გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - PHR-ი ნანიკო ხაზარაძის, სოფიკო ნარჩემაშვილის, ეკა ამირეჯიბის, ლელა მებურიშვილის და თამარ ღვინიანიძის წინააღმდეგ
19.03.2017

განმცხადებელი : პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
მოპასუხე : დღის შოუ;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი; 8 პრინციპი;
გადაწყვეტილება საქმეზე N 120
19 თებერვალი, 2017

საქმეზე -  პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ნანიკო ხაზარაძის, სოფიკო ნარჩემაშვილის, ეკა ამირეჯიბის,  ლელა მებურიშვილის და თამარ ღვინიანიძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, თეა ზიბზიბაძე, თამარ უჩიძე, მაია მამულაშვილი, მაია მეცხვარიშვილი. განმცხადებელი: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მოპასუხე: ნანიკო ხაზარაძე, სოფიკო ნარჩემაშვილი, ეკა ამირეჯიბი,  ლელა მებურიშვილი და თამარ ღვინიანიძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა "პარტნიორობამ ადამიანის უფლებებისთვის", რომელიც მიიჩნევდა, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, 2016 წლის 31 ოქტომბერს, გადაცემა "დღის შოუში" დაირღვა ქარტიის მე-7 და მე-8 პრინციპი. კერძოდ, განმცხადებლის პოზიციით,  პრინციპები დაირღვა ერთ-ერთი ეპიზოდით, როცა დედის და სხვა პირების თანდასწრებით რამდენიმე თვის ასაკის ბავშვს გაუხვრიტეს ყური. მოპასუხეებიდან ნანიკო ხაზარაძე, სოფიკო ნარჩემაშვილი, ეკა ამირეჯიბი და  ლელა მებურიშვილი იყვნენ გადაცემის წამყვანები, ხოლო თამარ ღვინიანიძე - მთავარი პროდიუსერი. საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი, ხოლო საპასუხო პოზიცია წერილობით მიწოდა საბჭოს თამარ ღვინიანიძემ.
სამოტივაციო ნაწილი: 
ქარტიის მე-8 პრინციპის თანახმად "ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები, პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება".

როგორც აღწერილობით ნაწილში ითქვა, გადაცემის დროს დედის და სხვა პირების  თანდასწრებით  ბავშვს ჩაუტარეს სამედიცინო პროცედურა, კერძოდ, გაუხვრიტეს ყურები. სიუჟეტიდან ცალსახა იყო, რომ არასრუწლოვანი განიცდიდა ფიზიკურ და ემოციურ ტკივილს, რაც პროცედურის დაწყებამდე დამსწრე ექიმმაც დაადასტურა: "ერთდროულად არის ცოტა სტრესი, ტრამვა". ბავშვზე საჯაროდ განხორციელდა იძულება [ყურების გახვრეტა] შესაბამისი აუცილებლობის გარეშე, რაც მოწონებული და გავრცელებული იქნა მედია საშუალების მიერ. საბჭო ეთანხმება განმცხადებლის პოზიციას, რომ "მედია საზოგადოებას  არ უნდა აძლევდეს ბავშვის მიმართ ძალადობრივი და არაეთიკური მოპყრობის მოდელს".  "პროცედურას [ყურის გახვრეტას]  არ ჰქონდა არანაირი საგანმანათლებლო ან სხვა ლეგიტიმური მიზანი, არამედ, იყო შოუს ელემენტის შემცველი, რამაც დაარღვია ბავშვის ფუნდამენტური უფლება იყოს ფიზიკური და ემოციური ძალადობისგან დაცული". განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბავშვზე იძულების  ფაქტს ესწრებოდა და უყურებდა სხვა არასრუწლოვანიც, რომელსაც ასევე აქტიურად რთავდნენ წამყვანები პროცესში და მიმართავდნენ - "ხომ არ გინდა შენც ყურში ნახვრეტი?",  "ხომ არ გეშინია?".  ის დააყენეს მეორე არასრულწლოვნის გვერდით "დახმარების" მიზნით. მნიშვნელოვანია, რომ დამსწრე, შედარებით უფროსი არასრულწლოვნის სტრესი, უყურებდა რა სხვა ბავშვის ტირილს და უარყოფით ემოციებს, საერთოდ უგულვებელყოფილი იქნა.

მოპასუხის პოზიციით, პირდაპირ ეთერში მსგავსი სამედიცინო პროცედურის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდა პედიატრების პოზიცია, რომ ადრეულ ასაკში ყურის გახვრეტა ბავშვისთვის უმჯობესია, "ვინაიდან ბავშვი ბიბილოზე ხელს ნაკლებად იკიდებს და ყურიც არ ღიზიანდება. თანაც, ყურის გახვრეტის ეს მეთოდი იმდენად სწრაფია, რომ გამორიცხავს ტკივილის შეგრძნებას". ამასთან მოპასუხის თქმით, ვერ გაითვალისწინეს ბავშვის  ის რეაქცია, რომელიც  უშუალოდ პროცედურას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ "სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენ შეცდომაზე, თუმცა კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ "შოუს მოწყობის"  წინასწარი ბოროტი ზრახვები, რომლის მიზანიც ბავშვზე ემოციური ზეწოლაა,  არ გვამოძრავებდა". საბჭო მიესალმება მოპასუხის პოზიციას, ვინაიდან  ის შეესაბამება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ერთ - ერთ მთვარ მიზანს, მოხდეს ეთიკურ ჟურნალისტიკასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და  გააზრება მათი შემდგომში თავიდან აცილების მიზნით, რათა განისაზღვროს და დაიხვეწოს ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპები საბჭო ასევე მიზანშეწონილად მიჩნევს, იმსჯელოს რამდენად ათავისუფლებს ჟურნალისტს პასუხისმგებლობისაგან მშობლის თანხმობა/თანდასწრება ბავშვთან დაკავშირებული ჟურნალისტური პროდუქტის მომზადებისას. საბჭომ არა ერთხელ აღნიშნა [მაგალითად გადაწყვეტილებაში საქმეზე "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი" თამარ ფხაკაძის წინააღმდეგ], რომ "ჟურნალისტის ვალდებულება, რომ დაიცვას ბავშვთა უფლებები და ინტერესები გამომდინარეობს, მისი, როგორც პროფესიონალის დამოკიდებულებიდან ასეთი უფლებებისა და ინტერესებისადმი" და ამ ვალდებულებისაგან მას არ ათავისუფლებს კანონიერი წარმომადგენელის თანხმობა, ასეთი თანხმობის არსებობის შემთხვევაშიც, ჟურნალისტმა დამატებით უნდა შეაფასოს, მის მიერ მომზადებული ჟურნალისტური პროდუქტი ხომ არ ხელყოფს არასრულწლოვნის ინტერესებს.

ქარტიის მეშვიდე პრინციპის მიხედვით "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე. ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით". გადაცემის მიმდინარეობისას, ერთ - ერთი წამყვანი ნანიკო ხაზარაძე, არასრულწოვანისათვის ყურის გახვრეტის პროცესში რეპლიკის სახით აღნიშნავს "შეხედე ნაღდი ქალია", ხოლო მეორე წამყვანი ეკა ამირეჯიბი აღნიშნავს, რომ "ასეთ ასაკში  დედები იღებენ უფრო მეტწილად გადაწყვეტილებას გაუხვრიტონ თუ არა ბავშვს ყური". ორივე ფრაზა თავისი შინაარსით სტიგმას აძლიერებს და შესაბამისად დისკრიმინაციულია. კერძოდ, პირველი ფრაზა ამყარებს შეხედულებას, რომ ესა თუ ის ქმედება ან გარეგნობის შტრიხი [ამ შემთხვევაში საყურე] მხოლოდ ქალებისთვის არის დამახასიათებელი, ხოლო მეორე ფრაზა ხაზს უსვამს მამების როლის დაკნინებას ბავშვის აღზრდის პროცესში და ზოგადად მეუღლეებს/მშობლებს შორის საოჯახო ან ბავშვთა აღზრდის საკითხებთან დაკავშირებით "სფეროების" გადანაწილებას.

სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
  1. ნანიკო ხაზარაძემ, სოფიკო ნარჩემაშვილმა, ეკა ამირეჯიბმა, ლელა მებურიშვილმა და თამარ ღვინიანიძემ დაარღვიეს ქარტიის მე-8 პრინციპი.
  2. ნანიკო ხაზარაძემ და სოფიკო ნარჩემაშვილმა დაარღვიეს ქარტიის მე-7 პრინციპი.
საქმის მასალები განცხადება შეპასუხება