კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ულოცავს ყველა ჟურნალისტს
პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს.
ამასთან, ქარტია აღნიშნავს, რომ მედიის წარმომადგენლებს მუდმივად
უწევთ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართულ კანონპროექტებსა თუ
ინიციატივებთან გამკლავება და პროფესიული საქმიანობის შესრულება მძიმე
პირობებში.
ქარტია გამოყოფს რამდენიმე საკითხს, რომელზე რეაგირებაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია:
◾️ გახშირდა ძალადობა მედიის წარმომადგენლებზე, რომელიც გამოწვეულია, ერთი მხრივ, მმართველი პარტიის აგრესიული რიტორიკითა და, მეორე მხრივ, მომხდარ ფაქტების გამოუძიებლობითა და არასათანადო რეაგირებით;
◾️ მედიის წარმომადგენლებს აქვთ საჯარო ინფორმაციის მიღების პრობლემა და გართულებულია, ხშირად კი შეუძლებელიც კია კომუნიკაცია სახელმწიფო უწყებების მედიასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებთან. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგინდა მედიის აკრედიტაციის წესი პარლამენტში, რომელიც ჟურნალისტებს გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს;
◾️ პატიმრობაში იმყოფება ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორი;
◾️ არ ხდება აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების დირექტივის სათანადო იმპლემენტაცია, რაც ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლება რისკის ქვეშაა და აუცილებელია, ხელისუფლების მხრიდან გადაიდგას სათანადო ნაბიჯები გამოხატვის თავისუფლების უფლების სათანადოდ რეალიზებისთვის.