დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 7 პრინციპი;
განმცხადებელი : WISG, თემიდა, ქეთევან კაბულაშვილი, სოფიკო გულედანი;
მოპასუხე : ირაკლი ჩიხლაძე;
25 იანვარი, 2024 წელი
საქმე N – 709, 711
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები:
მანანა ქველიაშვილი, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ხატია
ღოღობერიძე, ნინო კაპანაძე, ნინო რამიშვილი, გელა მთივლიშვილი, ირმა
ზოიძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს WISG-მა და თემიდამ, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ 2023 წლის 17 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედის” გადაცემა „იმედის კვირაში” დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მე-7 პრინციპი. ამავე მასალაზე საბჭოს განცხადებით მომართეს ქეთევან კაბულაშვილმა და სოფიკო გულედანმა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ირაკლი ჩიხლაძე.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრების ნაწილმა მიიღო პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვას ესწრებოდნენ განმცხადებლები, ხოლო მოპასუხე
ჟურნალისტს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და არც წერილობითი
შეპასუხება წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
სადავო მასალის სათაურია - „სამედიცინო სკანდალის მსხვერპლი”.
გადაცემის წამყვანი, ირაკლი ჩიხლაძე თავის ტექსტში ამბობს: „შეცდომა, რომელმაც ქლოე კოულს 13 წლის ასაკში ცხოვრება დაუმახინჯა. პირველად ქართულ სატელევიო სივრცეში, ექსკლუზიური ინტერვიუ ყოფილ ტრანსგენდერ გოგონასთან, რომლისთვისაც სქესის შეცვლის პროცედურები დამანგრეველი აღმოჩნდა. გოგონა, რომელიც საკუთარ იდენტობაში არ იყო გარკვეული, როგორც თავად ამბობს, პროპაგანდის მსხვერპლი გახდა. ბევრი ვიფიქრეთ საერთოდ შევხებოდით თუ არა ამ თემას, მაგრამ ეს არის ამბავი, რომლის მოსმენის შემდეგაც დაფიქრდებით, თუ რამდენად საშიშია პროპაგანდა. ქლოე კოულისთვის საკუთარი თავის პოვნა სამწუხაროდ სქესობრივი დასახიჩრებით დასრულდა. ის ახლა 19 წლისაა და სხვისი უფლებების დასაცავად იბრძვის. ექსკლუზიურად საბა ხვიჩია მოგიყვებათ ქლოეს გახმაურებულ ამბავს, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა”.
წამყვანის შესავალ ტექსტში [„ბევრი ვიფიქრეთ საერთოდ შევხებოდით თუ არა ამ თემას”] ჩანს, რომ ირაკლი ჩიხლაძე პასუხისმგებლობას იღებს სიუჟეტის შინაარსზეც, შესაბამისად, საბჭომ წამყვანის შესავალი ტექსტი და სიუჟეტი სრულად განიხილა.
სიუჟეტში ნათქვამია:
„12-14 წლის გოგონებს ექიმებმა მკერდი სქესის შესაცვლელად მოკვეთეს, ოპერაციამდე კი ქალად მომწიფების პროცესის შესაჩერებლად ჰორმონები დაუნიშნეს. შემდეგი ეტაპი საშვილოსნოს ამოკვეთაა. ბოსტონის ბავშვთა მხოლოდ ერთ ჰოსპიტალში სამ წელიწადში ბიჭად გარდაქმნის პროცედურისთვის სარძევე ჯირკვლის მასტექტომია 65 გოგონას ჩაუტარეს”.
„ოპერაციიდან 4 წლის შემდეგ ქლოე ფიქრობს, რომ არასწორი არჩევანის მიზეზი ის პროპაგანდა იყო, რომელსაც სატელევიო თუ სოციალურ სივრცეებში ხშირად აწყდებოდა”.
განმცხადებლების [WISG, თემიდა] პოზიციით, ჟურნალისტმა ერთი სამედიცინო შემთხვევა განაზოგადა ისე, რომ საზოგადოებას არ მიაწოდა ზუსტი ინფორმაცია; სიუჟეტში გააჟღერა მისეული ვერსია, რომლის მიზანი მაყურებლის შეცდომაში შეყვანა იყო.
განმცხადებლის თქმით, სიუჟეტში რამდენიმე უზუსტობაა:
- ჟურნალისტი საუბრობს ადამიანზე, რომელიც ტრანსგენდერი პირი, როგორც მასალიდან ირკვევა, აღარ არის, თუმცა მაინც ამბობს „ტრანსგენდერ გოგონას”.
- ჟურნალისტმა საზოგადოებას არ მიაწოდა ზუსტი ინფორმაცია ე.წ. სინანულის სტატისტიკის შესახებ და განაზოგადა შემთხვევა. სინამდვილეში კი, ამერიკის ბევრ შტატში საერთოდ აკრძალულია არასრულწლოვანთა ტრანზიციის ქირურგიული პროცედურები, მაგალითად: ფლორიდის, ჯორჯიის, ინდიანას, ლუიზიანას, კენტუკის და სხვა შტატებში. ხოლო იმ შტატებში, სადაც აღნიშნული ქირურგიული ოპერაციები ტარდება, პაციენტთა შემდგომი ე.წ. „სინანულის“ შემთხვევები სტატისტიკურად იმდენად მცირეა, რომ მათი განზოგადება და პრობლემის მასშტაბურობაზე აქცენტირება არ შეესაბამება სიმართლეს. მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, არასრულწლოვანთა სინანულის მაჩვენებელი 1,5%-ია. შესაბამისად, ამ მონაცემების განზოგადება არის ზუსტი ინფორმაციის დამახინჯება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
- ადამიანის გენდერული იდენტობა არ არის არჩევანი, შესაბამისად, მითითება, რომ „პროპაგანდას” შეუძლია ამაზე ზეგავლენა მოახდინოს და შეცდომაში შეგიყვანოს, არასწორია. “ლგბტ პროპაგანდაზე” საუბარი ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს, რადგან ადამიანები იდენტობას ვერ შეიცვლიან “პროპაგანდით”. გარდა ამისა, ეს არის რუსული დეზინფორმაციული პროპაგანდის ნაწილი.
ამასთან, განმცხადებლის პოზიციით, ეს არის სტანდარტული, პროპაგანდისტული სიუჟეტი, რომელიც მითებს შეიცავს, ასევე, არ არის ნაჩვენები მეორე მხარე, ცალმხრივად არის მოყოლილი და მაყურებელს არ აწვდის სრულ ინფორმაციას [კლინიკის, ექიმებისა თუ სხვა რელევანტური პირების, ექსპერტების კომენტარები].
საბჭო ჟურნალისტურ პროდუქტს აანალიზებს აუდიტორიის პოზიციიდან და ცდილობს დაადგინოს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. საბჭო სწორედ იმ ძალისხმევას აფასებს, რაც ჟურნალისტმა გასწია ინფორმაციის მოსაძიებლად/გადასამოწმებლად.
საბჭო აღნიშნავს, რომ არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება და სანდო წყარო, რომელიც დაადასტურებდა „ლგბტ პროპაგანდის" რაიმე ფორმით არსებობას და რომ ის გავლენას ახდენს ადამიანებზე. სიუჟეტში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი კვლევები, ექსპერტების მოსაზრებები თუ სხვა რელევანტური წყაროები, რაც მაყურებელს სრული ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება. სიუჟეტში მხოლოდ საუბარია ბოსტონის ჰოსპიტალის სტატისტიკაზე, თუ რამდენ ბავშვს ჩაუტარდა 3 წელიწადში სარძევე ჯირკვლის მოკვეთის ოპერაცია (მასტექტომია), თუმცა ჟურნალისტი არ ასახელებს მათ შორის რამდენ შემთხვევაში დასრულდა ტრანზიცია წარმატებით.
საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტური მასალა დაუბალანსებელია. არ ჩანს ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტების მცდელობა. აუდიტორიას აქვს უფლება, მიიღოს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია კონკრეტული ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება. ამის გათვალისწინებით, საკითხი არ არის გაშუქებული სრულყოფილად. შესაბამისად, საბჭო პირველ პრინციპს მიიჩნევს დარღვეულად.
ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ მასალაში არ არის ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა ტრანზიციის პროცესთან დაკავშირებით საქართველოში, შესაძლებელია გაკეთდეს თუ არა ქირურგიული ჩარევა და რა ასაკში, რა ნაბიჯების გადადგმა უწევთ ტრანსგენდერ ადამიანებს ტრანზიციის პროცესში ჩვენს ქვეყანაში და ა.შ. ამ საკითხით დაინტერესების შემთხვევაში, ჟურნალისტი აღმოაჩენდა, რომ ტრანსგენდერი ადამიანები საქართველოში მუდმივად აწყდებიან დისკრიმინაციას, ჩაგვრას, უთანასწორო მიდგომებს, მათ შორის, ჯანდაცვისა და სახელმწიფო უწყებების მხრიდან.
ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.
განმცხადებლები მიუთითებდნენ, რომ მასალა იყო დისკრიმინაციული და დამაზიანებელი.
განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ დისკრიმინაციულია შემდეგი ფრაზები - „შეცდომა, რომელმაც ქლოე კოულს ცამეტი წლის ასაკში ცხოვრება დაუმახინჯა“, „სქესის შეცვლის პროცედურები დამანგრეველი აღმოჩნდა“, „როგორც თავად ამბობს, პროპაგანდის მსხვერპლი გახდა“, „დაფიქრდებით, რამდენად საშიშია პროპაგანდა“, „საკუთარი თავის პოვნა სქესობრივი დამახინჯებით დასრულდა“.
განმცხადებლების თქმით, აღნიშნული ფრაზები აძლიერებს სტიგმას ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ, ხელს უწყობს მათ მარგინალიზაციას და სიუჟეტი მანიპულირებს საზოგადოებაში არსებული ირაციონალური შიშებით.
მათი თქმით, სიუჟეტში განზრახ, რამდენჯერმეა ნახსენები სიტყვა “პროპაგანდა” არასწორ კონტექსტში; პროპაგანდა არის ინფორმაციის მიწოდების ფორმა, რომელიც გულისხმობს საკომუნიკაციო საშუალების მიზანმიმართულ გამოყენებას ადამიანთა გონებაზე, ემოციებსა და ქცევაზე სასურველი ზემოქმედების მიზნით. აქედან გამომდინარე, განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ ამ სიტყვის ხსენება არასწორია და ქმნის იმგვარ ფონს, თითქოს “პროპაგანდის” შედეგად ადამიანები ტრანსგენდერები “ხდებიან”. ამასთან, განმცხადებლებმა განმარტეს, რომ ტერმინი „სქესის შეცვლა" ფაქტობრივადაც არასწორია და სწორი ტერმინია „გენდერის დადასტურება".
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. მსგავსი სახით საკითხის გაშუქებამ გამოიწვია დისკრიმინაცია და ხელი შეუწყო სტიგმის გაძლიერებას ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ.
ტრანსგენდერი ადამიანები ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული და დისკრიმინირებული ჯგუფია. მათ ხშირად უწევთ ტრანსფობიური ჯგუფების მხრიდან წამოსულ აგრესიასთან გამკლავება და ბრძოლა გადარჩენისთვის. მათზე ძალადობენ ფსიქოლოგიურად, ეკონომიკურად, სექსუალურად, ფიზიკურად და საქართველოში მათ კლავენ მათი გენდერული იდენტობის გამო.
საბჭო იმასაც აღნიშნავს, რომ მასალაში ჩანს ანტიდასავლური განწყობები და იგი იმეორებს სახელისუფლებო კამპანიას ე.წ. „ლგბტ პროპაგანდის” შესახებ. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ხშირად თავად აკეთებენ ჰომოფობიურ და ტრასფობიურ განცხადებებს, რაც განსაკუთრებული საფრთხის შემცველია, ვინაიდან მათ შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინონ საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელშიც ჰომო/ტრანსფობიური განწყობა ისედაც ძლიერია. გარდა ამისა, მათ ხელშია ძალაუფლება.
ამასთან, ჟურნალისტი იყენებს არასწორ ტერმინებს [„ტრანსგენდერი გოგონა”, „სქესის შეცვლა”]. საბჭო მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ჟურნალისტურ მასალაში გამოყენებული იყოს სწორი ტერმინები და ჟურნალისტმა სათანადო ძალისხმევა უნდა გასწიოს სწორი ინფორმაციისა თუ ტერმინების მოძიებაში.
ქარტიის სახელმძღვანელო წესებში „სახელმძღვანელო მითითებები და თვითრეგულირების სტანდარტები გენდერის, გენდერული ნიშნით ძალადობისა და ლგბტქი საკითხებზე სენსიტიური და ეთიკური გაშუქების შესახებ", მოცემულია ინფორმაცია სწორი ტერმინოლოგიის შესახებ, რომელიც ამ თემით დაინტერესებულ ჟურნალისტს დაიცავს დისკრიმინაციული ფორმულირებების გავრცელებისგან და ხელს შეუწყობს ტოლერანტული კულტურის დამკვიდრებას.
გენდერი - სოციალურად ფორმირებული მახასიათებლების ერთობა. ის განსხვავდება „სქესისგან", რომელიც ეხება ბიოლოგიურ თვისებებს. გენდერული იდენტობა გულისხმობს ადამიანის აღქმას მისი გენდერის შესახებ და ყოველთვის არ ემთხვევა დაბადებისას მინიჭებულ სქესს.
ტრანსგენდერი - ქოლგა ტერმინი იმ ადამიანებისთვის, რომელთა გენდერული იდენტობა განსხვავდება დაბადებისას მინიჭებული სქესისგან. მაგალითად, ადამიანი, რომელსაც დაბადებისას მინიჭებული აქვს მამრობითი სქესი, მაგრამ თავს ქალად აიდენტიფიცირებს, არის ტრანსგენდერი ქალი, ხოლო ადამიანი, რომელსაც დაბადებისას მინიჭებული აქვს მდედრობითი სქესი, მაგრამ თავს აღიქვამს კაცად, არის ტრანსგენდერი კაცი.
ჟურნალისტი ვალდებულია, ერკვეოდეს, რას ნიშნავს დისკრიმინაცია და დისკრიმინაციის წახალისება, სიძულვილის ენა და არატოლერანტული გამონათქვამები. მედიას გენდერულად მგრძნობიარე, არადისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპების შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს.
როგორც საბჭომ თავის პრაქტიკაში აღნიშნა, მედია შესაძლოა მარტივად გახდეს სტერეოტიპების გაღრმავების ხელისშემწყობი, თუკი თითოეულ შემთხვევას სიფრთხილით არ მოეკიდება და არ იფიქრებს გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე. მედიასაშუალებები უნდა ცდილობდნენ, არ წაახალისონ არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბება. მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საინფორმაციო ქმედებებით ხელი შეუწყოს საზოგადოებაში არსებული ირაციონალური შიშებისა და ზიზღის წინააღმდეგ ბრძოლას.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- ირაკლი ჩიხლაძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-7 პრინციპი.