წლიური ანგარიში
2009 წელს 137 ჟურნალისტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, უკვე 360 წევრზე მეტს ითვლის. დღეს ქარტია ავტორიტეტული, სანდო ორგანიზაციაა და მისი ყოველდღიური საქმიანობა საქართველოში მედია გარემოს გაუმჯობესებისკენაა მიმართული.

ქარტიის საბჭო, რომელიც ჟურნალისტური ნამუშევრების ეთიკურობას აფასებს, წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტი ნდობით სარგებლობს. მნიშვნელოვნად გაფართოვდა იმ სუბიექტთა წრე, ვინც ქარტიას მომართავს. პოლიტიკოსები, საჯარო მოხელეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, სამართალდამცავები, სასულიერო პირები, რიგითი მოქალაქეები, - ეს არ არის ამომწურავი ჩამონათვალი მათი ვინც ბოლო წლებში ქარტიის საბჭოს მომართავს და ამა თუ იმ მედია პროდუქტის ეთიკურობის შეფასებას სთხოვს.

თუკი 10 წლის წინ ქარტია წლიურად მხოლოდ რამდენიმე საქმეს განიხილავდა, წელს შემოსული განცხადებების რაოდენობამ 100-ს მიაღწია. ქარტია თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში უწევს კონსულტირებას მედიის წარმომადგენლებს, ქარტიის შექმნილი ეთიკური გაშუქების სახელმძღვანელოებით უფრო და უფრო მეტი ჟურნალისტი სარგებლობს.

ამ დადებითი ტენდეციების ფონზე, ქარტია თითქმის ყოველკვირეულად საჯარო განცხადებებით ეხმაურება მედიის წინაშე წარმოქმნილ პრობლემებს. ხელისუფლების სხვა და სხვა შტოს წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად ახდენენ ჟურნალისტების უფლებების შელახვას, ჟურნალისტების ლანძღვას, მათთვის კანონით გარანტირებული საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლას.

2019 წელს სამართლებრივი პრობლემები შეექმნა რამდენიმე კერძო ტელევიზიის დამფუძნებელსა და დირექტორს.

2019 წლის ივნისში, საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ქართული მედიის ისტორიაში ერთდროულად მედიის ყველაზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, ორმოცამდე ჟურნალისტმა, ოპერატორმა და ფოტოგრაფმა 20 ივნისის ღამის აქციის ძალისმიერი დაშლის დროს რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღო.
სამართალდამცავების მხრიდან მედიის მიმართ ძალის აშკარა გადამეტების მიუხედავად, 6 თვის შემდეგაც არავინ დასჯილა, მედიის არც ერთ წარმომადგენელს დღემდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. 

უფრო მეტიც, ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებისას, მედიას სამართალდამცავები უკანონოდ უშლიან ხელს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში და ქარტიის არაერთი მოწოდების მიუხედავად, მსგავს ფაქტებზე ხელისუფლება არ ახდენს ადეკვატურ რეაგირებას.

სულ უფრო ხშირად უშლიან ხელს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებს. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები პირდაპირ ეთერებში ახდენენ ჟურნალისტებზე თავდასხმას კრიტიკული შეკითხვების პასუხად. ხელისუფლების სხვა და სხვა წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად საუბრობენ მედიის რეგულირების საჭიროებაზე, ხელისუფლებასთან დაკავშირებული სუბიექტები ახმოვანებენ გზავნილებს, რომ ჟურნალისტები პროფესიული შეცდომის გამო კანონით უნდა ისჯებოდნენ, პერიოდულად ისმის საუბარი ცილისწამების სისხლის სამართლის წესით დასჯაზე, პარლამენტი მსჯელობს მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელმაც შესაძლოა შეზღუდოს თვითრეგულირება და გაამკაცროს რეგულირება.


2019 წელს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნება. აჭარის ტელევიზიის ახალ დირექტორსა და ჟურნალისტებს შორის ერთგვარი შუამავლის როლი სწორედ ქარტიამ იკისრა, რის შედეგადაც პროცესები დროებით განიმუხტა. თუმცა, არ არსებობს მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების მყარი გარანტიები, რადგან პროცესებში ხელისუფლების ფარული მონაწილეობის კვალი აშკარაა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა, თვითრეგულირების უალტერნატივობა კვლავ ბრძოლითაა შესანარჩუნებელი. ქართული სახელმწიფოს უახლოეს ისტორიას თუ გადავხედავთ, ყოველ საარჩევნო წელს სულ უფრო მეტი პრობლემა აქვთ ჟურნალისტებს და მრავალ ფრონტზე მოგვიწევს საკუთარი უფლებების დაცვა. ამიტომაც, მნიშვნელოვანია ქარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, წევრთა აქტიურობა, პრობლემების წინაშე გაერთიანებული ძალებით ბრძოლა, მხოლოდ ასე თუ შევძლებთ უკეთესი მედია გარემოს მიღებასა და პროფესიულ განვითარებას.

ანგარიში სრულად

ალგორითმების და ტექნოლოგიების ეპოქაში მედიის მთავარი გამოწვევა სოციალური ქსელი გახდა. თუკი წლების წინ ინფორმაციაზე ხელი მხოლოდ ჟურნალისტებს მიუწვდებოდათ და მათ გარეშე აუდიტორია ამბის შესახებ ვერ შეიტყობდა, ახლა ხშირად სწორედ მომხმარებელი ხდება მედიისთვის პირველწყარო. ინფორმაციის სწრაფად გავრცელება აღარ არის მედიის ძირითადი უპირატესობა. მთავარი, რითიც განსხვავდება იმ მომხმარებლისგან, რომელსაც ამ ქსელებში დიდი აუდიტორია ჰყავს, პასუხისმგებლობაა. თუკი რიგით მოქალაქეს არაფერი ზღუდავს თქვას, რაც სურს და გაავრცელოს როგორც უნდა, ჟურნალისტი ვალდებულია დაიცვას ეთიკური სტანდარტები, გადაამოწმოს და არ გაავრცელოს დაუდასტურებელი ცნობები, არ შეიჭრას სხვა პირთა პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებლად და ა.შ. ყველა ამ პრინციპის დაცვა აუდიტორიის ნდობის მოპოვებას ემსახურება. აუდიტორიას უნდა ჰქონდეს რწმენა და მოლოდინი, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლისგან განსხვავებით მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სანდოა. სწორედ აუდიტორიის სანდოობის მოპოვებაა მედიის მთავარი ამოცანა.

პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს განსაკუთრებით დღეს, ყალბი ინფორმაციის გავრცელების, პროპაგანდის ზრდის და ე.წ Post-truth ეპოქაში, როდესაც სულ უფრო რთულია გაარჩიო რა არის რეალურად სიმართლე. ამ მოცემულობაში თვითრეგულირების ორგანო რჩება ინსტიტუციად, რომელიც მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას დარწმუნდეს არის თუ არა დარღვეული მედიის მიერ ეთიკური სტანდარტები. ეს არის მექანიზმი ერთის მხრივ მოქალაქეებისთვის, ჰქონდეთ გავლენა და წვლილი შეიტანონ მედიის პროფესიონალიზმის განვითარებაში და მეორეს მხრივ თავად მედიისთვის, რომ ერთმანეთისთვის ხარვეზებზე მითითებით პროფესიული სტანდარტები განვითარდეს, გაძლიერდეს პასუხისმგებლობა და შესაბამისად გაიზარდოს აუდიტორიის ნდობა.

სწორედ ამ მიზნის შესრულებას ემსახურება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. მისი აქტივობები, პროგრამები, საჯარო განცხადებები, გამოსვლები მედიაგარემოს და პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესებისკენაა მიმართული. ასე იყო 2018 წელსაც. ცდილობდა, რომ საზოგადოებაში არსებული პრეტენზიები ჟურნალისტების მიმართ სწორედ თვითრეგულირების ფარგლებში განხილულიყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მუშაობა წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც მიმდინარე მოვლენების შესახებ რამდენიმე საქმე დროის მოკლე მონაკვეთში განიხილა. განმცხადებლებს შორის მეორე ტურში გასული საპრეზიდენტო კანდიდატის წარმომადგენლები იყვნენ, მანამდე ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიმართეს ქარტიის საბჭოს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ თანდათან მედიის მუშაობაზე მსჯელობა თვითრეგულირების სივრცეში სულ უფრო მეტად ინაცვლებს.

ქარტიის ამოცანაა, რაც შეიძლება მეტ ჟურნალისტს აუხსნას მედიის თვითრეგულირების მნიშვნელობა, რადგანაც თუ არ გვექნება ძლიერი თვითრეგულირება, მაშინ გაჩნდება სივრცე სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებისთვის. ამასთან, ქარტია ცდილობს შექმნას რესურსები, რაც პროფესიონალიზმის გაზრდას შეუწყობს ხელს. ქარტიის მიერ 2018 წელს გაწეული მუშაობა ამ ამოცანების გადაჭრას ისახავდა მიზნად.

იხილეთ ანგარიში სრულად

2017 წელს მედია ახალი გამოწვევების წინაშე დადგა - არაერთი ინიციატივა გაისმა, რომელიც მედიის და ზოგადად გამოხატვის თავისუფლების საფრთხეს უქმნიდა - იქნებოდა ეს მოსამართლეთა კრიტიკის შეზღუდვის სურვილი, ჟურნალისტისთვის წყაროს გათქმის დავალდებულება, მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა თუ სიძულვილის ენის თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადატანა. არც ერთი აღნიშნული მცდელობა ვერ რეალიზდა, თუმცა ცხადად გამოჩნდა მედიის კონტროლის სურვილი და მოსალოდნელია, რომ ამ თემებზე მსჯელობა გაგრძელდება. ცალკე უნდა აღინიშნოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ავფგან მუხტარლის თბილისიდან გატაცების საქმე, რომელიც კვალავც ბურუსითაა მოცული და ჟურნალისტებმა ვერ მიიღეს ბევრ კითხვაზე პასუხი. ამიტომაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მედიის წარმომადგენელთა შეთანხმებული პოზიცია და ღირებულებები. ამ პროცესში კი სულ უფრო ძლიერდება მედიის თვითრეგულირების, შესაბამისად ქარტიის როლი. ჟურნალისტებმა უნდა შეძლონ აჩვენონ საზოგადოებას, დაინტერესებულ პირებს, რომ თავად შესწევთ უნარი დაშვებული ხარვეზების გამოსწორების, სტანდარტების გაუმჯობესების და აღარ დატოვონ ადგილი რეგულირების სურვილისთვისაც კი.

წინამდებარე ანგარიში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 2017 წლის მუშაობას ასახავს არსებული გამოწვევების საპასუხოდ. ქარტია საკუთარი სტრატეგიული გეგმის თანახმად რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორისაა ქარტიის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლება, ჟურნალისტთა პროფესიული განათლება, უფლებები და მედიაგარემო, ქარტიის ორგანიზაციული მართვის დახვეწა და ქარტიის ფინანსური შესაძლებლობების განვითარება. განხორცილებული აქტივობები სწორედ ამ ძირითადი გეგმის შესაბამისად არის წარმოდგენილი.

იხილეთ ანგარიში სრულად
წინამდებარე ანგარიში მოიცავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 2016 წლის საქმიანობის მი­ მოხილვას. წელს პირველად შეიქმნა წლიური ანგარიში. მას ტრადიციული სახე მიეცემა და წარედგინება როგორც საერთო კრებას, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს.

2016 წელი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქ­ტით გამოირჩა - გაიზარდა საბჭოში განსახილ­ ველად შემოსული განცხადებების რაოდე­ ნობა. ქარტიის არსებობის განმავლობაში პირველად განმცხადებლებს შორის იყო არა­ სრულწლოვანიც. ასევე, წელს პირველად შე­მოვიდა განცხადება მეორე პრინციპის დარ­ ღვევასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ჟურნალისტის იძულებას მოიქცეს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ.

ისევე როგორც გასულ წელს, 2016 წელსაც გა­ გრძელდა პროექტების განხორციელება და პარტნიორ დონორ ორგანიზაციებთან თანამ­ შრომლობა. წელს პირველად ქარტიამ თანა­ მშრომლობა დაიწყო გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და წინასაარჩევნოდ სატელევიზიო მედიამონიტორინგი სწორედ ამ პროექტის ფარგლებში განახორციელა

ასევე 2016 წელს დაიწყო სხვდასხვა საკითხის გაშუქების კონკრეტული სახელმძღვანელო წე­ სების შექმნა, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება ჟურნალისტებს ეთიკური დილემების გადაწყვე­ტაში.


იხილეთ ანგარიში სრულად