კატეგორია : განცხადებები;
2023 წლის 29 აპრილს „TV პირველმა" გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტი. მედიასაშუალების ინფორმაციით, მათ გუნდს ირაკლი ღარიბაშვილის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის ღვინის ქარხანასთან გაუსწორდნენ. ნოდარ მელაძის თქმით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაიგეს, რომ ჟურნალისტის ხელში იყო დოკუმენტები, რომელთა მიხედვით, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიფორმა ბიზნესი, რომელსაც, მედიასაშუალების თქმით, დიდი ალბათობით, ფიქტიური პირების სახელზე მალავდა. ადგილზე ჟურნალისტმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია, უჩვენა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ უსწორდებიან ფიზიკურად მედიასაშუალების ოპერატორს, ცდილობენ ტექნიკის დაზიანებას, თუმცა, ჟურნალისტის თქმით, საბოლოოდ სამართალდამცველებმა განუცხადეს, რომ ეს მათ უწყებას არ ეხებოდა. ამჟამად მაკა ანდრონიკაშვილი დაბარებულია გამოკითხვაზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
ქარტია გმობს „TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი.
მნიშვნელოვანია, ყველას ესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში, უწყებებმა კი უნდა იზრუნონ, მათ შორის, კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და სათანადოდ მოექცნენ მათ.
ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია. ქარტია კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა აუცილებელია. შევახსენებთ ყველას, რომ ჟურნალისტების დანიშნულება სწორედ მწვავე და კრიტიკული კითხვების დასმაა.