26.11.2022

2022 წლის 25 ნოემბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტში, დედათა მონასტერში, თავდამსხმელები მონაზვნებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ერთ-ერთ მათგანზე სექსუალურად იძალადეს. დღეს მედიის ნაწილმა გაავრცელა ქალის ვინაობა და ფოტო. 

ქარტიის საბჭო დაუშვებლად, უკიდურესად არაეთიკურად და არაპროფესიონალურად მიიჩნევს სექსუალური ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირებას და ფოტოს გამოქვეყნებას, მით უმეტეს, როდესაც ძალადობაგამოვლილ ადამიანს ამაზე მედიისთვის თანხმობა არ მიუცია და როდესაც ეს ინფორმაცია არანაირ საჯარო ინტერესს არ წარმოადგენს.   

მოვუწოდებთ მედიას, მომხდარის გაშუქებისას პატივი სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას, დაიცვას ეთიკური სტანდარტები და არ მოახდინოს ძალადობაგამოვლილი ადამიანის იდენტიფიცირება, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მას.  

მედიის მიერ მსხვერპლის უფლებების დარღვევა აზიანებს მედიის მიმართ ნდობას. 

მედიას ნებისმიერი ამბის გაშუქებისას უნდა ესმოდეს საკუთარი მისია და უნდა იფიქროს იმაზე, თავისი ქმედებით ხომ არ აყენებს ზიანს ადამიანს, რომლის უფლებების დაცვაც ევალება.

მედიას უნდა ახსოვდეს ისიც, რომ ყოველი მსგავსი წინდაუხედაობა და შეცდომა ასევე აზიანებს მისდამი საზოგადოების ნდობას, რადგან საზოგადოება ჟურნალისტისგან სამართლიანად ელის, რომ ის მისი მოკავშირეა და მის კეთილდღეობაზე ზრუნავს.  

ჟურნალისტები და რედაქტორები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ მსგავსი შემთხვევების გაშუქებას და ყურადღება მიაქციონ თითოეული შემთხვევის თავისებურებას. ძალადობაგამოვლილი ადამიანის ვინაობის გამხელამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი რეტრავმირება და ზიანი მიაყენოს მას არამხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც. 

სექსუალური ძალადობის შემთხვევების გაშუქებისას, მედიამ ასევე უნდა გაითვალისწინოს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები, განწყობები და მასალების მომზადებისას არ უნდა შეუწყოს ხელი გენდერული უთანასწორობის გაღრმავებას. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს შეახსენებს: 

  • ძალადობაგამოვლილ ადამიანს აქვს უფლება, არ იყოს იდენტიფიცირებული საჯაროდ;
  • სახელის, გვარისა და ფოტოების გამოქვეყნება შესაძლებელია თავად მისი გააზრებული ნებართვით, თუ არსებობს განსაკუთრებული საჯარო ინტერესი;  
  • მედიამ ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რომ არ გამოიწვიოს ერთხელ უკვე ტრავმირებული ადამიანის ხელახალი ტრავმირება. 
04.11.2022

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი დარტყმაა თავისუფალ მედიაზე.

2022 წლის 2 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ისე, რომ განმარტებები არ გაუკეთებია და მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოიფარგლა, რომ სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს.

2019 წლის 19 აპრილს ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მრჩეველთა საბჭომ დირექტორს - ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა და დაკავებული პოზიციიდან გადააყენა. აჭარის ტელევიზიაში არსებული პროგრესის ფონზე, უსაფუძვლო იმპიჩმენტმა ბევრი კითხვა გააჩინა.

ახალი მენეჯმენტის მიერ კრიტიკული ჟურნალისტების მიზანმიმართულმა დევნამ კი ცხადი გახადა, რომ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავდა მიზნად. საბჭოს გადაწყვეტილება ნათია კაპანაძემ სასამართლოში გაასაჩივრა. 2022 წლის 6 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ნათია კაპანაძე სასამართლოში წარდგენილი სარჩელის ფარგლებში დავობდა მაუწყებლის საბჭოს მიერ გარემოებების არასათანადოდ გამოკვლევის გამო.

საყურადღებოა, რომ სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მისი პოზიცია და 17 გარემოებიდან 11 გარემოების ნაწილში ჩათვალა, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პოზიცია იყო დაუსაბუთებელი და არ ემყარებოდა კონკრეტული ფაქტების ანალიზსა და ობიექტურ შეფასებას, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ 5 გარემოებაზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება არ დაეკმაყოფილებინა კაპანაძის სარჩელი.

ნათია კაპანაძის ინტერესებს სასამართლოში იცავდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. როგორც საიას, ასევე მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციების შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ხელისუფლება ზღუდავს მედიის თავისუფლებას, ხოლო სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობა პრობლემურია.

ვფიქრობთ, მსგავსი გადაწყვეტილებები საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების მცდელობის ფონზე, კიდევ უფრო გვაშორებს ევროპულ მომავალს.

02.11.2022

2022 წლის 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოაცხადა განაჩენი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი დირექტორის, ამჟამად „მთავარი არხის“ დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე და გვარამია პატიმრობაში დატოვა.

მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და სახალხო დამცველის სასამართლოში წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრების მიხედვით, გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს. შესაბამისად, ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მისი, როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის ხელმძღვანელის დასჯას ემსახურება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მისაღებად დაწესებულ მოთხოვნებს პლურალისტული მედიაგარემოსა და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შესახებ. ნიკა გვარამიას საქმე მოხვდა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშიც. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ საქართველო კიდევ უფრო დააშორა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ბუნდოვანი გადახადა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი.

არსებულ კრიტიკულ სიტუაციაში კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია და დადებითი როლი შეასრულოს ევროპის კავშირში ინტეგრაციის პროცესში.

13.10.2022

2022 წლის 12 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა ,,დიდ შესვენებაში” წამყვანებმა ანეკდოტის მოყოლითა და საკუთარი რეაქციებით ხელი შეუწყვეს დისკრიმინაციული გარემოს შექმნასა და სტერეოტიპების გაძლიერებას. 

მოგვიანებით გადაცემის შემოქმედებითმა ჯგუფმა  გააკეთა განმარტება, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მათ არ აქვთ გააზრებული პასუხისმგებლობა და დისკრიმინაციული გარემოს შექმნას ვერ აღიქვამენ პრობლემად. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, არ შეუწყოს ხელი დისკრიმინაციული და არატოლერანტული გარემოს შექმნას. ანეკდოტებით და კომედიური ისტორიებით იზრდება სტიგმატიზაციის ხარისხი და სტერეოტიპები უფრო ძლიერდება. სტერეოტიპები შშმ პირებთან მიმართებით, თუნდაც კომედიურ კონტექსტში, განამტკიცებს არასწორ დამოკიდებულებებსა და წარმოდგენებს. 

ქარტიის საბჭო მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს, აღნიშნული მასალა წაშალონ გვერდიდან და გააკეთონ სათანადო განმარტება. 

05.10.2022

2022 წლის 5 ოქტომბერს ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ TV პირველის ჟურნალისტს, ნატო გოგელიას პროფესიული საქმიანობის შესრულებისას შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართა და გამოიყენა დისკრიმინაციული, სექსისტური ენა. 

ქარტია გმობს დავით დარჩიას რეპლიკებს ჟურნალისტის მიმართ და აღნიშნავს, რომ თანამდებობის პირის მხრიდან სრულიად მიუღებელია, როგორც ამგვარი დამოკიდებულება ჟურნალისტისადმი, ისე ასეთი დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ დისკრიმინაცია და გადავიდნენ მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმზე.

მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენელს ესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და იზრუნოს მათ შორის კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და სათანადოდ მოექცეს მათ.

ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება. 

04.10.2022

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პოსტვის“ 52%-იანი წილი 520 ათას ლარად იყიდა და დაჩქარებული წესით დაირეგისტრირა.

ჯაფარიძე, „ქართული ოცნების“ აწ უკვე ყოფილი წევრი დღესვე ანტიდასავლური განცხადებებით ცნობილ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“ შეუერთდა. „პოსტვ” -ის განცხადებით, ისინი დღეიდან „ხალხის ძალას“ ღიად და აქტიურად დაუჭერენ მხარს.

დეპუტატის მიერ ტელევიზიის ფლობასთან დაკავშირებით უკვე არსებობს სტანდარტი, რომელიც 2016 წელს კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იბერიის“ მფლობელების, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაშინდელი წევრის ზაზა ოქუაშვილის და მისი მეუღლის საქართველოს პარლამენტის წევრის ნატო ჩხეიძის შემთხვევაში დაადგინა.

ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტაციით, კომისიამ ტელეკომპანია „იბერიის“ მესაკუთრეებს აცნობა, რომ მათ მიერ ტელევიზიის ფლობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევა იყო. კერძოდ, 37-ე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი კრძალავს „ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე“ ფლობდეს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიას/ავტორიზაციას. საპასუხოდ, ოქუაშვილმა და ჩხეიძემ წილების მართვის უფლება სხვა პირებს გადასცეს, თუმცა კომუნიკაციების კომისიის წერილით ირკვევა, რომ კომისიამ ეს საკმარისად არ ჩათვალა და კვლავ მოუწოდა მფლობელებს „შესაბამისი ზომები“ მიეღოთ. საბოლოოდ, ზაზა ოქუაშვილმა და ნატო ჩხეიძემ წილები შვილებს აჩუქეს.

დღეს ვიქტორ ჯაფარიძემ განმარტა, რომ წილს სამართავად მინდობილ პირს გადასცემს. თუმცა კომუნიკაციების კომისიის მიერ დადგენილი პრაქტიკით, მას ეკრძალება არა მხოლოდ ტელევიზიის წილის მართვა, არამედ საკუთრებაში ფლობა.

შესაბამისად, მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას შეისწავლოს პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის მიერ „პოსტვ”-ის წილების ფლობის კანონიერების საკითხი.

22.09.2022

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის ინტერვიუს, სადაც იგი მოსამართლეების მიმართ ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. ალავიძის განცხადებით, რიგ შემთხვევებში იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეებისგან კონკრეტულ საქმეებზე გადაწყვეტილებების შეთანხმებას მოითხოვდა. მისივე განცხადებით, ხდებოდა დაბარება კაბინეტში და „ქუჩური წესებით საქმის გარჩევა“, რათა მათთვის სასურველი შედეგი დამდგარიყო. 

ბესარიონ ალავიძე საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლედ 2011 წლის თებერვალში 10 წლიანი ვადით დაინიშნა.  2021 წლის 22 თებერვალს მას სამოსამართლეო ვადა ამოეწურა. ალავიძე ჯერ კიდევ 2019 წელს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის პერიოდში, ღიად საუბრობდა სისტემაში არსებულ ნეპოტიზმსა და „ჩაწყობებზე“. ასევე, იგი  ადასტურებდა, სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის ე.წ. კლანის არსებობას.

ბესარიონ ალავიძის განცხადება დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა სოსო გოგაშვილმაგოგაშვილმასოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში კონკრეტულ საქმეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სუს-მა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის და ე.წ. კლანის ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნით, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმეზე სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად ალავიძეზე ზეწოლა განახორციელა. როგორც ცნობილია, 2017 წელს, ალავიძემ „რუსთავი 2-ის“ საქმე განიხილა და 8 კოლეგასთან ერთად კერძო მაუწყებელი  ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

სასამართლო სისტემაში კორუფციის რისკების არსებობის თაობაზე წლებია ისმის დასაბუთებული კრიტიკა, რომელსაც კიდევ უფრო აღრმავებს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ბესარიონ ალავიძისა და სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის განცხადებები. სასამართლო სისტემის რეფორმირების აუცილებლობაზე ადგილობრივი თუ საერთაშორისო აქტორების კრიტიკა და ბოლო დროს ყოფილი მოსამართლეების  მხრიდან გავრცელებული უმძიმესი ბრალდებებიც მიუთითებს. 

მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას:

მოსამართლეთა ზეწოლასა და სხვა უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით უზრუნველყოს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარება და გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება. მათ შორის, დეტალურად შეისწავლოს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” საქმეზე გადაწყვეტილებაზე გავლენის მომხდენი შესაძლო ზეწოლის შემთხვევები.

ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს:

შეიქმნას დროებითი საპარლამენტო კომისია ქართული მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მდგომარეობის შესასწავლად. გამოვლენილი ხარვეზების ანალიზს კი დაეფუძნოს რეფორმა, რომლის მიზანი სასამართლო სისტემის არაფორმალური გავლენებისგან გათავისუფლება იქნება. 

20.09.2022

2022 წლის 20 სექტემბერს, მედიაში გავრცელდა „საქართველოს ბანკის“ ქუთაისის ფილიალში მძევლად აყვანილი პირის მიერ გადაღებული ვიდეოები. კადრებში იდენტიფირებული არიან მძევლად აყვანილი პირები - თავდამსხმელი მათ სამართალდამცველებთან საკონტაქტოდ იყენებს. 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ მედიამ არ უნდა მისცეს თავდამსხმელს ტრიბუნა, რომელიც მას სჭირდება გავლენის მოსახდენად. კარგად გვესმის, რომ ამ ფაქტის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, მაგრამ ასევე დიდია თითოეული ჟურნალისტის და პროდიუსერის პასუხისმგებლობაც, როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს და მასთან დაკავშირებულ რისკებს ეხება.

ქარტიის საბჭო მედიასაშუალებებს სთხოვს გაითვალისწინონ ის პოტენციური ტრავმა, რომელიც, შესაძლოა, მძიმე კადრების ჩვენებამ მიაყენოს მძევლების ახლობლებს, რომლებისთვისაც მძიმე მოსასმენი და სანახავი იქნება ამგვარი დეტალების შესახებ ინფორმაცია.

ამასთან, მუქარის შემცველი მესიჯების გარდა, მედიის ხელში შესაძლოა აღმოჩნდეს ისეთი ვიდეოები, რომლებზეც ასახულია რომელიმე ძალადობრივი ჯგუფის მიერ კონკრეტულ ადამიანებზე ძალადობის სცენა. გარდა იმისა, რომ მსგავსი ვიდეოების პირდაპირ, დაუმონტაჟებლად გადაცემა და ვერბგვერდებზე განთავსება პანიკას თესავს, სხვა მიზეზითაც არ არის მიზანშეწონილი. ასეთი მასალების მედიით გავრცელებამ შეიძლება მიბაძვითი ქცევები წაახალისოს. 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ჟურნალისტის საქმიანობით:

  • ადამიანებს საფრთხე არ შეექმნათ;
  • საპოლიციო ოპერაციებს ხელი არ შეეშალოს;
  • დამნაშავეს არ მიეწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია;
  • მედია სიფრთხილით მოეკიდოს ისეთი მძიმე კადრების ჩვენებას, რომლებმაც შესაძლოა მძევლების ტრავმა ახლობლებს მიაყენოს.

20.09.2022

2022 წლის 20 სექტემბერს, საღამოს „რუსთავი 2-ის” ეთერში გავა  გადაცემა „ღამის პრაიმ-თაიმი.” მაუწყებელმა  ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა გადაცემის ანონსი  წარწერით: „საზოგადოება, რომელიც ამართლებს ფემიციდს - მწვავე დაპირისპირება - ცხელი დისკუსია - და ქალები, ქალების წინააღმდეგ”.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განმარტავს, რომ ფემიციდი ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმაა. ეს არის ქალების მკვლელობა მათი გენდერის გამო. ფემიციდის გაშუქებისას მედიამ არ უნდა დაიწყოს იმის გარკვევა, რა „დააშავა" ქალმა და რატომ მოკლეს ის. არ არსებობს მიზეზი, რაც მკვლელობას გაამართლებს. 

გადაცემის ანონსიდან ჩანს, რომ გადაცემაში სწორედ მიზეზების გარკვევას უნდა დაეთმოს დრო.

ქარტიის საბჭომ მიმდინარე  წლის 30 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება სწორედ „ღამის პრაიმ-თაიმში” ფემიციდის გაშუქების შესახებ.  საბჭომ მაშინ დაადგინა, რომ  მსგავსი გამონათქვამებისა და თემისადმი არასენსიტიური მიდგომის გამო, როგორიც ახალი გადაცემის ანონსშია, წამყვანებმა უხეშად დაარღვიეს ქარტიის მე-7 პრინციპი. 

საბჭომ მიიჩნია, რომ წამყვანებმა ხელი შეუწყვეს ქალთა დისკრიმინაციას და იმ მავნე მოსაზრების გაძლიერებას, რომ ქალზე გარკვეული სახით ან/და „დოზით“ ძალადობა შეიძლება იყოს აუცილებელი და მისაღები ქმედება.

„ღამის პრაიმ-თაიმის” მიერ გამოქვეყნებული ანონსის შინაარსი ეწინააღმდეგება  ჟურნალისტიკის აღიარებულ პროფესიულ სტანდარტებს, ეთიკურ პრინციპებს და აძლიერებს სტიგმას, რომელიც ფემიციდის დროს მსხვერპლს ადანაშაულებს და დამნაშავის ქმედებას ამართლებს.

ქარტიის საბჭო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ფემიციდის გაშუქებისას, დაუშვებელია, მედიამ საზოგადოებას შესთავაზოს დისკუსია, რომელშიც შესაძლოა, მოქალაქეები სხვადასხვა არგუმენტით შეეცადონ მოძალადეების საქციელის გამართლებას, რამაც, შესაძლოა, წაახალისოს პოტენციური მოძალადეები. 

ქარტია მოუწოდებს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ს, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეს ფემიციდის გაშუქებას და მაქსიმალურად შეეცადოს,  დაიცვას გენდერული ძალადობის გაშუქების ეთიკური სტანდარტები.

16.09.2022

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების ნაწილი შეიცავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს და გააუარესებს მედიაგარემოს საქართველოში. 

2022 წლის 07 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში ,,ქართული ოცნების” დეპუტატებმა დაარეგისტრირეს კანონპროექტი ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი/საჯარო 13 სექტემბერს გახდა.  აღსანიშნავია, რომ მოცულობითი და შინაარსობრივად მრავალფეროვანი კანონპროექტის განხილვა ამავე წლის 19 სექტემბერს არის ჩანიშნული.

ცვლილებების საფუძვლად კანონპროექტის ავტორები აუდიო ვიზუალური მედია მომსახურების დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას ასახელებენ. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებას. თუმცა ამავდროულად თვლის, რომ აუცილებელია ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესი იყოს ინკლუზიური და ემსახურებოდეს მედიაგარემოს გაუმჯობესებას. 

დარეგისტრირებული კანონპროექტი სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს კომისიის სამართლებრივი აქტების დაუყოვნებლივ აღსრულებას, მიუხედავად იმისა,  გასაჩივრდა თუ არა ისინი სასამართლოში.  

კოალიცია მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ კრიტიკული მედიასაშუალებების სანქცირების პრაქტიკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად იზრდება კრიტიკული მედიის მიმართ პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ აღსრულებით მოსალოდნელი ზიანის რისკი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსგავსი მოთხოვნა არ არის მითითებული ევრო დირექტივაში. უფრო მეტიც, ვენეციის კომისიამ  დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებზე 2021 წლის 22 მარტს გამოქვეყნებულ დასკვნაში მიუთითა, რომ დროებითი მმართველის დანიშვნის აქტის სასამართლოში გასაჩივრება უნდა იწვევდეს ამ აქტის მოქმედების ავტომატურ შეჩერებას, და ამის შემდგომ უნდა იმსჯელოს სასამართლომ რამდენად აუცილებელია შეჩერებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება. დასკვნიდან ჩანს, რომ ვენეციის კომისიამ სახელმწიფოში მართლმსაჯულების საერთო მდგომარეობა და კონტექსტი გაითვალისწინა.

კოალიცია ასევე პრობლემურად მიიჩნევს პასუხის უფლების შემოტანასა და სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების პროგრამისა და რეკლამის რეგულირებას. ორივე საკითხი ეხება შინაარსობრივი თვითრეგულირებაში შემავალი საკითხების რეგულირებაში გადატანას. 

კოალიცია თვლის, რომ კომისიის მხრიდან შინაარსში ჩარევა ქმნის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს და მიიჩნევს, რომ პარლამენტმა კანონპროექტი შინაარსობრივ რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების გარეშე უნდა მიიღოს. აღნიშნულ საკითხებზე კი შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს ისეთ ეფექტიან მექანიზმებზე, რომლებიც საფრთხეს არ შეუქმნის გამოხატვის თავისუფლებას. 

კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს დაიცვას ევროკავშირის მიერ მიცემული რეკომენდაციები და პროცესი გახადოს ინკლუზიური.