08 თებერვალი, 2017 წელი
საქმე – სახალხო დამცველი გიორგი მგელაძის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: მაია მეცხვარიშვილი
საბჭოს წევრები: ნინო ჯაფიაშვილი, თაზო კუპრეიშვილი, ჯაბა ანანიძე, თეა ზიბზიბაძე, თამარ უჩიძე.
განმცხადებელი: სახალხო დამცველი
მოპასუხე: გიორგი მგელაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა სახალხო დამცველის აპარატმა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2016 წლის 10 ივნისს, „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებული ვიდეო სიუჟეტით: „ვისთვის შეიძინა უჩა ნანუაშვილმა 105 ლარიანი ავტომანქანა“ და 16 ივნისს გამოქვეყნებულ კიდევ ერთი ვიდეო სიუჟეტში, რომელიც ეხებოდა სახალხო დამცველის მოადგილის, ნათია კაციტაძის მძღოლის მიერ სახალხო დამცველის მფლობელობაში არსებული ავტომობილის შეძენას, დაირღვა ქარტიის პირველი, მე-7 და მე-11 პრინციპი. აღნიშნულ სიუჟეტებთან დაკავშირებით სარედაქციო პასუხისმგებლობა აიღო „სტუდია მონიტორის“ რედაქტორმა გიორგი მგელაძემ.
საქმის განხილვას დაესწრო როგორც განმცხადებლის წარმომადგენელი, ისე მოპასუხე ჟურნალისტი.
სამოტივაციო ნაწილი:
- ვიდეო სიუჟეტი: „ვისთვის შეიძინა უჩა ნანუაშვილმა 105 ლარიანი ავტომანქანა“.
ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლესდა საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
განმცხადებლის აზრით, სიუჟეტში პირველი პრინციპი დაირღვა ჟურნალისტის შემდეგი ფრაზით: „სტუდია მონიტორის ინფორმაციით, უჩა ნანუაშვილის გადაწყვეტილებით Mercedes-benz GLA მის მოადგილეს ნათია კაციტაძეს უნდა ესარგებლა“. განმცხადებელი აპელირებდა, რომ ინფორმაცია, Mercedes-benz GLA-ით ნათია კაციტაძეს უნდა ესარგებლა არასწორი იყო. განმცხადებელმა წარმოადგინა სახალხო დამცველის 2016 წლის 5 აპრილის N118 ბრძანება, რომლის თანახმად, Mercedes-benz GLA განთავსებული იყო ავტოსადგომზე და კონკრეტული პირისათვის არ იყო მფლობელობაში გადაცემული.
საბჭო ვერ დაეთანხმება განმცხადებლის შეფასებას და მიიჩნევს, რომ ჟურნალისტს მტკიცებით ფორმაში არ გაუვრცელებია ინფორმაცია, რომ Mercedes-benz GLA-ით ნათია კაციტაძეს უნდა ესარგებლა, შემდეგ გარემოებათა გამო:
- ჟურნალისტი უთითებს, რომ ინფორმაცია [შეძენელი Mercedes-benz GLA სარგებლობისათვის გადაეცა ნათია კაციტაძის მძღოლს] მას მიაწოდა წყარომ და მთელი სიუჟეტის განმავლობაში ჟურნალისტი ცდილობს ამ ინფორმაციის გადამოწმებას. სადავო ფრაზას წინ უძღვის ჟურნალისტის ტექსტი: „ვისთვის არის განკუთვნილი 105 000 ლარად შეფასებული ავტომანქანა?“ ანუ ჟურნალისტი სვამს კითხვას, შემდეგ მაყურებელს აწვდის მისთვის კონფიდენციალური წყაროს მეშვეობით ცნობილ ინფორმაციას და შემდეგ მისი გადამოწმების მიზნით კითხვებით მიმართავს მეორე მხარეს – სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს და მის მოადგილეს ნათია კაციტაძეს. ჟურნალისტი უჩა ნანუაშვილს სთხოვს კომენტარს სახალხო დამცველის 2016 წლის 28 მარტის N113 ბრძანებაზე, რომლის თანახმად ავტომობილი გადაეცა ნათია კაციტაძის მძღოლს, ნიკოლოზ ბალიაშვილს. თავის მხრივ სახალხო დამცველი პასუხობს, რომ ავტომობილი არ არის განპირობებული რომელიმე თანამშრომელზე და ის გამოიყენება საჭიროებისამებრ. ჟურნალისტი კომენტარისათვის ასევე უკავშირდება ნათია კაციტაძეს, რომელიც თავის მხრივ ასევე უარყოფს, რომ მას [მისი მძღოლს] გადაეცა შეძენილი Mercedes-benz GLA.
-
ჟურნალისტმა ერთდროულად, ერთ დღეს გაგზავნილი ორი სხვადასხვა წერილით
სახალხო დამცველის ოფისისგან გამოითხოვა 2016 წლის 28
მარტის N113 ბრძანება და ასევე ყველა ის ბრძანება, რომელიც
დაკავშირებული იყო ავტომობილ Mercedes-benz GLA-ს შეძენასთან.
- ჟურნალისტს ოფისისგან დაშტრიხული [წაშლილი იყო იმ პირის სახელი და გვარი, რომელსაც სარგებლობაში გადაეცა Mercedes-benz GLA] სახით მიეწოდა 2016 წლის 28 მარტის N113 ბრძანება. თავის მხრივ ჟურნალისტი ასევე აქვეყნებს კონფიდენციალური წყაროს მიერ მიწოდებულ დაუშტრიხავ N113 ბრძანებას, რომელშიც მითითებულია, რომ ავტომობილი გადაეცა ნათია კაციტაძის მძღოლს ნიკოლოზ ბალიაშვილს, რომელიც ნათია კაციტაძის მძღოლია, ეს ფაქტო არც ერთ მხარეს არ უარუყვია.
- სიუჟეტის მომზადებამდე სახალხო დამცველის ოფისიდან ჟურნალისტისთვის არ მიუწოდებიათ სხვა ბრძანებები, მათ შორის 2016 წლის 5 აპრილის N 118 ბრძანება, რომლის მიხედვით Mercedes-benz GLA განთავსდა ავტოსადგომზე და არ იყო მფლობელობაში გადაცემული კონკრეტული პირისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო თვლის, რომ ქარტიის პირველი პრინციპი არ დარღვეულა ვინაიდან:
- ჟურნალისტს ინფორმაცია [Mercedes-benz GLA-ით ნათია კაციტაძეს უნდა ესარგებლა] მტკიცებით ფორმაში არ გაუვრცელებია.
- მიუთითა, რომ ინფორმაცია მას კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა.
- წარმოადგინა მტკიცებულება [2016 წლის 28 მარტის N113 ბრძანება], რომელიც წყაროს ინფორმაციას ამყარებდა.
- კომენტარისათვის მიმართა მეორე მხარეს [უჩა ნანუაშვილს, ნათია კაციტაძეს] და მათი კომენტარები გააცნო მაყურებელს.
- მოთხოვნის მიუხედავად, სახალხო დამცველის ოფისისაგან არ მიუღია 2016 წლის 5 აპრილის N 118 ბრძანება.
შესაბამისად, ჟურნალისტი შეეცადა გადაემოწმებინა მიღებული ინფორმაცია, ყველა შესაძლო რესურსი გამოეყენებინა ინფორმაციის გადასამოწმებლად, რათა საზოგადოებას ფაქტთან დაკავშირებით მიეღო ყველა ინფორმაცია, ყველა შესაძლო რელევანტური მხარის პოზიცია და თავად მაყურებელს შეეფასებინა Mercedes-benz GLA განკუთვნილი იყო თუ არა ნათია კაციტაძისთვის.
ამავე სიუჟეტთან დაკავშირებით განმცხადებელი ასევე მიუთითებდა, რომ ჟურნალისტის ტექსტი: „ომბუდსმენის აპარატში მალავენ ვისთვისაა გადაცემული მერსედესი“ ასევე არღვევდა ქარტიის პირველ პრინციპს. საბჭო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის პოზიციას და ფიქრობს, რომ ჟურნალისტს სრული უფლება ჰქონდა მიეჩნია, რომ იმალებოდა ინფორმაცია, ვინაიდან:
- მას არ მიაწოდეს ავტომობილთან დაკავშირებული ყველა ბრძანება.
- მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტს ხელთ ჰქონდა 2016 წლის 28 მარტის N113 ბრძანება, რომლის მიხედვითაც ავტომობილი გადაეცა ნათია კაციტაძის მძღოლს, ეს ინფორმაცია უარყო როგორც უჩა ნანუაშვილმა, ისე ნათია კაციტაძემ.
ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერდისკრიმინაციის წახალისების საფრთხე. ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერიპირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალურიორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნულიან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ვიდეო სიუჟეტების გავრცელებამ გამოიწვია ნათია კაციტაძის გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, კერძოდ ვიდეოს გაზიარებისას ან მისი კომენტარებისას აქცენტს აკეთებდნენ, რომ ავტომობილის შეძენა იყო სარგებელი, რომელიც ნათია კაციტაძემ დაიმსახურა მისი სქესის გამო.
საბჭო მიუთითებს რომ, თავად სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში პირდაპირ ან ირიბად არსად გვხვდება მითითება სავარაუდო სარგებლის მიმღები პირის სქესზე ან სქესიდან გამომდინარე უპირატესობაზე. ვიდეოს გამავრცელებელი მედიასაშუალების [სტუდია მონიტორი] მიერ პერიოდულად იშლებოდა ყველა კომენტარი, რომელიც შეიცავდა შეურაცხმყოფელ მოსაზრებებს, რაც შეეხება სხვა პირების მიერ თავიანთ გვერდზე გაკეთებულ შეფასებებს, მათზე ვერ გავრცელდება ჟურნალისტის პასუხისმგებლობა.
ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულადუნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“ ვინაიდან არ დადგინდა პირველი პრინციპის დარღვევა, შესაბამისად, მე-11 პრინციპი ვერ დაირღვეოდა.
- ვიდეო სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა სახალხო დამცველის მოადგილის, ნათია კაციტაძის მძღოლის მიერ სახალხო დამცველის მფლობელობაში არსებული ავტომობილის შეძენას
ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლესდა საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
განმცხადებელი აპელირებდა იმ ტექსტზე, რომელიც აღწერის სახით თან ახლდა ვიდეო სიუჟეტს კერძოდ: „სტუდია “მონიტორმა” გაარკვია, რომ სახალხო დამცველის მოადგილის, ნათია კაციტაძის მძღოლი, ნიკოლოზ ბალიაშვილი კიდევ ერთ მანქანას Hyunday Tucson-სფლობს. “სტუდია მონიტორი” გასულ კვირას მოგითხრობდათ, რომ სახალხო დამცველმა105 ათას ლარად ავტომანქანა Mercedes –Benz GLA შეიძინა“.
განმცხადებელმა აღნიშნა, ტექსტის და თავად სიუჟეტის მიხედვით რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ნიკოლოზ ბალიაშვილი სწორედ იმიტომ ფლობდა Hyunday Tucson-ს,რომ ნათია კაციტაძის მძღოლი იყო. ამასთან განმცხადებელმა ვერ მიუთითა, კონკრეტულად რა ინფორმაცია იყო არასწორი, შესაბამისად, პირველი პრინციპის [არასწორი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება] დარღვევა არ დადგინდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
- გიორგი მგელაძეს არ დაურღვევია პირველი, მე-7 და მე-11 პრინციპი.
საქმის მასალები: