28.03.2017
გადაწყვეტილება საქმეზე N 11819 თებერვალი, 2017 წელი
საქმეზე – ბექა გაბადაძე თეა ადეიშვილის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე
საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, თეა ზიბზიბაძე, თამარ უჩიძე, მაია მამულაშვილი, მაია მეცხვარიშვილი.
განმცხადებელი: ბექა გაბადაძე
მოპასუხე: თეა ადეიშვილი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ბექა გაბადაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში, გადაცემა “კურიერი P.S.-ში” გასულ სიუჟეტში „ვარძიის ხანძარი და გაჭვარტლული უნიკალური ფრესკები“ დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. სიუჟეტის ავტორი იყო თეა ადეიშვილი. სიუჟეტი ეხებოდა ვარძიის კომპლექსში გაჩენილ ხანძარს.
საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტმა საბჭოს კითხვებს უპასუხა სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის მეშვიდე პრინციპის მიხედვით ”ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე. ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.
სადავო სიუჟეტის ბოლოს, მოპასუხე ჟურნალისტს აქვს მცირე ინტერვიუ რესპონდენტ გიორგი კალანდიასთან, სადაც საუბარი ეხება დედოფალ თამარის პირველ ქმარს, რომელიც ისტორიაში ცნობილია “გიორგი რუსის“ სახელით. კერძოდ, გიორგი კალანდია აღნიშნავს, რომ „მისი [იგულისხმება თამარი] ნების საწინააღდეგოდ შერთეს იმ კაცს, რომელსაც ყველა უღირსი თვისება ჰქონდა“, ამის შემდეგ ჟურნალისტი აგრძელებს – „ლოთი, მამათმავალი, ზოოფილი“.
ჰომოფობია, როგორც განსხვავებული სექსუალური ორიენტიის მქონე პირების მიუღებლობა და მათი გარიყვა/დამცირების მცდელობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პრობლემური დისკრიმინაციის სახეა საქართველოში. შესაბამისად, საბჭო ეთანხმება განმცხადებლის პოზიციას, რომ „მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საზოგადოებაში არსებულ ირაციონალური შიშების და ზიზღის წინააღმდეგ საინფორმაციო პროაქტიული ქმედებები განახორციელოს“, ანუ, ჟურნალისტმა არა თუ ხელი არ უნდა შეუწყოს დისკრიმინაციის გაღრმავებას, არამედ პირიქით, ყველა ღონე უნდა იხმაროს დისკრიმინაციის თავიდან აცილების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში ჰომოსექსუალური ორიენტაციის მქონე მამაკაცის აღსანიშნავად ჟურნალისტი იყენებს დისკრიმინაციულ ტერმინს „მამათმავალი“, რაც თავად ჰომოსექსუალი პირების მიერ აღიქმება შეურაცხმყოფელად, ასევე მისი გამოყენება თანხვედრაშია ჰომოფობიური ჩაგვრის [როგორც ვერბალური ისე ფიზიკური] პრაქტიკაში დამკვიდრებულ ტერმინებთან. ჟურნალისტის მიერ წარმოთქმულ ფრაზაში ჰომოსექსუალური ორიენტაცია გათანაბრებულია ლოთობასთან და იძულებით სექსუალურ აქტთან [ზოოფილიასთან], რომელიც შეიძლება დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდეს. კერძოდ, ჟურნალისტმა არა თუ თავიდან აიცილა დისკრიმინაცია, არამედ თავად შეუწყო ხელი ჰომოფობიური ნარატივის წახალისებას და გამყარებას, მიიჩნია რა ჰომოსექსუალური ორიენტაცია მკვეთრად ანტისოციალურ ქცევად და „უღირს“ თვისებად. გამოკითხვის დროს მოპასუხე ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მისთვის უცხო და მიუღებელია ჰომოფობია და ტოლერანტულია განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირების მიმართ, მაგრამ საბჭო აღნიშნავს, რომ ჟურნალისტი ასევე ვალდებულია ყურადღებით და დაკვირვებით მოეკიდოს მსგავს საკითხებს, მით უმეტეს, რომ მასალა არ გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში და სიუჟეტის ეთერში გასვლამდე შეეძლო უზრუნველყო ჰომოფობიური განცხადების ტირაჟირების თავიდან აცილება.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
თეა ადეიშვილმა დაარღვია ქარტიის მეშვიდე პრინციპი.
საქმის მასალები
განცხადება
სადავო მასლა