გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – მუხრან ავალიანი თამილა ზოიძის და დიანა თურმანიძის წინააღმდეგ
10.02.2017

მოპასუხე : თამილა ზოიძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 108
28 იანვარი, 2017 წელი

საქმეზე - მუხრან ავალიანი  თამილა ზოიძის და დიანა თურმანიძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, თეა ზიბზიბაძე, თამარ უჩიძე, თაზო კუპრეიშვილი, მაია მეცხვარიშვილი.

განმცხადებელი: მუხრან ავალიანი

მოპასუხე: თამილა ზოიძე და დიანა თურმანიძე

 აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მუხრან ავალიანმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2016 წლის 22 ივნისს,  გადაცემა "მაცნეში"  გასული სიუჟეტით "სახლი გზის გარეშე" დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3, მე-4 და მე-5 პრინციპი.  გადაცემის წამყვანი იყო თამილა ზოიძე, ხოლო სიუჟეტის ავტორი - დიანა თურმანიძე. სადავო მასალა ეხებოდა ბათუმში არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ დავას. მოქალაქეების ჯგუფი პრეტენზიას გამოთქვამდა მუხრან ავალიანის მიმართ, კერძოდ, მათი განცხადებით, მუხრან ავალიანმა უკანონოდ შეიძინა ტერიტორია, სადაც  მშენებლობის დაწყების შემთხვევაში მოსახლეობას საკუთარ სახლებთან მისასვლელი გზა ჩაეკეტებოდათ.

მოპასუხე დიანა თურმანიძემ ელექტრონული კომუნიკაციის საშულებით [FACEBOOK] მიაწოდა ინფორმაცია საბჭოს სამდივნოს განცხადებასთან დაკავშირებით, ხოლო სატელეფონო კავშირის სახით სხდომის მიმდინარეობისას მოპასუხე ჟურნალისტებმა პასუხი გასცეს საბჭოს კითხვებს.

შენიშვნა: მე-5 პრინციპის მიმართ პასუხისმგებელ ჟურნალისტად განისაზღვრა მხოლოდ სიუჟეტის ავტორი დიანა თურმანიძე.

სამოტივაციო ნაწილი: 

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".

საბჭო პრობლემურად მიიჩნევს თავად სიუჟეტის სათაურს, რომლთიც იგი განთავსდა საიტზე, კერძოდ, სათაურში მტკიცებით ფორმაში მითითებულია "სახლი გზის გარეშე". ამასთან,  თვად სიუჟეტიდან დადასტურებული ფაქტის სახით არ დგინდება, რომ მუხრან ავალიანის მიერ საკუთარი მიწის ნაკვეთის გამოყენებით სხვა მაცხოვრებლებს უუქმდებათ სახლთან მისასვლელი გზა. გადმოცემული ინფორმაცია ეყრდნობა მხოლოდ ერთი მხარის არგუმენტებს და  სიუჟეტი არ შეიცავს მუხრან ავალიანის პოზიციას. სიუჟეტში არ არის წარმოდგენილი ასევე სხვა მტკიცებულებები [მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა ან სხვ.], რომელიც საშუალებას მისცემდა ჟურნალისტს მტკიცებით ფორმაში გამოეტანა სიუჟეტის სათაურად "სახლი გზის გარეშე". თავის მხრივ განცხადებელი მიუთითებდა, რომ სახლებს სხვა ქუჩიდანაც აქვთ მისასვლელი გზა.

სიუჟეტი არ შეიცავს მეორე მხარის [მუხრან ავალიანის] კომენტარს, მით უმეტეს, თავად სიუჟეტიდან ჩანს [რაც დაადასტურა მოპასუხე ჟურნალისტმაც], რომ ჟურნალისტური პროდუქტის მომზადებისას მუხრან ავალიანი ადგილზე იმყოფებოდა. როგორც დიანა თურმანიძემ დაუდასტურა საბჭოს, რომ არც შემდგომ ყოფილა მცდელობა დაკავშირებოდნენ მუხრან ავალიანს, ვისაც უშუალოდ ეხებოდა მასალა. შესაბამისად, ფაქტის ცალმხრივად გაშუქებით უგულველყოფილი იქნა ქარტიის პრინციპი:  საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია. განსახილველ შემთხვევაში, მუხრან ავალიანის პოზიცია კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მას მეორე მხარე ბრალს სდებდა კორუფციულ გარიგებაში, რაც სისხლის სამართლებრივი დანაშაულია.

სიუჟეტში ჟურნალისტი ასევე აცხადებს, რომ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, როგორც საბჭოსთვის გახდა ცნობილი [და ეს მოპასუხე ჟურნალისტმაც დაადასტურა] მიმდინარეობს სამოქალაქო დავა და არა გამოძიება.

ქარტიის მესამე  პრინციპის მიხედვით "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია". განცხადებაში კონკრეტულად არ იყო მითითებული თუ რა ინფორმაცია ან დოკუმენტი გააყალბა ჟურნალისტმა, ან რა ისეთი ინფორმაცია მიჩქმალა, რომელიც დადასტურებულად იცოდა. საქმის განხილვისას საბჭომ თავისი ინიციატივით შეისწავლა სადავო სიუჟეტი მესამე პრინციპთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული პრინციპის დარღვევა არ დგინდება.

ქარტიის მეოთხე პრინციპის თანახმად: "ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს". ისევე როგორც მესამე, ისე მეოთხე პრინციპთანაც მიმართებით განცხადებაში არ იყო მოყვანილი კონკრეტული არგუმენტაცია, საბჭომ თავისი ინიციატივით შეისწავლა სადავო სიუჟეტი და აღნიშნული პრინციპის დარღვევა არ დადგინდა.

ქარტიის მეხუთე პრინციპის თანახმად: "მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება" განმცხადებლმა საბჭოს წარმოუდგინა მტკიცებულება, რომ მან მიმართა ტელევიზიას, რათა არაზუსტად გავრცელებული ინფორმაცია შეესწორებინათ. 2016 წლის 18 ივლისს აიტვირთა შესწორებული სიუჟეტი, კერძოდ, სათაურს დაემატა კითხვის ნიშანი: "სახლი გზის გარეშე?"  გარდა ამისა, როცა ჟურნალისტი საუბრობს კორუფციულ გარიგებაზე, აზუსტებს, რომ ეს ინფორმაცია მათ ერთ - ერთი მხარის ადვოკატმა მიაწოდა. საბჭო მიიჩნევს, რომ  არ მომხდარა შესწორება სათანადო პრინციპების დაცვით, კერძოდ არ იყო მითითებული წინა სიუჟეტში დაშვებული შეცდომების შესახებ, მეტიც, განახლებული სიუჟეტი კვლავ არ შეიცავს მეორე მხარის პოზიციას, რაც "შესწორებულ" სიუჟეტშიც ტოვებს  პირველი პირნციპის დარღვევის საფუძვლებს.

სარეზოლუციო ნაწილი:                                                                                                                                          

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. თამილა ზოიძემ და დიანა თურმანიძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. დიანა თურმანიძემ დაარღვია ქარტიის მე-5 პრინციპი.
საქმის მასალები: განცხადება სადავო სიუჟეტი