გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – სახალხო დამცველი ნათია ამირანაშვილის წინააღმდეგ
28.02.2017

განმცხადებელი : სახალხო დამცველი;
მოპასუხე : ნათია ამირანაშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 111
28 იანვარი, 2017 წელი

საქმეზე - სახალხო დამცველი ნათია ამირანაშვილის  წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, თეა ზიბზიბაძე, თამარ უჩიძე, თაზო კუპრეიშვილი, მაია მეცხვარიშვილი.

განმცხადებელი: სახალხო დამცველი

მოპასუხე: ნათია ამირანაშვილი

 აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა სახალხო დამცველმა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2016 წლის 16 ივნისს, ვებგვერდზე liberali.ge, ნათია ამირანაშვილის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიებით "105 000-ლარიანი მანქანა ნათია კაციტაძისთვის" - დამალა თუ არა ნანუაშვილმა ინფორმაცია" და "ჭანტურაია: სახალხო დამცველს პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ ჭორაობის გამო დამსჯიდა",  დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები.

საქმის განხილვას დაესწრო როგორც განმცხადებლის წარმომადგენელი, ისე მოპასუხე ჟურნალისტი.

შენიშვნა: საქმის განხილვის დახურულ ეტაპში მონაწილეობა არ მიუღია გიორგი მგელაძეს, რომელმაც სტატიებში მითითებულ საკითხზე თავადაც მოამზადა ჟურნალისტური პროდუქტი. მან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით თავი შეიკავა განხილვაში მონაწილეობისაგან.

სამოტივაციო ნაწილი: 
  1. სტატია: "105 000-ლარიანი მანქანა ნათია კაციტაძისთვის" - დამალა თუ არა ნანუაშვილმა ინფორმაცია", სადავო პრინციპები: პირველი, მე-3, მე-4, მე-7 და მე-11.

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით, "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".

სადავო სტატია ეხებოდა სახალხო დამცველის აპარატის მიერ 105 000 ლარის ღირებულის ავტომობილის, Mercedes-benz GLA-ს შეძენას. სტატიაში ჟურნალისტი ცდილობდა გაერკვია, თუ ვისთვის იყო განკუთვნილი შეძენილი ავტომობილი, კერძოდ, ის მოემსახურებოდა კონკრეტულ პირს სახალხო დამცველის აპარატში თუ გამიზნული იყო საერთო საჭიროებებისთვის. ასევე, დამალა თუ არა სახალხო დამცველმა ინფორმაცია ავტობობილის შეძენის მიზნებთან დაკავშირებით.

სტატიის სათაური მკითხველს ატყობინებს, რომ 105 ათას ლარიანი მანქანა ნათია კაციტაძისთვის არის შეძენილი. საბჭოს სხდომაზე ჟურნალისტმა განმარტა, რომ სტატიის მიზანი იყო ეჩვენებინა - მალავდა თუ არა სახალხო დამცველი ინფორმაციას, რადგან მოპოვებული მასალებით მან ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ მანქანა კაციტაძისთვის იყო შეძენილი. ჟურნალისტმა განმარტა, რომ სათაურის პირველი ნაწილი - 105 ათას ლარიანი მანქანა ნათია კაციტაძისთვის - ჩასმული იყო ბრჭყალებში, რაც მიუთითებდა, რომ ეს იყო ერთ-ერთი წყაროს, ილია ჭანტურაია ციტატა, თუმცა, არც სათაურშია მითითებული და არც სტატიაში იძებნება მსგავსი ციტატა, რაც გაამართლებდა სათაურის ბრჭყალებში ჩასმას და შემდგომ მკითხველისათვის ნათელი იქნებოდა, რომ სათაური არა დადასტურებული ფაქტი, არამედ კონკრეტული პირის მოსაზრება იყო. შესაბამისად, საბჭო სათაურს განიხილავს, როგორც ჟურნალისტის მიერ დადასტურებული ფაქტის [105 000-ლარიანი მანქანა ნათია კაციტაძისთვის] გავრცელებას. საბჭომ მიიჩნია, რომ ეს ინფორმაცია არ არის ზუსტი, ვინაიდან ზუსტ ინფორმაციად ითვლება მინიმუმ ორ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია.

ჟურნალისტმა საბჭოს განუმარტა, რომ მას ჰქონდა სახალხო დამცველის 2016 წლის 28 მარტის N113-ე ბრძანება, რომელშიც მითითებული იყო, რომ ავტომობილი  Mercedes-benz GLA კონკრეტულ პირს გადაეცა, ოღონდ აღნიშნული ბრძანებიდან არ დგინდებოდა [წარმოდგენილი იყო დაშტრიხული სახით] ამ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები [სახელი და გვარი]. სტატიაში, წყაროზე [სახალხო დამცველის აპარატის ყოფილი თანამშრომელი ილია ჭანტურაია] დაყრდნობით ჟურნალისტი უთითებდა, რომ პირი, რომლის მონაცემებიც არ დგინდებოდა ბრძანებით, იყო ნიკოლოზ ბალიაშვილი, სახალხო დამცველის მოადგილის, ნათია კაციტაძის პირადი მძღოლი.

ამდენად, ჟურნალისტი დაეყრდნო ერთ წყაროს - ილია ჭანტურაიას. ამასთან ეს ერთი წყაროც იყო მიკერძოებული პირი, ვინაიდან მას შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის აპარატის მიერ დაკისრებული  ჰქონდა დისციპლინარული პასუხისმგებლობა და  სახალხო დამცველის,  უჩა ნანუაშვილის მიმართ  კრიტიკული პოზიცია ჰქონდა, რაც წყაროს სანდოობის სტატუსს ამცირებს და ასეთი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია კიდევ უფრო მეტ გადამოწმებას საჭიროებს.

ჟურნალისტს ასევე მიღებული ჰქონდა ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატისაგან [2016 წლის 09 ივნისის წერილი], რომ Mercedes-benz GLA განთავსებულია ავტოსადგომზე და სამსახურებრივი მიზნებისთვის მისი მიმაგრება კონკრეტულ თანამშრომელზე საჭიროების შესაბამისად ხდება.

რეალურად, სათაური და რეპონდენტ ჭანტურაიას განმარტება, რომ კაციტაძის მძღოლზე იქნა მანქანა განკარგისთვის გადაცემული, მოიცავს ინფორმაციის დადასტურებულად გადმოცემის მცდელობას, რომ მანქანა იყო შეძენილი ნათია კაციტაძისთვის, რისი დამტკიცებაც, როგორც თავად ჟურნალისტიც დაეთანხმა საბჭოს სხდომას, არ მოუხდენია და ეს არც იყო მისი მიზანი მოცემულ სტატიაში.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ჟურნალისტმა დადასტურებული ფაქტის სახით არ იცოდა, რომ ავტომობილი  Mercedes-benz GLA გადაეცა ნათია კაციტაძის მძღოლს, ნიკოლოზ ბალიაშვილს და შესაბამისად, პირველ პრინციპთან შეუსაბამოდ უნდა ჩაითვალოს სტატიის დასათაურება.

ქარტიის მესამე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია". განმცხადებელი აღნიშნულ პრინციპთან მიმართებით აღნიშნავდა, რომ ჟურნალისტმა იცოდა, რომ ავტომობილი არ იყო განკუთვნილი ნათია კაციტაძისათვის და მან ეს ინფორმაცია დამალა. სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში მითითებული იყო სახალხო დამცველის პასუხი: "Mercedes-benz GLA განთავსებულია ავტოსადგომზე და სამსახურებრივი მიზნებისთვის მისი მიმაგრება კონკრეტულ თანამშრომელზე საჭიროების შესაბამისად მოხდება". შესაბამისად, ჟურნალისტმა მასალაში სრულად ასახა ის ინფორმაცია, რაც მან მიიღო სახალხო დამცველისგან და არ  მიუჩქმალავს ფაქტები.

ქარტიის მე-4 პრინციპის თანახმად: "ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს". განმცხადებელი უთითებდა, რომ აღნიშნული პრინციპი დაირღვა სტატიაზე თანდართული ფოტოსურათის გამოყენებით.  ორივე მხარემ დაადასტურა შემდეგი გარემოები: ფოტოსურათი, რომელიც გამოყენებული იყო სტატიაში და სადაც  ერთად დგანან საჯარო პირები - სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და მისი მოადგილე ნათია კაციტაძე, გადაღებულია არაფორმალურ გარემოებაში, მოპოვებულია საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროდან, ორიგინალ ფოტოსურათში არის ოთხი პირი, რომელთაგანაც ორი ჩამოჭრილია ისე, რომ ფოტოსურათზე პირების განლაგება არ არის შეცვლილი და დაუმუშავებელ ფოტოშიც უჩა ნანუაშვილი და ნათია კაციტაძე ერთმანეთის გვერდით დგანან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ მომხდარა ფოტოს არაკეთილსინდისიერი მოპოვება ან გამოყენება. განმცხადებელი აპელირებდა, რომ ჟურნალისტს შეეძლო გამოეყენებინა  ოფიციალურ გარემოში გადაღებული სხვა ფოტო, მაგრამ მსგავსი საკითხის განხილვა და ამ კუთხით სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა, არ არის საბჭოს კომპეტენცია.

ქარტიის მე-7  პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით". განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სახეზე იყო გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, ვინაიდან სათაურში გამოტანილი იყო პირის სახელი და გვარი [ნათია კაციტაძე] და არა მისი თანამდებობა, რაც იწვევდა ქალი მენეჯერების  დისკრიმინაციას. კერძოდ,   ნათია კაციტაძის  მიერ გარკვეული უპირატესობის  მიღება [ავტომობილის შეძენა] მკითხველს შეიძლება აღექვა როგორც სარგებელი, რომელიც ნათია კაციტაძემ დაიმსახურა მისი სქესის გამო. საბჭო მიუთითებს რომ, როცა ჟურნალისტი საუბრობს საჯარო პირზე, მისთვის მნიშვნელოვანია ამ პირის თანამდებობა და არ სქესი, აქვს ობიექტური მოლოდინი, რომ იგივე აღქმა იქნება მკითხველისგანაც. თავად სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში პირდაპირ ან ირიბად არსად გვხვდება მითითება სავარაუდო სარგებლის მიმღები პირის სქესზე ან სქესიდან გამომდინარე უპირატესობაზე, შესაბამისად, ქარტიის მე-7 პრინციპი დარღვეული არ ყოფილა.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად: ""ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება". განსახილველ შემთხვევაში ქარტიის საბჭო მე-11 პრინციპს დარღვეულად არ მიიჩნევს, ვინაიდან არ დგინდება ჟურნალისტის განზრახვა თუ რატომ უნდა გაევრცელებინა არასწორი ინფორმაცია, ამასთან  პირველი პრინციპის დარღვევა დადგინდა იმ საფუძვლით, რომ ჟურნალისტს საკმაო მტკიცებულებები არ ჰქონდა იმისათვის, რომ კონკრეტული ფაქტი მტკიცებით ფორმაში ეთქვა და არ დადგენილა, რომ ჟურნალისტმა იცოდა სწორი ფაქტი და მიუხედავად იმისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა.

  1. სტატია ჭანტურაია: "სახალხო დამცველს პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ ჭორაობის გამო დამსჯიდა", სადავო პრინციპები პირველი, მე-5 და მე-11.

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სადავო სტატია  შეიცავდა მხოლოდ ერთი მხარის, ილია ჭანტურაიას ინტერვიუს და ამით დარღვეული იყო მხარეთა ბალანსი, რომ მკითხველისათვის ჟურნალისტს მიეწოდებინა გადამოწმებული ინფორმაცია. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი  შეიცავს  ამონარიდებს სხდომის ოქმიდან, რომელიც ილია ჭანტურაიას შესაძლო  გადაცდომის ფაქტის შესწავლის მიზნით გაიმართა სახალხო დამცველის აპარატში და შესაბამისად, ინტერვიუ ეხებოდა თავად ჭანტურაიას შეფასებას ოქმში მითითებულ გარემობებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სახეზე არ გვაქვს ინფორმაციის ცალმხრივად გაშუქება. ამასთან ასეთი ოქმის ნამდვილობა დაადასტურა განმცხადებელმა მხარემაც, თუმცა ის აპელირებდა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ამონარიდების გავრცელებაზე. თუმცა კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებებს გადმოსცემდა არასწორად მასალაში გამოყენებული ოქმები, მხარეს არ მიუთითებია.

განმცხადებელი, ასევე, სადავოდ ხდიდა ქარტიის მე-5 ["მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება"] და მე-11 [ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება], ვინაიდან არ დადგინდა პირველი პრინციპის დარღვევა, შესაბამისად, მე-5 და მე-11 პრინციპებიც ვერ დაირღვეოდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნათია ამირანაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. ნათია ამირანაშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-3, მე-4, მე-5,  მე-7 და მე-11 პრინციპი.
საქმის მასალები: სადავო მასალა 1 სადავო მასალა 2