოს ქალთა მკვლელობის პრევენციაზე.

“მედიის როლი და პასუხისმგებლობა ფემიციდის ეთიკურად გაშუქებაში გამოიხატება, სადაც ის: ამხელს სისტემურ ნაკლოვანებებს, რათა სახელმწიფომ და პასუხისმგებელმა სტრუქტურებმა შესაბამისი ზომები მიიღონ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის; აამაღლებს საზოგადოების ცნობიერებას ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით; ასევე, სწორ და გადამოწმებულ ინფორმაციას მიაწოდებს სერვისებისა და მხარდაჭერის შესახებ მათ, ვინც ძალადობის მსხვერპლია და სჭირდებოდეს თავის დაღწევა”.

განმცხადებელმა განმარტა, რომ ოთარ ცინდელიანს 21 წლის ქალის მოკვლისთვის საქართველოს პროკურატურამ ბრალი 29 თებერვალს წარუდგინა; პროკურატურის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”.

განმცხადებელმა მიუთითა, რომ გენდერის ნიშნით ქალის მკვლელობა, ანუ ფემიციდი, ერთ-ერთი გავრცელებული სისხლის სამართლის დანაშაულია საქართველოს მასშტაბით და ის ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლინების უკიდურესი ფორმაა, ამიტომ ჟურნალისტები განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას უნდა იჩენდნენ ფემიციდის გაშუქების დროს.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა ფემიციდის შემთხვევა არასათანადოდ გააშუქა და სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი.

საბჭოს მიაჩნია, რომ სიუჟეტი დისკრიმინაციულია და აძლიერებს სტერეოტიპულ დამოკიდებულებას.

ჟურნალისტი იყენებს შემდეგ ფრაზებს:

„ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც მკვლელობაში ბრალდებულს ჰქონდა მიღებული, სავარაუდოდ, ამფეტამინის ჯგუფს განეკუთვნებოდა. ეს საბოლოოდ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, თუმცა დადასტურებულია, რომ ეს ნივთიერება მოხმარების შემდეგ ჰალუცინაციებს იწვევს";

„ის, რაც არ თქვა კამერებთან, ბრალდებულის მამამ, „პირველებს" დაუდასტურა, სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი შვილი წლებია მკვლელ ნარკოტიკზე, ამფეტამინზეა დამოკიდებული, ამ მძიმე ნარკოტიკის მოხმარების შედეგად კი ის უკონტროლო იყო. მკვლელობაში ბრალდებულმა რეაბილიტაციის კურსი ესპანეთშიც გაიარა, თუმცა ვერაფერი უშველეს, ამიტომ უკან საქართველოში დაბრუნდა";

„ამ დროს კი პოლიცია და სახელმწიფო უმოქმედოა, ნარკოტიკებით განადგურებული ახალგაზრდების და ოჯახების რაოდენობა კი ყოველდღიურად იზრდება. 22 წლის ქეთიც, სავარაუდოდ, ამ ქვეყანაში არსებული მძიმე რეალობის კიდევ ერთი მსხვერპლია".

„ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული?" - ეკითხება ჟურნალისტი ბრალდებულის ბებიას, „ნარკოტიკმა დაღუპა თქვენი შვილიც რეალურად?" - ეკითხება ბრალდებულის მამას. „ამ ნარკოტიკის კიდევ ერთი შედეგია ეს" - ეუბნება გარდაცვლილის მეზობელს.

ჟურნალისტს უნდა ახსოვდეს, რომ ხშირად ბრალდებულის დაცვის მხარე/ნათესავები იყენებენ ფსიქიკური პრობლემების შესახებ არგუმენტს, რათა შეამცირონ პასუხისმგებლობა. ეს შეიძლება იყოს დაცვის მხარეს სტრატეგიის ნაწილი და მედია არ უნდა წამოეგოს მათ განზრახვას, ასევე, არ გააძლიეროს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ისედაც არსებული სტიგმა. მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანთა უმრავლესობა მოძალადე არ არის და არც ყველა მოძალადეს აქვს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები.

ამასთან, აღნიშნულ შემთხვევაში ექსპერტიზით არ არის დადასტურებული, რომ ბრალდებული ნარკოტიკს მოიხმარდა, თუმცა ჟურნალისტს მთლიანი სიუჟეტი ამ ნარატივზე აქვს აგებული, რაზეც მისი ფრაზები მოწმობს.

საბჭოს მიაჩნია, რომ ჟურნალისტურ მასალაში ბრალდებულის მამის კომენტარის გამოყენება არარელევანტური იყო. საქმეში - ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო მარიამ გაფრინდაშვილის წინააღმდეგ (2023 წელი) საბჭომ აღნიშნა, რომ მედიას უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ მაღალი ალბათობით, მშობლები ეცდებიან ბრალდებულის გამართლებას და მსხვერპლის დადანაშაულებას, რაშიც ჟურნალისტებმა ხელი არ უნდა შეუწყონ. დადასტურებული ფაქტია, რომ ქალი მოკლეს და არსებობს ბრალდებულიც, რომლის პოზიციას გამოხატავს მისი ადვოკატი. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ოჯახის პოზიცია მნიშვნელოვანია მაშინ, თუ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია და საქმე გვაქვს სახელმწიფო ორგანოების მიკერძოებასთან. სიუჟეტის მომზადების ეტაპზე მიმდინარეობდა საქმის განხილვა სასამართლოში, ჟურნალისტურ მასალაში არ ჩანს ეჭვები მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით.

ამასთან, ქარტია ფსიქიკური ჯანმრთელობის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში მიუთითებს:

        კრიმინალური ამბების გაშუქებისას ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ხაზგასმა ხელს უწყობს ზოგადად თემის სტიგმატიზებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების პოტენციურ დამნაშავეებად წარმოჩენას. კვლევები ცხადყოფს, რომ მოძალადეთა და მძიმე დანაშაულების ჩამდენთა უმეტესობას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, ხოლო ფსიქიკური ჯანმრთელობის რომელიმე პრობლემის დიაგნოზის მქონე ადამიანების სრული უმეტესობა მოძალადე არ არის და არც კანონთან ჰქონიათ პრობლემები.

        მედიამ ძალადობის, კრიმინალის ან ანტისოციალური ქმედებების გაშუქებისას თავი უნდა აარიდოს ჟურნალისტურ პროდუქტში მოწმეთა, თვითმხილველთა ან მეზობელ-ახლობელთა იმგვარი კომენტარების გამოყენებას, სადაც წყარო ხაზს უსვამს ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას და ჩადენილ ქმედებას ამას უკავშირებს.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის და ნარკოდამოკიდებულების ხსენება კრიმინალის გაშუქებისას დასაშვებია, თუ სასამართლოში საქმის წარმოებაზე რაიმე გავლენას იქონიებს პირის დადასტურებული დიაგნოზი ან/და ამ კონკრეტული დეტალის მიმართ საჯარო ინტერესი მკაფიო და მაღალია. აღნიშნულ შემთხვევაში კი ჯერ არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომლიდანაც მსგავსი დასკვნების გამოტანა შეიძლება.

საბჭო რეკომენდაციის სახით აღნიშნავს, რომ ქალთა მიმართ ძალადობასთან და ფემიციდთან დაკავშირებით საუბრისას, კონკრეტული შემთხვევების განხილვისას, უმჯობესია ჟურნალისტმა ფოკუსი სისტემურ პრობლემებზე გააკეთოს: რას აკეთებს სახელმწიფო ამ მიმართულებით, რამდენად კარგად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას საჯარო მოხელეები, როგორია ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკა, რა ხარვეზებია კანონმდებლობაში და ა.შ.

ამასთან, საბჭო აღნიშნავს, რომ რესპონდენტების კომენტარების გამოქვეყნებისას ჟურნალისტმა უნდა გაითვალისწინოს მასალის ინფორმაციული ღირებულება და საზოგადოებრივი ინტერესი. ასევე, მედიას უნდა ახსოვდეს, რომ გარდაცვლილი ადამიანი საკუთარ უფლებებს ვერ დაიცავს. გარდა ამისა, ადამიანის პირადი ცხოვრება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს საჯარო, თუ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.

ასევე, ჟურნალისტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მის მიერ მოყოლილმა ამბავმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სხვა ქალებზე, რომლებსაც განუცდიათ ან ჯერ კიდევ განიცდიან ძალადობას. მასალაში საჭირო ინფორმაციის მითითება (გადაუდებელი დახმარების ცენტრი: 112; მსხვერპლთა დახმარების ცხელი ხაზი: 116 006; სახალხო დამცველი - 1481) წაახალისებს ძალადობა გამოვლილ პირებს, მიმართონ შესაბამის დახმარებას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. მარიამ გაფრინდაშვილმა დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.